რა გზას გადის პატიმარი დაკავებიდან სასჯელის მოხდის ბოლო დღემდე
font-large font-small
რა გზას გადის პატიმარი დაკავებიდან სასჯელის მოხდის ბოლო დღემდე
ცოდვის ტრიალი დღესასწაულებზე და პატიმრების ცემისგან გადაღლილი ჯალათები გლდანის მე-8 საპყრობილეში

ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულია, როცა ღამე კოშმარს ხედავ, გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ სახლში ხარ...

იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ციხეებში ბევრი ითქვა და დაიწერა. არ შეგაწყენთ თავს იმავეს გამეორებით. როგორც ყველა, ბუნებრივია, მეც აღვშფოთდი ნანახით და პროტესტის გრძნობაც გამიჩნდა. თავი ვალდებულად ჩავთვალე, გლდანის მე-8 საპყრობილესთან (აქვე გეტყვით, რომ სიტყვა "საპყრობილეს" ვერ იტანდა სასჯელაღსრულების ვერც ერთი თანამშრომელი. მის ნაცვლად ყველგან გამოიყენებოდა სიტყვა - "დაწესებულება", მაგრამ, ჩემი პირადი მოსაზრების გამო, ამ სტატიაში სწორედ "საპყრობილეს" გამოვიყენებ) მივსულიყავი და პატიმრებისთვის სოლიდარობა გამომეცხადებინა. 22 სექტემბერს, საღამოს, იქ სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა. როდესაც მომიტინგეები დაიშალნენ და ადგილზე მხოლოდ პატიმრების მშობლები დარჩნენ, ჩემი ყურადღება რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცმა მიიპყრო. მათი ლაპარაკიდან მივხვდი, რომ ყოფილი პატიმრები იყვნენ და იქაურ ამბებს იხსენებდნენ. გამოველაპარაკე და კითხვებზე გულახდილი პასუხებიც მივიღე. მართალია, თემა თითქოს "გაცვდა" და ვფიქრობდი, რომ ახალს ვერაფერს გავიგებდი, მაგრამ მერწმუნეთ, მოსმენილმა არანაკლებ შემძრა, ვიდრე წინა დღეებში ტელევიზიით ნანახმა კადრებმა. გასაგები მიზეზების გამო რესპონდენტების სახელებს შევცვლი და მათ ნაამბობს შეულამაზებლად გადმოგცემთ.

