"წარმოგიდგენიათ?... სულ რაღაც 300 ლარი რომ გადაეხადა ქრისტეს, ჯვარცმას აიცდენდა!" -მიშა გომიაშვილი რუსუდან გოცირიძეს - გზაპრესი

"წარმოგიდგენიათ?... სულ რაღაც 300 ლარი რომ გადაეხადა ქრისტეს, ჯვარცმას აიცდენდა!" -მიშა გომიაშვილი რუსუდან გოცირიძეს

მსახიობი მიშა გომიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან "პოსტსკრიპტუმთან" საუბარში გააკეთა.

"ქალბატონი რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი...ვაი!....

ეს ის შემთხვევაა როდესაც არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა....რა კომენტარი გაუკეთო ასეთ ბრძნულ ანალიზს ამ ქალბატონისა! წარმოგიდგენიათ?... სულ რაღაც 300 ლარი რომ გადაეხადა ქრისტეს, ჯვარცმას აიცდენდა!...ვაი...ვაი და ვაი....

ვახ!... სად არის ახლა სულმნათი ბატონი ავლიპი ზურაბაშვილი??? რას გაიხარებდა?", - წერს მიშა გომიაშვილი.

რუსუდან გოცირიძემ "რუსთავი 2"-თან სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესებას ითვალისწინებს.

"იესომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელი ადამიანების რელიგიურ გრძნობებს და ძალიან მიზანმიმართულად, ისე კია არა შემთხვევით. ისეთ ადამიანებს კურნავდა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე დაავადებულები იყვნენ, რომელთა განკურნებაც შეეძლო პარასკევსაც და შაბათის შემდეგ დღესაც, მაგრამ არა, ადგებოდა და შაბათ დღეს კურნავდა. ძალიან ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ქალებს ესაუბრებოდა, რაც მისთვის საშინლად აკრძალული იყო... შორს წაგვიყვანს ამ სიის ჩამოთვლა. სამას ლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებით სავსეა სახარება, რასაც იესო აკეთებდა და ფაქტობრივად ამის გამოც ეცვა ჯვარს. ამიტომ მე მგონია, რომ კანონი ვერ გაიგებს რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ თუნდაც ძალიან პროვოკაციულ ნაბიჯს, აი ეგ არის თავისუფლად სუნთქვა, როცა არავინ არ გიწესებს და რიტმს არ გაძლევს, ასე უნდა ისუნთქო, რამდენჯერ უნდა ისუნთქო, ეს არის სუნთქვა", - აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კერძოდ, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა დაჯარიმდება 300 ლარით. იგივე ქმედების გამაორება გამოიწვევს დაჯარიმებას

600 ლარით.

გარდა ამისა, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

პროექტის ავტორია "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძე.