"ჯობია, უშუქობას შეეგუო, ვიდრე - უსექსობას" - გზაპრესი

"ჯობია, უშუქობას შეეგუო, ვიდრე - უსექსობას"

აქციაში საკუთარი ინიციატივით მონაწილეობის გარდა, გოჩა თანდარაშვილმა რამდენიმე მეგობრის გამოწვევაც მიიღო და თავზე წყალი მეორედ გადაისხა....

- გადაცემა "სოციალური ცელის" შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- ტელევიზიამ შემოგვთავაზა, რომ გადაცემა მოგვემზადებინა. დავფიქრდით, ისეთი რა გაგვეკეთებინა, რომ უკვე არსებულ გადაცემებს არ დამსგავსებოდა. როცა მოვიფიქრეთ, ვეძებეთ, უცხოურ ტელევიზიებში მსგავსი ტიპის გადაცემა თუ იყო, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ, რომლის პირდაპირ ფორმატსაც გადმოვიღებდით. სოციალური ქსელები აქტუალურია, მასში უკვე სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი უამრავი ადამიანია ჩართული. "სოციალური ცელის" მაყურებელი "ფეისბუკის" მომხმარებელი საერთოდ რომ არ იყოს, გადაცემის ხუმრობებს მაინც გაიგებს. ქსელში ბევრი სახუმარო თემაა... მოკლედ, კარგად ჩამოვყალიბდით, სხვადასხვა რუბრიკა მოვიფიქრეთ და გადაცემა შევქმენით.

- დიდი გარჯა გჭირდებათ, რომ გადაცემისთვის საინტერესო და სახალისო "პოსტები" შეარჩიოთ?

- რადგან "სოციალური ცელის" წამყვანები ისედაც "ფეისბუკის" მომხმარებლები ვართ, ასეთი "პოსტების" სპეციალურად ძებნა ხშირად არ გვიწევს - "ნიუსფიში" თავისთავად "ამოხტება" ხოლმე. გადაცემის მომზადების ბოლო დღეს არჩეულ თემებზე მუშაობა გვიწევს. ვერ დავიწუწუნებ, რომ ამას ბევრი შრომა და დრო სჭირდება. GzaPress - ამას წინათ თქვენი "პოსტი" წავიკითხე, - მომაფიქრებინეთ, ჩვენს კალათბურთელებს სამაგიეროდ როგორ დავაწყვიტო ნერვებიო... - ეს სახუმარო "პოსტი" პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ დავწერე. ასეთი ჯოჯოხეთური თამაში სპორტის არც ერთ სახეობაში არ მახსოვს, რადგან 23 ქულით ვაგებდით და მოვიგეთ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 2 საათი საშინლად დავიტანჯე, ნერვები დამაწყდა. რა თქმა უნდა, სამაგიეროს გადახდას არ ვაპირებ - ბიჭების საგულშემატკივროდ დიდი შემართებით მივდივარ! - და მაინც, კალათბურთელებისთვის სამაგიეროს გადახდასთან დაკავშირებით, "ცხელ გულზე" რომელი რჩევა მოგეწონათ?

- გიორგი სუხიტაშვილმა მირჩია, - თეფში წაიღე და ჩანგალი უფხაჭუნეო. ხომ იცი, რა საშინელ ხმას გამოსცემს (იცინის)? თუმცა, ამის გაკეთებას არ ვგეგმავ.

- გოჩა, რა სახის პირად შეტყობინებებს იღებთ? ალბათ, უცნობებიც გწერენ...

- 5000 მეგობარი და 2000-ზე მეტი "ფოლოვერი" მყავს. მეგობრობაზე უარს არავის ვეუბნები, რადგან არ მინდა, იფიქრონ, - ტელევიზორში ჩანს და არ გვკადრულობსო. უბრალოდ, ახლა სამეგობრო სიის ლიმიტი ამომეწურა და მეტ ადამიანს ვეღარ "ვიმატებ". სიაში ახალი მეგობარი რომ დავიმატო, სხვა - სიიდან უნდა წავშალო... 5000-მა მეგობარმა ერთდროულად რომ მომწეროს, კატასტროფა იქნება, მაგრამ ბევრი მწერს. სხვადასხვა სახის წერილებს ვიღებ, ძირითადად - სპორტულ თემაზე. ზოგი ხუმრობებს მწერს, ფოტოებს მიგზავნის... ვცდილობ, ყველას ვუპასუხო.

- "ბიონსე" თქვენც გწერთ?

- "ბიონსეს" პირველმა ზაქრომ მისწერა, თვითონ არ გვწერს - პასიურობს. მეგობრობის თხოვნა მეც გამომიგზავნა. მგონი, დავეთანხმე. ბიონსეს სახელით დაწერილი "პოსტები" მაინტერესებდა, მაგრამ მერე ყურადღება არ მიმიქცევია...

- მახსოვს, ვიღაც ფულის სესხებას გთხოვდათ...

- კი, 5 ლარს მთხოვდა, რამდენიმე კვირით (იცინის). მომწერა, - მალე ფულს ველოდები და დაგიბრუნებო.

- ისეთი მეგობარი თუ გყავთ, ვისაც ინტერნეტით დაუმეგობრდით და ეს ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა?

- უამრავი - საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ინტერნეტს ძალიან ვემადლიერები. თავდაპირველად, "მირკში" ვიკრიბებოდით - იქ ბევრი ადამიანი გავიცანი. მათთან ახლაც ვმეგობრობ - ახლო ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მახარებს.

- სელფშოტების გადაღება გჩვევიათ?

- არა, თუ იმას არ ჩავთვლით, რაც სასაცილოდ მომჩვენებია. რამდენიმე სელფი გადამიღია: მაგალითად, კედელზე, ორივე მხარეს სარკეები იყო. რომ შევხედე, "ბევრი" ვჩანდი და ფოტო გადავიღე... ბოლო ხანს, უკრაინაში, ლვოვში, ერთ-ერთი რესტორნის საპირფარეშოს სარკესთან სელფი გადავიღე, რადგან ქალის საინტერესო "სტატუეტკა" იდგა. სასაცილო სურათი გამოვიდა. ჯერჯერობით ისეთი რამ არ მჭირს, რომ ავდგე და საკუთარ თავს სურათები გადავუღო. არა მგონია, დამემართოს (იცინის).

- "სელფომანია" ფსიქიკურ დაავადებად მიგაჩნიათ?

- არა. უბრალოდ გართობაა. ასე, შესაძლოა, ნებისმიერი რამ ჩაითვალოს ფსიქიკურ აშლილობად, თუნდაც - ბუნებაში სიარული და ფოტოების გადაღება, ფეხბურთის მატჩებზე დასწრება... ზოგი მართლა ბევრ სურათს უაზროდ იღებს, მაგრამ ეს თავისი საქმეა - გადაიღოს და გამოაქვეყნოს, რა პრობლემაა?

- ერთ-ერთ გადაცემაში, "სოციალური ცელის" სხვა ორმა წამყვანმა თქვა, - მთავარია, უშუქობა ნუ იქნება, უსექსობას ავიტანთო. ამ აზრს იზიარებთ?

- არა, ეს უბრალოდ, "სიტყვას მოყოლილი" ხუმრობა იყო, თორემ, რა თქმა უნდა, ჯობია, უშუქობას შეეგუო, ვიდრე - უსექსობას (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"