ლაშა, 28 წლის:
- სასჯელს დანაშაულის დაფარვის გამო ვიხდიდი. ციხეში 3 წელი გავატარე. მათგან წელიწად-ნახევარი - გლდანის მე-8 საპყრობილეში. ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი. პატიმარი ციხეში შემოსვლის პირველივე წუთებიდან გრძნობს, რომ სრულიად უცხო და სასტიკ სამყაროში მოხვდა. ჩემთვის პირველი "სროკი" იყო და ბუნებრივია, წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. როდესაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შემიფარდა და გლდანში გადმომიყვანეს, გზაში პოლიციელებმა მკითხეს - იცი, როგორ ხვდებიან გლდანში პატიმრებსო? - არა-მეთქი. - ახლა გაიგებ, როგორი სტუმართმოყვარეები არიან იქ, მაგრამ მეგობრულ რჩევას მოგცემ, თუ გინდა, რომ ბევრი არ მოგხვდეს, არ შეეწინააღმდეგო, არ იბლატაო, თავდახრილმა მიიღე ყველაფერი, რაც მოხდებაო. ე.წ. კარანტინის შესასვლელში ის თანამშრომელი დამხვდა, რომელიც ახლა ამ ამბების გამოა დაჭერილი. მას მეტსახელად ბასტის ეძახდნენ. - ხელები უკან, ბიჭო, აქ ქუჩა ხომ არ გგონიაო, - იმხელა ხმით მიყვირა, რომ ლამის გული გამიჩერდა. აი, აქედან იწყება უკვე საშინელებათა ფილმი... კარანტინში შემაგდეს. ერთი საშუალო ზომის ოთახია, რომლის ფანჯრებიც საგულდაგულოდაა დაგმანული და უამრავი ადამიანია მოთავსებული. ჩემი ვარაუდით, იმ დღეს 300-ზე მეტი პატიმარი იყო იქ. კარანტინში იმდენ დღეს გაჩერებენ, რამდენიც პარასკევამდეა დარჩენილი, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ე.წ. კარანტინის დაშლა. კედელზე მიმაგ¬რებულია რამდენიმე "შპონკა" ანუ "ნარი" ანუ საწოლი, რომელზეც, რა თქმა უნდა, ლეიბი არ აგია. თუ სახალხო დამცველი შემოდიოდა, ლეიბს მხოლოდ მაშინ აგებდნენ სასწრაფოდ. სუნთქვა შეუძლებელია, ჰაერი არ გყოფნის... თან იძულებული ხარ, რომ ფეხზე იდგე. დილით თითო პატიმარს თითო პურს აძლევენ, საჭმელს კი ამდენ ადამიანს 2 დიდი გობით აწვდიან, საიდანაც ყველა ერთად ჭამს. მე მხოლოდ პურს ვჭამდი, ვინაიდან არ შემეძლო სხვისი "ხელის ნაბანი" საჭმლის ჭამა. კარანტინში ტუალეტი არის, მაგრამ არ არის ტუალეტის ქაღალდი. ასეთ პირობებში მყოფი ადამიანები რომ საერთო გობიდან შეჭამენ, თუ ოდნავ ზიზღის გრძნობა გაქვს, იმ გობიდან ვერ შეჭამ. თან, ამდენი მოშივებული პატიმარი მივარდება გობს, ხელებს ყოფს, წვენში პურს აწობს... საშინელებაა ამის ყურება.

გიორგი, 25 წლის:
-
კარანტინში სიგარეტის მოწევა არ შეიძლება და ამის გამო ისეთი "ლომკა" გაქვს, რომ სხვა ვერაფერზე ფიქრობ. ხომ ნახეთ კადრები, როგორ შლიან კარანტინს. წინასწარ იცი, რომ მაგრად მოგხვდება, მაგრამ იქ ისეთ საშინელ პირობებში ხარ, ნატრობ, საკანში მალე გაგიყვანონ. პარასკევს დილიდან იწყება კარანტინის დაშლა. გვერდითა ოთახში 5-5 პატიმარი გაჰყავთ და წრეში ჩამდგარი "მუტ¬რუკები" გცემენ. როცა ტელევიზიით კარანტინის დაშლის ის კადრები ვნახე, ყველა თანამშრომელი ამოვიცანი. კადრში მარცხენა მხარეს ვინმე ვახოც დგას, რომელიც არ დაუკავებიათ, 24-25 წლის ბიჭია, ძალიან სასტიკია. ის, რაც ტელე¬ვიზიით აჩვენეს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში მაგ დროს ხდება. როგორც ჩანს, მაგ "გადაღების დღეს" ვერ იყვნენ ხასიათზე და შედარებით მსუბუქად წამოარტყეს ბიჭებს. ერთი ფეხს გამოგდებს ფეხებში, წაგაქცევს და რამდენიმე კაცი მთელი ძალით გირტყამს. თუ ამოიკვნესებ, გაცილებით მეტი მოგხვდება. თან ხმამაღლა, ბოლო ხმაზე ხარხარებენ...

ლაშა:
- საშინელებაა ამ ხარხარის მოსმენა. ახლაც ყურებში მიდგას და ღამით ხშირად მეღვიძება, როცა ჩამესმის. ასე მგონია, ვიღაც თავზე მადგას და ხარხარებს. ამაზრზენია, ამ დროს ისეთი დამცირებული ხარ, რომ სიცოცხლეც აღარ გინდა. ყოფილა შემთხვევა, ცემის დროს, პატიმარს გონი დაუკარგავს. წყალს მიასხამენ და ისევ სცემენ...

