მცირეწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო ფაქტები - გზაპრესი

მცირეწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო ფაქტები

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, ნინო ტვილდიანის თქმით, არასრულწლოვანებზე სხვადასხვა ფორმის ძალადობის ფაქტების გამოვლენა ხშირია. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ყოველ წელს იზრდება ეს რიცხვი და სოციალური მუშაკები აქტიურად მუშაობენ როგორც მსხვერპლთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.

ნინო ტვილდიანი:

- სამწუხაროდ, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მომართვა იმატებს. 2009 წელს 40 ფაქტი გამოვლინდა, 2010 წელს - 90; 2011 წელს 142 ადამიანმა მოგვმართა; 2012 წელს - 208-მ; 2013 წელს კი საკმაოდ გაიზარდა ეს რიცხვი და 320 მომართვა დაფიქსირდა; უფრო დიდი იყო შარშანდელი მაჩვენებელი - 362 შემთხვევა. წლეულს, მხოლოდ ერთ თვეში, იანვარში ჩვენს სამსახურს 45 ადამიანმა მიმართა. ბუნებრივია, ყველა საქმის მოკვლევა ხდება. ამ სტატისტიკაში გაერთიანებულია ყველა სახის ძალადობა. ყველაზე მეტი ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი ხდება, მერე - ფსიქოლოგიური. ხშირად, მშობლები ახდენენ ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. გვხვდება იძულების ფაქტები. ბავშვები გაჰყავთ სამათხოვროდაც, ასევე ხდება სექსუალური ძალადობის ფაქტებიც. სამწუხარო რეალობაა, ხშირად სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირებად ოჯახის ახლობლები, მეზობლები ან თავად ოჯახის წევრები გვევლინებიან. ჩვენთან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე შემოდის ინფორმაცია. ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ - სექსუალური ძალადობა 5 წლის ბავშვზე განხორციელდა. ეს ფაქტი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მომხდარის გამომზეურებას ერიდებიან. გარწმუნებთ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. ჩვენი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ჩართულები არიან ამ საქმეში. საერთოდ, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭიროა, არ უნდა მოხდეს ბავშვის იდენტიფიცირება. სიფრთხილით ვეკიდებით ამ ფაქტსაც. ერთს გეტყვით მხოლოდ: 5 წლის ბავშვზე გარყვნილი ქმედება განხორციელდა და ამ შემზარავ დანაშაულში ეჭვმიტანილი - ბავშვის მეზობელია.

- უფრო მეტად ძალადობის ფაქტები რეგიონებში ხდება?

GzaPress- სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ხდება. ყოველთვის მეორე ადგილზე იყო კახეთი და ქვემო ქართლი, მაგრამ შარშან იმერეთი იყო მეორე ადგილზე, მერე მოდის ქვემო ქართლი და კახეთი. სამწუხაროდ, მძიმე სოციალური ფონი კვალს ტოვებს. მსხვერპლი ხშირად, სოციალურად დაუცველი ბავშვი ხდება. რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში 18 წლის ბიჭი 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. გოგონა თანასოფლელი ბიჭისგან დაფეხმძიმდა, ის 6 თვის ორსულია. პოლიციამ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ციხეში გამოკეტა. სოფელში ამბობენ, 12 წლის გოგონა საკლასო ოთახიდან გაკვეთილების დროსაც გაჰყავდაო. ამ ფაქტს სკოლის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს. გოგონამ სკოლაში სიარული მას მერე შეწყვიტა, როცა ფეხმძიმობა დადასტურდა. მასწავლებლები ამბობენ, - ასე ვიცოდით, რომ გოგონა ამ ბიჭმა ცოლად შეირთოო. გოგონას ოჯახის წევრები კატეგორიულად უარს ამბობენ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. დედასთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ გურჯაანის ტელევიზიამ მოასწრო. მათთვის მიცემულ ინტერვიუში 12 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ შვილი ზაფხულში გაათხოვა: - ეს თვითონ ახალგაზრდების მოწადინება იყო. როცა მე გავიგე და ჩავერიე, მან უკვე ცოლად გაყოლა სთხოვა. ჩემი შვილი მეორე ცოლი იყო მისთვის. ეს მაშინ ფეხმძიმე არ იყო... მერე ფეხმძიმე გოგოს ხელი ჰკრა და გააგდო, უთხრა, - მომწყინდა, მე უბრალოდ ქალი მინდოდა და ვერთობოდიო".

