"მეორედ თუ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას, ხელისუფლება მომკლავს"
font-large font-small
"მეორედ თუ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას, ხელისუფლება მომკლავს"
"ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკო ლომინაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანი ახალი ვერდიქტის მოლოდინშია.
მისი საქმე სასამართლოში ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო, თავიდან განიხილება.

შეგახსენებთ, 2002 წლის 13 აგვისტოს, საკუთარ ბინაში მოკლეს ნიკო ლომინაძე. გამოძიების მტკიცებით, მკვლელობა ლომინაძის საქმიანობას უკავშირდებოდა. ბრალდებული, "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი, გია გვიჩიანი წლებია, იბრძვის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. იგი 2006 წლის 7 მარტიდან იხდის სასჯელს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ ნიკო ლომინაძის მკვლელობა გაუხსნელად გამოაცხადა. პროკურატურის მტკიცებით, აშშ-ის ფედერალური ბიუროდან შემოსული დასკვნა საქმეში არ იდო, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა თითის ანაბეჭდსა და სიგარეტის ნამწვზე, მკვლელობის შემსრულებლების დნმ-ის არსებობა. საქმეს ასევე არ დაერთო 2006 წლის 8 თებერვლით დათარიღებული დასკვნა, ლაბორატორიაში წარდგენილ მასალაზე, თმისა და ბოჭკოების არარსებობისა და კვლევის ჩატარების შესახებ. ამ დასკვნების გამოკვლევის გარეშე, 2006 წლის 15 აგვისტოს, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ისე გამოიტანეს, რომ საქმეში ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდაო, - ამბობდა პროკურატურა არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს და პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების მუხლითაც დაიწყო.

ნიკო ლომინაძის ოჯახისთვის პროკურატურის განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო. ისინი დღემდე დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა და ამ საქმეზე გასამართლებული სხვა ბრალდებულები შეკვეთის შემსრულებლები არიან. ოჯახმა ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.

ახლა პროკურატურამ პოზიცია ისევ შეცვალა და გია გვიჩიანს ის დამნაშავედ აცხადებს. თავად ბრალდებული კი აღნიშნული მტკიცებულებების დამალვაში მთავარი პროკურორის ახლანდელ მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს ადანაშაულებს. სწორედ ის მონაწილეობდა სასამართლო პროცესებში, როცა გვიჩიანსა და ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
ციხიდან დაგვიკავშირდა გია გვიჩიანი და საქმის ირგვლივ არსებულ დარღვევებზე გვესაუბრა.

გია გვიჩიანი:
GzaPress- მგონი, უკვე მეორედ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას და ამას არ შევეგუები. ყველაფერი ასე დაიწყო: 2005 წლის 10 ნოემბერს, სოდ-ის თანამშრომლებმა კრიმინალი ნოდარ გვიჩიანი დიდი ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვის დროს დააკავეს, 250 აბი სუბუტექსი აღმოუჩინეს. ეს მისთვის მე-7 ნასამართლობა იყო, სამუდამო პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა, ციხიდან 2 თვის გამოსული, უკან შებრუნდა. იმ პერიოდში სააკაშვილის ხელისუფლებას საპროცესო გარიგების წახალისების პოლიტიკა ჰქონდა. ეტყობა, ნოდარ გვიჩიანს საინფორმაციო საშუალებებით ნანახი ჰქონდა, 2003 წელს 3 დღით უკანონოდ რომ დამაკავეს. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკო ლომინაძის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილი იყო ფინანსურ საქმეზე ცალკე წარმოება და ამ საქმის გამო დამაკავეს. ნოდარ გვიჩიანმა ციხიდან თავის დასაღწევად საპროცესო შეთანხმება ითხოვა, იცრუა, თითქოს ჩვენ ბიძაშვილები ვიყავით. 2005 წლის 5 დეკემბერს ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას, თითქოს ჩემს სამუშაო კაბინეტში ვთხოვე დახმარება ლომინაძის ლიკვიდაციაში. ამის შემდეგ თითქოს დაუკავშირდა ნაცნობ ნიკა ჩემიას, რომელმაც 20.000 დოლარი მოითხოვა მკვლელობისთვის. შემდეგ თითქოს ჩემია უკან დასდევდა ლომინაძეს და მკვლელობას ამზადებდა. 2 კვირაში თითქოს ნოდარ გვიჩიანი 5-6 ჯერ შეხვდა ჩემიას და ეცნობოდა საქმის დეტალებს. 13 აგვისტოს ნიკა ჩემიამ მეგობრები - პაპაჩაშვილი და ხერკილაძე დაიხმარა. კართან დახვდნენ ნიკო ლომინაძეს, იარაღის მუქარით უკან შეაბრუნეს და მოკლეს. გამოძიებამ ეს ჩვენება არც კი გადაამოწმა, ისე გაუშვა ციხიდან ნოდარ გვიჩიანი. ჩემი დაკავების შემდეგ დაიწყეს ნოდარ გვიჩიანის ჩვენების გადამოწმება.

- რა გაირკვა?
- აღმოჩნდა, რომ ნიკა ჩემია სინამდვილეში კილერი კი არ იყო, მანქანები ჩამოჰყავდა გერმანიიდან და თვეში ორჯერ ასწრებდა გერმანიაში წასვლას. წესით, იმ 2 კვირის განმავლობაში ნიკა ჩემია, ნიკო ლომინაძე და ნოდარ გვიჩიანი თბილისში უნდა ყოფილიყვნენ. გაირკვა, რომ გვიჩიანის მიერ მითითებულ დღეებში ჩემია გერმანიაში იყო და მხოლოდ 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში. 10 და 11 აგვისტოს ნიკო ლომინაძე გურიაში გახლდათ, მხოლოდ 12 აგვისტოს იყვნენ ჩემია და ლომინაძე ერთდროულად თბილისში. მათი მობილური ტელეფონების ანალიზით, ანძების მიხედვით დადგენილია, იმ დღესაც არანაირი გადაკვეთა და შეხება არ ჰქონიათ ერთმანეთთან. ასევე დადგენილია, თავად ნოდარ გვიჩიანი, 24 ივლისიდან 24 აგვისტომდე ბათუმში იყო და არც ნიკა ჩემიას შეხვედრია. შესაბამისად, ვერც მათი 5 შეხვედრა შედგებოდა აგვისტოში. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ნოდარ გვიჩიანის ჩვენება შეთხზულია. რა ექნა გამოძიებას, ჩიხში შესული, გაურიგდა კიდევ ერთ ბრალდებულს, ხერკილაძეს. მას ათქმევინა, ნიკა ჩემიამ ამ მკვლელობის ორგანიზებას ორი კვირა კი არა, თვე, თვე-ნახევარი მოანდომაო, მაგრამ გაირკვა, რომ 27 ივნისს ნიკა ლომინაძე საზღვარგარეთ წავიდა და თბილისში 22 ივლისს დაბრუნდა. ნიკა ჩემია კი 23 ივლისს გერმანიაში გაემგზავრა. ესეც რომ არ დაემთხვა, ხერკილაძემ კვლავ სცადა, შეკვეთის თარიღის უკან გადატანა, ივნისში, მაგრამ არც ეს გამოადგათ. აღმოჩნდა, ნოდარ გვიჩიანი მითითებულ დროს ციხეში იყო და ის ციხიდან 3 ივლისს გამოვიდა. თეორიულად, შეკვეთის მიცემა და ორგანიზება შეიძლებოდა 3 ივლისიდან 13 აგვისტომდე მომხდარიყო. ნიკა ჩემია და ნიკო ლომინაძე ერთდროულად თბილისში მხოლოდ ერთ დღეს, 12 აგვისტოს იყვნენ. წარმოუდგენელია ამხელა მკვლელობის მომზადება ერთ დღეში. პროკურატურამ და სასამართლომ საერთოდ გვერდი აუარა ამ მნიშვნელოვან საკითხს და ისე გაგვასამართლეს, არც კი განუხილავთ ეს. გარდა ამისა, ჩემიას აქვს უტყუარი ალიბი, მობილურის ანძით დადგენილია, რომ 13 აგვისტოს ლომინაძის მკვლელობის დილას, 8 საათსა და 20 წუთზე, იგი მატარებლით წავიდა ბათუმში, იქიდან გადაკვეთა სარფის საზღვარი და გერმანიაში გაემგზავრა მორიგი მანქანის ჩამოსაყვანად. ნოდარ გვიჩიანს გამოძიებამ 9-ჯერ შეაცვლევინა ჩვენება და ძალიან ბევრი არსებითი წინააღმდეგობაა. ასევე განსხვავებებია ხერკილაძისა და პაპაჩაშვილის ჩვენებებში. პირველ 3 ჩვენებაში ნოდარ გვიჩიანი ამბობს, რომ ნიკა ჩემია მუდმივად უკავშირდებოდა მას ტელეფონით, ნომერსაც უთითებს, მაგრამ გაირკვა, რომ მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ. პროკურატურამ ეს ჩვენება შეაცვლევინა ნოდარ გვიჩიანს და ათქმევინა, შეთანხმებული ვიყავით, ერთმანეთის ტელეფონზე არ დაგვერეკაო. გვიჩიანი ამბობდა, მკვლელობის ფაქტი ტელევიზიით თბილისში, სახლში ყოფნის დროს გავიგე, მივხვდი, ჩემმა მეგობრებმა შეასრულეს შეკვეთა. ტელეფონით მათ რომ ვერ დავუკავშირდი, პაპაჩაშვილის სახლთან, ბახტრიონზე მივედი, ქუჩიდან დავუძახე, მისმა ცოლმა გადმოიხედა და მითხრა, რომ გია პაპაჩაშვილი სახლში არ იყო. მერე გავიგე, მკვლელობის დღეს სამივემ ქალაქი დატოვაო.

- აქ რა არის შეუსაბამო?
- გამოძიებით დადგინდა, რომ ნოდარ გვიჩიანი ბათუმში იმყოფებოდა იმ პერიოდში, ამიტომ სასწრაფოდ შეაცვლევინეს ჩვენება. მერვე ჩვენებაში დააწერინეს, მკვლელობის შესახებ ბათუმში გავიგე, ტელევიზიითო. ესეც შეცვალა სასამართლოში და თქვა, რომ მკვლელობის ფაქტი ჩემიამ ტელეფონით შემატყობინაო. ასეთი დეტალები საქმეში ათასამდეა, ასეთი აბსურდული ჩვენების საფუძველზე მაქვს სამუდამო პატიმრობა მისჯილი. დღევანდელი პროკურატურაც იმავეს აკეთებს. მას შემდეგ, რაც ჩემი საქმის გამომძიებელი, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, პროკურატურამ პოზიცია ისევ შეცვალა და ახლა უკვე მეორედ აპირებენ ჩემთვის სამუდამო პატიმრობის მოსჯას.

- ბატონო გია, ნიკო ლომინაძის ოჯახთან არაერთხელ მქონია შეხვედრა. მათი პოზიცია უცვლელია, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თქვენ ხართ დამნაშავე. როგორ ფიქრობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალური დამნაშავის გამოვლენას არ მოითხოვდნენ?

- მათ საქმე არ შეუსწავლიათ, პროკურატურამ თავიდანვე შეცდომაში შეიყვანა ისინი და დააჯერა ეს ვერსია. უფრო მეტიც, მათ ცრუ ჩვენება მიაცემინეს ჩემს წინააღმდეგ, თითქოს ნიკო სახლში ამბობდა, რომ გია გვიჩიანთან ჰქონდა პრობლემები.Aამ სიცრუემ ჩემი და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა გამოიწვია, სასამართლოს მიმდინარეობისას მამაჩემს გული გაუსკდა და ინფაქტით გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ლომინაძეები დღეს მძევლები არიან თავიანთი ჩვენების. მე მივმართე კიდეც საჯაროდ, მოკლულის მამას, დაესახელებინა ის გარემოება, რის გამოც სჯერა, რომ დანაშაული ჩემი ჩადენილია. ასეთად მან ნუგზარ გვიჩიანის ჩვენება დაასახელა.

- როგორი ურთიერთობა იყო თქვენსა და ლომინაძეს შორის?
- ინტენსიური ურთიერთობა არ გვქონია. მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, 10.000 დოლარი პრემია გამომიწერა, ხელს აწერს ნიკო ლომინაძე. ესეც ადასტურებს, რომ ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობა იყო. თუ ჩემს წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა ლომინაძე, მაშინ ამხელა პრემიას გამომიწერდა? სად არის აქ ლოგიკა?

