დეიდაშვილის მკვლელი თუ უდანაშაულო დამნაშავე?
font-large font-small
დეიდაშვილის მკვლელი თუ უდანაშაულო დამნაშავე?
შემზარავი დანაშაული, რომლის დეტალებსაც დღეს გაგაცნობთ, 2011 წლის 3 მაისს, თბილისში მოხდა.
იმ საბედისწერო დღეს დარეჯან ქარდავამ უმცროსი შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, უფროსი - სკოლაში და მას მერე შვილებს დედა აღარ უნახავთ. ახალგაზრდა ქალის ძებნა საღამოს 7 საათზე, მას შემდეგ დაიწყეს, როცა ბავშვები შინ პედაგოგებმა მიიყვანეს. 4 დღის შემდეგ კი ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაწამები დარეჯან ქარდავას ცხედარი ძალოვნებმა აღმოაჩინეს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მალე არანაკლებ შოკის მომგვრელი ამბავი გაცხადდა: უმძიმესი ბრალდებით, მოკლულის დეიდაშვილი, მახარე დარსალია იყო დაკავებული. არადა, 4 დღის განმავლობაში მახარე ახლობლების გვერდით ტრიალებდა და მასზე ეჭვი არავის მიუტანია. ძალოვანთა მტკიცებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა. მკვლელობის მოტივი საზოგადოებასაც აინტერესებდა. ამ ტრაგედიის ირგვლივ უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა. ყველაზე ამაზრზენი ერთ-ერთი ვერსია იყო: თითქოს ეჭვმიტანილმა დეიდაშვილზე ძალადობა სცადა და ის წინააღმდეგობის გაწევისას შემოაკვდა. დარეჯან ქარდავას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტის დასკვნის და სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში იყვნენ ახლობლები. შვილმკვდარი დედა დღემდე საკუთარი დისშვილისგან მთავარ კითხვაზე პასუხს ითხოვს - რატომ მოუკლა ქალიშვილი და რატომ დააობლა ორი პატარა?!.

ამ ტრაგედიის შემდეგ მათი ოჯახები ერთმანეთს სამკვდროდ გადაეკიდნენ. დარეჯანის მეუღლემ, დიმიტრი ომანაძემ დარსალიების სახლში ნივთები დაამსხვრია, ის ქონების დაზიანების ბრალდებით გაასამართლეს და დღესაც ციხეშია გამოკეტილი. მართალია, უკვე სასჯელის დიდი ნაწილი მოიხადა, შეწყალებაზეც განცხადება დაწერა, მაგრამ არ შეიწყალეს და დარჩენილი ოთხი თვე არ აპატიეს. "გვითხრეს, რომ საახალწლოდ გამოუშვებდნენ. ყველანაირი საბუთი წარვადგინეთ, მაგრამ ბოლო წუთს უარი მივიღეთ. ალბათ იმის გამო, რომ ის ოპოზიციონერია. უმძიმესი ბრალდებით დაკავებულებს იწყალებენ და გამწარებულმა ქმარმა მკვლელის სახლში ნივთები რომ დაამსხვრია, ამიტომ ჩასვეს ციხეში. არა უშავს, მოიხდის დარჩენილ სასჯელსაც და სააღდგომოდ დაუბრუნდება თავის შვილებს", - მითხრა ომანაძის დედამ, ქალბატონმა ნათელამ. მშობლების გარეშე დარჩენილ პატარებს ამჟამად ბებია და ბაბუა ზრდიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მახარე დარსალიას ბრალდების საქმე რამდენიმე თვე იხილებოდა. პროკურატურის მიზეზით, სასამართლო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. ქარდავას დედა, ქალბატონი თამილა ქარდავა წალენჯიხის რაიონიდან დადიოდა პროცესებზე და სხდომების გადადებას აპროტესტებდა. "უკვე მერამდენედ გადაიდო. მეტი აღარ შემიძლია, ტყუილად მოვდივარ ავადმყოფი ქალი ამხელა გზაზე?! რა ვუთხრა ჩემს ქმარს? ისიც გამწარებულია; მეუბნება, შენც წადი სახლიდან, შენმა დისშვილმა შვილი მომიკლაო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, სად წავიდე. არ იცით, რა ტრიალებს ჩემს სულში. ამას გასამართლება რად უნდა, მე მოვუღებ ბოლოს; მიმიშვით, აქედან ასე ვერ წავალ", - მოთქვამდა სასამართლოს დერეფანში შვილმოკლული დედა და ბადრაგებს ხშირად მისი დამშვიდება უწევდათ.

საქმის განხილვა მოსამართლეს უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მოუხდა. დარბაზში მყოფები განსასჯელის დანახვაზე ემოციებს ვეღარ იკავებდნენ და მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს ყველა სხდომის დაწყების წინ იმის შეხსენება უწევდა, რომ დარბაზში წესრიგი დაეცვა. თამილა ქარდავას ძალზე უჭირდა დისშვილისკენ გახედვა, რომელიც მისი საყვარელი ქალიშვილის მკვლელობაში იყო ბრალდებული; რამდენჯერმე ცუდად გახდა და ექიმიც გამოიძახეს. 

მოკლულის დედის ჩვენებიდან:
"მახარე და ჩემი ქალიშვილები ერთად გაიზარდნენ. ბავშვობაში არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ... კარგი შვილი მყავდა. მაგისტრატურა დაამთავრა, პედაგოგი იყო. მშვენიერი ოჯახი ჰქონდა და თავის შვილებს ზრდიდა, მაგრამ ეს "გველი" ჩემს შვილს მოსვენებას არ აძლევდა. ჩემს გათხოვილ ქალიშვილს სულ სცემდა. უთანხმოების ზუსტი მიზეზი არ ვიცი. როგორც ვიცი, მახარეს ჩემი შვილიშვილის ნათლია უყვარდა და ჩემს შვილს სთხოვდა, მასთან ურთიერთობაში დახმარებოდა. არ ვიცი, რატომ მომიკლა - დარეჯანმა ხელი რომ არ შეუწყო, ალბათ ამიტომ. ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემი ქალიშვილის დედამთილმა დამირეკა და თბილისში ჩამოსვლა მთხოვა. ჩემი შვილი ნაცემი დამხვდა. მაშინ ყველანი შევიკრიბეთ და ვითხოვდით პასუხს, თუ რატომ სცემდა მახარე დარეჯანს. მითხრა, - დეიდა, მთვრალი ვიყავი და აწი ასეთი რამ არ გამეორდებაო. ჩემი შვილი ამბობდა, - მიზეზი არ ვიცი, აგერ არის და ჰკითხეთ; რომ დათვრება, ასე იქცევაო. ჩემი სიძე აფხაზეთიდან დევნილია და მე-8 საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ. ჩემი დისშვილიც იმავე სახლში ცხოვრობდა. უფროსი შვილიშვილი 7 წლისაა და ამბობს, დედას მახარე სულ სცემდაო. მახარე დაუნდობელი იყო, ბოლო დროს კი არავის ინდობდა, საკუთარ დედასაც სცემდა. თუ მიჩივლებთ პოლიციაში, ციხიდან რომ გამოვალ, ვერსად წამიხვალო, - ემუქრებოდა თურმე ჩემს შვილს. სულ ავიწროებდა. შვილსაც ვეცოდებოდი და ამ ამბავს მიმალავდა, დარდს გულში იკლავდა. ბევრჯერ ქმარსაც დაუმალა, რომ მახარემ სცემა, რადგან არ უნდოდა, მამაკაცები ერთმანეთს გადაჰკიდებოდნენ. აგერ არის და თქვას, რატომ მოკლა ჩემი შვილი, სად ჰყავდა ცხედარი გადამალული? რატომ მოუკლა ძუძუმწოვარა ბავშვს დედა?! ახლაც ტირის ბავშვი და დედას ეძებს. ჩემმა სიძემ მის ბინაში ნივთები რომ დაამსხვრია, ამის გამო ისიც ციხეში ჩასვეს. ეს არის სამართალი?! ბავშვები უპატრონოდ დამიტოვეს, რატომ მომიკლა?!"

შვილმოკლული დედა მოტივის დასახელებას ითხოვდა. პროცესზე დარეჯან ქარდავას დედამთილი დაიკითხა. მანაც დაადასტურა, რომ დეიდაშვილებს შორის უთანხმოება იყო, - ერთ დღეს სახლში მახარემ ჩემს რძალს ყველა ჭურჭელი დაუმტვრიაო. მისი თქმით, ამის გამო მამაკაცებთან ჩხუბიც მოუხდა, მაგრამ მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა. პროცესზე მოკლულის მამამთილმაც მისცა ჩვენება. ზურაბ ომანაძემაც დაადასტურა, რომ განსასჯელი არაერთხელ იყო შემჩნეული დარეჯანის ცემაში, ამიტომ მას ჩვენთან მოსვლას ვუკრძალავდითო.

ზურაბ ომანაძის ჩვენებიდან:
"ჩემს რძალს სახლში უვარდებოდა, როცა ის მარტო იყო. მე ვმუშაობ და გვიან მოვდიოდი. ჩემი ვაჟიც, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა და გვიან მოდიოდა სახლში. ქალები გვიმალავდნენ მის უხეშ საქციელს, რომ მამაკაცებს არ გვეჩხუბა. ცოლიც ჰყავს და შვილებიც, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავისი დის ნათლიასთან. ეს ამბავი რომ გავიგე, ვთქვი, ასეთი კაცი სახლში შემოსაშვები არ არის-მეთქი და ავუკრძალე ჩვენთან მოსვლა... ჩემს რძალს ოქროებიც გამოსძალა და დაალომბარდებინა. ბოლოს ამის გამოც ჰქონდათ უთანხმოება. მკვლელობის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, დარეჯანი სხვაგან მოკლა და მერე აიტანა ლისის ტბაზე... ამ ტრაგედიის მერე ძილი არ მაქვს; გულზე მიწევს შვილიშვილი, რომელიც სულ დედას ეძებს".

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ვერსიით, დეიდაშვილის მიმართ ძალადობის ვერსიაც განიხილებოდა. ახლობლები იმასაც არ გამორიცხავდნენ, რომ მახარეს დარეჯანი შეუყვარდა, მასზე ძალადობას ცდილობდა და წინააღმდეგობის გამო სცემდა ქალს. მათი თქმით, მოკლული - პატიოსანი, მოსიყვარულე ქალი, კარგი მეოჯახე და შვილებზე მზრუნველი დედა იყო. ექსპერტიზით არ დადასტურდა ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ წამების კვალი გვამს ნამდვილად აღენიშნებოდა.  
სასამართლო სხდომაზე ექსპერტი ქეთევან ბედენაშვილი დაკითხეს. მისი თქმით, გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქარდავას სიკვდილის მიზეზი ასფიქსია იყო. გარდაცვლილს სხეულზე სხვა დაზიანებები და სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა. ექსპერტის განმარტებით, სხეულზე იყო სიკვდილის შემდგომი დაზიანებებიც, რომელიც მჭრელი ნივთით იყო მიყენებული. გარდა ამისა, მახარე დარსალიას სახლიდან ამოიღეს ქურთუკი, რომელიც დაზიანებული იყო. ექსპერტი არ გამორიცხავდა, რომ ეს დაზიანება ფიზიკური ძალის ზემოქმედებით წარმოქმნილიყო. 

სასამართლო პროცესზე ციხიდან მოიყვანეს მოკლულის მეუღლე, დიმიტრი ომანაძე, რომელმაც აღნიშნა:
"დარსალია ჩემი მეუღლის დეიდაშვილია. 2003 წელს დავქორწინდით მე და დარეჯანი. ორი შვილი გვყავს. მახარე დარსალიაც ჩვენთან ახლოს, ქირით ცხოვრობდა. ჩემი მეუღლე არ მუშაობდა და ძირითადად სახლში იყო. ბოლო დროს ხშირად ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა თავის დეიდაშვილთან. ის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, როცა დათვრებოდა ხოლმე; მერე კი "ბოდიშებს" იხდიდა. ერთხელ დარეჯანს სერიოზული დაზიანებაც ჰქონდა. 3 მაისს, დილის 10 საათზე გავედი სახლიდან. მეუღლეს ბავშვები წაეყვანა და მერე საავადმყოფოში მისულიყო, რადგან უფროს შვილს პოლიპების ოპერაცია სჭირდებოდა. 14 საათიდან უკვე ზარებს არ პასუხობდა. საღამოს მახარემ დამირეკა და მითხრა, ბავშვები პედაგოგმა მოიყვანაო. გამიკვირდა და სასწრაფოდ სახლში წამოვედი. მახარემ ჩემი მეუღლის გაუჩინარება გაიკვირვა. პოლიციაში განვაცხადეთ და დაკითხვაზე ყველანი დაგვიბარეს, მათ შორის - დარსალიაც. ჩვენება მისცა, მომხდარზე არაფერი ვიციო, კატეგორიულად უარყო ჩემს მეუღლესთან ერთად იმ დღეს ყოფნის ფაქტი. 7 მაისს კი საუბარში მითხრა, დარეჯანს იმ დღეს "ავერსის" კლინიკაში მე გავყევიო. თავიდან რატომ დამალა ეს ამბავი, არ ვიცი. მასზე არ მიეჭვიანია, რადგან ის მისი დეიდაშვილი იყო. მერე როგორც გავიგე, იმ დილით ერთმანეთთან შელაპარაკებაც მოსვლიათ, ელექტროენერგიის გადასახადის გამო. დარეჯანი ფულს აგროვებდა, მახარემ თანხა რამდენიმე დღით სთხოვა და დაუხარჯა, ფული კი შესატანი იყო. ვადასტურებ, რომ დარსალიას მისი დისშვილის ნათლია უყვარდა. მე და ჩემი მეუღლე მას ამ საკითხზე ბევრჯერ ვესაუბრეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოფილიყო მათი კონფლიქტის მიზეზი. ჩემი ცოლის ძებნის პერიოდში დარსალია სახლში იყო. ცხედრის აღმოჩენამდე, წინა დღით მითხრა, რომ ჩემთან სალაპარაკო ჰქონდა: ამას მარტო ვერ გეტყვი, ბიძაჩემთან ერთად გეტყვიო... მერე გავიგეთ, რომ დააკავეს".

განსასჯელს დაუპირისპირდნენ: მოკლულის დაქალი, ლიკა შენგელია და მისი ქმრის ბიცოლა. ისინიც ამხელდნენ დარსალიას ქარდავას ცემაში. მოწმეების დაკითხვის შემდეგ, სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ვერსია გაამჟღავნა. საქმის მასალების მიხედვით: მახარე დარსალია 3 მაისს, თავისი ინიციატივით გაჰყვა დეიდაშვილს, დარეჯან ქარდავას საბურთალოზე, სამედიცინო კლინიკაში. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას რამდენჯერმე უსაყვედურა და შენიშვნა მისცა დარეჯანს მის მანერებთან და ქცევებთან დაკავშირებით, რასაც ეს უკანასკნელი ავლენდა უცხო მამაკაცებთან ურთიერთობისას. ამავდროულად გამოთქვა ეჭვი, რომ მას "ჰყავდა საყვარლები". სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, მათ ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათ შორის წამოწყებული საუბარი სიტყვიერ კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც მახარე დარსალიამ, დარეჯანს განზრახ მოკვლის მიზნით, ყელში ხელები წაუჭირა და მოგუდა, რის შემდეგადაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დარეჯანის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურორის მიერ გამჟღავნებულმა დანაშაულის მოტივმა დაზარალებული მხარის წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია და მათ ბრალდებულისგან სიმართლის თქმა მოითხოვეს. "ამას ასე არ დავთმობთ, ჩემი შვილის სახელის შებღალვის უფლებას არავის მივცემ. თქვას სიმართლე განსასჯელმა, მისცეს სასამართლოს ჩვენება!" - ამბობდნენ ისინი. არც ერთ ადამიანს, რომელიც დარეჯანს იცნობდა, არ სჯერა ამ ვერსიის და მოკლულის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება.

ბრალდების ვერსიას კატეგორიულად არ დაეთანხმა თავად განსასჯელიც. მან წარდგენილ ბრალდებაში თავი საერთოდ არ ცნო დამნაშავედ. მახარე დარსალიას საქმეში ადვოკატი თემურ გოქსაძე სასამართლო გამოძიების ეტაპზე ჩაერთო, ამიტომ ბრალდებულის მტკიცებულებების გამოკვლევის საშუალება არ მიეცა. მას სურდა, დაკითხულიყვნენ განსასჯელის ძმა და სიძე, მაგრამ ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რადგან შუამდგომლობების დაყენების ეტაპი უკვე გასული იყო. ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ მხოლოდ ბრალდებულის დაკითხვის ნაწილში დააკმაყოფილა და მახარე დარსალიას ჩვენების მიცემის საშუალება მისცა. ბრალდებულმა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება უარყო.

