ქალი, რომელიც თვეში 60 ლარზე ცხოვრობს და ჩვენი საზოგადოების ყველაზე მძიმე პრობლემა - გზაპრესი

ქალი, რომელიც თვეში 60 ლარზე ცხოვრობს და ჩვენი საზოგადოების ყველაზე მძიმე პრობლემა

სიღარიბეს საზოგადოების სირცხვილს ვუწოდებ, საზოგადოებას, რომელსაც ძალიან დიდი პრეტენზია აქვს, შეუერთდეს ევროპას, ევროპული სტანდარტების უქონლობაში (150-ლარიანი პენსია და სხვა არანაირი შემოსავალი ადამიანს სამათხოვროდ გაიყვანს). სოციალურ ქსელში უამრავ ასეთ ამბავს წაიკითხავ. გული დაგწყდება, ამოიოხრებ და სხვა პოსტების თვალიერებას შეუდგები, იმიტომ, რომ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ და ასეთ ადამიანებს, რომელნიც ჩვენში ძალიან ბევრნი არიან, ვერაფრით უშველი). ამბავმა და მასზე დართულმა ფოტომ, რომელიც თითქმის მთელმა ჩემმა "ფეისბუკ-სამეგობრომ" გაიზიარა, შეუძლებელია, თვალზე ცრემლი არ მოგადინოს.

(ამონარიდი Fაცებოოკ-იდან. სტილი დაცულია.)

ბეტონის ცივი კედლები და იატაკი, გამურული შეშის ღუმელი, შავ-თეთრი ტელევიზორი, სამი რკინის საწოლი და ორი ძველისძველი კარადა - ეს კიდევ არ არის სრული სურათი იმ მძიმე ვითარებისა, რომელშიც 56 წლის ზოია სამუშიას ოჯახი იმყოფება.

ქალბატონი ზოია იმდენად შეგუებულია საკუთარ მძიმე ყოფას, რომ ამაზე ბევრს არ საუბრობს, თუმცა, მის საცხოვრებელში გადაღებული ფოტოები ყველაფერს უსიტყვოდ გადმოგვცემს.

ზოია სამუშია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მის ეზოში შესულს აბსოლუტური სიცარიელე გეგებება. ქათამიც კი არ ჭაჭანებს არსად. იქვე რუხ ძაღლს სძინავს. უკვირს ქალბატონ ზოიას მასთან მისული ადამიანის დანახვა, რადგანაც მასთან სტუმრები თითქმის არასდროს მოდიან.

GzaPressამ სახლში დაახლოებით ათი წლის წინ შევიდა. მას მერე იქ არაფერი შეცვლილა. ეზოში წყალი არ მოდის, უახლოესი მეზობელი, რომლისგანაც ყოველდღე წყალი მოაქვს, 200 მეტრის დაშორებით ცხოვრობს. ფეხზე მიღებული ტრავმის გამო ხელჯოხით გადაადგილდება და საჭირო რაოდენობის წყალიც ვეღარ მოაქვს. შინაური ცხოველები იმიტომ არ ჰყავს, რომ მათ წყალიც უნდათ და საკვებიც. ქათამს სიმინდი უნდა, ამ უკანასკნელს კი - გათოხნა, რაც ქალბატონ ზოიას ფიზიკურად არ შეუძლია. ერთადერთი შვილი, რომელიც გათხოვილია, ასევე გაჭირვებულია და დედას ვერაფრით ეხმარება. ის ხშირად მიდის დედასთან, თან ჩვილი ბავშვიც მოჰყავს, რომელსაც ბრინჯის ნახარშით კვებავენ. დედა-შვილის ყოველდღიური რაციონი - პური და ლობიოა. ერთადერთი ნატვრა აქვს: საპენსიო ასაკამდე მიაღწიოს. ხუთ წელიწადში მეუღლე, დედამთილი და მამამთილი დაკარგა. სრულიად მარტოა და მტკივანი ფეხის გამო იმასაც ვერ ახერხებს, პოლისის ასაღებად რაიონულ ცენტრში წავიდეს.

ზოია სამუშიას მთელ შემოსავალს ყოველთვიური სოციალური დახმარება - 60 ლარი შეადგენს. დევნილობის დახმარება კი ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ შეუწყდა. ამ კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქე ან სოციალურ შემწეობას, ან დევნილის დახმარებას უნდა იღებდეს. დახმარების იმედი ხელისუფლებისგან? ზოია სამუშია ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც უკვე ოცნებაშიც არ აქვთ ვინმესგან მისი მიღების იმედი.

დღეს, როდესაც ამ მასალას ვწერ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. კანდიდატებმა ერთმანეთის ჯიბრზე, ფერად-ფერადი პროგრამა წარმოადგინეს, რომელთა შორისაც უკიდურესად გაჭირვებულებისთვის არსებობის პირობების გაუმჯობესება რატომღაც პრიორიტეტად არავის დაუყენებია. ახალციხეში კი 30 უბანზე 3 ბიულეტენი გაუქმდა, სამივე მათგანზე ერთი და იგივე წარწერა იყო გაკეთებული - "წადი, თქვენიც!"

მომდევნო ფეისბუკმონიტორამდე.

ქეთი ნიკოლავა