- თქვენი აზრით, მაშინ ვის უნდა მოეკლა ლომინაძე?
- ამაზე პასუხი არ მაქვს. შემთხვევის ადგილიდან თითის ანაბეჭდი არის აღებული, მას მერე 10 წელი გავიდა და ყველა დაკავებული დამნაშავის ანაბეჭდს ადარებენ, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ვერ გაირკვა, ვისი ანაბეჭდია.

- რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ნოდარ გვიჩიანს თქვენი, რომ ამხელა დანაშაული დაებრალებინა?
- ნოდარ გვიჩიანმა თავი გადაირჩინა. კრიმინალებს ჰქონიათ გადაწყვეტილი მისი მოკვლა, ციხიდან გამოსვლამდე უცდიათ კიდეც, 2 თვეში უკან შეაბრუნეს. იცოდა, მოკლავდნენ და გამოიყენა მოსმენილი ინფორმაცია, შეთხზა ტყუილი და ასე გამოძვრა. ჩვენ ამ ოჯახთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. 1992 წელს, ნოდარ გვიჩიანის უფროსი ძმა ურთიერთსროლისას მოკლეს. მაშინ ეს დააბრალეს ჩემი ბიძაშვილის ქმარს, ის დააკავეს, მაგრამ 2 კვირაში გამოვიდა... ჩვენი მამები წარმოშობით ერთი სოფლიდან არიან, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ გვქონია.

- ციხეში გარდაიცვალა მისი ძმა, ნუგზარ გვიჩიანი, რომელიც ასევე თქვენ გამხელდათ და ამბობდა, რომ თავდასხმის ინსცენირება შეუკვეთეთ. ის მაინც რატომ დაგიპირისპირდათ?

- ეს ცალკე ამბავია. როცა დამაპატიმრეს, სოდ-ის გამომძიებელები შემხვდნენ და მათ ვუთხარი, - ეტყობა, რაღაც გეშლებათ, არანაირი ურთიერთობა ნოდარ გვიჩიანთან არ მაქვს, უფრო მეტიც, ვეჭვობ, ის თავს დამესხა-მეთქი. ამ ფაქტამდე 8 თვით ადრე, ჩემზე თავდასხმა და ჩემი გატაცება ვიღაცებმა თელასის წინ სცადეს. მანქანაში ჩავჯექი და სროლა ამიტეხეს. 6 ტყვია დამიშინეს. ეჭვი მქონდა, რომ ძმები, ნოდარ და ნუგზარ გვიჩიანები იყვნენ ამაში გარეული. რამდენიმე თვით ადრე, ნუგზარ გვიჩიანი ტელეფონზე მირეკავდა, კონტაქტზე გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ არ ვპასუხობდი. ეს რომ ვთქვი სოდ-ში, იმავე ღამით, "კურიერში" ნანუკა ჟორჟოლიანი გამოვიდა და თქვა, ამ დანაშაულამდე გია გვიჩიანმა ნოდარ გვიჩიანს თავის თავზე თავდასხმის ინცენირება შეუკვეთა და ამაში 5.000 დოლარი გადაუხადაო. ეტყობა, სოდ-ში გადაწყვიტეს, როგორმე გაენეიტრალებინათ ეს ამბავი და ნანუკა ჟორჟოლიანს თავიანთი ვერსია გაახმოვანებინეს. ამის შემდეგ გამოძიება იძულებული იყო, მისულიყო ნოდარ გვიჩიანთან, რომ ეთქვა ასეთი რამ. იმ პერიოდში ნოდარი ციხეში იჯდა, ამიტომ აქცენტი გადაიტანეს მის ძმაზე, ნუგზარზე. მან მისცა ასეთი ჩვენება, თითქოს 5.000 დოლარი და იარაღი მივეცი და მანMმესროლა. გამოდის, გიჟი ვყოფილვარ... ამის სანაცვლოდ, ნუგზარს თავისუფლება უნდა მიეღო. მას 27 წელი ჰქონდა მისჯილი. ეტყობა მიხვდნენ, ასეთ საშიშ დამნაშავეს გარეთ ვერ გაუშვებდნენ, არადა, ის მთავარი მოწმე იყო სასამართლოში და ხომ უნდა მოეყვანათ? იქ იტყოდა სიმართლეს. ამიტომ გადაწყვიტეს მისი ლიკვიდაცია. გადაიყვანეს ცალკე საკანში და იმავე ღამეს იპოვეს ჩამომხრჩვალი.

- როგორც მახსოვს, მკვლელობაში ბრალდებულმა ხერკილაძემაც აღიარა დანაშაული, ისიც ტყუის?
- ხერკილაძემ ბოდიში მომიხადა და მითხრა, 25 წელს მაძლევენ სხვა დანაშაულისთვის და ეს რომ არ ვაღიარო, სხვა გზა არ მაქვსო. მას თურქი მოქალაქე ჰყავდა დაყაჩაღებული და შემოაკვდა. თუ ამას აღიარებდა, 5 წელს მიუსჯიდნენ. წარმოიდგინეთ, ამბობდა, ნიკო ლომინაძის სახლიდან გამოსვლას ნახევარი საათი ველოდითო და სახლის შესასვლელი კარის ფერი არ იცოდა. მიცვალებულს გადაფარებული ჰქონდა წითელი პირსახოცი, ის კი ამბობდა, ფერი ზუსტად არ მახსოვს, მგონი ღია ფერის იყოო. კაცი მოკლა და იმ საშინელ სურათს რა დაგავიწყებს? ეს შეუძლებელია.

- თქვენ წლებია აცხადებთ, რომ უდანაშაულო ხართ, ახლაც გეშინიათ, რომ ძალაში დარჩება სამუდამო პატიმრობა. თუ ამდენი დარღვევაა საქმეში, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ აღწევთ სამართალს?

- 8 წელია, ამაზე ფიქრის მეტი არაფერი გამიკეთებია. მერწმუნეთ, აღნიშნული საქმე არის ტესტი, საით მიდის საქართველოს ხელისუფლება. თუ ჩემი სიმართლე ვერ დამტკიცდა, გახსოვდეთ, ხვალ შეიძლება ნებისმიერი თქვენგანი დააპატიმრონ ერთი კაცის გადაუმოწმებელი ჩვენების საფუძველზე. მე სააკაშვილის პოლიტპატიმარი ვარ და სამწუხაროა, რომ ეს დღესაც გრძელდება. მივმართავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს ჩემი საქმე. ორი უდანაშაულო ადამიანისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტპატიმრები გაჩნდებიან. დღეს ირაკლი შოთაძე მებრძვის, რადგან ის არის დამნაშავე ჩემი უკანონო დაპატიმრობაში და იცის, ამის გამო მას მოუწევს პასუხისგება. ამიტომ ყველაფერს აკეთებს, უკანონო გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ და სამუდამოდ გამომკეტონ ციხეში. მივმართავ ირაკლი შოთაძეს, საჯაროდ გამოაქვეყნოს, რა მტკიცებულება აქვს ჩემს წინააღმდეგ. მეორეჯერ თუ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მომკლავს. ნამდვილად არ ვაპირებ, მეორედ სამუდამო პატიმრობა მოვიხადო. მოფიქრებული მაქვს ბრძოლის სხვა ფორმებიც, მაგრამ ამაზე საუბარი ახლა არ მინდა.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
08.02.2015
ამ კაცს როგორც ყოველთვის ვისაც უნდა ამართლებენ ვისაც უნდათ ამტყუნებენ აქაც ესეა ვიღაცამ აიღო გამრჯელო და ბოლომდე დარჩა როგორც მტყუანი ამდენი მტკიცებულების მერე ძნელი დასაჯერებელია ეს ყველაფერი აშკარაა რომ ძველი გადმონაშთები მოქმედებენ
ნინო*
08.02.2015
ეს კაცი მე მგონია რომ ნამდვილად ალალმართალია იმდენი მტკიცებულებები აქვს რომ ნამდვილად თვალდახუჭულია პროკურატურა მის მიმართ აი ეს არის ძველი გადმონაშთები არ უნდა მუშაობდნენ რათქმა უნდა ის პროკურორი თავს დაიცავს და ისევ იმ ტყუილით მიაწვება ამ უბედურს ნამდვილი დამნაშავე კი ნავარდობს
ნინო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
213 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი