ექიმბაში, რომელიც ქალებს აუპატიურებდა, დაჭრეს - გზაპრესი

ექიმბაში, რომელიც ქალებს აუპატიურებდა, დაჭრეს

ხელვაჩაურის სოფელ მახოში 49 წლის დომენტი ქორიძე საკუთარმა ბიძაშვილმა, თემურ ქორიძემ დანით დაჭრა. დაჭრილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შემთხვევის ადგილიდან თემურს გაქცევა არ უცდია. ეგონა, ბიძაშვილი სიცოცხლეს გამოასალმა და ბრალის აღიარებით პოლიციაში მივიდა. თითქოს ერთი ჩვეულებრივი დანაშაულია, მაგრამ გაირკვა, რომ ამ ფაქტის მიღმა სხვა, უმძიმესი ბოროტმოქმედება დგას. ზოგჯერ ისეთი ამბების მოსმენა მიწევს, მიჭირს დაჯერება, მით უფრო - გაუგონარი, უსინდისო ქმედებების ფურცელზე გადმოტანა, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა და მსგავსი ფაქტი საქართველოში მოხდა.

დაჭრილი დომენტი ქორიძე გარყვნილ ქმედებაშია მხილებული და ბიძაშვილის განრისხების მიზეზიც სწორედ მისი უმსგავსი საქციელი გამხდარა.

დომენტი სოფელში ექიმბაშის სახელით იყო ცნობილი - მცენარეების ნაყენებით მკურნალობდა. კერძოდ - თირკმლის, უშვილობის, თავის ტკივილის წამლებს ამზადებდა. ჩამონათვალში ბევრი ქალური დაავადებაც იყო და ამიტომ მასთან ძირითადად ქალები დადიოდნენ. ერთი ოთახი ჰქონდა სპეციალურად გამოყოფილი, სადაც პაციენტებს იღებდა. ადგილობრივების მტკიცებით, იგი სამკურნალოდ მისულ ქალებს აღმგზნებ მედიკამენტებს აძლევდა, ოთახში შეჰყავდა, აშიშვლებდა, ფოტოებსაც უღებდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. იმასაც ამბობენ, ე.წ. ექიმბაში ინტიმურ სცენებს მობილურითაც იღებდა და ამ ვიდეოთი მსხვერპლს აშანტაჟებდა: ზოგს სექსუალურ კავშირს ისევ აიძულებდა, ზოგს კი კადრების გამომზეურებით ემუქრებოდა და ფულს სძალავდაო.

სოფელ მახოს მოსახლეობა ამ ამბით აღშფოთებულია და ექიმბაშის სოფლიდან გასახლებას ითხოვს. საპატრულო პოლიცია დომენტი ქორიძის ოჯახს რამდენიმე დღე იცავდა. ხალხი ამბობს: თუ დაჭრილი ექიმბაში სოფელში დაბრუნდება, ლინჩის წესით გაასამართლებენო. მოსახლეობა ასევე ითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ბრალდებული თემურ ქორიძე.

რამიზ თურმანიძე, სოფელ მახოს მცხოვრები:

GzaPress- არც ვინაობის დამალვას ვაპირებ და მუდამ იქ ვიდგები, სადაც სამართალია. დომენტი საავადმყოფოში რჩება. ის სახლში არ უნდა დაბრუნდეს - ასეთია ხალხის მოთხოვნა. ურევდა წამალში რაღაცას, ქალებს აბრუებდა, მერე ამყარებდა კავშირს და თურმე ვიდეოსაც იღებდა. ეს ვიდეო ახლა პროკურატურაში დევს. როგორც გვითხრეს, 15-20 ქალი გაუუპატიურებია ასე. დაზარალებულთა შორის ერთი არასრულწლოვანიცაა. საშინელი ფორმით დაუმყარებია კავშირი მასთან. თქმაც კი არ მინდა. ასეთ ამბავთან შეგუება არ შეიძლება. რძალიც ახალი მოყვანილი ჰყავს. თურმე რძალი სააბაზანოში რომ იბანდა, მამამთილი მას უჭვრიტინებდა და რძლისთვისაც გადაუღია სურათი. ასეთ არაკაცურ საქმეებს სჩადიოდა.

