მთავარია, სახლში ვიყოთ სუფთად ანუ ახალი საპოზიორო ადგილი ბათუმში - გზაპრესი

მთავარია, სახლში ვიყოთ სუფთად ანუ ახალი საპოზიორო ადგილი ბათუმში

ეზო, სადაც ეს ნაგავსაყრელი მოუწყვიათ, აღმაშენებლის მოედანზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის შიგნით მდებარეობს, სადაც, რა თქმა უნდა, ადამიანები ცხოვრობენ, მიტოვებული არ გეგონოთ".

ვიწყებ პოსტით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე კვირის (და არა მხოლოდ) მომხდარ ამბებს შორის. ჩემი "ფეისბუკ"-მეგობრის კედელზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს უამრავი "ვაი" და "ვუი" დაერთო კომენტარად, რაც საქმეს რეალურად ვერ უშველის, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ფოტოს დანახვაზე მოვიშვიშე საზოგადოება მაინც არ დაუშვებს მსგავს ფაქტს საკუთარი ეზოში. პოსტიდან აგრეთვე გავიგე, რომ ჩვენს თბილისქალაქში უამრავი ასეთი ადგილი ყოფილა. მაგალითად, ალექსანდრეს ბაღის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი ნათეატრალი (ასე მოიხსენია პოსტის ავტორმა) - გლობუსი, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს და დგას უფუნქციოდ მანამ, სანამ ვინმე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან დაკავშირებით. ეს რისი ბრალია, იცით? მთავარია, სახლში ვიყო სუფთად და ჩემს ზღურბლს იქით, თუ გინდათ ნაგავსაყრელი გაუხსნიათო, გამიგია ბევრისგან. ჰოდა, ამიტომაც იყო, ასეთი ფრაზების მთქმელ ჩემს მეზობელს კატამ პირდაპირ ზღურბლთან დაგებულ პროევროპულ - წელცომე წარწერიან ხალიჩაზე მოუსაქმა (მომიტევეთ). იმანაც, გააღო თუ არა კარი, ეგრევე ამ შესანიშნავ "საჩუქარში" ჩაკრა ფეხი. მერე კი იძახა და იძახა - პატრონი არა ჰყავს ამ ქვეყანას, ადრე მოდიოდა ბადილა და დღეში სამჯერ გვიდა სადარბაზოსო. მოკვდა ბადილა, აღარ არის. ჩვენს ნაგავს თავადვე უნდა მივხედოთ. დასუფთავების საკითხი წლებია, უკანა პლანზე დგას.

GzaPressსამაგიეროდ... ბათუმში ზუსტად ისეთი (თანაც - წითელი) სატელეფონო ჯიხური დავდგით, როგორიც ლონდონშია.

ჯიხური რუსთაველის ქუჩაზე,Bწმინდა ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ამ ტერიტორიას ასევე ლონდონის სკვერი უწოდეს. სატელეფონო ჯიხური ოფიციალურად, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა გახსნეს.

თუ ფიქრობთ, რომ გვეშველა და ამ ზაფხულს ბათუმში გასარუჯ-"საგულაოდ" ჩასულები 5, ჰა-ჰა, გასკდეს, 25 "კაპიკად" დავრეკავთ სახლშიო, იმედები მინდა გავუცრუო. ჯიხურს ჯერჯერობით ფორმალური სახე ექნება და მას მოქალაქეები კომუნიკაციისათვის ვერ გამოიყენებენ. სამაგიეროდ, გამოიყენებენ სურათების გადასაღებ ფონად და სწორედ ეს იქნება მისი სამუდამო დანიშნულება მანამ, სანამ წარწერებით არ აჭრელდება. პროექტის მესვეურები დაპირებას იძლევიან, ცოტა მოითმინეთ და თუ კარგ ხასიათზე ვიქენით, შეიძლება უკაბელო ინტერნეტიც კი განვათავსოთ ჯიხურშიო (მეტი არაა ჩვენი მტერი).

P.S. მასალაში არ ჩავრთე, ვიფიქრე, ახალს ვერაფერს ვიტყვი-მეთქი და შევეშვი, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და ვწერ: წლების წინ, ოჯახში ძაღლის ყოლის საკითხი დადგა. ინტერნეტში უამრავი მასალის გაცნობის შემდეგ, ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, თამაზ ელიზბარაშვილისთვის მიგვემართა. ბატონმა თამაზმა გულისხმიერად მიგვიღო, დაგვათვალიერებინა თავშესაფრის ბინადრები და საბოლოოდ, პატარა ქართული მთის ნაგაზის ლეკვი გამოგვატანა. თან ძალიან შეგვეხვეწა: - თუ ვერ მოუვლით, ქუჩაში არ გააგდოთ, უკანვე მომიყვანეთო. ბუბა ახლა 4 წლისააა. იმსიმაღლე გაიზარდა, ავ თვალს არ ენახვება. ეზოს ერთგულად დარაჯობს და აგერ, უკვე მერამდენედ გვახარებს საყვარელი ლეკვებით, რომლებზეც დიდი ტაციაობაა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონ თამაზს. რატომ მოვყევი ამ ამბავს? თურმე, ვიღაცები წუხდებიან, მათ სიახლოვეს ძაღლების თავშესაფრის არსებობით, - ანტისანიტარიააო. ჰოდა, მაგ ხალხს მივმართავ: თუ ძაღლის მოვლა არ შეგიძლიათ, სხვას მაინც დააცადეთ ამ კეთილი საქმის გაკეთება. რაც შეეხება ანტისანიტარიას, ბატონი თამაზი რომ უვლის თავშესაფრის ტერიტორიას, ნეტავ, თქვენ ისე უვლიდეთ საკუთარ სადარბაზოებს.

მომდევნო "ფეისბუკ"-მონიტორამდე

ქეთი ნიკოლავა