სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა
font-large font-small
სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა
როგორც ამბობენ, ქალმა ნაცნობი მამაკაცი შინ მიიპატიჟა

გასულ კვირას ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში მოხდა შემზარავი დანაშაული. 54 წლის ნონა მიქაძე ბინაში სადისტურად მოკლული იპოვეს. ქალს სახეზე ბალიში ჰქონდა დაფარებული, ხოლო ყელის არეში 10-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა.
მიქაძის ძებნა მისი დაკარგვიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს. იგი სამსახურში არ გამოჩნდა, არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა, ამიტომ სახლში მიაკითხეს. ბინის კარი რომ არავინ გააღო, საქმეში პოლიცია ჩართეს და საცხოვრებელ ბინაში მისი დასახიჩრებული ცხედარი დახვდათ. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. "სადარბაზოში ცუდი სუნი იდგა, მაგრამ ამას რას წარმოვიდგენდით?! ნონა მუშაობდა, სახლში გვიან მოდიოდა და ამიტომ იშვიათად ვნახულობდით. რამდენიმე დღეა, არ მინახავს. ახლობლებმა გვკითხეს, ხომ არ იცით, სად არისო? მერე პოლიცია მოვიდა. თურმე ყელი გამოჭრილი აქვს და უამრავი ჭრილობა აღენიშნება; არ ვიცით ვინ და რატომ გაიმეტა ასე", - თქვა მეზობელმა. უცნობია მკვლელობის მოტივი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, დამნაშავემ ბინიდან ფული წაიღო. "ამბობენ, რამდენიმე დღის წინ ბინა გაყიდაო. შეიძლება მკვლელმა ეს ფული წაიღო. ნამდვილად არ ვიცი, რა გახდა მკვლელობის მიზეზი", - დასძინა მეზობელმა.  
სამართალდამცველებმა მომხდარი მკვლელობა ოპერატიულად გახსნეს. ამაში მათ სახლში ნაპოვნი ჩეკი და სათვალთვალო კამერის გაშიფვრა დაეხმარა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები რამდენიმე საათი მუშაობდნენ. ბინიდან არყის ბოთლი და სხვადასხვა საკვები ამოიღეს. როგორც გაირკვა, ნონა მიქაძე სახლში მისვლამდე მამაკაცთან ერთად, მაღაზიაში იმყოფებოდა და იქ სხვადასხვა პროდუქტი და არაყი შეიძინა. მაღაზიის ვიდეოკამერამ მასთან ერთად, მამაკაცი დააფიქსირა. გაირკვა, რომ გათამაშებული იყო მაღაზიაში მიცემული ის ჩეკი, რომელიც ძალოვნებმა ბინაში იპოვეს. ჩეკი 45 წლის ხვიჩა კირკიტაძის ტელეფონით შემოწმდა; სწორედ ეს ადამიანი დააფიქსირა კამერამ მაღაზიაშიც. ამ სამხილების მოპოვების შემდეგ ხვიჩა კირკიტაძე ზუგდიდში დააკავეს და მიქაძის განზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი. სასამართლომ კირკიტაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მაგრამ ძალოვნებს ჯერჯერობით მისი აღიარებითი ჩვენება არ გაუვრცელებიათ, ამიტომ უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.
ხვიჩა კირკიტაძე წლებია, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. როგორც ამბობენ, გარდაცვლილმა ბრალდებულის სამარშრუტო მიკროავტობუსით იმგზავრა და მათ ერთმანეთი მგზავრობისას გაიცნეს. როგორც ამბობენ, ქალმა ნაცნობი მამაკაცი შინ მიიპატიჟა, თუმცა უცნობია, რატომ მოკლა ასე სადისტურად მამაკაცმა 54 წლის ქალი.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გაირკვევა, კონკრეტულად რამდენი ჭრილობა აღენიშნება. საქმეს ისანი-სამგორის პროკურატურა იძიებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხვიჩა კირკიტაძეს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თეა ხურცილავა
"გზა", 2012 წლის ივნისი
ბეჭდვა