რატომ სცემდა ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ფეხმძიმეს სამართალდამცველი
font-large font-small
რატომ სცემდა ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ფეხმძიმეს სამართალდამცველი
"სამი დღე"კაპეზეში" ისე ვიჯექი, სისხლიანი ხელებიც არ დამიბანია"
24 წლის ნინო ხაბეიშვილი სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის. მას გორის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ნინო ირწმუნება, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. ბრალდების მტკიცებით, 2011 წლის 11 დეკემბერს, მან მეუღლეს - მამუკა ცერცვაძეს გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამ ფაქტს წინ კონფლიქტი უძღოდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გოგონამ არც დაკავების დროს აღიარა დანაშაული. მაშინ 21 წლის ნინო ფეხმძიმედ გახლდათ.

ნინო:
- ქმრის მკვლელობას მაბრალებენ. დანაშაული არ ჩამიდენია, მაგრამ სიმართლის დამტკიცება ვერ შევძელი. 2 წელი და 2 თვეა, აქ ვარ გამოკეტილი. ჩემი მეუღლე ოთახიდან რომ გამოვიდა, დანით იყო დაჭრილი... 10 წელი მომისაჯეს, მაგრამ ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, პატიმრობა რამდენიმე წლით შემიმცირეს. ახლა 5 წელი და 4 თვე დამრჩა მოსახდელი... მამუკა თბილისში გავიცანი. ერთმანეთი შეგვიყვარდა, დავოჯახდით და მას მერე ქარელში, კერძოდ კი სოფელ დირბში ვცხოვრობდით. მოგვიანებით გავიგე, რომ მას ჩემამდე ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. ის გამუდმებით სვამდა, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა და მერე მცემდა კიდეც. 4 წელი ერთად ვიცხოვრეთ და ამ დროის მანძილზე ოთხჯერ წამიყვანეს ჩემებმა მისი სახლიდან, მაგრამ ბოლოს მაინც ქმართან მივდიოდი და ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. ბოლოს მაინც რომ არ დავბრუნებულიყავი მის ოჯახში, ახლა ჩემს უფროს ვაჟთან ერთად ვიქნებოდი და შეიძლება, ისიც ცოცხალი ყოფილიყო. მერწმუნეთ, ქმარი ძალიან მიყვარდა. სულ ვაჟის გაჩენაზე ოცნებობდა და ბიჭი რომ გამიჩნდა, ვიფიქრე: შვილის ხათრით მაინც გამოსწორდება, აღარ დალევს-მეთქი. მწარედ შევცდი... უფრო მეტსაც გეტყვით, ის ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის - მამასაც უსწორდებოდა ფიზიკურად. პოლიციამ ამის შესახებ იცოდა და აღრიცხვაზე აგვიყვანეს. 3 კვირის ფეხმძიმე ვიყავი, ცემა რომ დამიწყო... ერთხელ კი, 9 დღის ბავშვს მამამისის მოქნეული ხელი (რომელიც ჩემთვის იყო გამიზნული) თვალში მოხვდა და კარგა ხანს ვმკურნალობდით პატარას; ნაიარევი ახლაც ეტყობა.... მამუკა სიმთვრალეში ხელებსაც ისერავდა, ბევრჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, ერთხელ ბენზინიც გადაისხა, მაგრამ ამ ყველაფერს დამტკიცება სჭირდებოდა, მე კი ეს ვერ შევძელი. ოჯახის წევრებმა იციან სიმართლე, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, იგი "კარგი შვილი" გახდა და ჩემს დასჯას ითხოვდნენ.

- მკვლელობის დღეს რის გამო იჩხუბეთ?
- ერთი კვირა გადაბმულად სვამდა. იმ დღესაც მთვრალი იყო და ჩხუბი უმიზეზოდ დაიწყო. ხელში დანა ეჭირა. დავუსხლტდი, მაგრამ ჩემთვის თმის დაგლეჯა მაინც მოასწრო. როგორც კი გავერიდე, მაშინვე დავრეკე პოლიციაში, - დამეხმარეთ-მეთქი. ეს ზარი დაფიქსირებულია. ამ დროს ქმარმა დამიძახა. მისკენ რომ შევტრიალდი, დავინახე, სისხლიანი იყო. მაშინვე "სასწრაფო" გამოვიძახე და მანქანას მეც გავყევი, მაგრამ მალე გზაში გარდაიცვალა. ვერ დავამტკიცე, რომ მისთვის დანა მე არ დამირტყამს. ქარელის განყოფილებში გამომძიებელმაც მცემა, ბრალის აღიარება მომთხოვა. მაშინ ერთი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ეს ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა. მითხრა, - იტყუებიო. მერე გამარტყა და თქვა: რომც მოეშალოს მუცელი, ამის დედა, ჩემი შვილი ხომ არ არისო? მერე ძმის დაჭერით დამემუქრნენ. მაინც არ ვაღიარე!.. ციხეში გატარებული პირველი დღეები საშინელება იყო. მეგონა, ყველაფერი თავზე ჩამომენგრა. სამი დღე "კაპეზეში" ისე გავატარე, ქმრის სისხლით დასვრილი ხელებიც კი არ დამიბანია. სისხლით "სასწრაფოს" მანქანაში დავისვარე, მე ხომ მის გადარჩენას ვცდილობდი. პროკურორი მეუბნებოდა: ბავშვს ციხეში არავინ გაგაჩენინებსო და მთხოვდნენ, მომეშორებინა. არავინ დაინტერესებულა სიმართლის დადგენით.

- დანაზე თქვენი ანაბეჭდები იპოვეს?

- არა, დანაზე ჩემი ანაბეჭდებიც არ აღმოჩნდა, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქციეს... ვფიქრობ მთვრალი წაიქცა და დანაზე დაეცა. თუმცა, ჩემი მოსაზრება ვის რაში აინტერესებს. მერე ჩემი გერებიც ჩემს დასჯას ითხოვდნენ.

- ალბათ განიცდით, თქვენი შვილი თქვენთან ერთად, ციხეში რომ არის გამოკეტილი. როგორია თქვენი ერთი დღე?
- მაისში მასთან განშორება მომიწევს. ბავშვი ჰიპერაქტიულია და ნევროპათოლოგმა მითხრა: უკეთესია, თუ ამ გარემოს მოშორდება. სხვა თუ არაფერი, ბავშვებთან კონტაქტი სჭირდებაო. ვიცი, ძალიან გამიჭირდება მის გარეშე, მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვს. ის ჩემს დასთან ან დედასთან გაიზრდება. ძალიან აქტიური ბავშვია, ყველას თავი შეაყვარა. აქ სათამაშოები აქვს და ერთობა... რაც შეეხება უფროს ვაჟს, ის ქობულეთში, დედაჩემთან იზრდება; მას მერე არ მინახავს, რაც დამიჭირეს. მან არ იცის, რომ დედა ციხეშია. ჰგონია, რომ თბილისში ვმუშაობ.

- შვილთან პაემნის უფლებით არ გისარგებლიათ?
- პაემანი 2 საათს გრძელდება და მერე რა ვქნა? მასაც გაუჭირდება, ჩემი რამდენიმე საათით ნახვა, ამიტომ ვარჩიე, საერთოდ არ მოეყვანათ ჩემთან.

ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ ნინო ხაბეიშვილის ადვოკატს, ზაზა გიგაურს დავუკავშირდი. ადვოკატი განიცდის, რომ ნინოს გამართლება ვერ შეძლო.
- ნინოს გორის იზოლატორში შევხვდი. არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, საშინელ მდგომარეობაში იყო. მას მკვლელს ნუ უწოდებთ. ამ გოგონას მეუღლე დაეღუპა და ეს არის სიმართლე. ამბობდა: მამუკას გარეშე ცხოვრება არ მინდა, ყველაფერმა აზრი დაკარგაო. იმდენი ველაპარაკე, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა მოვახერხე. ვუთხარი: გასაგებია, გიყვარდა, მაგრამ ახლა იმაზე იფიქრე, მკვლელობას რომ გედავებიან-მეთქი... ჩვენ სამართალს ვერ მივაღწიეთ. ერთმა მოწმემ სასამართლო პროცესზე პირდაპირ აღნიშნა: გამომძიებელმა თქვა, ამ ძუკნას მოკლული იქნება ქმარიო. პოლიციამ თავიდანვე ეს ვერსია განავითარა.

- თქვენ რით ამტკიცებთ, რომ ნინოს ქმარი არ მოუკლავს?

- მთავარი საფუძველი, რასაც ვეყრდნობოდი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იყო. ჩემს შეკითხვაზე: შესაძლებელი იყო თუ არა, რომ უბედური შემთხვევა მომხდარიყო და ის დაეცა დანაზე? ექსპერტმა ასეთი პასუხი გასცა: შესაძლებელიაო. ექსპერტმა არ გამორიცხა ისიც, რომ შესაძლო იყო, მას თვითდაზიანება მიეყენებინა. საქმეში ბევრი დარღვევა იყო, მაგრამ მაშინ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახლდათ, რადგან რასაც პროკურატურა ითხოვდა, იმას აკანონებდა სასამართლო. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გორის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა აღნიშნული საქმე, პროკურორმა მორის ჩუბინიძემ საპროცესო შეთანხმება შემოგვთავაზა: თუUნინო აღიარებდა ბრალს, მას 4 წელს მიუსჯიდნენ; მერე პროკურორი 2 წელზე ჩამოვიდა და ისევ საპროცესოს გვთავაზობდა, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვით. გინახავთ ან გაგიგონიათ, რომ განზრახ მკვლელობისთვის ვინმეს 2-წლიან სასჯელს სთავაზობდნენ? ეს იმიტომ შემოგვთავაზეს, რომ იცოდნენ, ის უდანაშაულო იყო. მერწმუნეთ, ნინოს მათი წინადადება რომ მიეღო, კარგა ხნის გამოსული იქნებოდა ციხიდან, მაგრამ ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

- როცა მიხვდით, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, 2-წლიან სასჯელს რატომ არ დათანხმდით?

- ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ვითხოვდით. ეს გოგო მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს. მან უარი თქვა საპროცესოზე. ამბობდა, - არ მინდა, ქმრის მკვლელის სახელი მერქვას, მერე ჩემს შვილებს თვალებში როგორ ჩავხედო? რაც არ ჩამიდენია, იმას არ ვაღიარებო!.. ცნობისათვის, მას ქმარი გამუდმებით სცემდა. პირველ ფეხმძიმობაზე ნინო საავადმყოფოშიც კი იწვა, ისე იყო ნაცემი. მან ეს ყველაფერი პოლიციას აცნობა, რადგან მთვრალ მამუკას ჰალუცინაციები ჰქონდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დანაზე ნინოს ანაბეჭდები ვერ იპოვეს. ძალიან განვიცდი, უდანაშაულო გოგოს დასჯას.

მართალია, ნინო ქმრის მკვლელობას უარყოფს, მაგრამ მამუკა ცერცვაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. მოკლულის მამას, გერონტი ცერცვაძემ ჩვენთან საუბარი გაუჭირდა. მან გვითხრა: "ის უდანაშაულო კი არა, ჩემი შვილის მკვლელია. რომ ამბობს, მე არ მომიკლავსო, მაშინ რა გამოდის, ის მე მოვკალი? მან მძინარე კაცი გამოასალმა სიცოცხლეს. იხელთა დრო, როცა სახლში არავინ იყო და ახლა კიდევ აქეთ გვედავება? თქვენ მას უჯერებთ? იმის თქმა გინდათ, რომ ის მართალია და მკვდარი იყო დამნაშავე? მან უნდა მოიხადოს სასჯელი! ახლა მაკანკალებს, მისი სახელის ხსენებაც არ მინდა. მხოლოდ 10 წელი მიუსაჯეს ვაჟკაცის მკვლელობისთვის და ახლა გათავისუფლებასაც ითხოვს? საუბარს ვეღარ შევძლებ..."

თავის დროზე სასამართლო პროცესები ხმაურიანი იყო. მაშინ ჭირისუფალი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა.

"მე თუ მკითხავთ, ეს ქალი უნდა დახვრიტოთ! - ასე დაიწყო ჩვენების მიცემა მოკლულის მამამ, გერონტი ცერცვაძემ: - იმ საღამოს, მე ჩემს გოგოსთან წავედი მეზობელ სოფელში. იქ დამირეკეს, მამუკა ცუდად არის და "სასწრაფოთი" წაიყვანესო. მერე მითხრეს, დაიღუპაო... ბევრჯერ სცემა ჩემი შვილი რძალმა, სახე ხშირად ჰქონდა დაკაწრული, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემს შვილს არც ერთხელ არ დაუდია ცოლისთვის ხელი. სახლში პოლიციამ "კოიკის" ქვეშ იპოვა გაწმენდილი დანა. ნინომ მეზობლები დააჯერა, თავი თვითონ მოიკლაო. ჩემს შვილს თავის მოკვლა არასოდეს უცდია. ნინოს არც თავისი შვილი უყვარდა, - სამი თვის ბავშვს დაუტოვებდა ქმარს და თვითონ სად მიდიოდა, არავინ იცოდა. ხან თბილისში იყო და ხან - სად..."

სასამართლოზე ბრალდებულს მულებიც დაუპირისპირდნენ და მამუკას შვილებიც.

მულის ჩვენებიდან:
"ჩემს ძმას სულ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთი კვირის მოყვანილი არ იყო, ურთიერთობა რომ დაეძაბათ. დედაჩემია მოწმე, რამდენჯერ გაიწია დანით ჩემს ძმაზე. დედაჩემი სიკვდილის წინ იძახდა, შვილს მომიკლავს ეს ქალიო. ჩემს ძმას განქორწინება არ უნდოდა. იცოდა, კანონი დედის მხარეს იქნებოდა და შვილს წაიყვანდა. არ უნდოდა ბავშვთან განშორება. კონფლიქტის მიზეზი ხშირად, ნინოს პრეტენზიები იყო: ხან აბანო უნდოდა, ხან ქალაქში ბინა და ხან რა... იმ დღეს დამირეკეს, მამუკა გულშია დაჭრილიო. სახლთან რომ მივედი, პოლიციის ლენტებით იყო შემოღობილი იქაურობა, შიგნით არ მიშვებდა პოლიცია. ძალით შევედი. მაგიდაზე რამდენიმე დანა იყო. აღელვებული ვიყავი და ვერ გავიგე, რა მოხდა. პოლიციამ მითხრა, ნინო ხაბეიშვილმა აღიარა დანაშაული და თქვა, ქმარი მე მოვკალიო. წინა დღეებშიც მოსვლიათ კონფლიქტი. ნინოს უთქვამს, მოგკლავ და ამ სახლიდან მაინც არ წავალო. რაც ჰქონდა განზრახული, ის შეასრულა. არასოდეს ჩემი ძმა ფიზიკურად არ შეხებია და თვითმკვლელობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ნინოს ბევრჯერ დაუკაწრია ჩემი ძმისთვის სახე... დარწმუნებული ვარ, ჩემი ძმა ნინომ მოკლა..."

P.S. ნინო ხაბეიშვილი რუსთავის ქალთა დაწესებულებაში რჩება და სასჯელის მოხდამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. ალბათ წლების შემდეგ მას საკუთარი შვილებისთვის მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ გაატარა ამდენი წელი ციხეში.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
12.03.2015
ტუ ცუდი იყო ნინო რად არ გააცილეს დედამტილმა და მულებმა სანამ შვილს გააჩენდა?ტუ კარგი და ვაჟკაცი ბიჭი ყავდა,,გერონტის,რად იყო გაცილებული პირველ ოჯახს?? რად არავინ ამბობს ტუნდაც პოლიცია რომ გარდაცვლილი ხშირად ლოტობდა,ცემდა ცოლს და გერონტისაც?დაფიქსირებულიც ხომ აქვტ?როცა ცუდად ლაპარაკობს გერონტი ნინოზე რად არ აგონდება მისი ვაჟკაცის მიერ მასზე მოქნეული ხელის გემო? ტუ სხვისი შვილი რომ მომკვდარიყო მაშინ რას იტყოდა?უკეტესი იყო?მოვა ერტი დღეც გერონტი და ტქვენივე პირიტ იტყვი სიმარტლეს მაგრამ ტქვენტვის გვიან იქნება,ნინოსტვის კი ცოტა დააგვიანდება სიმარტლეს მაგრამ მაინც მოვა,ტქვენ კი უფლის სამარტალტან მოგიწევტ ყველას ერტად პასუხის გაცემა...და ტუ მაინც იტყვიტ კიდევ რომ ნინომ მოკლა ,მალადეც მის ქალობას,მოკლა მოდზალადე ,ლოტი და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი .შეგეშინდატ ბატონო გერონტი სიმარტლის მოსმენა??გაიხსენეტ როგორი იყო ბავშვობაში და რად გაცილდა პირველ ოჯახს.....სიმარტლეც ესაა..აქედან უნდა დაეწყოტ სასამარტლო..
ანნა
07.03.2015
ვაჟკაცია კაცი რომ სისტემატიურად სვავს? მაინც თავისას ამართლებენ.არ შემიძლია ლოთის გამართლება,სწორედ ლოთობაა ყველა უბრდურების ნიზეზი.გაეცალეთ ლოთებს დროზე,სანამ უბედურება დატრიალდება!
m
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი