"მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ - საიდან უნდა ვიყო ქურდული სამყაროს წევრი?!"
font-large font-small
"მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ - საიდან უნდა ვიყო ქურდული სამყაროს წევრი?!"
თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ჯემალ კოპალიანი) ცნობილი ფეხბურთელისა და მისი მეგობრების საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. განსასჯელის სკამზე გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი სხედან. მათთან ერთად, დაუსწრებლად ასამართლებენ ძებნილ ვახტანგ (ვატო) ყიფიანს.
დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობაში ედებათ ბრალი და 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამ საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია. განსასჯელების გულშემატკივრები სასამართლო სხდომებზე ხშირად დასწრებასაც ვერ ახერხებენ, რადგან დარბაზი ხალხს ვერ იტევს.

შეგახსენებთ: გიორგი დემეტრაძე, ყოფილ ძალოვან კახა მისირელთან ერთად მაშინ დააკავეს, როცა ვაკეში, მეგობარ დავით გაგნიძეს ხვდებოდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2010 წელს, მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატზე ვინმე დავით კვიჟინაძემ ლურსმანაშვილთან 140.000 დოლარი წააგო. მან ივნისში დახმარებისთვის ცნობილ ავტორიტეტს, ვახტანგ ყიფიანს მიმართა და უთხრა, რომ ე.წ. თავანი ჰქონდა მისატანი. ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, - 70.000 უნდა ჩაჰბარებოდა ლურსმანაშვილის მეგობარ დავით ფეიქრიშვილს, ხოლო დანარჩენ თანხას, ქურდების სახელით, ყიფიანი აიღებდა; ეს თანხის მთლიან დაფარვად ჩაითვლებოდა. მოლაპარაკების მიუხედავად, ფეიქრიშვილი კვიჟინაძისგან დარჩენილ თანხას მაინც ითხოვდა. ყიფიანმა კიევში დავითის ძმა, გიორგი ფეიქრიშვილი დაიბარა. განუმარტა, რომ თავანი ჩაბარებული იყო. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულ გარჩევაში დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელიც მონაწილეობდნენ. ძალოვნებმა თავიდან გაავრცელეს სატელეფონი საუბარი, სადაც უკრაინაში მყოფი ყიფიანი თბილისში, ლურსმანაშვილის მეგობარ დავით ფეიქრიშვილს ესაუბრება. ყიფიანი ფეიქრიშვილს მოგებული თანხიდან საჩუქარს სთხოვს და ქურდულ წესებს ახსენებს. არც ფეიქრიშვილი იხევს უკან და ყიფიანს ეუბნება, რომ ეს წესები უკვე აღარ არსებობს. ყიფიანი გაგნიძეს სატელეფონო საუბრისას ეუბნება, "ის" გადასცეს იმ პიროვნებას, მაგრამ არ აკონკრეტებს, რის გადაცემაზეა ლაპარაკი. არც გაგნიძისა და ფეხბურთელ დემეტრაძის საუბრიდან ირკვევა რამე; მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი - დემეტრაძე ვიღაცას უნდა შეხვდეს. გამოძიების მტკიცებით, დაკავებისას დემეტრაძეს ცელოფანში ჩადებული 30.000 დოლარი ჰქონდა ხელში, ხოლო დაკავებულ გაგნიძეს - 10.000 დოლარი; ამასთან, მას იარაღი და ვაზნები აღმოაჩნდა. გამოძიებამ კახა მისირელის პირადი ჩხრეკისას კი "გლოკის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ხოლო ბინაში მას "მაუზერის" და "იერიხოს" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები აღმოუჩინა. მოგვიანებით, დავით ფეიქრიშვილიც დააკავეს, რომელთანაც, წესით, ეს თანხა უნდა მისულიყო.
თავიდან ითქვა, რომ ბიჭები "ჯოკერს" თამაშობდნენ და მისირელი მეგობარ დემეტრაძეს უბრალოდ, გაგნიძესთან შესახვედრად გაჰყვა. ძალოვანი კახა მისირელი დიდხანს არ დარჩენილა პატიმრობაში: მას, ავადმყოფობის მოტივით, აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა. უხერხული ბრალდება ჰქონდა პოლიციელს - ქურდული სამყაროს წევრობა. მოგვიანებით, მის მიმართ აღძრული საქმე რატომღაც, ცალკე წარმოებად გამოიყო და მას მეგობრებთან ერთად აღარ ასამართლებენ. უფრო მეტიც - სასამართლო დასასრულამდე მივიდა, მაგრამ ის, არანაირი სტატუსით, სხდომებზე არ დაკითხულა.
