მკითხავის დაყაჩაღება თუ თაღლითობა? - გზაპრესი

მკითხავის დაყაჩაღება თუ თაღლითობა?

ყველაფერი კი ასე დაიწყო: გიორგის მამიდა საცხოვრებლად სოფელში წავიდა და თბილისის ბინის გასაღები ძმისშვილს დაუტოვა. პერიოდულად ბიჭი ამ ბინაში მიდიოდა. ერთ დღეს ფულის გარეშე დარჩენილმა, მამიდის სახლიდან ნაჯახი, ძველი აბაზანის ნიჟარა, ხელნაკეთი ტელევიზორის ანტენა და სხვა წვრილმანი, ჯართში ჩააბარა. ეს ფული ისე დახარჯა, რომ არც უფიქრია, ამის გამო ვინმე თუ დაიჭერდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მამიდამ თავისი ნივთები რომ ვეღარ ნახა, იფიქრა, სახლი გამიქურდესო და პოლიციაში ისე იჩივლა, რომ ძმისშვილისთვის არაფერი უკითხავს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და მალე დაადგინა, ნივთები გიორგი დ-ს რომ ჰქონდა გატანილი. მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის ბრალდებით აღძრეს და დააპატიმრეს კიდეც. გამწარებულმა მამიდამ ახლა პოლიციას ხვეწნა-მუდარა დაუწყო, განცხადების უკან გამოტანა და საქმის შეწყვეტა მოითხოვა. ირწმუნებოდა, ბიჭს გასაღები მე მივეცი და ჩემს სახლში შესვლისა და ნებისმიერი ნივთის გატანის უფლება ჰქონდაო, მაგრამ უკვე გვიანი იყო: გიორგი დამნაშავედ ცნეს, თუმცა მკაცრად არ დაუსჯიათ, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა აკმარეს.

მამიდა ძალიან განიცდიდა ამ ფაქტს, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, რომ ძმისშვილი ციხეს გადაურჩა. თუმცა ყველაფერი ასე ადვილად როდი დამთავრდა: პირობით პატიმრობაში მყოფი ბიჭი ახალი ბრალდებით კიდევ ერთხელ მოხვდა სამართალდამცველების ხელში. მართალია, ამჯერად ამბობდა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და თაღლითი თავად ე.წ. დაზარალებული იყო, მაგრამ ვინ დაუჯერებდა პირობით პატიმრობაში მყოფს და ახალი ბრალი ისევ წაუყენეს. ახალ სასჯელს ძველიც დაემატა და შეკრებითობის პრინციპით, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა; მისდა საბედნიეროდ, ბოლოს და ბოლოს, ასე მკაცრად არ დაუსჯიათ.

მეორედ გიორგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, მკითხავი ქალის ჩვენება გახდა. მომჩივანი 63 წლის მელანო იყო. იგი წლების მანძილზე მკითხაობით არჩენდა ოჯახს... ქალიშვილი მეორედ გაუთხოვდა. უბინაო სიძე მათ ბინაში გადმობარგდა საცხოვრებლად. მართალია, სიძე მუშაობდა და სახლში ხელფასიც მოჰქონდა, მაგრამ სიდედრი მისით მაინც უკმაყოფილო იყო. ბოლოს მელანომ სახლიდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან არ უნდოდა, ურთიერთობა უფრო მეტად დაძაბულიყო და ერთი პატარა ოთახი იქირავა. გარკვეული პერიოდი სიდედრს ბინის ქირას სიძე უხდიდა, მაგრამ მალე მასაც გაუჭირდა მატერიალურად და ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. თანდათან იმდენად დაიძაბა ოჯახში ურთიერთობა, რომ სიძემ მათი სახლიდან წასვლა და ყოფილ ცოლთან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მელანოს ქალიშვილის ოჯახის ხელმეორედ დანგრევა არ სურდა და გადასარჩენი გზის პოვნაც ადვილად შეძლო. აღმოაჩინა, რომ მკითხაობის ნიჭი ჰქონდა და საქმიანობასაც შეუდგა. სახელიც მალე გაითქვა და ნაქირავებ ბინაში იმდენი კლიენტი აკითხავდა, რომ მალე ფული აღარ უჭირდა. მერე კორპუსის ბინა იქირავა, უკეთეს პირობებში რომ გაეგრძელებინა კლიენტების მიღება. ქალმა იმდენად მოიხვეჭა სახელი, დამხმარეც აიყვანა. იგი მას გრაფიკის შედგენასა და კერძების მომზადებაში ეხმარებოდა.

მელანოს მკითხაობით კლიენტები მადლიერები იყვნენ. თავად კი ამბობდა, რომ შემლოცველი იყო და თავისი ლოცვით ხალხს პრობლემების მოხსნაში ეხმარებოდა. მკითხავთან მისულები მას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და შესალოცად ოქროულობას, ძვირად ღირებულ ნივთებს, მობილურ ტელეფონებს, ძვირფას ხალიჩებს და ფერწერულ ტილოებსაც კი უტოვებდნენ. იგი უხსნიდა, - გარკვეული პერიოდი ეს ნივთები მასთან უნდა დარჩენილიყო, რომ მათ სახელზე ამ ნივთებთან ელოცა...

ერთ დღეს კი მელანომ პოლიციაში დარეკა და აცნობა, რომ დააყაჩაღეს. მას სავარაუდო ეჭვმიტანილებიც ჰყავდა - 20-22 წლის ბიჭები. სამართალდამცველებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდებული გიორგი და მისი მეგობრები რამდენიმე დღის წინ მას ესტუმრნენ, როგორც ჩვეულებრივი კლიენტები; მეგობარ გოგონასთან ერთად მოვიდნენ. გოგონა მელანოს საკუთარი მომავლის განსაზღვრაში დახმარებას სთხოვდა. მისი თქმით, მან არა მხოლოდ გოგონას, არამედ მის თანმხლებ ბიჭებსაც უმკითხავა, ყავაც დაალევინა და კარტიც გაუშალა; ბოლოს კი მოატყუეს. ამას დაზარალებული იქიდან ასკვნის, რომ როგორც წესი, მასთან ასაკოვანი ხალხი დადიოდა, 20 წლის გოგო-ბიჭები კი არასოდეს მისულან. მისი ვარაუდით, მათი მოსვლის მიზეზი, სიტუაციის შესწავლა იყო. დაზარალებული ამბობდა, - ეჭვი მაშინვე გამიჩნდა, მაგრამ ვინაიდან მოსულებს შორის ერთ-ერთი ჩემი ყოფილი მეზობელი იყო, არაფერი მითქვამს და ისე წავიდნენ ჩემი ბინიდან, მკითხაობის საზღაური თანხაც არ გამომირთმევიაო...

საბრალდებო დასკვნის მიხედვით კი ოთხმა ახალგაზრდამ მკითხავი მელანოს ბინის გაძარცვა მას შემდეგ სცადა, რაც მის ბინაში მისულმა, იქ ძვირფასეულობა ნახა. გიორგი და გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი დაახლოებით საღამოს 5 საათზე, წინასწარ შესწავლილ მისამართზე იმ დროს მივიდნენ, როდესაც მკითხავი სახლში მარტო იყო. მძარცველებს კარი მელანომ ზარის დარეკვისთანავე გაუღო. ბიჭებმა ბინაში შეაღწიეს, ქალბატონი წააქციეს, სკოჩით ხელ-ფეხი გაუკოჭეს და რომ არ ეყვირა, ლენტი პირზეც ააკრეს. ჯერ სცემეს, შემდეგ ძვირფასეულობა წაართვეს და სახლიდან გაუჩინარდნენ. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელებმა ბინიდან 720 ლარი, ოქროს და ბრილიანტისთვლიანი ბეჭდები, ოქროს სხვა სამკაულები, ტანსაცმელი და "მოტოროლას" ფირმის მობილური ტელეფონი წაიღეს.

მელანოს ყოფილი მეზობელი პოლიციამ იმავე დღეს თავის სახლში დააკავა და დაზარალებულმა ამხილა კიდეც.

სასამართლო პროცესები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მკითხავის მეზობლები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. ყველა მათგანი აცხადებდა, რომ ბინიდან ხმაურის ხმა არ გაუგონია და მომხდარი მას შემდეგ შეიტყო, რაც ეზოში "სასწრაფო დახმარებისა" და საპატრულო პილიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. "...როდესაც მასთან სახლში შევედი, ტიროდა და თავს ცუდად გრძნობდა. მითხრა, რომ დააყაჩაღეს, დააბეს და ფული და ძვირფასეულობა მოსტაცეს..." - თქვა ერთ-ერთმა მეზობელმა. ანალოგიური იყო სხვა მოწმეთა ჩვენებებიც. მათი თქმით, როცა ბინაში შევიდნენ, მელანოს ოთახი არეული დახვდათ, ტელეფონის "შნური" კი გადაჭრილი იყო.

მეზობლებისგან განსხვავებით, გაცილებით ტრაგიკულად მოჰყვა მომხდარს დაზარალებულის ერთ-ერთი კლიენტი:

- მელანო ყველასთვის მკურნალია, ლოცულობს და თილისმებს ამზადებს. ჩემს პრობლემებზე ხშირად ვესაუბრებოდი და ძალიან მშველოდა. მის შელოცვებზე სულიერად ვმშვიდდები. თილისმად მასთან ძეწკვი და საყურე მქონდა დატოვებული; ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ლოცულობდა. სეანსზე რომ მივედი, სასტიკად ნაცემი დამხვდა, სულ დალურჯებული იყო... ძლივს მითხრა, თუ რა მოხდა. მერე გავიგე, რომ წაღებულ ნივთებში ჩემი ოქროულობაც იყო".

ბრალდებული კატეგორიულად უარყოფდა ამ ფაქტში მონაწილეობას. პროცესზე ირწმუნებოდა, რომ ე.წ. დაზარალებულმა ეს სცენა გაითამაშა და სპექტაკლი მოაწყო იმისთვის, რომ კლიენტების კუთვნილი ძვირფასეულობა მიეთვისებინა. "ის თავად არის თაღლითი და სწორედ ის უნდა იჯდეს ციხეში. მე ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არ ვიცი, რატომ დამადანაშაულა. ალბათ იცოდა, რომ ადვილად მოახერხებდა სამართალდამცველების მოტყუებას, რადგან ერთხელ მომხდარი გაუგებრობის გამო მოსჯილი მქონდა პირობითი სასჯელი. მერწმუნეთ, უდანაშაულო ვარ, ის უნდა დასვათ აქ ჩემ მაგივრად. ეს პოლიციელებმაც კარგად იციან, მაგრამ არ სჯიან, რადგან მისი დისშვილი სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობს და ის მფარველობს დეიდას. ეს ოქროულობა მან მიითვისა".

ამ ვერსიას ეთანხმებოდა ბრალდებულის ადვოკატიც და აცხადებდა, რომ აშკარა იყო ქალის მიერ გათამაშებული ინსცენირება, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.

სასამართლომ ეს პოზიცია არ გაითვალისწინა, გიორგი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება საქმეში მოყვანილ კიდევ სამ პირს - ძალოვნებს არ განუმარტავთ, რატომ ვერ შეძლეს მათი ვინაობის დადგენა და დაკავება.

თეა ხურცილავა

"გზა", 2012 წელი