- ეს ამბავი როგორ გამჟღავნდა?

- მისმა შვილმა ნახა ვიდეო მამის ტელეფონში. გაგიჟებულა ბიჭი, აუღია ტელეფონი და ბიძამისთან ანუ დომენტის ბიძაშვილთან მიუტანია სახლში და მისთვის უჩვენებია. უთქვამს, - ნახე, თურმე ამას აკეთებს მამაჩემი, დამეხმარეო. თემური მისი სახლიდან 70 მეტრში ცხოვრობს. მოსულა დომენტის სახლში და უთქვამს, - რა საშინელებას აკეთებ, შენ ხომ არ გაგიჟდი, ჩუმად წაეთრიე სოფლიდან, გადაიხვეწეო. ამის გამო შეკამათდნენ. იმის ნაცვლად, რომ თავი დაეხარა, თურმე სკამით გაიწია თემურისკენ და დარტყმა დაუპირა. თემურს სკამი წაურთმევია. დომენტი გასულა მეორე ოთახში, დანა აუღია და დარტყმას აპირებდა. უცდია კიდეც. თემური ფიზიკურად ძლიერია, კარგი ვაჟკაცი, ის რას მოერეოდა?! თურმე ხელში წვდა დომენტის, წაართვა დანა და აღელვებულმა დაარტყა. ამის მერე "სასწრაფო" გამოიძახეს და დომენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამბობენ, სამი ჭრილობა აქვსო. თემურს ეგონა, რომ მოკლა და თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში. ასე გაეხვა შარში ეს უდანაშაულო კაცი. შევხვდი უშიშროების უფროსს, პროკურორსაც და ვუთხარი, რომ თუ თემურს არ გამოუშვებენ, მთელი სოფელი ფეხზე დადგება და უკიდურეს ზომებს მივმართავთ. ხალხი მათ პასუხამდე გავაჩერე, ჯერჯერობით აქციები არ იმართება. ძალოვანებმა რამდენიმე დღე ითხოვეს. ამის შემდეგ გადაწყდება, რას მოვიმოქმედებთ. თუ იმ უდანაშაულო კაცს არ გამოუშვებენ, მთელი სოფელი, დიდი და პატარა, ფეხზე დადგება და თურქეთის გზასაც გადავკეტავთ.

- დომენტის შვილი რას ამბობს? მანაც დატოვა სოფელი?

- დომენტის ძალიან კარგი შვილები ჰყავს. ცოლი თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. ბიჭი გაგიჟებულია, რა უნდა თქვას?! ავადმყოფი კაცია, სამკურნალოა, გარეთ რა უნდა?! გადარჩა, მაგრამ სოფელში რომ გამოჩნდეს, ვიღაცა მოკლავს. მის საქციელს ყველა გმობს, სოფელში ბევრი მისი ნათესავი ცხოვრობს, ყველა გაბრაზებულია და საავადმყოფოში მის სანახავად არავინ მისულა.

- რა წამალს ამზადებდა, ხომ არ იცით?

- ბებიამისი და დედამისი მკურნალობდნენ მცენარეებით. მოგეხსენებათ, ადრე ხელმისაწვდომი არ იყო საავადმყოფოები და დომენტის ბებია სოფელში ბებიაქალობდა, ქალებს ეხმარებოდა მშობიარობაში. თან წამლებს ამზადებდა და უშვილო ქალებიც სვამდნენ მის ბალახებს. მან ეს რძალსაც ასწავლა და ბევრი დადიოდა დომენტის დედასთანაც. დედამისის სიკვდილის შემდეგ, რომ გაუჭირდა, თვითონაც დაიწყო ამ გზით ფულის შოვნა. ექიმბაშის სახელს ამოფარებული კი ასეთ საშინელებებს აკეთებდა. ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ყველა ქალი გაურბის ამაზე საუბარს, ეს ბუნებრივია. ჯერ არ ჩანს ვინმე, ვინც გაბედავს და მოჰყვება, რას აკეთებდა დომენტი.

- სოფელში ეჭვები არსებობდა მასზე?

- ჩვენ ვერაფერს ვატყობდით. სოფელი წესიერ კაცად იცნობდა, მაგრამ ძალიან ცუდი კაცი ყოფილა. ბიძაშვილებს 4-ჯერ გაულახავთ, რაღაც ცუდი საქციელის გამო, მაგრამ ეს მაშინ არ გახმაურებულა. თემურმა რომ დაჭრა, ამის მერე გაცხადდა ყველაფერი. იქნებ დაგვეხმაროთ, რომ უდანაშაულო ბიჭი გარეთ გამოვიდეს. სიმართლე - სიმართლეა, რომელი კაცი მოითმენს ასეთ უნამუსობას?! დომენტია დასასჯელი და არა - თემური.

თემის რწმუნებული, სულხან მსხალაძეც ამბობს, რომ სოფელში სიტუაცია ძალიან დაძაბულია:

- ეს არ უნდა მომხდარიყო სოფელში. ხალხი ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და თემურის გათავისუფლებას. თემური ძლიერი ბიჭია, დანა საერთოდ არ სჭირდებოდა მასთან სიტუაციის გასარკვევად. ეტყობა, ამ ყველაფრის მერე, ძლიერ აღელვებულს, ნერვებმა უმტყუნა, დომენტის წაართვა დანა და დაარტყა. მე სკოლაში ვასწავლიდი თემურს. ვერ იპოვით სოფელში ადამიანს, ვინც მასზე ცუდს იტყვის. დომენტი ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე უცემიათ უბანში, - ჭკვიანად მოიქეცი, შენზე ცუდი ხმები დადისო, უთქვამთ. ეტყობა, იმ ვიდეოებში შინაურიც არის გადაღებული და უცხოებიც. დაზარალებულების ოჯახებმა არ იციან ეს ფაქტები, თორემ მას არ აცოცხლებდნენ. ამიტომ ჯობია, თვითონ დატოვოს სოფელი და წავიდეს სხვაგან, თუ სიცოცხლე უნდა. ღმერთმა ქნას, თემური დროზე გამოუშვან, თორემ სოფელში სხვა ინციდენტი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ყველას ვერ შევაჩერებთ.

- დომენტის ოჯახზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- 2 ბიჭი ჰყავს, დაქორწინებულები არიან, გოგო გათხოვილია. მართლა კარგი შვილები ჰყავს. ერთი ბიჭი სამუშაოდაა თურქეთში, მეორე სოფელშია. მას არ ერჩის მოსახლეობა, რადგან იციან, რომ არაფერ შუაშია. ვინც დამნაშავეა, იმან უნდა აგოს პასუხი. მეც ვუერთდები ხალხის მოთხოვნას, რომ თემური გამოვიდეს ციხიდან.

ანალოგიური პოზიცია აქვს მთელ სოფელს. თითქმის ყველა გვთხოვდა დახმარებას, რომ ხმა ძალოვანებისთვის პრესითაც მიგვეწვდინა.

ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა მასთანო:

- ბევრი გვინახავს მის კართან ატუზული. რას წარმოვიდგენდით, ასეთი გარეწარი თუ იყო და ასეთ რამეს აკეთებდა?! მათი ამბები რომ არ გამჟღავნებულიყო, ამისთვის იქით მიჰქონდათ მასთან ქალებს ფული. საწყლები, თურქეთში დადიოდნენ და იქ მომვლელებად მუშაობდნენ, რომ დომენტისთვის ფული მიეტანათ და ნამუსი ასე შეენახათ. წამლებით აბრუებდა და დაძინებულებთან კავშირს ამყარებდა. მერე სურათებს დაულაგებდა წინ და ეტყოდა, - ფული მოიტანე, თორემ შენს ქმარს ვაჩვენებო. მისი ცოლიც თურქეთში იყო წასული. იქ გაიგო, მისი ქმარი რომ დაჭრეს და უთქვამს, - რატომ არ მოკლესო?!. იმ ქალების პატრონებმა რომ გაიგონ, საშინელება დატრიალდება. რძალს კაცი რომ დაბანის დროს უჭვრიტინებს, ის კაცი უნდა ჩამოახრჩო!

სამართალდამცავებს ამ ფაქტის ირგვლივ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა