პასუხისგება 20 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის - გზაპრესი

პასუხისგება 20 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის

ამდენი წელი როგორ ახერხებდა მიმალვას, ალბათ, ამას თავის ჩვენებაში იტყვის, მაგრამ ფაქტია - მას მეგობრის მკვლელობისთვის პასუხისგება და ციხეში წლების გატარება მოუწევს.

მკვლელობა თემქაზე, 1992 წლის 31 მაისს მოხდა. 29 წლის რამაზ ქანაშვილმა იმ დღეს ბავშვობის მეგობარი და დედის ნათლული, 30 წლის ბადრი ფარსაღაშვილი გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. შვილის სიკვდილს დედა შეესწრო - დაჭრილმა კაცმა წამებში მის ხელში დალია სული. იმ დღიდან მოყოლებული, მოკლულის ოჯახი დამნაშავის დასჯას ელოდა, მაგრამ - უშედეგოდ. ბადრი ფარსაღაშვილის დედა ისე გარდაიცვალა, რომ ამას ვერ მოესწრო.

“1992 წლის მაისი იყო, მანქანით სახლში მივედი. ეზოში მეზობლები სვამდნენ, დასალევად დამიძახეს, მაგრამ მათთან არ მივსულვარ, რადგან სამუშაო მქონდა. სახლში ვისადილე და მერე ოთახში დასასვენებლად შევედი. უეცრად ბადრი ფარცაღაშვილის გინების ხმა შემომესმა. ავიღე მის მიერ მობარებული, გადაჭრილი სანადირო თოფი, გარეთ გამოვედი და მისი მიმართულებით გავისროლე. შემდეგ გავიქეცი და 20 წელი ვიმალებოდი”, - ასეთია რამაზ ქანაშვილის ჩვენების ფრაგმენტი, რომელიც ძალოვნებმა გაავრცელეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება განახლდა და ალბათ, ფაქტის თვითმხილველებს თავიდან დაკითხავენ.

რამაზ ქანაშვილის დაკავება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მოკლულის დისთვის. დანაშაული მათ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა და ამ სახლში დარეჯან ფარსაღაშვილი დღესაც ცხოვრობს. მისი თქმით, როგორც ჩანს, 20 წლის შემდეგაც არა აქვს სინანულის გრძნობა მისი ძმის მკვლელს და ახლაც სიმართლის დამალვას ცდილობს.

GzaPressაი, რას ამბობს დარეჯან ფარცაღაშვილი:

- მკვლელი და ჩემი ძმა ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. ქანაშვილები პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. მათ ორი ვაჟი ჰყავთ. რამაზი ერთი წლით პატარა იყო ჩემს ძმაზე. ძალიან არეული ოჯახი ჰქონდათ, მათი მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ და ამიტომ დედაჩემი ცდილობდა, ბავშვები გაერიდებინა, ისინი სულ ჩვენთან ამოჰყავდა. ხშირად ჩვენთან ეძინათ. ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემი ძმა 11 წლის იყო, რამაზის დედამ რომ მონათლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბადრი გერმანიაში მსახურობდა. მოულოდნელად მამა გარდაგვეცვალა და დაკრძალვაზე ჩამოვიდა. ვერ ჩამოუსწრო, მაგრამ მაინც მოვიდა... გვერდით სადარბაზოში ერთი მამაკაცი ცხოვრობდა. მას კახეთიდან ცოლის დეიდა ჩამოუვიდა სტუმრად. როგორც გაირკვა, ის ოჯახი ვაჭრობდა, ფულიანი ხალხი იყო. ჩემს ძმას გზაში ის მეზობელი და რამაზი შეხვდნენ. მათ უთქვამთ, - კახეთში საქეიფოდ მივდივართ, გამოგვყევი და მერე აეროპორტში ჩვენ გაგაცილებთო. ისიც გაჰყვა. იქ რომ მოილხინეს, მეზობელს ბიჭებისთვის უთქვამს, - მანქანა მაქვს გასაკეთებელი, ახლა გავალ და თქვენ სახლიდან რომ გამოხვალთ, ეს ჩემოდნები წამოიღეთო. ასეც მოიქცნენ. გამოვიდა, რომ იმ სახლიდან ნივთები მოიპარეს. ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაზარალებულმა ნათესავი ამხილა. ის კაცი დაიკითხა, მაგრამ მან თავის დაძვრენა მოახერხა და ბიჭებს დააბრალა ქურდობა. ამ დროს ჩემი ძმა გერმანიაში უკვე წასული იყო და იქიდან ქურდობის ბრალდებით ჩამოიყვანეს. მაშინ რამაზ ქანაშვილი 16 წლის იყო; ის არ დაუჭერიათ, რადგან დანაშაული ჩემმა ძმამ საკუთარ თავზე აიღო: თქვა, - ის არასრულწლოვანია და რახან ასეა, ჩემს თავზე ავიღებო. ასე მოხვდა ბადრი ციხეში და 4 წელი მოიხადა. ციხიდან რომ გამოვიდა, რამაზზე ძალიან ნაწყენი იყო. რა კაცობაა - ერთი კოლოფი სიგარეტი არ შემოუგზავნია ამ წლების მანძილზეო?!. ამის გამო იკამათეს კიდეც და მას მერე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ჩემი ძმა ფიზიკურად მასზე ძლიერი იყო. რამაზი სულ ცდილობდა, ის გამოეწვია. ბევრჯერ ჰქონდა მცდელობა, ჩემი ძმისთვის მალულად ჩაერტყა რამე. ამის ფაქტებიც არის.

- რას გულისხმობთ?

- ერთხელ რამაზი კორპუსის მაღალ სართულზე ავიდა და იქიდან ცდილობდა, სადარბაზოსთან მდგარი ჩემი ძმისთვის თავში აგური ესროლა; ბადრი მაშინ გადარჩა. ერთხელ ეზოში მანქანა დიდი სისწრაფით შემოიყვანა და უნდოდა, ჩემს ძმას დასჯახებოდა; მაშინაც სადარბაზოში შეასწრო და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ყველა წვრილმანს ქალებს ვინ გვეტყოდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ისინი ძალიან გადაეკიდნენ ერთმანეთს. უფრო მეტიც: წარმოიდგინეთ, რამაზს მშობლებიც კი აქეზებდნენ, ამიტომ ოჯახებს შორის ურთიერთობაც დაიძაბა. ჩემი ძმა ამბობდა, - ეს კაცი ისე იქცევა, თავს მომაკვლევინებს; გამაგებინოს, რა უნდა ჩემგანო. დედაჩემი კი სულ ამშვიდებდა, - არ მიაქციო ყურადღება, თავი დაანებეო. ბოლოს ისეთი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომ მათ ეზოში ერთად ვერ ნახავდით. არადა, ბავშვობიდან ერთად გაზრდილები იყვნენ და ვერაფრით დავუშვებდით, რომ რამაზი ჩემს ძმას სასიკვდილოდ გაიმეტებდა. ასეთი ფაქტების მიუხედავად, სულ გვეგონა, გონს მოეგებოდა და მორიგდებოდნენ.

- მკვლელობის დღეს რაზე იკამათეს?

- იმ დღეს გაიგონეს, როგორ უყვიროდა მამამისი რამაზს, - გადი, მოკალი, რატომ აცოცხლებ მასო?! არც ის ვიცი, დანაშაულის ჩადენის დროს ფხიზელი იყო თუ - არა. როგორც ამბობდნენ, ეზოში ბიჭებთან ერთად დალია. მათთან ერთად ჩემი ძმა არ ყოფილა, იმიტომ, რომ ძალიან დაძაბული იყო მათ შორის ურთიერთობა. რამაზი პატარაობიდან პლანს ეწეოდა, მერე წამალზეც არ ამბობდა უარს. იმ დღეს ჩემს ძმასთან მას ჩხუბი არ მოსვლია. 1992 წლის 31 მაისი იყო. ბადრი სადარბაზოსთან იდგა, დედაჩემისთვის ხელი ჰქონდა გადახვეული და მეზობელ ქალს ელაპარაკებოდნენ, რომელიც იქაურობას ალაგებდა. თურმე ღიმილით რაღაცას ამბობდა, როცა ზურგიდან მოულოდნელად, გადაჭრილი თოფით, რამაზ ქანაშვილი მიეპარა და ესროლა. ის ძირს დაეცა და დედაჩემიც გადაიყოლა. დედა ამბობდა, - ყველაფერი ისე წამებში მოხდა,  ვერ მივხვდი, რა მოხდა; რამაზი რომ შემენიშნა, მივხვდებოდიო. ჩხუბი რომ ყოფილიყო, ყველა დაძაბული იქნებოდა და სიტუაციის განმუხტვას მაინც შეეცდებოდნენ, მაგრამ მან მიპარვით მოკლა ჩემი ძმა. ახლა, ამდენი წლის შემდეგაც უნამუსოდ გაიძახის, რომ ის გადაჭრილი თოფი ჩემი ძმის იყო. ეს ტყუილია. 3 თვე ჩემს ძმას მოსაკლავად დასდევდა და ბადრი იარაღს მიაბარებდა? ეს ხომ აბსურდია!.. მას ამდენი წლის შემდეგაც არ ეყო იმის კაცობა, რომ სიმართლე ეთქვა. ჩემს ძმას ტყვია ზურგში მოახვედრა!.. დედა ამბობდა, უცებ ღიმილი სახეზე ისე შეაშრა ჩემს შვილს, ვერ გაიგო, რა მოხდა და საერთოდ, ვერაფრის თქმა ვერ მოასწროო. დედა ამბობდა, გასროლის ხმაც არ გაგვიგონია, იმდენად ახლო მანძილიდან ესროლაო. იმ დღიდან მოყოლებული გადაიხვეწნენ აქედან.

- მათი ოჯახის წევრებიც გადავიდნენ ამ კორპუსიდან?

- მკვლელი მაშინვე მიიმალა. მთელი ოჯახი იქიდან ისე გაიკრიფა, რომ მას მერე მათ გზა-კვალს ვერ მივაკვლიეთ. რამდენიმე თვეში ბინა მალულად გაყიდეს. ჩემი ძმა ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა და მათ ისედაც აქ არავინ გააჩერებდა. ძალიან მეგობრული კორპუსი გვქონდა, ყველა ერთმანეთთან ვახლობლობდით და დავნათესავდით. მას ერთი ძმა ჰყავს. მკვლელობიდან ერთი კვირა იყო გასული, მისი ძმა და მამიდა დედაჩემთან შამპანურებით რომ მოვიდნენ: თქვენი შვილი გარდაცვლილია, ამას უკვე არაფერი ეშველება და აწი ისე ვთქვათ და დავწეროთ, ვითომ იარაღი ბადრისი იყო, რამაზმა მას ხელიდან გამოჰგლიჯა და ესროლაო. ეს ვერსია შესთავაზეს დედაჩემს. - როგორ? მკვდარს დავაბრალო?! შვილი თვალწინ მომიკლაო! - გაგიჟდა დედა. იმ დღიდან მოყოლებული, დამნაშავის დასჯას მოითხოვდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, ამას ვერ მიაღწია. იმ ქაოსურ სიტუაციაში ეს ძალიან რთული იყო. მაშინ მალევე ითქვა, რომ მკვლელი “მხედრიონის” წევრი გახდა. რა გადავიტანეთ, ამ დეტალების მოყოლა არ ღირს - ყველგან ვეძებდით. მასზე სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ: ხან ამბობდნენ, აფხაზეთის ომში დაიჭრაო, მერე თქვეს, რუსეთში წასულა და დაიღუპაო. ვფიქრობ, ამ ჭორებსაც მისი ოჯახი ავრცელებდა და კვალის აბნევას ცდილობდა. დედაჩემს 14 წელიწადი მიწაზე ფეხი არ დაუდგამს, მხოლოდ შვილის საფლავზე გამყავდა და ისევ სახლში მომყავდა; მისთვის ცხოვრება ტანჯვად იქცა. ამბობდა, - მზეს როგორ შევხედავ, ამხელა ვაჟკაცი მიწაში ჩავდეო!.. ამ დარდში გაატარა ცხოვრება. ბოლოს ამბობდა, - რა ვქნა, რახან ასეთი უსამართლო ყოფილა ქვეყანა და მკვლელს ვერ იჭერენ, მე მას მივუტევე ჩემი შვილის მკვლელობა და ღმერთს მაინც სად გაექცევაო. ახლა, როცა გავიგე, რომ დააკავეს, დედას სანთელი დავუნთე და ვუთხარი, - დამშვიდდი, დედი, სამართალი აღსრულდა-მეთქი. ისეთი უნამუსოა, დღესაც ცდილობს, მკვდარს ცილი დასწამოს; მაგრამ ამ ფაქტს თვითმხილველი ჰყავდა... ტრაგედია ხდება ხოლმე, მაგრამ მაშინვე რომ მისულიყო, ჩაჰბარებოდა ძალოვნებს და სინანულის გრძნობა ჰქონოდა, სხვა დამოკიდებულება გვექნებოდა. მას ეს ახლაც არ აწუხებს, 20 წლის შემდეგაც არ ამბობს სიმართლეს. მაშინ მფარველი ჰყავდა და ამდენი წელი იმიტომ არ იჭერდნენ.

- ეს წლები თბილისში ცხოვრობდა?

- ამის გარდა, სხვა ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ციხეში არ მოხვედრილა. სად ცხოვრობდა, არ ვიცი. მისი მეუღლე ლოტკინელი იყო. როცა ჩემი ძმა მოკლა, ერთი შვილი ჰყავდა; მერე გავიგე, რომ მეორეც გაუჩნდა; ალბათ სახლში დადიოდა. სიმართლე გითხრათ, მეც უკვე ხელი ჩაქნეული მქონდა, მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ მას სხვა დანაშაულზე დააკავებდნენ და ჩემი ძმის მკვლელობისთვისაც დასჯიდნენ.

- ხომ არ იცით, როგორ მოხდა მისი აყვანა?

- ეს ამბავიც ჟურნალისტებისგან გავიგე. დღემდე დაკითხვაზე არავის გამოვუძახებივარ და სხვა არაფერი ვიცი. ის კი ვიცი, რომ პასუხი უმკაცრესად უნდა აგოს.

თეა ხურცილავა

"გზა", 2012 წელი