არადა, ირკვევა, რომ 18 წლის ბიჭი "ოფიციალურად" სხვაზე იყო დაქორწინებული. ის გოგონაც 13 წლის იყო, ცოლად რომ შეირთო, მაგრამ მალევე დაშორდნენ. როგორც ჩანს, ისინი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ, ბიჭი პირველ ცოლს ისევ შეურიგდა და ფეხმძიმე 12 წლის გოგონას დაშორდა. პირველი ცოლიც მისგან უკვე ბავშვს ელოდება, მეცხრე თვეშია და მალე იმშობიარებს. როგორც ირკვევა, 12 წლის გოგონას ამბავი მას მერე გამომზეურდა, რაც მისი ორსულობა გამჟღავნდა. თურმე დღეს ის ბრალდებულს ძალადობაში ამხელს. 18 წლის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა დახურული იყო, ამიტომ უცნობია, რას ამბობს თავად ბრალდებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე არც საჯარო სკოლიდან და არც პოლიციიდან არანაირი მიმართვა არ მიუღიათ. ისინი საქმეში ბიჭის დაკავების შემდეგ ჩაებნენ. არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი სოციალურად დაუცველია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მომავალი დედა ვერ აცნობიერებს მომხდარს და ის მზრუნველობას ისევე საჭიროებს, როგორც მისი ნაყოფი.

სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს აღნიშნულ საქმეს.

ნინო ტვილდიანი:

- მათ თურმე 12 წლისა გაათხოვეს მეორე ქალიშვილიც. ამ გოგონას დას 14 წლის ასაკში ჰყავს 2 წლის შვილი და მშობლები ბავშვის აღზრდაში ეხმარებიან. სიძეც მათთან ცხოვრობს. ამბობენ, მეორე ქალიშვილიც გაათხოვეს, მაგრამ მალე სახლში დაბრუნდა. ეს არ იყო მათთვის დიდი პრობლემა. შეგუებულები იყვნენ ამ ფაქტს, განგაში ექიმთან გოგონას მიყვანის შემდეგ ატყდა. მას მუცელი სტკიოდა და ოჯახმა თბილისში ჩამოიყვანა ექიმთან. იქ გაირკვა, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო. ამ ექიმმა როცა ასაკი გაიგო, ატეხა განგაში და მომხდარიც ამის შემდეგ გამჟღავნდა. აშკარაა, მდგომარეობა საგანგაშოა და სახელმწიფო უწყებებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ არასრულწლოვანებზე ძალადობის ფაქტები არ ხდებოდეს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კანონმდებლობაში ცვლილებებიც შევიდა. ოჯახური სახის ძალადობაზე სანქციები გამკაცრდა.

სამწუხაროდ, არასრულწლოვანზე ძალადობის მსგავსი ფაქტი ისევ გურჯაანში, 2014 წლის ნოემბერშიც გამოვლინდა. მსხვერპლი ამ შემთხვევაშიც 12 წლის გოგონა იყო. მის გაუპატიურებაში იმავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები დაადანაშაულეს. მოძალადე არასრულწლოვანი ბიჭები გოგონას ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. თურმე ის სკოლის შემდეგ მიჰყავდათ მინდვრებში და იქ აუპატიურებდნენ. გოგონაზე ძალადობა ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მაშინ ვერავინ გაიგო. ექსპერტიზამ გოგონაზე სექსუალური ძალადობა დაადასტურა. იმ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით დღემდე მიმდინარეობს. ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც 14 წლისაა, სასამართლომ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა, თუმცა, ვერ დასაჯეს მეორე დამნაშავე, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს 14 წლის არ იყო: მოქმედი კანონმდებლობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება. მაშინ არც ამ 12 წლის გოგონას ოჯახის წევრები საუბრობდნენ ჟურნალისტებთან. ის იყო მხოლოდ ცნობილი, რომ გოგონა ბიძასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და დედა პერიოდულად ჩნდებოდა სახლში. ბუნებრივია, დავინტერესდით, რა მდგომარეობაშია დღეს ის 12 წლის გოგონა.

ნინო ტვილდიანი:

- გოგონა მინდობით აღზრდაში გადავიდა, დატოვა კახეთი და საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრობს. დღეს ამ გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგია. წარმატებულად განაგრძობს სწავლას სკოლაში და მისი მიმღები ოჯახიც ძალიან კმაყოფილია. არაკეთილსაიმედო გარემოში იყო გოგონა, ამიტომ აღარ არის დღეს ის ბიოლოგიურ ოჯახთან. ეს გოგონა ისედაც არ ცხოვრობდა ბიოლოგიურ ოჯახთან ერთად. ის ცხოვრობდა საოჯახო ტიპის სახლში. იქიდან მიჰყავდა ბებიას და ბიძას თავიანთ სახლში. სწორედ მათთან ყოფნის პერიოდში მოხდა გოგონაზე ძალადობა, ამიტომ იმ გარემოში მისი დაბრუნება არ შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი ძალადობის შემთხვევა ხდება, მაგრამ ვფიქრობ, კონკრეტულ შემთხვევებზე მედიით საუბარი საჭირო არ არის.

გასულ კვირას, ბათუმის სასამართლომ 24 წლის მამაკაცი გაასამართლა უმძიმესი ბრალდებით. მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 11 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 16 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს. შემზარავი ფაქტი 2014 წლის 16 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

GzaPress

რამაზ შავაძე, აჭარის პროკურატურის უფროსი პროკურორი:

- 24 წლის მამაკაცმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, მეზობლის 11 წლის გოგონა, გოგონას მამის კუთვნილ პირუტყვის სადგომში შეიყვანა სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების გასახორციელებლად და იქ მასთან გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სქესობრივი კავშირი. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ გოგონა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, კერძოდ - გონებაჩამორჩენილი. აქვს ფსიქიკური პრობლემები. სკოლაში ვერ დადიოდა, მასწავლებელი დადის მასთან. მომხდარი ფაქტი ბავშვმა მშობლებს უთხრა. მეორე დღესვე დაიწყო გამოძიება. მშობლების თანდასწრებით დაიკითხა დაზარალებული. იგი დამნაშავეს ამხელდა. ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის - გენეტიკური ექსპერტიზაც. მოძალადის ნიმუში და მსხვერპლის ნიმუში დაემთხვა ერთმანეთს. ბრალდებულის სპერმა მცირეწლოვანის ორგანიზმში აღმოჩნდა. ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ბავშვს სხეულზე დაზიანებებიც ჰქონდა. ბრალდებულიც ოპერატიულად დააკავა პოლიციამ. მასაც ჰქონდა დაზიანებები. დადასტურდა, რომ დანაშაული მისი ჩადენილი იყო. დაცვის მხარეს ეს ფაქტი სადავოდ არც გაუხდია. დამნაშავე თავიდანვე აღიარებდა ჩადენილს. აცხადებდა, რომ მთვრალმა ჩაიდინა დანაშაული. ფაქტი საკმაოდ მძიმეა. ვფიქრობ, მოძალადემ ეს გოგონა იმიტომ შეარჩია, რომ მას გონებრივი პრობლემა ჰქონდა. ამ ფაქტის შემდეგ ოჯახებს შორის ურთიერთობაც დაიძაბა. სამართალდამცავებმა სიტუაცია დაარეგულირეს. სასამართლო სხდომები დახურული იყო, 24 თებერვალს დამნაშავეს 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გამოტანილი სასჯელი ჩადენილი დანაშაულის ადეკვატურია. ეს არის უმძიმესი კრიმინალი.

რამინ გვარიშვილი, ბრალდებულის ადვოკატი:

- ბრალდებულის ოჯახს არ სურს, ამ თემაზე მედიაში რამე დაიწეროს, თუმცა, განაჩენი უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით: ბრალდებული ძალიან ნანობს ჩადენილს. მის მიმართ გამოტანილი სასჯელი საკმაოდ მკაცრია. ბრალდებულმა პირველი დღიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან. სადავო არაფერი ჰქონდა. სამწუხაროდ, მისი გულწრფელი აღიარება არც პროკურატურამ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მინიმალური სასჯელი არ მიესაჯა. ბრალდებულს წარსული არ აქვს შებღალული, ჩვენ გავასაჩივრებთ ამ განაჩენს.