გიორგი:
- ის მიკვირს, რომ არ სწყინდებათ. როგორ შეიძლება, ადამიანმა ეს საქმე მუდმივად აკეთო და არ მოგბეზრდეს. სად უნდა გქონდეს ამდენი აგრესია დაგრო¬ვებული, რომ ადამიანს, რომელსაც შენთვის არა¬ფერი დაუ¬შავებია, ასე სასტიკად გაუსწორდე. იცით, რატომ არიან ბევ¬რნი კა¬რანტინის დაშლაზე? იმიტომ, რომ იმ დღეს და¬ახლოებით 300-მდე ადამიანი გადაჰყავთ საკანში და ცოტა¬ნი რომ იყვ¬ნენ, დაიღლებიან. 300 ადამიანის ცემას ეხუმრებით? ასე კი ერთმანეთს ენაცვლებიან და აღარ იღლებიან.

ლაშა:
- საკანში რომ შედიხარ, დამხვდური პატიმრები გეცნობიან, უნდა მოუყვე, რისთვის "ზიხარ", შემდეგ ქცევის წესებს გაცნობენ. მაგალითად, როცა რომელიმე პატიმარი ლოცულობს ან სანთელი ანთია, ტუალეტში შესვლა არ შეიძლება და ა.შ. კარანტინიდან გამოსვლისა და ცემის შემდეგ შოკშია ყველა პატიმარი. მით უმეტეს - ვინც პირველად ხვდება იქ. მახსოვს, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოიყვანეს. ზედა ნარზე აძვრა და მთელი დღეების განმავლობაში იწვა, ხმას არ გვცემდა. რაც გვითხრა, ის იყო, რომ დღე-დღეზე გავიდოდა იქიდან და ელოდებოდა იმ დღეს. გავიდა 1 თვე... 2 თვე... ერთ დღეს ჩამოხტა ნარიდან და გვითხრა, ლექსი დავწერეო და წაგვიკითხა. გაგვეცინა - 2-თვიანი დუმილის მერე ამოიღო ხმა და ლექსი წაგვიკითხა. მერე "ჩვეულებრივ პატიმრად" იქცა. როგორც ჩანს, ის პერიოდი შესაგუებლად სჭირდებოდა. ყველა ერთნაირი ხომ არაა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ალბათ ჩაკეტილი სივრცის ბრალია, რომ პატიმრებს ტკბილეულზე აქვთ მოთხოვნილება. მაღაზიიდან (იქ "ლარიოკს" ვეძახდით) ყუთით ამოგვქონდა ხოლმე ვაფლი ან "პეჩენია" და წამში აღარ იყო. მე ე.წ. "ჩ" კორპუსში ვიყავი, რომელიც თანამშრომლების სისასტიკით იყო განთქმული. ოლეგ ფაცაცია, რომელიც ახლა დაკავებულია, სულ ჩვენს კორპუსში იყო ხოლმე. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ მუხურიდანაა და ჩვენთან სასჯელს მისი მეზობელიც იხდიდა. სანამ ის ბიჭი ჩვენს საკანში იყო, არ გვცემდნენ. გაასამართლეს თუ არა, მაშინვე გადაიყვანეს. აბა, თავისთან ხომ არ დატოვებდა? ხელი შეეშლებოდა ჩვენს წამებასა და დამცირებაში. ბატონი გიორგი ბუთლიაშვილი, რომელზეც თავიდან ბევრი ილაპარაკეს ტელევიზიით და რომელიც ახლა ლაგოდეხის პოლიციის უფროსი გახლავთ, ბაჩო ახალაიას მეჯვა¬რეა და დარწმუნებული ვარ, ხელსაც არ ახლებს არავინ, - სასტიკი ადამიანი გახლავთ და ვფიქრობ, პოლიციაშიც ვერ მო¬ითმენს, რომ ხალხი არ აწამოს. დადგებოდა დერეფნის თავში და ყვიროდა - ილოცეთ, სანამ თქვენს საკანს გავაღებო. ჩამოივლიდა საკნებში და პატიმრების ცემით გულს იჯერებდა. საამისოდ მიზეზი არ სჭირდებოდა. ფაცაცია თუ გუნებაზე არ იყო, დილით გამოაცხადებდა, რომ არც ერთი პატიმარი არ უნდა დამჯდარიყო ან არ უნდა წამოწოლილიყო ნარზე. შემდეგ მოულოდნელად გამოწმებდნენ "ვალჩოკიდან" (სპეციალური ხვრელია კარში დატანებული, პატიმრების სათვალთვალოდ) და თუ მის მოთხოვნას არ ასრულებდი, მაგრად მოგხვდებოდა. მარტო იმას კი არ სცემდნენ, ვინც ურჩობდა, მთელ საკანს უსწორდებოდნენ. ამიტომ, ვალდებული იყავი, დამორჩილებოდი, რომ შენ გამო სხვები არ დასჯილიყვნენ.

გიორგი:
- ოლეგ ფაცაციას საგანგებოდ, წვეტიანი ფეხსაცმელი ეცვა და პატიმრებს სწორედ იმ "წვეტებით" უსწორდებოდა. მახსოვს ერთხელ, გვერდითა საკნიდან ისმოდა ხმა - საკმაოდ ასაკოვანი პატიმარი ეხვეწებოდა, ნუ მცემ, ციროზი მაქვს, ისედაც დღეები მაქვს დათვლილი და ნუ მომკლავო. წააქცია და ღვიძლის არეში ურტყა ფეხსაცმლის წვერი... შენ რომ გცემენ, ხომ საშინელებაა, მაგრამ სხვა საკნებიდან რომ გესმის ღმუილის, ყვირილის ხმა, ეგ უფრო გთრგუნავს და გაგიჟებს. ერთხელ კიდევ - გვერდითა საკნის ფანჯრიდან პატიმარმა კატას სოსისი გადაუგდო. ნამდვილი არმაგედონი დაატრიალეს იქ... სასტიკად გაუსწორდნენ ყველას.

ლაშა:
- შემოცვივდებოდნენ საკანში და დაიძახებდნენ, - აბა, ყველანი "შპონკის" ქვეშ შეძვერითო! თავმოყვარე ადამიანი არ შეძვრება, რა თქმა უნდა. ზოგიერთი მაშინვე ასრულებდა ბრძანებას. იცი, მაინც უნდა მოგხვდეს და ბუნებრივია, თავს არ დაიმცირებ. ჰოდა, მოგვარდებოდა, წაგაქცევდა და წიხლით შეგტენიდა მაინც. ასე შეტენიდა დანარჩენებსაც, ვინც ეურჩებოდა და ნებით არ ძვრებოდა. მერე დაი¬ბარებდა, სანამ არ გეტყვით, არ გამოხვიდეთო და გავიდოდა. ბუნებრივია, იქ არ დარჩებოდი. შეგამოწმებდა და ხელახლა გცემდა, რომ გეკითხა, მორწმუნეები იყვნენ, თითქმის ყველას ჯვარი ეკიდა კისერზე, ზოგიერთზე ამბობდნენ, მარხულობსო... როგორ გგონიათ, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი ხატებს შეურაცხყოფს? ხატების კუთხე თითქმის ყველა საკანშია. მოუსვამდნენ ხელს და ძირს ყრიდნენ ყველაფერს. ასეთი ძალადობა ყოველდღე ხდებოდა... ხაზს ვუსვამ - ყოველდღე და არა, ხანდახან, როგორც პრეზიდენტი ამბობს ხოლმე, თავის ბოლოდროინდელ გამოსვლებში.

გიორგი:
- ყველაზე მეტად დღესასწაულები გვძულდა. ცოდვის ტრიალი იყო ხოლმე, მაგ დღეებში, რადგან ციხის თანამშრომლები მთვრალები იყვნენ და აგრესია ემატებოდათ. არ გასულა დღესასწაული, რომ არ ვეცემეთ. ერთი პერიოდი, ჩვენს სართულზე, ყოველ საღამოს, რაღაცნაირი, არაადამიანური ბღავილი ისმოდა ხოლმე. ეს ის ხმა არ იყო, რასაც ადამიანი ცემის ან წამების დროს გამოსცემს. კარგა ხანს ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა. შემდეგ თქვეს, რომ თურმე ძროხის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს ახალგაზრდა მამაკაცი და ყოველ საღამოს ძროხასავით ბღავილს აიძულებდნენ და მერე სცემდნენ. რაც შეეხება ლადო ბედუკაძეს, ჩვენს კორპუსზე მუშაობდა. ვინც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მასზე ჰუმანური ადამიანი გლდანის საპყრობილეში არ მუშაობდა. ნებისმიერ პატიმარს ჰკითხეთ და გეტყვით, რომ მას არასოდეს არავინ უცემია და მით უმეტეს - უწამებია. როცა ის იყო მორიგე, გვიხაროდა, რადგან ვიცოდით, იმ დღეს არავინ გვცემდა. თან მაღალი პოსტი ეკავა და ყველა ემორჩილებოდა. ხშირად შემოსულა საკანში და უთქვამს, - გაუძელით, ბიჭებო, გპირდებით, რომ აღვადგენ თქვენს შელახულ პატივმოყვარეობასო. ახლა აბრალებენ, წამებაში მონაწილეობდაო. არ დაიჯეროთ, ეს ტყუილია. მიკვირს, რატომ არ მოსვლია აზრად თუნდაც ერთ ჟურნალისტს, რომელიც ამ დღეებში ციხეში შევიდა და პატიმრებს დაელაპარაკა, ბედუკაძეზე რამე ეკითხა? ნამდვილად ვიცი, რა პასუხსაც მიიღებდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მან გამოააშკარავა წამების ფაქტები და მადლიერი ვარ მისი. მართლა ასე იყო.

ლაშა:
- რა მიკვირს, იცით? დგანან და მარტო გლდანის საპყრობილეზე ლაპარაკობენ... ხმა ამოიღონ, რა ხდება სხვა ციხეებსა თუ ზონებში. ბატონი ტუღუში რომ გაიძახის, ამას ვიზამ და იმას ვიზამო, როცა სახალხო დამცველი იყო და ბოლო ანგარიში დაწერა ქსნის მე-15 კოლონიიდან, მაშინ იქაური მწამებელი თანამშრომლების გვარებს ასახელებდა, ახლა კი დუმს... მათ აღარც კი ახსენებს... გახსოვთ ალბათ, 800-მა პატიმარმა რომ მოაწერა ხელი საჩივარს, წამებისა და უღირსი მოპყრობის ფაქტების შესახებ. ქსანში 1 თვე ვიყავი. გლდანიდან რომ გადამიყვანეს, იქ მისვლისთანავე ისე მცემეს, 2 კვირა გონზე ვერ მოვდიოდი. ელექ¬ტროშოკით მაწამეს... ბევრს გაჰყვიროდა მაშინ ტუღუში, დიმა ჩხეიძისა და სხვების შესახებ... ახლა ჩუმადაა... ნუთუ აღარ ახსოვს? გლდანშიც და ქსანშიც პატიმრის აბანოში ცემა აპრობირებული მეთოდია. სველ იატაკზე გადაგდებდნენ და სიკვდილის პირას მიგიყვანდნენ. წარმომიდგენია, ახლა რომ ამ ჯალათებს პატიმრის ცემა აუკრძალეს, როგორი "ლომკა" აქვთ, ალბათ ხელები ექავებათ. ქსნის კოლონიაში ნაცემი აბანოში დამაგდეს და 3 დღე არც არავის ვუკითხავვარ, ცოცხალი ვიყავი თუ - მკვდარი... კარიც არ გაუღიათ... იატაკზე მეძინა და მხო¬ლოდ წყალს ვსვამდი. 3 დღის მერე გამომიყვანეს და საკანში გადამიყვა¬ნეს. იქ წესით, არ უნდა იყოს კარცერი და ფიზიკურად ასეთი ოთახი არც არსებობს. აბანო ასრულებს კარცე¬რის ფუნქციას. ქსნიდან რუსთავში გადამიყვანეს, სადაც ანალოგიური სიტუაცია იყო. მიყვანისთანავე რამდენიმე თანამშრომელმა ერთდროულად მცემა, თან ისე სასტიკად, რომ საკუთარი ძალისხმევით ვერ გადავაადგილდებოდი და ვერც ვჭამდი. პატიმრები მივლიდნენ, თავისი ხელით მაჭმევდნენ და ფეხზე წამომაყენეს. საპყრობილეებში არიან პატიმრები, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან გარკ¬ვეული შეღავათებით სარგებლობენ. როგორც კი სახალხო დამცველი ან ვინმე უფლებათა დამცველი შემოვიდოდა, როგორც დარიგებულები იყვნენ, ისინი გარშემო შემოეხვეოდნენ და დანარჩენ პატიმრებს მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. - პრეტენზია ხომ არ გაქვთო? - თუ გვკითხავდნენ, ისინი ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ, - რა პრეტენზია, ყველაფერი კარგადააო. რომ მოგეწადინებინა, ახლოს ვერ მიეკარებოდი გარედან შემოსულ ადამიანს, რომ შენი გულისტკივილი გეთქვა. 

გიორგი:
- საქმე ის არის, რომ ამის შესახებ პაემანზე მოსულ ოჯახის წევრებსაც ვერ ეუბნები. ტელეფონები ისმინება და ისინი რომ წავლენ, უარეს დღეში აღმოჩნდები. თანაც, რა აზრი აქვს? სამართალს ამ ქვეყანაში ვერ იპოვი და ტყუილად უნდა ანერვიულო მშობლები. რაც მეტს იყვირებ სისტემის მანკიერ მხარეზე, მით მეტი მოგხვდება. განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ იმ პატიმრებს, რომლის ადვოკატიც ბევრს ყვიროდა ან სტრასბურგში ჰქონდა გასაჩივრებული საქმე. აუუუ, მტერს არ ვუსურვებ ასეთი პატიმრების ადგილზე ყოფნას. ბევრი შემოჰკვდომიათ ცემაში ან ისე დაუინვალიდებიათ, რომ სავარძელსაა მიჯაჭვული... ამას ყოველდღე რომ უყურებ, მერე ცდილობ, აღარ გააღიზიანო და იქიდან საღ-სალამათმა და ცოცხალმა გამოაღწიო. როცა სასჯელის ვადა იწურება და შინ უნდა წახვიდე, შემოდის მორიგე, გვარს დაიძახებს და - "სვაბოდაზეო". ბევრი პატიმარი ასეთ დროს ფეხზე წამოდგომასაც ვერ ახერხებს. სხვები მხარში შეუდგებიან ხოლმე და გარეთ გამოჰყავთ. მოცელილებივით არიან, იმდენად დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ შინ მიდიან. ჩემი ზონაში ყოფნის დროს ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ გასული პატიმარი უკან მალევე დაბრუნებულა... სულ მიკვირს ასეთი ხალხის. ასეთი ჯოჯოხეთი გაიარო და კიდევ რაღაც დააშავო?

ლაშა:
- უკვე 8 თვეა, გარეთ ვარ და კოშმარებისგან ახლაც კი მეღვიძება ღამე. ყველა "მოქმედ" თუ ყოფილ პატიმარს რეაბილიტაციის კურსი სჭირდება. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულია, როცა ღამე კოშმარს ხედავ, გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ სახლში ხარ... ამ დროს სიხარულისგან ხმამაღლა სიცილი, ყვირილი გინდება, რომ ყველამ გაიზიაროს შენი სიხარული. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რომ გამოხვალ, პირველ რიგში ცას უნდა ახედო, პირჯვარი გადაიწერო და თქვა: გმადლობ, ღმერთო, რომ გამაძლებინე და ცოცხალი ვბრუნდები ოჯახში...


ბექა ხოტივარი
"გზა", 2012 წელი



¬
ბეჭდვა