მახარე დარსალიას ჩვენებიდან:
"ბრალი მედება ჩემი დეიდაშვილის მკვლელობაში, რაც აბსურდია და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. დარეჯანი ჩემი დეიდაშვილია და ჩემი მხრიდან მასზე ზედმეტ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 3 მაისს ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, რომ ბავშვი საოპერაციო ჰყავდა და კლინიკაში უნდა წასულიყო სიტუაციის გასარკვევად. ერთმანეთთან კარგად ვიყავით და გავყევი. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, ერთმანეთს "დელისის" მეტროსთან დავცილდით, დარეჯანი სახლში მიდიოდა, მე წერეთლის მიმართულებით წავედი, რადგან ტელეფონი მქონდა შესაკეთებელი. გზაში გამახსენდა, რომ ტელეფონი სახლში მქონდა დატოვებული, ამიტომ მიმართულება შევიცვალე და მეც სახლში წავედი; იქიდან - წერეთელზე, მერე - სამსახურში. 7 საათი სრულდებოდა, სახლში რომ დავბრუნდი და ამ დროს, წესით, დარეჯანის ბავშვები სახლში უნდა ყოფილიყვნენ. ბავშვები მოვიკითხე. მითხრეს, ალბათ ქვემოთ, ბაბუასთან იქნებიანო. საჭმელს ვჭამდი, რომ შემოვიდა მასწავლებელი და თქვა, ბავშვები უყურადღებოდ რატომ არიანო? ისინი მან მოიყვანა. ლიკა შენგელიაც იქ იყო. გაგვიკვირდა და დარეჯანის მეუღლეს დავურეკე. დარეჯანის ტელეფონი კი გათიშული იყო. უბანში ნათესავებთან ერთად, მეც ვეძებდი დარეჯანს, მაგრამ - უშედეგოდ. მესამე დღეს სამსახურში მომიწია წასვლამ, რადგან ფული სულ არ მქონდა. სამსახურიდან რომ მოვედი, ლიკა შენგელიამ მითხრა, რომ გამომძიებელს დაბარებული ვყავდი. მას აინტერესებდა, რა ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ნაჩხუბარი ვიყავი მხოლოდ მის მამამთილთან, რადგან ის ძალიან ეჭვიანი ადამიანია. დარეჯანის დაკარგვის შემდეგ სოფლიდან დეიდაჩემი, ბიძები და დეიდაშვილი ჩამოვიდნენ. 2-3-მა ადამიანმა მითხრა, რომ მე მექნებოდა კავშირი მის გაუჩინარებასთან. არაფერი მითქვამს, თავი შევიკავე ჩხუბისგან... სამსახურში ვიყავი, მანქანა რომ მოვიდა და წამიყვანეს პოლიციის სამმართველოში. იქ დამხვდა ლიკა შენგელიაც. ვკითხე, სიახლე ხომ არ იყო. არაფერი ვიციო. სამმართველოში პროკურორის და გამომძიებლის მხრიდან როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ, გლდანის ციხეში გადამიყვანეს და იქ გაგრძელდა ჩემი "დამუშავება". იქ შედგა ვითომდა აღიარების ოქმი, თავიანთი "შეკერილი", სადაც ხელი უნდა მომეწერა. შინაარსი ამაზრზენი იყო, არ მინდა დეტალურად თქმა. ამით ჩემი დეიდაშვილი შეურაცხყოფილი იყო და მაიძულებდნენ, ხელი მომეწერა. მაშინ გავიგე, რომ დარეჯანი გარდაცვლილი იყო. ოქმზე ხელის მოწერას მოითხოვდნენ. უარს ვამბობდი და ვითხოვდი ადვოკატს. დავაპირე მეორე სართულიდან გადახტომა და დავღვარე ბლომად სისხლი, "სასწრაფო" გამოიძახეს... მერე, ბევრი რამ არ მახსოვს. კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მიმიყვანეს, სუსხი იყო და გამოვფხიზლდი. მერე ისევ გონება დავკარგე. ისევ რომ ჩამიყვანეს, წვიმის წვეთებმა გამომაფხიზლა. გონზე რომ მოვედი, უკვე სამმართველოში ვიყავი, სადაც მოვიდნენ პროკურორი და გამომძიებელი, მომიტანეს ბრალის დადგენილება და მაიძულეს ხელმოწერა. განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში დამადანაშაულეს. პროკურორი ჭანკოტაძე დამემუქრა, თუ ხელს არ მოვაწერდი... ამიტომ მოვაწერე. როცა ადვოკატი მოვიდა, მაშინვე ვთქვი, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. დაზიანებები მქონდა, მაგრამ ჩემთვის ექსპერტიზა არავის ჩაუტარებია. საგამოძიებო ექსპერიმენტზეც ჩემი ხელმოწერები - ზეწოლის შედეგია... დილით ელექტროენერგიის გადასახადის გამო ვიკამათეთ მე და დარეჯანმა. სერიოზული ჩხუბი არ ყოფილა. სამმართველოში წყლით სავსე ბოთლს მირტყამდა პროკურორი, საფერფლე კი გამომძიებელმა ჩამარტყა. მემუქრებოდნენ გაუპატიურების მუხლის "შეგდებით" და ახლაც არ ვიცი, რას გამიჩალიჩებდნენ. წაყენებული ბრალდებით ისედაც შოკირებული ვიყავი. ჩემი დეიდაშვილი მე არ მომიკლავს".

ბრალდებულის ადვოკატმა თემურ გოქსაძემ მისი გამართლება მოითხოვა. "პატიმარზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ მან თვითმკვლელობა სცადა. მიმართა პროკურორს, სახალხო დამცველს, საექსპერტო სამსახურ "ემპათიას". სხვა რა უნდა ექნა პატიმარს?! ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მას რომ გაეგუდა ქარდავა, მისი ხელის ფრჩხილებზე აუცილებლად დარჩებოდა კვალი. მათ ჰქონდათ ყოფითი პრობლემები, მაგრამ ეს კინკლაობას არ გასცილებია. მეტროპოლიტენის სადგურ "დელისთან" დაშორდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ დარეჯან ქარდავა გაუჩინარდა. ქარდავა დამხრჩვალი იპოვეს. მათი შეხვედრის ამბავი დარსალიამ დაკითხვაზე იმ მოტივით დამალა, რომ დარეჯანის დედამთილისთვის ეჭვიანობის საბაბი არ მიეცა. არადა, მასზე მართლა ეჭვიანობდნენ, რასაც ბრალდებული ძალიან განიცდიდა. შემდეგ, დარსალია თავისი ნებით გამოცხადდა გამომძიებელთან და აუხსნა, თუ რატომ დამალა სიმართლე. მათ ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, ვითომ დარსალიამ გაიყვანა ისინი შემთხვევის ადგილზე და მან გაახსნევინა საქმე. თუმცა ექსპერიმენტის დროს დარსალია არსად ჩანს გადაღებულ ფოტოებში. არ ჰყავდა ადვოკატი. ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც დარღვევით არის მოპოვებული, დაუშვებელია. როგორც თვითონ ამბობს, მას პოლიციის სამმართველოში დაუდეს წინ დეიდაშვილის ტელეფონი... ვითხოვ მის გამართლებას", - თქვა ადვოკატმა გოქსაძემ.
მახარე დარსალიას მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულად ცნო სასამართლომ. მას დეიდაშვილის მკვლელობისთვის 13 წელი მიუსაჯეს; ამას დაემატა ქურდობის ეპიზოდი და საბოლოოდ, 16 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრეს.

განაჩენი ბრალდების მხარემ აპელაციაში გაასაჩივრა. მართალია, ბრალდებული დანაშაულს უარყოფს, მაგრამ დაზარალებულებს ეჭვი არ შეაქვთ ამაში და დარწმუნებულები არიან, რომ დარსალიამ მოკლა დეიდაშვილი. გამოტანილი განაჩენით ისინიც უკმაყოფილო იყვნენ და აღნიშნეს, რომ დარსალია უფრო მკაცრად უნდა დასჯილიყო.

თეა ხურცილავა
"გზა", 2012 წელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
31.03.2015
Kmari rasaetebda amdros vergaigdopexkvesh aksull sxva ragac aris gamodzieba mcdar kvalzea ragac ararealuradaa sackaligogo upatrono kopila
09.03.2015
აქ სულ სხვა რამ იმალება. რაღა მანდამაინც იმ ბინაში დაიქირავა ბინა სადაც მისი დეიდაშვილი ცხოვრობდა, და მეორე მთავარი ქმარი რას ამბობდა თუ დეიდაშვილი ასე სცემდა?????
ნანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი