ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ სალომე გოგიაშვილს სახლი წაართვა? - გზაპრესი

ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ სალომე გოგიაშვილს სახლი წაართვა?

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს ბინის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ 2012 წელს ფირცხალავას მეუღლე დოდო ხვიტიამ სასამართლოში იჩივლა და სალომეს ოჯახის ბინიდან გასახლება ან 100 ათასი ლარი მოითხოვა.

- ჩემს ოჯახს თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აშენებული ისტორიული სახლი ჰქონდა. ოცი წლის წინ მამას ("ქართული ხმების" მომღერალი, აწ გარდაცვლილი დათო გოგიაშვილი - თ.ბ.) მშენებელმა გრიგოლ ხვიტიამ შესთავაზა ამ სახლის დანგრევა და მის ადგილას კორპუსის აშენება. მამას მეგობრებმა გადაწყვიტეს, ყველას ჩაედო თანხა და ამ კორპუსში შეეძინათ ბინები. გრიგოლ ხვიტიამ აიღო ფული და მხოლოდ შენობის საძირკველი გაჭრა. შედეგად ჩემი და მამას ოჯახი ქუჩაში დარჩა. 9 წლის შემდეგ მამამ იპოვა სხვა მშენებელი, რომელსაც თავისი პირობები ჰქონდა და ამიტომ უფრო პატარა ბინა მოგვცეს, მაგრამ ქუჩაში დარჩენას ამ პირობებზე დათანხმება ჯობდა. გრიგოლ ხვიტიამ კი აღებული თანხით ქუთაისში სკოლა იყიდა.

გრიგოლ ხვიტია ირაკლი ფირცხალავას სიმამრია. როგორც კი ირაკლი ფირცხალავამ პოლიციაში პოზიციები გაიმყარა, სასამართლოდან მოგვივიდა უწყება, რომელშიც ეწერა, ნინო ხვიტიამ განაცხადა, თქვენს კორპუსში ბინა ეკუთვნისო. აღსანიშნავია, რომ ხვიტიას ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა. დავიქირავეთ ადვოკატები, საქმე შეისწავლეს და გვითხრეს, რომ ხვიტიას ამ სასამართლო პროცესის კანონიერი გზით მოგების შანსი არ ჰქონდა... მაგრამ რადგან საქმის უკან იდგა ირაკლი ფირცხალავა, საქმე წავაგეთ. დაგვეკისრა ფირცხალავას ოჯახისთვის 100 000 ლარის გადახდა. როდესაც სასამართლოს გამოაქვს ასეთი განაჩენი, თამაშდება ე.წ. ლატარია და რომელი ბინაც ამოვა, უნდა გაიყიდოს აუქციონის წესით, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ირაკლი ფირცხალავას მეუღლე სააღსრულებო ბიუროს პირადად ჩემს გასახლებას სთხოვდა, ეს იმიტომ უნდოდა, რომ იცოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახების ახლობლობის შესახებ. ეტყობა, სურდა ბოლომდე გავემწარებინე. არადა, მამამისმა დამინგრია სახლი, მოატყუა ჩემი ოჯახი და კიდევ მე მართმევდნენ სახლს!..

- რატომ არ გაასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება?

- გვინდოდა გასაჩივრება, მაგრამ ერთმა ცნობილმა ადვოკატმა გვითხრა, ირაკლი ფირცხალავას ვეჯახებით და ამ საქმეს ვერ მოვიგებთო. მყავს ქმარი, შვილები, ამიტომ იმხანად ვერ დავუპირისპირდებოდი ადამიანს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ისე ინახავდა 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრებს, ნერვიც არ შეტოკებია. სხვათა შორის, ბუტა ჩემი კარის მეზობელი იყო...

- ირაკლი ფირცხალავასთან გქონდათ ამ საკითხზე ლაპარაკი?

- პირადად მას არ შევხვედრივარ, თუმცა როდესაც დავუკავშირდით, გვითხრა, ოჯახის საქმეებში არ ვერევი, ყველაფერს ჩემი მეუღლე წყვეტსო. მისმა მეუღლემ კი განმიცხადა, თუ ერთ კვირაში არ გადაიხდი ასი ათასს, გამოგასახლებ ბინიდან, არც შენ მაინტერესებ და არც შენი შვილებიო. ნინო ხვიტია ისტერიკებს მართავდა სააღსრულებო ბიუროშიც და ითხოვდა, სალომე გოგიაშვილი გაასახლეთ ამ ბინიდანო. როცა ვერაფერს გავხდი, მეზობლები ამომიდგნენ მხარში: ზოგმა მანქანა გაყიდა, ზოგმა სესხი აიღო და ეს თანხა ფირცხალავას ოჯახს გადავუხადეთ. თურმე წყნეთში აგარაკს იშენებდნენ და ფული სასწრაფოდ სჭირდებოდათ. დაყადაღებული იყო ყველა მობინადრის სახელფასო ბარათი, ჩემს ბინას კი ყადაღა მხოლოდ ერთი თვის წინ მოეხსნა... ახლაც შენახული მაქვს ექიმის ცნობები, იმხანად რა მდგომარეობაში ვიყავით მეც და დედაჩემიც. ერთ-ერთმა მეზობელმა გულის შეტევაც კი მიიღო ამის გამო, მაგრამ იმხანად სხვა გამოსავალი არ არსებობდა. მე ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, მალე შევიტან სარჩელს სასამართლოში, ირაკლი ფირცხალავას დავაბრუნებინებ ამ თანხას და მორალური ზიანის ანაზღაურებასაც მოვთხოვ!

კომენტარისთვის ირაკლი ფირცხალავას დავუკავშირდით:

- თუ ვინმემ სასამართლო წააგო, ეს ჩემი საქმე არ არის. სალომე გოგიაშვილი ცრუობს. ჩემმა სიმამრმა ამ ადგილზე ააშენა ოთხი სართული თავისი სახსრებით, მაგრამ მაშინ რუსული ფული გაფუჭდა. შემდეგ კი მას უკურნებელი სენი შეეყარა... ეს ყველამ იცის ქობულეთის ქუჩაზე. სალომე გოგიაშვილის ბებიამ წაიღო ძალიან დიდი ქონება, თუ საჭირო გახდება, ვიტყვი, რა და როგორ მოხდა. მათ ჩემს სიმამრს მოუგზავნეს ვიღაც ტიპები, რომლებმაც აიძულეს დაეტოვებინა ამხანაგობა.

- 20 წლის შემდეგ რატომ იჩივლა თქვენმა მეუღლემ?

- მანამდეც იჩივლა ჩემმა სიმამრმა სასამართლოში, მოიგო, მაგრამ მაშინ სასამართლოს და აღმასრულებელს "ძველი ბიჭები" მართავდნენ და არ მოხდა აღსრულება. ამაში "კანონიერი ქურდები" იყვნენ ჩარეული და ჩემს სიმამრს ეშინოდა.

- რატომ ითხოვდა თქვენი მეუღლე მაინცდამაინც სალომეს ბინას?

- სალომეს ბინას არა, იმას ითხოვდა კიდევ, სახლი გამირემონტეთ და ბავშვები მომინათლეთო... გიორგი ხუციშვილს დაუკავშირდით და ჰკითხეთ, რატომ მოვიდა ჩემთან, მე რა ვუთხარი...

ირაკლი ფირცხალავასთან საუბრის შემდეგ დაგვიკავშირდა მისი მეუღლე ნინო ხვიტია და გვირჩია, მის ადვოკატ შალვა ქურდაძეს დავკავშირებოდით.

შალვა ქურდაძე, ნინო ხვიტიას ადვოკატი:

- ბატონო შალვა, რის საფუძველზე მოითხოვა ნინო ხვიტიამ ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლში ფართობი?

- ნინო ხვიტია ამ საქმეში მხარე არ ყოფილა. სასამართლოში სარჩელი შეიტანა გრიგოლ ხვიტიას მეუღლე დოდო მარდალეიშვილმა, რომელსაც ამხანაგობაში გარკვეული თანხა ჰქონდა ჩადებული და სწორედ ამის საფუძველზე ითხოვდა კუთვნილ ფართობს. სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კორპუსის ამხანაგობის აღიარებული ვალდებულება, სწორედ ეს მორიგების აქტი დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამას ადასტურებს 3 არგუმენტი: 1. თუ მხარე ვინმეს ზემოქმედებით და უკანონო გზებით ცდილობდა გადაწყვეტილების მიღებას, უფრო იოლად შეძლებდა სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას პირველ ინსტანციაში, სადაც მოსამართლე ერთპიროვნულად იხილავს საქმეს. 2. ამხანაგობას აღიარებული ჰქონდა ვალდებულება მარდალეიშვილის მიმართ, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა არასწორად შეასრულა პირველი ინსტანციის სასამართლომ. 3. როდესაც მხარეს გააჩნია თავის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი, მისთვის სულერთია, ვინ იქნება წარმომადგენელი, მოცემულ შემთხვევაში, პირველ ინსტანციაში საქმის წაგების შემდეგ მარდალეიშვილმა დაიწყო კვალიფიციური ადვოკატის მოძებნა, რაც იმას ადასტურებს, რომ ის ცდილობდა სამართლებრივი გზებით მიეღწია წარმატებისათვის. საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ პროცესში ჩავერთე მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციომ და კასაციამ ჩემს ხელში გაიარა. ეს გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიღებული. დღემდე არ ვიცი, რა თანამდებობაზე იყო ირაკლი ფირცხალავა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის სასამართლოს დასრულების შემდეგ გავიცანი. ჩემთვის მთავარი პროცესის კვალიფიციურად წარმართვა იყო.

"პალიტრამედია", გაზეთი "ყველა სიახლე", 2013 წელი