რა ბრალი მიუძღვის პოლიციას ბორტიშვილების ოჯახის ტრაგედიაში? - გზაპრესი

რა ბრალი მიუძღვის პოლიციას ბორტიშვილების ოჯახის ტრაგედიაში?

საუბედუროდ, შეიარაღებული სიძის გასროლილ ტყვიებს ვერ გადაურჩა 57 წლის მაყვალა ბორტიშვილი. დავით ჩინჩალაძე დილის 8 საათზე, პირველად ქალბატონ მაყვალას მაშინ დაესხა თავს, როცა ის ეზოში ყვავილებს რწყავდა. ერთი ტყვია ააცილა, მეორე გასროლა კი საბედისწერო აღმოჩნდა: ქალს ტყვია ყელის არეში მოხვდა და ის ადგილზევე გარდაიცვალა...

"მე და ჩემს გოგონას ოთახში გვეძინა, როცა ჩემმა ყოფილმა ქმარმა კარი წიხლით შემოამტვრია და შეიარაღებული შემოვარდა. ბავშვმა მამამისი რომ დაინახა, იყვირა: ვაიმე, დედიკო, მოვიდა, რა გვეშველებაო?! ჩემი შვილი ზურგს უკან დავიყენე, ტყვია რომ არ მოხვედროდა. - ახლა შენი დრო დადგაო! - მითხრა მან კმაყოფილი სახით და იარაღი მომიშვირა. მაშინ არ ვიცოდი, დედაჩემი უკვე მოკლული რომ ჰყავდა და ახლა ჩემი ჯერი იყო. გავიგე, ჩახმახს თითი როგორ გამოჰკრა და ისეთ შოკში ვიყავი, მეგონა, ტყვია მომხვდა. ალბათ ის მიხვდა, იარაღი რომ არ გავარდა და ვხედავდი, სასხლეტს ისევ როგორ აწვალებდა. ცოტა ხანში გავაცნობიერე, ცოცხალი რომ ვიყავი; არ ვიცი, ამხელა ძალა როგორ მომეცა, ვტაცე ხელი იარაღის ლულას, კარგა ხანს ვეჭიდავებოდი და არ ვაძლევდი იარაღის მოშვერისა და გასროლის საშუალებას. ამ ძიძგილაობაში ორივენი მდგმურის ოთახში აღმოვჩნდით, თან ისტერიკულად ვკიოდი. ოთახში ჩვენი მდგმური ბიჭი დამხვდა. ამასობაში ხალხიც შეგროვდა. მკვლელი კი ყვიროდა: თქვენი საქმე არ არის, ხელს ნუ მიშლით, თორემ ყველას დაგხოცავთო! მერე გაიძახოდა, - აქედან ყველანი წადით, თორემ სახლში ნაღმი მაქვს დადებული და აფეთქდებაო. მეზობლებს მისი მუქარის მიუხედავად, არ დავუტოვებივართ. იარაღს ყველას უმიზნებდა, მათ შორის - ჩვენს მდგმურებს, ჩემს ძმასა და იქ შეკრებილებს. როგორც ჩანს, ამასობაში ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და "სასწრაფო" და პატრული ერთდროულად მოვიდა. პატრული რომ არ მოსულიყო, ის იქიდან ცოცხალი ვერ წავიდოდა, ხალხი ადგილზე ჩაქოლავდა. მან შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრო, პოლიციამ კი ჩაქოლვას გადაარჩინა. მეც ვცდილობდი, რაღაცით გავსწორებოდი. რომ მომეცეს საშუალება, ისე გამამწარა, გეფიცებით, უსიტყვოდ მოვკლავ. ალბათ დამსჯიან ამ გარეწარის მკვლელობისთვის, მაგრამ წლებია, ჩვენი მუდარის მიუხედავად, პოლიციამ არ დასაჯა, სანამ ეს უბედურება ჩვენს სახლში არ დატრიალდა. არადა, დედაჩემს გაცვეთილი ჰქონდა გზა ავჭალის პოლიციამდე და სულ სთხოვდა მის დაკავებას; იმასაც ეუბნებოდა პოლიციას, მაინცდამაინც უნდა მომკლას, დამნაშავე ციხეში რომ ჩასვათო?! მართლაც არაფერი გააკეთეს, სანამ დედა არ მომიკლა", - მიამბო ნათია ბორტიშვილმა.

როგორც ირკვევა, ყოფილმა სიძემ ბორტიშვილების ოჯახზე შურისძიება განიზრახა. ამისთვის თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიც დაამზადა. რამდენიმე დღე ოჯახის წევრებს უთვალთვალებდა. წინაღამეს მათ ეზოში შეღწევა და ავტოფარეხში დამალვა მოახერხა. ამის შემდეგ დავით ჩინჩალაძე ხელსაყრელ დროს ელოდა, განზრახვა სისრულეში რომ მოეყვანა. ბორტიშვილების საცხოვრებელ სახლს ორი შესასვლელი აქვს და ეს ტრაგედია სახლის უკანა მხარეს მოხდა.

"ჩვენი მდგმური დილით ავტოფარეხში სარეცხის ჩამოსახსნელად შევიდა. ავტოფარეხში მაცივრის დიდი ყუთი იდგა და როგორც ჩანს, მკვლელი ამ ყუთის უკან იმალებოდა. მდგმურ გოგოს ის არ დაუნახავს, მაგრამ ალბათ მან იფიქრა, რომ დაინახეს და უცებ გამოჰყვა. ფეხის ხმაზე გოგომ უკან რომ მიიხედა და იარაღიანი კაცი დაინახა, იქიდან კივილით გამოვარდა და თავის ოთახში შევარდა, სადაც მეუღლე ეგულებოდა. დედაჩემი ეზოში ყვავილებს რწყავდა და კივილზე გოგოს ოთახისკენ წავიდა. ამ დროს მოხდა პირველი გასროლა დედაჩემის მიმართულებით, მაგრამ მას ტყვია ასცდა. მკვლელი დედას მდგმურის ოთახში შეჰყვა, თან უთხრა, - რასაც დაგპირდით, ის უნდა ავასრულო! თქვენ გეგონათ, მუქარა მუქარად დარჩებოდაო?.. - და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა. დედა ადგილზევე გარდაიცვალა. დამნაშავის შეჩერება მდგმურმა ბიჭმა სცადა, მაგრამ მასაც მიუშვირა იარაღი. ამის შემდეგ ჩემი დის ოთახში შევარდა და მისი მოკვლა სცადა. მთელი ოჯახის ამოხოცვა ჰქონდა დაგეგმილი", - მიამბო მოკლულის ვაჟმა, მიხეილ ბორტიშვილმა.

ტრაგედიამდე სამი დღით ადრე, დავით ჩინჩალაძემ სწორედ ცოლისძმას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. "არავინ უნდა იცოდეს, ერთმანეთს რომ ვხვდებით, ისე უნდა შემხვდე. მე ისეთი რამე გავაკეთე და ისეთი რამე მიჭირავს ხელში, რომ დაინახავ, ენა ჩაგივარდებაო. ალბათ ამ თვითნაკეთ იარაღს გულისხმობდა. სამ დღეში ჩემს ზარს ელოდეო, მითხრა და ამ პერიოდში ეს ტრაგედიაც მოხდა. რომ დაერეკა, აუცილებლად წავიდოდი და ალბათ მე მომკლავდა. იმ დილითაც ეზოს უკანა მხარეს იმიტომ არ შევედი, რომ კარი დაკეტილი იყო და არ მინდოდა, ჩემს დასა და დედას გაღვიძებოდათ. არ ვიცოდი, დედა ამდგარი რომ იყო, თორემ პირველი ტყვია მე მომხვდებოდა. როგორც ჩანს, მთელი ღამე აქ იყო, ბევრი სიგარეტის ნამწვი ვიპოვეთ. წინა დღეებში მეზობლებსაც დაუნახავთ მანქანით მოსული. ეტყობა, ხელსაყრელ მომენტს ეძებდა. დედაჩემი რომ მოკლა, თურმე ყვიროდა, - მაია (ბიცოლა) სად არის, ისიც არ არის სიცოცხლის ღირსი; სამი დღეა, სახლში არ ჩანსო. რატომღაც, ბიცოლაჩემსაც ვერ იტანდა; თურმე ისიც იცოდა, რომ ის სახლში არ იყო. ეტყობა, სულ იქ ტრიალებდა. ყველას ადანაშაულებდა თავისი ოჯახის დანგრევაში, ყველას მოკვლით ემუქრებოდა, არადა, დამნაშავე თვითონ იყო", - ამბობს მიხეილ ბორტიშვილი.

როგორც გაირკვა, ეს არ იყო ამ ოჯახზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. ამ ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე, დავით ჩინჩალაძე ცოლს ქუჩაში რამდენჯერმე დაესხა თავს, ერთხელ მისთვის თვალების დათხრაც უცდია, მაგრამ ამისთვის ის არავის დაუსჯია.

რა მოხდა ამ ოჯახში და რამ მიიყვანა ისინი ამ ტრაგედიამდე, - ამის შესახებ ნათია ბორტიშვილი გვიამბობს. აღნიშნავს, რომ საჩხერელი დავით ჩინჩალაძე თბილისში გაიცნო.

ნათია ბორტიშვილი:

- 4 წელი ვიცხოვრეთ ერთად ჩემი მშობლების სახლში. სახლს ორი შესასვლელი აქვს და ჩვენ ცალკე, იზოლირებულად ვცხოვრობდით. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ორი წლის ცოლ-ქმარი ვიყავით, როცა კონფლიქტები დაიწყო. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ორსული საწოლში რომ დავწვებოდი, ცივ წყალს მისხამდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უნდოდა. ორსულობის დროს არ ვუცემივარ, თუმცა ამის მცდელობა ჰქონდა. თავიდან ვითომ ნანობდა ასეთი საქციელის გამო; რომ გავებუტებოდი, ცდილობდა, შემოვერიგებინე. ბოლოს იმის უფლებაც არ მქონდა, რომ მისი საშინელი საქციელის გამო საყვედური მეთქვა. შეიძლებოდა, იმის გამო ვეცემე, - რატომ გამებუტეო! ისიც აღიზიანებდა, ჩხუბში რომ არ ვყვებოდი და პასუხს არ ვცემდი. რატომ, რისი გულისთვის იქცეოდა ასე, რომ ვკითხავდი, პასუხი არ ჰქონდა... შვილი რომ გაჩნდა, მერეც გაგრძელდა ჩხუბი. ყოველთვის ჩემს გამოწვევას ცდილობდა; რომ არ ავყვებოდი, მერე გადაერთვებოდა და ბავშვს ატირებდა, მე რომ მოთმინება დამეკარგა. როცა ვხედავდი, ჩემს შვილს ცუდად ექცეოდა, მერე მეც მოთმინებას ვკარგავდი. ძალიან ჭკვიანი გოგონა მყავს. დიდივით აზროვნებს. ის უყურებდა, როგორ მცემდა მამამისი და ყოველთვის ცდილობდა ჩემს დაცვას. ეს პატარა გოგონა შუაში ჩაგვიდგებოდა და ჩემი მოსახვედრი ხელი მასაც ბევრჯერ მოხვედრია. როცა განერვიულებული ვტიროდი, ბავშვი ჩამეხუტებოდა და მეფერებოდა; იმას ესეც აღიზიანებდა. ერთხელ სკამი მესროლა, მეორედ ფაიფურის დიდი ჩაის ჭიქა ჩამარტყა თავში მხოლოდ იმიტომ, რომ დავუძახე, - ოთახში შემოდი, საჭმელი გამზადებული მაქვს და გაცივდება-მეთქი. - მე ვიცი, როდის უნდა ვჭამოო! - და ჭიქა ისე მაგრად ჩამარტყა, რომ გონება დავკარგე. ძირს დავეცი ბავშვის თვალწინ და გონებადაკარგულის მოსულიერებაც მას არ უცდია. როცა გონზე მოვედი და თვალი გავახილე, ბავშვი თავთან იდგა, ტიროდა და მეფერებოდა. წარმოიდგინეთ, ეს ფაქტი ჩემებს არ გაუგიათ, იმის მიუხედავად, რომ ერთ სახლში ვცხოვრობდით. ვცდილობდი, ჩემს ძმას და დედას არ გაეგოთ. კიდევ მეგონა, გონს მოვიდოდა და გამოსწორდებოდა, მაგრამ ვხედავდი, რაც დრო გადიოდა, მასთან ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. ბოლოს შევკრიბე ჩემი და მისი ნათესაობა, ვთქვი, რომ მასთან ცხოვრება შეუძლებელი იყო და ვშორდებოდი. ეს მოულოდნელი იყო მისთვის. არ მოეწონა, ჩემები მხარში რომ ამომიდგნენ და ამის შემდეგ ყველანი შეიძულა. ჩვენი სახლიდან რომ წავიდა, სამი კვირის შემდეგ სატელეფონო მუქარები დაიწყო, ყველას ურეკავდა და იმუქრებოდა. ჩემებთან გადმოვედი საცხოვრებლად და ის ოთახი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, გავაქირავეთ. რაც დავშორდით, ბოლო ორი წელიწადი ბავშვი აღარ უნახავს. შვილის ნახვის მცდელობა არ ჰქონია, მხოლოდ მუქარის მიზნით რეკავდა. მეუბნებოდა, შენ გგონია, უჩემოდ ბედნიერი იქნები?O იცოდე, ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალებას არ მოგცემ; კარგად დაიმახსოვრე, მთელ ოჯახს ამოგიხოცავ, ბოლოს შენც მოგკლავ და ბავშვს უპატრონი ბავშვთა სახლში დავტოვებო. ეს ბევრჯერ უთქვამს.

- ადრეც ჰქონია თავდასხმის მცდელობა?

- წელიწად-ნახევრის წინ მასთან შესახვედრად, ბავშვთან ერთად კონიაკის დასახლებაში წავედი. მითხრა, შვილი მანახვეო. მამა იყო და უფლება არ მქონდა, შვილი არ მენახვებინა, არადა, თურმე ჩემი დასახიჩრება ჰქონდა განზრახული. ბავშვი მაშინ 3 წლის იყო. დილა იყო, ერთმანეთს რომ შევხვდით. ჯერ ბოდიში მომიხადა, მერე ხელები მომხვია, უეცრად ძირს დამაგდო, ისე, რომ დაყვირებაც ვერ მოვასწარი; ამ დროს ორი ცალი ჩხირი ამოაძრო და თვალებში ჩამარტყა. ჩემი დახმარება გამვლელმა მოხუცმა სცადა, მაგრამ - ამაოდ. ამჯერადაც ბავშვი შეეცადა ჩემს დაცვას და მას ხალხის თვალწინ პანჩური ამოარტყა. ამის შესახებ ავჭალის პოლიციაში განცხადება დავწერე და ფაქტზე რეაგირება მოვთხოვე. სახე საშინელ დღეში მქონდა. ტვინის შერყევით დიდხანს ვიწექი. მხედველობა გაორებული მქონდა და საკმაოდ დამიქვეითდა. დღემდე წამლებს ვიღებ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ჩივილის მიუხედავად, ის არავის დაუსჯია.

- რატომ არ დასაჯეს?

- იმიტომ, რომ პოლიციაში მფარველები ჰყავდა. სულ ამბობდა, - ისეთი ხალხი მყავს, მთელი თბილისის პოლიციებში რომ ირბინოთ, ფეხებს ვერ მომჭამენო; ხომ ხედავ - ჩივი, მაგრამ ფეხები ვინ მომჭამა? ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებო! ის ხელოსანია და მანქანის "მალიარკას" აკეთებდა, პოლიციელებს დამტვრეულ მანქანებს ურემონტებდა.A ამბობდა, მათ ვჭირდები და ხელს არავინ Gმახლებს, ეს კარგად დაიმახსოვრეთო. მართლაც ასე გრძელდებოდა. ჩემთვის თვალების დათხრის გამო რომ დაესაჯათ, ჩემს ოჯახში ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა და უდანაშაულო დედას არ შეიწირავდა. პოლიციელების კისერზეა დედაჩემის სისხლი. ისინი აქეთ, ჩემს ძმას ემუქრებოდნენ, - მას ხელი არ დააკარო, თორემ "გაგაფუჭებთ", ჯიბეში რაღაცას ჩაგიდებთო!.. რეალობა ეს არის. თან ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი. ერთ დღეს სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვედით მე და ჩემი რძალი. როგორც ჩანს, გვყარაულობდა და მანქანით წამოვიდა ჩვენკენ, რომ დაეჯახებინა; ძლივს გადავრჩით. ესეც ვაცნობეთ პოლიციას, იქ კი გვითხრეს, - თქვენს საჩივარზე რეაგირებას ვერ მოვახდენთ - რა ვიცით, ეს თქვენი მოგონილი რომ არ არისო. ასე დაგვცინოდნენ. უამრავი სარჩელი გვაქვს შეტანილი; არ ვიცი, საერთოდ ინახება თუ არა ისინი ავჭალის პოლიციაში.

- თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, პოლიცია დამცავ ორდერს გასცემს და პირს გარკვეულ რადიუსზე მიკარება კატეგორიულად ეკრძალება; ეს ორდერი არ მოგითხოვიათ?

- მითხრეს, - ამ ორდერს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს; ჩვენ განცხადებას დავაწერინებთ და არ შეგეხებათო. დააწერინეს, მაგრამ მუქარები ისევ გრძელდებოდა. ძალიან განადგურებულები ვართ, ამ ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვეთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინჩალაძე ოჯახის დანგრევას სიდედრს აბრალებდა და მასზე შური იმიტომ იძიაო.

- ტყუილია. პირიქით, დედაჩემი მას სულ ეფერებოდა. ჩემი ძმა ეტყოდა ხოლმე, - მე არ მომფერებიხარ ისე, როგორც მას ეფერებიო. შვილივით უვლიდა. უფრო მეტიც, ჩემი ოჯახი დაინგრა, მან თვალები დამთხარა, ასეთ დღეში ჩამაგდო, მაგრამ დედა მაინც ამბობდა, უბედური კაცია და მეცოდებაო. ამას ყველა დაგიდასტურებთ. მკვლელი სულ მემუქრებოდა, - ყველას დაგიხოცავ და მერე შენ მოგკლავო. უნდოდა, გამწარებული ვენახე. შეეძლო, პირველად ჩემთან შემოსულიყო და მე მოვეკალი, მაგრამ ესეც წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა: მე უნდა გავემწარებინე და ამიტომ, პირველად დედა მომიკლა. მოვითხოვ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ! ციხიდან ცოცხალი თუ გამოვა, ჩვენ გავუსწორდებით, ის უნდა მოკვდეს.

ბორტიშვილების მეზობლები მომხდარით შეძრულები არიან და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაული. მათი თქმით, დამნაშავეს ვარდების ორი თაიგულიც კი ჰქონდა მოტანილი, რომ დახოცილებისთვის გულზე ვარდები დაეყარა და განზრახვა ბოლომდე განეხორციელებინა. რაც შეეხება 42 წლის დავით ჩინჩალაძეს, ის ამჟამად პატიმრობაშია და უცნობია, რა ჩვენება მისცა ძალოვანებს. ეჭვგარეშეა - პოლიციას ადრე მომხდარ ფაქტებზე რეაგირება რომ მოეხდინა და დროულად დაესაჯა დამნაშავე, საქმე მკვლელობამდე არ მივიდოდა. ვნახოთ, თუ დაინტერესდება გენერალური ინსპექცია ამ საქმით, თუ დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებმაც თავიანთი მოვალეობა არ შეასრულეს, დამნაშავეს ხელი დააფარეს და ნათია ბორტიშვილის სხეულის დაზიანების ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს.

თეა ხურცილავა

"გზა", 2012 წელი