ისიც ცნობილია, რომ გიორგი დემეტრაძის დაკავების შემდეგ, პროკურატურას თხოვნით მიმართა ფეხბურთელმა კახა კალაძემ: აღნიშნა, რომ მზად იყო, თავდებად დასდგომოდა მეგობარს და გირაოს თანხაც გადაეხადა. ადვოკატ მარიკა ფხალაძის თქმით, ამ შუამდგომლობაზე კალაძეს პასუხი დღემდე არ მიუღია.     

პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. განსასჯელებმა - გიორგი დემეტრაძემ და დავით გაგნიძემ უკვე მისცეს სასამართლოს ჩვენება. წარდგენილ ბრალდებაში ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და კატეგორიულად უარყოფენ ქურდული სამყაროს წევრობას.
გიორგი დემეტრაძის ჩვენებიდან:
"განსასჯელებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ვატო ყიფიანი მამაჩემის ძმაკაცის შვილია... ჩემს დაკავებამდე 2-3 თვე კიევში, ჩემს ბინაში ცხოვრობდა... არ ვეთანხმები ბრალდებას, რომ კიევში საქმის გარჩევაში მივიღე მონაწილეობა. საზღვრის გადაკვეთის დოკუმენტებითაც დადასტურდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილის კიევში ყოფნის დროს მე იქ არ ვყოფილვარ... იმ დღეს ჩემმა მეგობარმა, დავით გაგნიძემ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ჩემს ძმაკაცთან, კახა მისირელთან ერთად ვაკეში, მამაჩემის მანქანით წავედი. არ უთქვამს, რისთვის მიბარებდა. ბავშვობის მეგობრები ვართ. დათოს არ შევხვედრივარ, რადგან დამაკავეს. პოლიციელებმა სრულიად უმიზეზოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, ხელები გადამიგრიხეს და ძირს დამაგდეს. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. არანაირი ფული ხელში არ მქონია და ტყუილია, თითქოს ის 30.000 დოლარი ჩემგან ამოიღეს. 7 თვეა, ციხეში ვზივარ. მედავებიან, რომ თურმე ქურდული სამყაროს წევრი ვარ. მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ. ამიხსენით, საიდან უნდა ვიყო ქურდული სამყაროს წევრი?! საიდან ასკვნით ამას? რაიმე ქურდულ გარჩევაში მიმიღია მონაწილეობა?.. წაგება-მოგებაზე საუბარი რომ იყო, დაკავების შემდეგ, ციხეში გავიგე. ვიცი, რომ თანხა ტოტალიზატორში ოფიციალურად მოიგო ლურსმანაშვილმა... არ ვიცოდი, გაგნიძეს ჩემთვის ფული რომ უნდა გადმოეცა. კატეგორიულად არ ვცნობ თავს დამნაშავედ".

ბრალს არც განსასჯელი დავით გაგნიძე აღიარებს:
"ვახტანგ ყიფიანი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ვიცოდი, რომ ის კიევში, გიორგის ბინაში ცხოვრობდა. მასთან სტუმრად ჩასულიც ვიყავი. მოგებული თანხის შესახებ არაფერი ვიცოდი. დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ვატომ დამირეკა; მითხრა, რომ თანხას მომიტანდნენ და ის დროებით უნდა შემენახა. მერე მეტყოდა, როგორ მოვქცეულიყავი. ავად ვიყავი და ვთხოვე, სახლთან მოეტანათ. ჩემთვის უცნობმა პირმა 40.000 დოლარი გადმომცა. ეს ფული სახლში მქონდა. ვატომ იმ დღეს 30.000 დოლარის დემეტრაძისთვის მიცემა მთხოვა და მითხრა, დანარჩენი 10.000 ზაზას უნდა მისცეო. გიორგის რომ დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მკითხა, - ხომ მშვიდობააო? მივხვდი, ფულზე არაფერი იცოდა. ისევ ვატოს დავურეკე, - გიორგიმ არაფერი იცის და უთხარი-მეთქი. - გიორგისთან უნდა დაერეკათ; თუ არ იცის, არა უშავს, შენთან რომ მოვა, დამალაპარაკე და მე თვითონ ავუხსნი ყველაფერსო. გიორგის ველოდებოდი, როცა პოლიციამ დამაკავა. მანქანაში ვიჯექი პოლიციელებთან და ვუყურებდი, როგორ დააკავეს გიორგი და კახა მისირელიც. მისთვის თანხის გადაცემა ვერ მოვასწარი. 40.000 დოლარი პოლიციამ ჩემგან ამოიღო, ჯიბეში მქონდა... მერე მითხრეს, - შენი სახლიდან ტყვია ამოვიღეთო. ტყუილია, სახლში არანაირი ტყვია არ მქონია, არც იარაღი. არ ვიცი, რატომ მაბრალებენ ქურდული სამყაროს წევრობას; ეტყობა, ეს პირადი ინტერესია, რადგან ყიფიანის ბავშვობის მეგობარი ვარ. არც ვატოა ქურდი... არასდროს მქონია იარაღი, პოლიციამ მოიტანა და მითხრა, ეს შენიაო. უდანაშაულო ვარ".

ადვოკატი მარიკა ფხალაძე, გიგი ზირაქაშვილთან ერთად, სამ განსასჯელს - დემეტრაძეს, ყიფიანს და გაგნიძეს იცავს.
მარიკა ფხალაძე:
- ბრალდებაში მოყვანილი არც ერთი სიტყვა მართალი არ არის. საქმე ისე მთავრდება, რომ გიორგი ფეიქრიშვილი არც გამოძიებას და არც სასამართლოს არ დაუკითხავს. არადა, გამოძიება ირწმუნება, თითქოს მას კიევში საქმე გაურჩიეს. საოცარია, მაგრამ არც კვიჟინაძე აინტერესებს ვინმეს. საქმეში ის მოწმის სტატუსითაც არ ფიგურირებს. ცნობილია, რომ თამაში ლურსმანაშვილსა და კვიჟინაძეს შორის იყო. დავით ფეიქრიშვილი ლურსმანაშვილის მეგობარია და კვიჟინაძისგან მოგებული თანხის მიღებას ცდილობდა. ლურსმანაშვილი მხოლოდ მოწმედ დაჰკითხეს. განმარტა, რომ 140.000 დოლარი მან ოფიციალურად, ტოტალიზატორში მოიგო. ტოტალიზატორის დირექტორი კი კვიჟინაძე იყო. ვინაიდან მოგებული თანხა სრულად არ ჰქონდათ, თავიდან მხოლოდ 70.000 გადაუხადეს. მერე დარჩენილის ამოღებას ცდილობდნენ. თუკი კრიმინალი მოხდა და არალეგალური შემოსავალი იყო, მაშინ საქმის წამგები და მომგები ხომ უნდა მიეცათ პასუხისგებაში?! კანონით, თუკი ხელზე "მაზს" სისტემატური ხასიათი აქვს და პირი არ არის მეწარმე, ეს ქმედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ითვლება. ამ ეტაპზე ლურსმანაშვილი მართალია, პატიმრობაშია, მაგრამ - სხვა საქმისთვის. ამ ფაქტის შემდეგ მისი სატელეფონო საუბრების მოსმენა მოხდა და მას ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის წაუყენეს, ე.წ. "მაზავშიკობისთვის". ჩვენს საქმეში მას არანაირი ბრალი არა აქვს. კიევში რაღაც გარჩევა რომ მოხდა, ესეც არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. არ არსებობს მოწმე, ვინც ამას იტყვის. არ დასტურდება დემეტრაძის, გაგნიძის და მისირელის იმ პერიოდში კიევში ყოფნაც. როდის გადაკვეთეს საზღვარი ამ პირებმა, ამის დოკუმენტი ჩვენ წარვადგინეთ. ეს პერიოდი ფეიქრიშვილის კიევში ყოფნის დროს არ ემთხვევა. ლურსმანაშვილი და ფეიქრიშვილი ვატო ყიფიანს საერთოდ არ იცნობდნენ, ეს სატელეფონო საუბრიდანაც ჩანს. გაგნიძე იყო კიევში, ყიფიანი მისი ბავშვობის მეგობარია. გაგნიძეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ვატო ყიფიანმა ის სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან, უმკურნალა. რაც შეეხება ყიფიანს, ყველამ კარგად იცის, რომ ის ქურდი არ არის.
- თავის დროზე, ყიფიანს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა; საბოლოოდ, რამდენი წელი მოიხადა ციხეში?
- ვატო მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული, ასევე - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკების შეძენის. მკვლელობა არ დაუმტკიცდა. მხოლოდ უკანონო იარაღის გადაზიდვისთვის გაასამართლეს და 6 წელი მიუსაჯეს, თუმცა არც ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდათ მტკიცებულებები.
- დემეტრაძე ირწმუნება, რომ მას ფული არ ჰქონდა, საქმეში წერია, რომ მისგან ამოიღეს...
- დაიკითხნენ პოლიციელები და ვერც ერთმა ვერ თქვა, კონკრეტულად ვინ ამოიღო ფული. ფაქტია, მისირელი და დემეტრაძე ერთმა ჯგუფმა დააკავა, გაგნიძე - მეორე ჯგუფმა; არც ერთი გაგნიძისგან იარაღის ამოღებას არ ადასტურებს, მაგრამ ოქმში წერია, რომ შარვალში ედო ის იარაღი. ფეიქრიშვილის ტელეფონი მართალია, კანონიერად ისმინებოდა, მაგრამ მერე გაგნიძის ტელეფონი ისე ჩართეს მოსმენაზე, რომ მოსამართლის ბრძანების აღებაც დაავიწყდათ. ასე აღმოჩნდნენ უკანონო მოსმენაზე დემეტრაძე და გაგნიძე. მაგრამ არც ამ მოსმენის ამორიცხვას მოვითხოვთ, რადგან მათი საუბრებიდანაც ამ ბიჭების უდანაშაულობა დასტურდება, განსაკუთრებით - დემეტრაძის. ერთადერთი, რაც ბრალდებამ წარმოადგინა გაგნიძის მიმართ, პოლიციელ ადამიას ჩვენებაა, რომელიც ამბობს, - ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ გაგნიძე ქურდული ტრადიციის მიმდევარიაო. ბუნებრივია, წყარო არ დაასახელა. მთელი უბანი აწერს ხელს დახასიათებას, რომ ის წესიერი ბიჭია და არაფერში შემჩნეული არ ყოფილა... ეჭვქვეშ დგება სატელეფონო საუბრებიც. ისიც არ ვიცით, არის თუ არა ეს ყიფიანის ხმა: ვატო რადგან არის ნახსენები, ჩათვალეს, რომ ეს არის ყიფიანი... საინტერესოა, რა ჩვენებას მისცემს ფეიქრიშვილი. მისი ჩვენება ბევრ რამეს ახდის ფარდას. თუკი მომგები და წამგები კრიმინალი არ არის და არავის დაუსჯია, რატომ სჯიან ამ ხალხს?..
- პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხომ არ შემოუთავაზებია?
- საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ისინი ბრალს არ აღიარებენ. ჩვენ მოვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს. საპროცესო გარიგება ერთგვარი ფორმაა პატიმრობიდან თავის დაღწევის. დემეტრაძე ამბობს, - ფეხბურთელი ვარ, რაც არ ჩამიდენია, ის როგორ ვაღიარო, ტყუილი რომ ვთქვა და ვიძახო, ქურდული სამყაროს წევრი ვარ, ამას ხომ მოჰყვება ათასი შეკითხვა, მერე რა პასუხი გავცე?! ბუნებრივია, ზღაპრებს ვერ მოვყვებიო... მთელი ამათი დანაშაული ის არის, რომ ისინი ყიფიანის მეგობრები იყვნენ. საქმის მასალებში გაგნიძის რძალი და ძმისშვილები გაგნიძის ცოლ-შვილად არიან მოხსენიებულნი - გამოძიებამ ელემენტარულად, პიროვნების დადგენა ვერ შეძლო! როგორც ეს არის სიმართლე, ისეთივე სიმართლეა, რომ მე კრიმინალი და ქურდულის მიმდევარი ვარო, - თქვა გაგნიძემ. თუ სამართალს საქართველოში ვერ მივაღწიეთ, ეს საქმე აუცილებლად სტრასბურგში წავა. უკვე მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს იმ დარღვევების გამო, რომლებიც წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაფიქსირდა.
განსასჯელი დავით ფეიქრიშვილი სასამართლოს ჩვენებას მისცემს. ამის შემდეგ მხარეთა კამათი გაიმართება და სულ მალე, მოსამართლე ჯემალ კოპალიანი განსასჯელებს განაჩენს გამოუტანს.  

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა", 2011 წელი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
12.01.2015
2015 წლის 2 იანვართან რა კავშირშია ეს?:)
თათო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
886 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი