თურქი ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება - გზაპრესი

თურქი ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

ამ შემზარავ ფაქტს იმხელა რეზონანსი მოჰყვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენაზეც კი ალაპარაკდა. საზოგადოებას ეს ფაქტი არ ჰქონდა დავიწყებული, როცა ქართველები ახალ სკანდალში გაეხვივნენ.

12 აპრილს, გვიან ღამით სტამბოლში, სასტუმრო "ბაჰარის" მეპატრონე ნუსთირ შაქარი და მისი მეგობარი ქალი, როზა ისმაილოვა სასტუმროს ნომერში ჩაცხრილეს. თავდაპირველად, მკვლელობის მიზეზად ფულის გამოძალვას ასახელებდნენ - ამბობდნენ, რომ დამნაშავეებმა მათივე დამქირავებელი და მისი მეგობარი ქალი მოკლეს, 30.000 ლირა ანუ 25.000 დოლარი გაიტაცეს და მიიმალნენ. თურქული მედია ირწმუნებოდა, რომ დანაშაულის ჩადენის გამო 3 ქართველი იძებნებოდა: გიორგი და ვიტა თედიაშვილები და ტატიანა სინიანსკაია. ირკვევა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სტამბოლში ათასობით ქართველი არალეგალი მუშაობს. ისიც ფაქტია, რომ ამ მკვლელობის შემდეგ, სამართალდამცველებმა სამუშაოდ ჩასული ქართველები გაჩხრიკეს და არალეგალურად მყოფ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს თურქეთი დაატოვებინეს.

18 აპრილს, ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს და ამ დანაშაულში 29 წლის გოგა ჯღარკავა ამხილეს. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ქართველი ძალოვნების განმარტებით, ბრალდებულს 3 თვითმხილველი უპირისპირდება და დანაშაულში ამხელს. ისიც დადგენილია, რომ 12 აპრილს, გოგა ჯღარკავა ნამდვილად იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე და საქართველოს საზღვარი მკვლელობის მეორე დღეს, 13 აპრილს გადმოკვეთა.

ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ადრე ნასამართლევი იყო. 2007 წელს იგი აზერბაიჯანში დააკავეს და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის სასჯელს იქ იხდიდა. პატიმრობიდან 2010 წელს გათავისუფლდა.

თანამემამულეს დანაშაულში სასტუმრო "ბაჰარის" ადმინისტრატორი გიორგი ყაჭეიშვილი ამხელს და მკვლელობის მიზეზად, ნუსთირ შაქართან შელაპარაკებას მიიჩნევს.

მოწმე ყაჭეიშვილის ჩვენებიდან:

"რამდენიმე წელი, სასტუმროში ადმინისტრატორად მეუღლესთან ერთად ვმუშაობდი. თებერვლის ბოლოს სასტუმრო "ბაჰარში" საცხოვრებლად გოგა ჯღარკავა მოვიდა და იქ 20 დღე იყო. შემდეგ ვერ შეძლო თანხის გადახდა, ამის გამო სასტუმროს მეპატრონესთან კონფლიქტი მოუხდა. მეპატრონემ, ნუსთირ შაქარმა ის სასტუმროდან გააგდო. ამ ინციდენტიდან დაახლოებით 4-5 დღეში, გვიან ღამით, 3 საათზე გოგა სასტუმროში მეგობარ დათოსთან ერთად დაბრუნდა და ნომერი მოითხოვა. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ნომერი იყო თავისუფალი და 102-ე ნომერში შესვლა შევთავაზე. ოთახი ნახეს, შემდეგ უარი თქვეს, ჯერ არ გვინდაო. სასტუმროში ზევით ავიდნენ, რაღაც დაათვალიერეს და რომ ჩამოვიდნენ, გოგამ მითხრა, - შენი ცოლი "დასკოჩილი" გვყავს, არ გაინძრე, შენი პატრონიც უნდა მოვკლათო (სასტუმროს მეპატრონეს გულისხმობს). მეც იარაღით მემუქრებოდნენ, - ხმა არ ამოიღო, სადმე არ გახვიდე, იარაღს ხელი არ ახლო, თორემ შენც ზედ მიგაყოლებთო. ამის შემდეგ გოგა ჯღარკავამ სასტუმროს მეპატრონის ოთახის კარზე დააკაკუნა და შევიდა, ხელში ბალიში და იარაღი ეჭირა. მალე გასროლის ხმა გავიგონე".

ბრალდებულს ასევე გიორგი ყაჭეიშვილის მეუღლე, მარგალიტა შალაშვილი უპირისპირდება. მისი მტკიცებით, ჯღარკავა მას ღამით ოთახში შეუვარდა:

"12 აპრილს, ღამით, დაახლოებით 3 საათზე, ჩვენთან ოთახში გოგა ჯღარკავა ამოვიდა, რომელიც ადრე ჩვენი კლიენტი იყო. მეგობარი დათო ახლდა. ხელში ბალიში და იარაღი ეჭირა. ოთახში ნათესავ გოგოსთან ერთად ვიყავი. ორივეს დაგვემუქრა. თქვა, - თქვენი მეპატრონე უნდა მოვკლა, არ გაინძრეთ, მოქცევა თუ არ მომეწონა, შენს მეუღლეს, გიორგისაც "დავბრიდავო". მერე ქვევით ჩავიდა, დაახლოებით 15 წუთში გასროლის ხმა და ქალის კივილი გაისმა".

თურქული პრესის მიერ ძებნილად გამოცხადებული ტატიანა სინიანსკაია, საქმეში მოწმის სტატუსითაა დაკითხული. ის მარგალიტა შალაშვილთან ერთად იყო ოთახში, როცა შეიარაღებული პირები შევიდნენ. დანაშაულში ისიც ჯღარკავას სდებს ბრალს. ამბობს, რომ 2-3 გასროლა გაიგონა.

როგორც ირკვევა, მკვლელობის შემდეგ, ფაქტის თვითმხილველმა სამივე მოწმემ ჩანთაში თავისი ბარგი ჩაალაგა და შემთხვევის ადგილი დატოვა. საქართველოში გადმოსულმა მოწმეებმა თურქეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები ქართველ ძალოვნებს აცნობეს და დამნაშავის ვინაობაც გაუმხილეს. ამის შემდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა და ჯღარკავა დააკავეს. რაც შეეხება დასახელებულ ვინმე დათოს, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ჩვენი ინფორმაციით, ჯღარკავა დანაშაულს არ აღიარებს. მისი ჩვენების დეტალები არ ხმაურდება. რა მტკიცებულებები აქვთ დამატებით, დაკავებული ქართველის წინააღმდეგ თურქ ძალოვნებს, ესეც უცნობია. არც ის არის ცნობილი, როდის გადასცემენ 29 წლის ახალგაზრდას მეზობელ ქვეყანას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

თეა ხურცილავა

"გზა", 2011 წლი