სად არის "ტრანსგენდერთა მექა" და როგორ სჯაბნიან ქალურ საწყისს - გზაპრესი

სად არის "ტრანსგენდერთა მექა" და როგორ სჯაბნიან ქალურ საწყისს

ძველად თვლიდნენ, რომ ასეთი ადამიანი ზებუნებრივი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა და ერთგვარი შუამავალი იყო ადამიანებისა და სულების სამყაროს შორის. ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში არსებობს "მესამე სქესის" წარმომადგენელთა - ე.წ. ხიჯერების კასტა და მასში ინტერსექსუალები, ჰომოსექსუალები და ტრანსგენდერები არიან გაერთიანებული. ისინი ქალის ტანსაცმელს იცვამენ, შესაბამისად იქცევიან და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.

GzaPressტაილანდში ტრანსგენდერთა მიმართ ყველაზე ჰუმანური დამოკიდებულებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი ცხოვრება საკმაოდ მძიმეა. სქესის შეცვლის შემდეგაც ისინი პასპორტით კვლავინდებურად მამაკაცებად რჩებიან, რაც პრობლემას უქმნით დამსაქმებელთან ურთიერთობისას. ასეთ შემთხვევაში სრულყოფილ განათლებასაც არავინ აქცევს ყურადღებას. აქედან გამომდინარე, ისინი იძულებული ხდებიან, პროსტიტუციით დაკავდნენ ან, უკეთეს შემთხვევაში, რესტორნებსა და ბარებში იმუშაონ.

თუმცა ყველა ბარიც როდი სწყალობს კატოიებს (ასე უწოდებენ ტაილანდელები ტრანსგენდერებს). ჩასცადე გამონაკლისია. მასში 45 კატოი მუშაობს. ისინი ცეკვავენ, შემდეგ მაგიდებთან კლიენტებთან ჩადიან და ინტიმურ მომსახურებას სთავაზობენ. მაგრამ თუ ამ დროს პოლიცია მათ კვარტალს მიუახლოვდება, სპეციალური სიგნალის გაგონების შემდეგ, ცდილობენ, შეძლებისდაგვარად შეიმოსონ. თუ სამართალდამცველებმა ინტიმური მომსახურების გაწევისას შეუსწრეს, კატოიებს მკაცრი სასჯელი არ ასცდებათ: ტაილანდში პროსტიტუცია ოფიციალურად აკრძალულია(!)...

პირველად სქესის შეცვლის ოპერაცია ამ ქვეყანაში გასული საუკუნის 50-იან წლებში გააკეთეს. დღეს მამაკაცის სასქესო ორგანოს მოშორება საკმაოდ ძვირი ჯდება: ოპერაცია 7-დან 10 ათას დოლარამდე ღირს. 2-დან 4 ათას დოლარამდე შეადგენს მკერდის იმპლანტანტების ღირებულება.

ტაილანდში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ბუდიზმის მიმდევარია. ბუდისტ ბერებს ღრმად სწამთ, რომ მსგავსი რამ ადამიანში მის წინა ცხოვრებაში მომხდარ კარმულ დარღვევებზე მიუთითებს და ასეთი მდგომარეობა ერთგვარი სასჯელია. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, მიიღონ ეს ადამიანები ისეთებად, როგორებიც არიან.

სულ სხვა მიდგომას იჩენენ ტაილანდელები ჰომოსექსუალების მიმართ. 2002 წლამდე ჰომოსექსუალიზმი და ერთსქესიანი ურთიერთობები განიხილებოდა როგორც ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა და მას უკვე აღარ მიიჩნევენ ფსიქიკურ გადახრად, ოღონდ ტაილანდი კრძალავს ერთსქესიანთა ქორწინებას.

ტაილანდის ზოგ უმაღლეს სასწავლებელში ტრანსგენდერებისთვის განკუთვნილი სპეციალური საპირფარეშოებია. სქესის განსაზღვრაზე ზრუნვა სკოლის ასაკიდან იწყება, ხოლო აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძლება ჰორმონული პრეპარატების შეძენა: ბიჭუნები მათ მოხმარებას სქესობრივი მომწიფების პერიოდში იწყებენ.

ყველაზე ცნობილი ტაილანდელი ტრანსგენდერი - ყოფილი მოკრივე ნონგ თხუმია. მასზე 2003 წელს ფილმიც გადაიღეს სახელწოდებით - "მშვენიერი მოკრივე". ტაილანდში სქესის შეცვლის ოპერაციის გასაკეთებლად მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიემართებიან. მაგალითად, ბრაზილიაში ტარდება სილამაზის კონკურსი ტრანსგენდერთა შორის; ამ კონკურსში გამარჯვებულს სქესის შეცვლის ოპერაციის მიზნით ტაილანდში გზავნიან.

ასე მოიქცა პოლონელი კშიშტოფიც. ტაილანდში სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა, შემდეგ სახელი და გვარი გამოიცვალა და სამშობლოში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატობაზე იყარა კენჭი. დღეს ანა გროდკა პოლონეთის პარლამენტში მარიხუანისა და ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად იბრძვის. პეტერბურგში კი "გეი-ტაქსი" გამოჩნდა - მას არატრადიციული ორიენტაციის მძღოლი მართავს და მხოლოდ ლგბტ პირებს ემსახურება.

GzaPressPernod Ricard კი ალკოჰოლის მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც არყის - "აბსოლუტის" რეკლამას სექსულურ უმცირესობათა მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერებში წარმოადგენს.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ევროპელი საზოგადოებაც არ არის ბოლომდე მზად, მიიღოს ტრანსგენდერული საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ის უამრავ მითს ქმნის ტაილანდელ კატოიზე, მაგალითად: ღარიბი ტაილანდელები ვაჟებს ყიდიან; მერე მათ უკეთდებათ სქესის შეცვლის ოპერაცია, რის შემდეგაც პროსტიტუციაში ებმებიანო. ან კიდევ: ტრანსგენდერები მხოლოდ 35 წლამდე ცოცხლობენ და მთელი ცხოვრების მანძილზე ჰორმონების მიღება უწევთ, რადგანაც მამაკაცური საწყისი, მიუხედავად მათი უდიდესი ძალისხმევისა, მაინც ცდილობს გამოაღწიოს და ქალური საწყისი დაჯაბნოსო.

2003 წელს ავსტრალიამ დააკანონა, მაგრამ შემდეგ, მალევე აკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება.

დღეს თბილისში აქტუალური თემა ანტიდისკრიმინციული კანონია, ჩემი "ფეისბუკ-მონიტორის" თემაც - ამ კანონის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა ჭიდილი, ხოლო ყველაზე პოპულარული სიტყვა - "ტრანსგენდერი". ამიტომაც მივაპყარი მზერა ქვეყანას, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე მეტი ტრანსგენდერი ცხოვრობს.

115 ხმით არც ერთის წინააღმდეგ - 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რითაც მთელი მართლმადიდებელი საზოგადოების რისხვა გამოიწვია. ქართულ მედიაში გაჩნდა ჰედლაინები: "ეკლესიამ ბრძოლა წააგო, თუმცა არა ომი". და ა.შ. არა მგონია, ხელისუფლებამ, რომლის არჩევნებში გამარჯვებასაც ამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეუწყო ხელი, იოლად დააღწიოს თავი მის რისხვას.

ქეთი ნიკოლავა