ნინო წილოსანი - 15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?! - გზაპრესი

ნინო წილოსანი - 15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!

საკუთარი ბავშვების მენტალიტეტს მიხედეთ, სანამ სხვისი ჭკუის სწავლებას და ვიშვიშს დაიწყებთ... - წერს ნინო წილოსანი.

პარლამენტის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ "პრობლემა იმაში კი არ არის, ვისი შვილია (დამნაშავე), იმაშია, მთელი დღე რომ ეძებს და არკვევს პოლიცია დამნაშავეებს და ამდენი მხილველი დუმს".

"ისედაც ძალიან მძიმე ფონია საზოგადოებაში და ძალიან გთხოვთ, ნუ ავრცელებთ ჭორებს - პროკურორის კი არა, პრეზიდენტის შვილი რომ იყოს, მე არ მეგულება ადამიანი ჩვენს გუნდში, ვინც დამნაშავეს დაიცავს. პრობლემა იმაში კი არ არის, ვისი შვილია, იმაშია, მთელი დღე რომ ეძებს და არკვევს პოლიცია დამნაშავეებს და ამდენი მხილველი დუმს!", - აცხადებს ნინო წილოსანი.

1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).