"ეს არც ადა­მი­ა­ნურ და მით უმე­ტეს, არც ის­ტო­რი­ულ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა" - რის გა­მო წუ­ხან შე­ვარ­დ­ნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი - გზაპრესი

"ეს არც ადა­მი­ა­ნურ და მით უმე­ტეს, არც ის­ტო­რი­ულ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა" - რის გა­მო წუ­ხან შე­ვარ­დ­ნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი

ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ბაბუაზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე პოსტს ავრცელებს. ტელეწამყვანი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში გახსნილ გამოფენაზე, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევას ეძღვნებოდა, ედუარდ შევარდნაძის ფოტოსთვის ადგილი არ მოიძებნა (სტილი დაცულია).

"ძალიან იშვიათად ვწერ ჩემს ბაბუაზე საერთოდ რამეს, მით უმეტეს, პოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ არის მომენტები, როდესაც მიმძიმს სიჩუმე და გული მტკივა. მარტო საქართველოში შეიძლება გაიხსნას ევროპის მოედანზე გამოფენა ბერლინის კედლის ფრაგმენტიდან და არ იყოს იქ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო. ეს არც ადამიანურ, არც ობიექტურ და მით უმეტეს, არც ისტორიულ ლოგიკაში არ ჯდება..."

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილებმა საქართველოში გერმანიის ელჩს წერილით მიმართეს, სადაც შევარდნაძეები გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოსთვის ადგილი ვერ გამოინახა. გთავაზობთ განცხადების ტექსტს მცირეოდენი შემცირებით (სტილი დაცულია):

"გვინდა, ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში, გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე, ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი, როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის "ანომალიური", ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის.

თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, თავს მივცეთ უფლება და შეგახსენოთ:

- 1989 წლის 12 ივნისს მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძემ ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: "ალბათ ძალიან მალე დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ" და "როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება, ბერლინის კედელიც დაინგრევა".

- 1989 წლის 9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი გაიხსნა და გერმანია ფორმალურად გაერთიანდა.

- 1990 წლის 15-16 ივლისს საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის ოლქში - არხისში, გორბაჩოვის, კოლის, გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა გაიმართა. დღის წესრიგში - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა იყო.

- 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას "ორი პლუს ერთი". ხოლო მეორე დღეს, 13 სექტემბერს შევარდნაძემ და გენშერმა, უკვე ამ თანხმობის პარაფირებას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით კი გორბაჩოვმა და კოლმა საბოლოოდ დაადასტურეს "ხელშეკრულება კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ"...

ეს მხოლოდ რამდენიმე მშრალი ფაქტის კონსტატირებაა, რაც ნამდვილად არ ასახავს სრულად, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის, პირად წვლილს და დამოკიდებულებას გერმანიასა და გერმანელების მიმართ. არ ასახავს მის უდიდეს პატივისცემას გერმანელ თანამოაზროვნეებსა და პარტნიორებთან. აქ არ ჩანს მისი უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავისი ცხოვრების გზაზე იტვირთა იმ იმედით, რომ გერმანია ერთიანდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

მოგეხსენებათ, ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან, ერთ-ერთი წარწერით - Dანკე, Eდუარდ მის სახლ-მუზეუმში ინახება. ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა შემოიარა, რომელიც გერმანიის გაერთიანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც, ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა... ქალბატონო ელჩო, თქვენ, ეს გამოფენა საქართველოში იმიტომ გახსენით და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა.

ჰანს-დიტრიხ გენშერისა და ედუარდ შევარდნაძის პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობისა და თანამშრომლობის საფუძველი გახდა. სწორედ გენშერი იყო ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვია და გერმანიის სახელით საქართველოს პირველმა მიულოცა დამოუკიდებლობა. გენშერი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ცერემონიაზე ჩამოვიდა და თვითონაც, უკვე დაუძლურებულმა, უკანასკნელი პატივი მიაგო ჩვენი ბაბუის ხსოვნას, მის დამსახურებას გერმანელი ხალხის წინაშე. სულ რაღაც ექვს თვეში ჰანს-დიტრიხ გენშერიც გარდაიცვალა. მასთან ოფიციალური გამომშვიდობებისას გერმანიის ბუნდესტაგში, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, არაერთხელ გაჟღერდა ედუარდ შევარდნაძის სახელიც - კაცის, რომელმაც ჰანს-დიტრიხ გენშერთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ახალი გერმანიის და შესაბამისად, ახალი ევროპის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

თქვენო აღმატებულებავ, გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა, ყველაფერს იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას..." - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები აწერენ.