- არ გაგიჭირდათ მოძალადის დაცვა?

- ყველა ადამიანს სჭირდება დაცვა, მკვლელსაც და სხვა დანაშაულის ჩამდენსაც. მე ოჯახმა ამიყვანა. მთავარია, ის ნანობს ჩადენილს. ჩვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ პროკურატურას. სამწუხაროდ, სასამართლო პროკურატურიდან ოფიციალური პასუხის მიღებასაც არ დაელოდა, ისე გამოიტანა განაჩენი. იმედი მაქვს, გასაჩივრება შედეგიანი იქნება და მას სასჯელის მინიმუმს მიუსჯიან.

შორენა შარაძე, ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკი:

- დღემდე ამ ბავშვთან ვმუშაობთ. ფსიქოლოგმა კარგად იმუშავა, ბავშვს საშინელი შიშები ჰქონდა და ეს მოეხსნა. გოგონას აქვს ეპილეფსია. ამ ფაქტის შემდეგ ძალიან ხშირად ჰქონდა შეტევა, დაუმძიმდა მდგომარეობა. ახლაც დროდადრო აქვს შეტევა, მაგრამ მდგომარეობა გაუმჯობესდა. მას ისევ სჭირდება გამოკვლევა და ამ თვეში ნევროპათოლოგთან მივიყვანთ. მისი ოჯახი უფასოდ მიიღებს მედიკამენტებსაც. მრავალშვილიანი ოჯახია, 5 მცირეწლოვანი იზრდება ამ სახლში. სოციალურად დაუცველები არიან, ძალიან დაბალი ქულა აქვთ, უკიდურესად უჭირთ და ჩართულები არიან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პროგრამაშიც. გოგონა ინკლუზიურ სწავლებაში იყო მანამდეც და ახლაც მასწავლებლები მუშაობენ მასთან. მშობლები ძალიან ზრუნავენ შვილზე. დამნაშავის ოჯახის წევრები ახლოს ცხოვრობენ მათთან. მათი სახლის წინ გავლა უწევთ. ბიჭის მამა კარგი ადამიანია, მთელ სოფელს უყვარს. ყველას უკვირს, ასეთი მამის შვილმა როგორ ჩაიდინა ასეთი დანაშაული. მამამისი ძალიან შეწუხებულია მომხდარით და ქუჩაში სულ თავდახრილი დადის.

ცალკე თემაა არასრულწლოვანების 12-13 წლის ასაკში გათხოვების პრობლემა. კანონმდებლობით, ქორწინების მინიმალურ ასაკად მიჩნეულია 18 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად: "ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება ნებადართულია მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს". ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა ძირითადად, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ოჯახებში დგას. ადრე ჟურნალ "გზაში" მსგავსი ფაქტები გაგვიშუქებია. აზერბაიჯანულ სოფლებში გოგონები სამწუხაროდ, განათლებასაც ვერ იღებენ. სკოლაში საერთოდ არ დადიან ან მხოლოდ 3-წლიან განათლებას იღებენ.

ნინო ტვილდიანი:

- აზერბაიჯანელები 12-13 წლის გოგონებს ათხოვებენ. გვქონდა შემთხვევა, როცა გოგონა მშობლებმა გაათხოვეს, მაგრამ ის სახლში დაბრუნდა და სჭირდებოდა ფსიქოლოგის დახმარება. სამწუხაროდ, აზერბაიჯანული ენის მცოდნე ფსიქოლოგი არ გვყავს, უხერხული იყო, ფსიქოლოგის ნათქვამი თარჯიმანს ეთარგმნა. ვიპოვეთ ენის მცოდნე სპეციალისტი და ამ გზით მოხდა გოგონასთან კომუნიკაცია. სამომავლოდ, ამ პრობლემასაც გავითვალისწინებთ და ვფიქრობ, არა მარტო თარჯიმანი, არამედ ფსიქოლოგიც უნდა მოიძებნოს ენის მცოდნე. კანონმდებლობაში უკვე შესულია ცვლილებები და თუ შვილს მშობელი განათლების მიღებას შეუზღუდავს, ის დაისჯება.

თეა ხურცილავა