როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის - გზაპრესი

როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის

ჟურნალისტი შორენა ბეგაშვილის შესახებ წერს:

"ეს 5 თუ 6 წლის წინ, თუმანიშვილის თეატრის შენობის ეზოში მოხდა: მორიგი ინტერვიუდან გამოვედი, როცა ვიღაც ქალბატონმა გამაჩერა, იქნებოდა ასე 45-50 წლის. ნატანჯი, სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. სუსტად იყო, მაშინვე მიხვდებოდი, რომ ბოლოს წლების წინ ჭამა გემრიელი სადილი. მკითხა: მსახიობი ხართო? არა, ჟურნალისტი-მეთქი. გაუხარდა. რამდენიმე მსახიობის გვარი დამისახელა, იქნებ მათი ტელეფონის ნომრები ჩამაწერინოთ, გეცოდინებათ, მინდა შევხვდე და დახმარება ვთხოვოო. თან მოლოდინის რეჟიმში დასცქეროდა ჩემს ტელეფონს, რომელიც ხელში მეკავა.

ვუთხარი, რომ ამას ვერ ვიზამდი და არც მქონდა უფლება. ეწყინა. ნდობის მოსაპოვებლად და მეტი დამაჯერებლობისთვის თავისი ისტორია მიამბო. დაღლილი ვიყავი და გრძელი ამბიდან დღეს მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ ეტაპზე როცა შევხვდი, იყო მარტოხელა და უსახლკარო. მაპატიეთ, მაგრამ მაინც ვერ დაგეხმარებით-მეთქი.

კარგი, მაშინ შორენა ბეგაშვილის ნომერი ჩამაწერინე, მქონდა, მაგრამ დავკარგე. თავად მომცა, პირველად ტელევიზიასთან შევხვდი, ორი სიტყვით ვუთხარი ჩემზე, ფული მაჩუქა, მერე თავისი მობილურის ნომერი დამიტოვა და მითხრა, როცა დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ და დამირეკეთო. ხშირად შეწუხება მერიდებოდა, მაგრამ 4-5 ჯერ უკვე დარეკილი მაქვს, უარი არასოდეს უთქვამს, ხან რამდენს მჩუქნის და ხან რამდენს, პროდუქტიც მიყიდა. არ ვიცი, იცნობ თუ არა, მაგრამ მართლა ძალიან კეთილი გოგოა! ეს ამბავი მანამდე სხვებისგანაც ვიცოდი, ამბობდნენ ბევრს ეხმარება და არსად ამბობს, მაგრამ ახლა თავად დავრწმუნდიო...

არ ვიცნობდი და არც ახლა ვიცნობ. თუმცა, პროფესიიდან გამომდინარე, მაშინ ჩემს ტელეფონში ისევე "აღმოჩნდა" მსახიობის ნომერი, როგორც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედის კოორდინატები მეწერა.

ვფიქრობ, ქალბატონი გულწრფელი იყო. თან, ნომრის რამდენიმე ციფრი ზეპირად ახსოვდა და ამან კიდევ უფრო დამარწმუნა მის სიმართლეში. ხელფასამდე 2-3 დღე იყო დარჩენილი, საფულეში 10 ლარი მედო და ხურდები მეყარა. თანაბრად გავიყავით. ქალი იქვე დავტოვე და წამოვედი. გზად სულ იმ ქალბატობის სიტყვები მახსენდებოდა. ვფიქრობ, კამერების თანხლების გარეშე გაცემული სიკეთე გაცილებით უფრო დიდი მადლია, ვიდრე სხვის დასანახად საკუთარი გულუხვობის დემონსტრირება...

ამაზე არ ლაპარაკობენ. არც კი ვიცი, პირადად მე თუ მქონდა სხვისი კეთილი ქმედების საჯარო სივრცეში გამოფენის უფლება, მაგრამ იქნებ ამ ერთი პატარა ამბით, მცირედი, მაგრამ მაინც არსებული ნეგატიური ტალღის გადადევნა შევძლოთ".