ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმარ აბიტურიენტებთან - გზაპრესი

ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმარ აბიტურიენტებთან

მისასალმებელია, რომ პატიმრობის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და გამოცდებისთვის მზადება ციხის კედლებში დაიწყეს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ სტუდენტობის მსურველ ყველა პატიმარს ამის სრული შესაძლებლობა მისცა. ისინი საჭირო წიგნებით უზრუნველყვეს და პედაგოგებიც ჰყავდათ. პატიმრებს დისკომფორტი რომ არ შეჰქმნოდათ, გამოცდებზე ხელბორკილების გარეშე გაიყვანეს, ბუნებრივია, ბადრაგის თანხლებით.

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში 62 მსჯავრდადებული იხდის სასჯელს, სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად - ქურდობისთვის, თუმცა, იქ შეხვდებით ყაჩაღობისა და სამწუხაროდ, მკვლელობისთვის გასამართლებულებს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფუნქციონირებს 123-ე საჯარო სკოლა და ყველა მსურველს იმ სკოლის დამთავრების, ატესტატის აღებისა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების საშუალება აქვს. აბიტურიენტი თუ ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს, კანონით, მას 5 წლის მანძილზე შეუძლია აიღოს აკადემიური. პატიმარ აბიტურიენტებსაც ციხიდან გასვლის შემდეგ სწავლის ჩვეულებრივად გაგრძელება შეეძლებათ, მაგრამ იმედია, დიდხანს ლოდინი არ დასჭირდებათ და საქართველოს პრეზიდენტი ან ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მისცემს მათ შანსს, ცხოვრების ახალ საფეხურზე ავიდნენ და ციხის ნაცვლად, უნივერსიტეტებში იარონ.

გიგა გიორგაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე:

- საჭირო ლიტერატურის შეფერხება არ ყოფილა. განათლების სამინისტრო გვეხმარება და ზოგადად, ლიტერატურის განახლება და გამდიდრება ხდება ბიბლიოთეკებში. თუ ვინმეს სწავლის სურვილი აქვს, ამის საშუალება არის ციხეში. მისასალმებელია, რომ ინტერესი აქვთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ ასეთ პატიმრებს. მინდა, თითოეულს წარმატება ვუსურვო. 12 მსჯავრდადებული მონაწილეობდა ეროვნულ გამოცდებში. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, აქედან ორმა არ ჩააბარა მისაღები გამოცდები. ორივე წელს არის გასამართლებული. ვფიქრობ, ისინი დაიმსახურებენ დაწესებულებიდან დროზე ადრე გასვლას. როცა ადამიანი უმაღლესში ჩაბარებას ცდილობს, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ გამოსწორების გზას ადგას. წლების მანძილზე არასრულწლოვნებთან მუშაობის არასწორი პრაქტიკა არსებობდა. ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა მათზე. სურდათ გაეხსნათ სხვა დანაშაულები და დათრგუნვის, ძალადობის ფაქტი მრავლად იყო. ჩვენი განსხვავებული მიდგომა იმითაც ჩანს, რომ არასრულწლოვანთა დაწესებულებას გადაერქვა სახელი და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება დაერქვა. კანონმდებლობით განვსაზღვრეთ, რომ საგუშაგოებზე მყოფ ბადრაგებს არ ჰქონდეთ იარაღი. საერთაშორისო სტანდარტი ასეთია. რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ვართ ორიენტირებულები და ვფიქრობთ, ეს შედეგს გამოიღებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს დახმარებით, ავჭალის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შესვლა შევძელი. ჩემ წინ რამდენიმე რკინის კარი გაიღო და გისოსებს მიღმა აღმოვჩნდი... იქ, სადაც არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს.

ამ დაწესებულებაში წლების წინ ბევრჯერ ვყოფილვარ, ბევრი არასრულწლოვნის გულისტკივილი მომისმენია, მაგრამ იქაური გარემო საერთოდ შეცვლილი დამხვდა. თვალში საცემია სისუფთავე. კეთილმოწყობილია საკნები. თითო საკანში რამდენიმე არასრულწლოვანი ერთად იხდის სასჯელს. ცალკე დგას სკოლა, ეზოში გამოყოფილია დასასვენებელი ადგილი, ფეხბურთის სტადიონი, არის ბიბლიოთეკა... თითოეულ კლასს თავისი საკლასო ოთახი აქვს და პედაგოგები როგორც ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, ისე ატარებენ იქ გაკვეთილებს. არის მაღაზია და პროდუქტის ყიდვა პატიმრებს ბარათით შეუძლიათ. ოჯახის წევრები თანხის ჩარიცხვაში შეზღუდულები არ არიან, თუმცა, როგორც შევიტყვე, უმრავლეს შემთხვევაში, 30 ლარამდე თანხას ურიცხავენ თითოეულს. GzaPressბევრი მათგანი ეზოში იყო სასეირნოდ გამოსული, ღიმილით მესალმებოდნენ. ადმინისტრაციის თანამშრომელი იმ საკლასო ოთახისკენ გამიძღვა, სადაც წელს მეთორმეტეკლასელები სწავლობდნენ. სულ ოთხმა მსჯავრდადებულმა დაამთავრა სკოლა და ატესტატი აიღო, აქედან მხოლოდ ორმა ჩააბარა ეროვნული გამოცდები. ორმა უარი იმ მოტივით თქვა, რომ მათ მაღალი სასჯელი აქვთ და გათავისუფლების იმედი არ აქვთ. წელს ყველაზე მეტი მოსწავლე XI კლასში იქნება - 12. ყველა მსჯავრდადებულს არ აქვს სწავლის სურვილი. მაღალ კლასებში სწავლა ნებაყოფლობითია, დაბალ კლასებში მყოფებს პედაგოგები და სოცმუშაკები ურჩევენ, 9 კლასის განათლება მიიღონ.

გამოცდაჩაბარებულ ბიჭებს თავიანთ საკლასო ოთახში შევხვდი. ერთი საათის მოსული იყო დაწესებულებაში ერთ-ერთი მათგანი ტექნიკური უნივერსიტეტიდან. იმ დღეს მან ბოლო გამოცდა ჩააბარა. ორივე ფიქრობს, რომ მათი სურვილი ახდება და სტუდენტები გახდებიან. შეგნებულად არ ვასახელებ ვინაობას, ამიტომ შეცვლილი სახელებით შემოგთავაზებთ მათთან ინტერვიუებს.

გიორგი უკვე 18 წლის არის. მეგობრებთან ერთად ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და ორწელიწად-ნახევარი აქვს მისჯილი. მასთან ერთად სასჯელს მისი მეგობრებიც იხდიან. კერძო სკოლაში დადიოდა და რეპეტიტორთანაც აქტიურად ემზადებოდა მისაღები გამოცდებისთვის, როცა დააპატიმრეს. ამბობს, რომ ეროვნულ გამოცდებზე უკვე დარეგისტრირებული იყო და სწავლა დაწესებულების სკოლაში გააგრძელა. სამი თვეა, აქ არის.

გიორგი:

- სტუდენტობისთვის ვემზადებოდი და უცებ აქ აღმოვჩნდი. XII კლასის მეორე სემესტრი იყო დაწყებული. ჩავაბარე საატესტატო გამოცდები. პირველ დღეს გამოცდებზე სხვადასხვა დაწესებულებიდან 9 პატიმარი წაგვიყვანეს ეტაპით. ყველანი ერთ ოთახში ვისხედით, სხვა აბიტურიენტები კი სხვა სართულებზე იყვნენ. გული მწყდებოდა, რომ ბადრაგის თანხლებით შევდიოდი გამოცდაზე. ყველა გამოცდაზე გასვლის წინ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გარეთ სამუდამოდ გავდიოდი, მაგრამ გამოცდების დასრულების შემდეგ, როცა ისევ ვჯდებოდი ეტაპის მანქანაში, ეს შეგრძნება ქრებოდა. პირველად ქართულის გამოცდაზე გამიყვანეს. ყველა გულშემატკივრობს თავის ახლობელს. ჩვენც გავიარეთ ის ადგილი, სადაც ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ. ჩვენი ახლობლებიც ბევრნი იყვნენ, მაგრამ გასაუბრების საშუალება არ მოგვცეს. შორიდან გვამხნევებდნენ. ეს რთული იყო, მაგრამ როცა ოთახში შემიყვანეს, ამ ემოციებს არ უმოქმედია ჩემზე. ეზოში ისინიც კი ვნახე, ვინც აქ, ჩემს სანახავად ვერ შემოდის. ჩემი მეგობრები, ნათესავები. ემოციურად მძიმე იყო, მაგრამ აქედან რომ მივდიოდი, შეგუებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა. ჩვენ არ გვქონია იმის შესაძლებლობა, გამოცდიდან გამოსულებს ჩვენი ნაშრომის შესახებ ახლობლებთან აზრი გამოგვეხატა. სამაგიეროდ აქ, ციხეში გვხვდებოდნენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ და ყველაფერს მეკითხებოდნენ.

- დისკომფორტს არ გიქმნიდათ, გულშემატკივრები გარეთ რომ გელოდნენ?

- არა, პირიქით, უფრო ხალისი მომცა, თუმცა, გული დამწყდა, რომ ასე მიწევდა იქ გავლა. გვერდით ბადრაგები მოგვყვებოდნენ. ხელბორკილები არ გვეკეთა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ პატიმრები ვიყავით. ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად დავწერე და იმედი მაქვს, შედეგიც კარგი იქნება. ახლა მოლოდინში ვარ. აქ ყველანაირი პირობები მქონდა სწავლისთვის, მაგრამ გარეთ რომ ვყოფილიყავი, სულ სხვანაირად იქნებოდა საქმე. თუმცა, არც იმას ფიქრობ, გარეთ ყოფნის შემთხვევაში უფრო მეტ შედეგს მივიღებდი. წიგნების კითხვა მიყვარს. თანამედროვე მწერლები უფრო მაინტერესებს. ჩემი ძმაკაცებიც იხდიან აქ სასჯელს. ისინი მაშინ ჩემთან ერთად დააკავეს, მათ ასაკი არ ჰქონდათ გამოცდაზე გასვლის და მე მამხნევებდნენ. ძალიან მინდა, გამოვცადო სტუდენტობა. სამი ძმა ვართ. მშობლები არაფერს გვაკლებდნენ, მაგრამ მოხდა, რაც მოხდა და ახლა ვერაფერს შევცვლი. ერთ შეცდომას ყველა უშვებს. გარეთ რომ ვიყავი, ფოტოებს ვიღებდი, ძალიან მომწონს ეს საქმე. ვმუშაობდი ერთ ბარში, თვითონ შემომთავაზეს და უარი არ მითქვამს. ჩემი ფულიც მქონდა და გამოცდილებასაც ვიძენდი, მაგრამ ბედისწერამ აქ მომიყვანა. პატარა ჩავარდნად შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღეს აქ ვარ. ჩემებს ძალიან გაუჭირდათ ამასთან შეგუება, ვერც სამეზობლოში და ვერც სანათესავოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ციხეში მოვხვდებოდი, მაგრამ ასე მოხდა.

- რა შეგრძნება გქონდა, როცა პირველად დაგადეს ხელებზე ბორკილები?

- ყველაზე მეტად ჩემებზე ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა ამას ჩემი ოჯახი. რაც მოხდა, დასანანია. დილით ადრე გვაღვიძებენ დათვალიერების გამო, მერე, 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე საკნის კარი ღიაა და შეგიძლია, თავისუფლად იმოძრაო. შეგიძლია, ტაძარში ილოცო. არის სპორტდარბაზი, სადაც შეგიძლია, ივარჯიშო. არის მოედანი. ბიჭები ერთმანეთს ვესაუბრებით. კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან, ერთად ვცხოვრობთ,Yერთად ვიზრდებით, ისე, როგორც ერთ ოჯახში. ტელევიზორი ყველა საკანში გვაქვს. მოძღვარიც მოდის. პირველი აღსარება აქ ჩავაბარე. უკვე სრულწლოვანი გავხდი და შეიძლება, დიდებში გადამიყვანონ. იქ ჩემი ერთი მეგობარი მარტოა და ამ მიზეზით მინდა გადასვლა. თუ გამოცდები ჩავაბარე, არ ვიცი, ამის მერე გამიშვებენ თუ არა. ერთი ვიცი, არ მექნება ისეთი დახასიათება, რომ აქედან გასვლის პრობლემა შემიქმნას. კარგი იქნება, თუ გამიშვებენ. ეს შანსი თუ მექნება, გამოვიყენებ და წარმატებული სტუდენტი ვიქნები. საერთოდ, შანსი ყოველთვის უნდა გამოიყენო ადამიანმა. ბოლო გამოცდიდან რომ მოვდიოდი, ეზოს მხრიდან გამომიყვანეს და იქ ისევ ვნახე ყველა გულშემატკივარი. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, შეიძლება ვერ ვენახე, მაინც მოდიოდნენ, იდგნენ იქ საათობით და მელოდებოდნენ. აქედან ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, მათ ყველაფერი გამიკეთეს... როცა ისინი პაემანზე მოდიან, მათთან დაშორება ყოველთვის ძნელია. გარეთ მომხდარ ამბებს რომ გიყვებიან, სურვილი გიჩნდება, შენც მათთან იყო. იქნებ შანსი მომეცეს და დავტოვო აქაურობა.

წარმატებები ვუსურვე მას და საუბარი მეორე აბიტურიენტთან განვაგრძე. დათო ქურდობისთვის იხდის სასჯელს. მას 9-თვიანი პატიმრობა და სამი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. 3 თვეა, ავჭალაშია. განიცდის გისოსებს მიღმა მოხვედრას. ახლა გამოცდების შედეგების მოლოდინშია.

დათო:

- სახლში შევდიოდი, როცა დამაკავეს. მომხდარიდან ორ კვირაზე მეტი იყო გასული. ხელბორკილები რომ დამადეს, მივხვდი, თავისუფლებას ვეღარ ვეღირსებოდი და ძალიან გავბრაზდი მაშინ ჩემს თავზე. როცა ციხეში შემოვედი, ძალიან ცუდი შეგრძნება იყო. თავიდან მარტო ვიყავი საკანში და ეს დღე ძალიან მძიმე იყო. ტირილით არ მიტირია, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი, პირველ რიგში, ოჯახის გამო. და და ორი ძმა მყავს, მშობლები. განვიცდიდი, რომ ოჯახი ასეთ დღეში ჩავაგდე. მშობლებთან ჩემი პირველი შეხვედრა მძიმე იყო. დარცხვენილი ვიდექი მათ წინ, მაგრამ პირიქით, გამამხნევეს და ამან ძალა მომცა. ჩემი სასამართლო პროცესებიც არ გაგრძელებულა დიდხანს. პირველივე სასამართლოზე ვაღიარე დანაშაული და იმავე დღეს გამასამართლეს. ჯერ გლდანში წამიყვანეს და მერე აქ, ავჭალაში გადმომიყვანეს. აქ ნორმალური პირობებია. გარეთ გადიხარ, სტადიონზე ვარჯიშობ. თავისუფლებაში ყოფნის დროს ფეხბურთის გუნდში დავდიოდი, ვვარჯიშობდი. ახლაც ვაგრძელებ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას. სკოლის მოსწავლე ვიყავი, 4 საგანში ვემზადებოდი რეპეტიტორებთან, 4 საატესტატო გამოცდაც ჩაბარებული მქონდა, როცა დამაკავეს. დანარჩენი საგნები აქ ჩავაბარე და ატესტატი ავიღე. დავუშვი შეცდომა და აქ მოვხვდი. დანაშაული რომ ჩავიდინე, ამას განვიცდი. ავჭალაში რომ შემომიყვანეს, 2 კვირაში ეროვნული გამოცდები დაიწყო და ჩავაბარე. იმედია, კარგი შედეგი მექნება. დღეს მქონდა ბოლო გამოცდა ბიოლოგიაში და სულ ერთი საათია, რაც იქიდან დავბრუნდი. ძალიან კარგად მექცევიან აქ.

- რა პროფესიას გინდა დაეუფლო?

- ექიმობაზე ვოცნებობდი და ვფიქრობ, ჩავირიცხები... აქ ხშირად შევდივარ ტაძარში და ვინანიებ მომხდარს. გარეთაც მყავდა მოძღვარი. მოდიან სასულიერო პირები და მათთან საუბრის საშუალებაც გვაქვს. ჩემს საკანში 6-ნი ვართ და ბევრს ვსაუბრობთ. თითქმის ყველა ნანობს აქ მოხვედრას. აქ არიან ახალი ბრალდებით უკან მობრუნებულები, ისინიც ნანობენ. ერთი შეცდომა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ვიცი, ამას აღარ გავიმეორებ. დიდი სანათესავო მყავს და ყველა განიცდის, აქ რომ ვარ.

- ემოციურად ალბათ მძიმე იყო, როცა გულშემატკივრები ნახე გამოცდებზე?

- ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მიწევდა გამოცდების ჩაბარება და მძიმე იყო პირველი დღე. ჯებირთან იდგნენ ჩემები და მელოდებოდნენ. მამხნევებდნენ. ცუდი იყო, ბადრაგის თანხლებით რომ გავიარე მათ წინ. მიდიხარ და გული გწყდება, რომ ვერ ეხები მათ. ჩემი ახლობლები, ძმაკაცები, შეყვარებულიც დადიოდა საგულშემატკივროდ.

- გაგიბრაზდათ შეყვარებული, დანაშაულის გამო?

- ძალიან "უტყდება", რომ დამაკავეს. თავიდან გაბრაზებული იყო, მაგრამ ამის გამო არ დავშორებივართ ერთმანეთს. მამხნევებს. ციხემ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, ვაფასებ იმ გარემოს, სადაც ადრე ვიყავი და რასაც ვაკეთებდი. თავისუუფლება სულ სხვაა. ჩემი ოჯახის შრომასაც და მხარდაჭერასაც ვაფასებ. ძნელია მათთან დაშორება, მაგრამ შევეგუე. "უდოს" კომისიამ თუ გამიშვა, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება. თუ მომცემენ შანსს, ამას გამოვიყენებ და შევუდგები სწავლას. დანაშაულს არასოდეს ჩავიდენ. მენატრება ჩემი სახლი, ოჯახის წევრები.

P.S. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. იმედია, სტუდენტები გახდებიან, დაივიწყებენ ამ კედლებს და ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი მიეცემათ. ეს ერთგავარი სტიმული იქნება სხვებისთვისაც და გაისად ისინიც მოინდომებენ სტუდენტობას.

ბიჭებს დავემშვიდობე... ეზოში გამოსული, ბევრმა არასრულწლოვანმა სევდიანი თვალებით გამომაცილა. ყველა მათგანს ვუსურვებ გათავისუფლებას და ძალიან მინდა, არც ერთი ბავშვი აღარ მოხვდეს გისოსებს მიღმა. თეა ხურცილავა, ჟურნალი "გზა"