შურისძიებით შეპყრობილმა შვილმკვდარმა მამამ 23 წლის ბიჭი მოკლა
font-large font-small
შურისძიებით შეპყრობილმა შვილმკვდარმა მამამ 23 წლის ბიჭი მოკლა
რუსთაველზე დატრიალებული მკვლელობის დეტალები

2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილი სამმა ადამიანმა ქუჩაში ჩაცხრილა.
მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 11 ტყვია მოხვდა, მათ შორის ერთი - საკონტროლო. ამ შემზარავ დანაშაულს კიდევ ერთი არანაკლებ მძიმე მკვლელობა უძღოდა წინ. 2010 წლის მარტში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე "არტ კაფეში" 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს, მაშინ ასევე დაიჭრა სამი ახალგაზრდა, მათ შორის ზურაბ ტარყაშვილი. მოგვიანებით ტარყაშვილი და მისი მეგობრები, ძმები ჩიჩუები, ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. ხოლო სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში მისი უახლოესი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა ამხილეს. ვინაიდან იგი იძებნება, სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და 21 წელი მიუსაჯა. საყურადღებოა ერთი დეტალი,  მოკლული სანდროს ოჯახი, პირველივე დღიდან კაჭარავას დამცველად გამოდის და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას ითხოვს. ამ მოტივით განაჩენი სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. ივერი გოგბერაშვილი დარწმუნებულია, რომ რეალურ დამნაშავეს ძალოვნებმა ხელი დააფარეს. იგი თავისი შვილის მკვლელობაში ზურა ტარყაშვილს ადანაშაულებდა და რადგან იგი ამ ბრალდებით არ გაასამართლეს, მასზე შური იძია. ზურა საპატიმროდან ერთი კვირის გამოსული იყო, როცა გარდაცვლილი სანდროს მამამ იგი მოკლა. გამოძიების მტკიცებით, 53 წლის ივერი გოგბერაშვილი მისი შვილის მეგობრებს, 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა ერთად განახორციელეს.

ყველა მათგანი ცალ-ცალკე გასამართლდა. პირველად მართლმსაჯულების წინაშე დავით რუსიაშვილი წარსდგა. საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და  მსაჯულებმა იგი დამნაშავედ სცნეს. რუსიშვილს 21 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შემდეგ ირაკლი აგლაძის საქმე განიხილა საქალაქო სასამართლომ და მას 30 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, რადგან დღემდე ძებნება. მისი ადვოკატები გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ, ირწმუნებიან, რომ აგლაძე შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და ახლა იმედებს სამართლიან სასამართლოზე ამყარებენ. თვლიან, რომ აგლაძე უკანონოდ დაისაჯა და ბრალდების მხარემ პროცესზე  ფალსიფიცირებული მტკიცებულებები წარმოადგინა. "შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 23 მასრა, რომელთა გასროლაც მოხდა ორი იარაღიდან, თუმცა არაა დადასტურებული ის, თუ ვის ეკუთვნოდა სინამდვილეში ეს იარაღები..." - აცხადებს აგლაძის ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი. მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ირაკლი აგლაძის შემთხვევის ადგილზე ყოფნას და მის ბრალეულობას დაადასტურებს. "ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად", - ამბობს იგი.

რაც შეეხება ივერი გოგბერაშვილს, იგი უკრაინაში დააკავეს და საქართველოში მისი ექსტრადირების შემდეგ დაიწყო საქმის განხილვა. სასამართლო სხდომები ხმაურით მიმდინარეობდა.  
მოკლულის ახლობლები ბრალდებულის მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდნენ:
- შე დამპალო, ზურა რატომ მოკალი? მას შენთან მოსვლა და ყველაფრის გარკვევა უნდოდა, ეს არ დააცადე. მოგიწევს დიდხანს იქ ყოფნა, მოგეკითხება რაც გააკეთე მაგისთვის... ჩემი ძმა შენი შვილის სურათს ალბომში ინახავდა და ასე გადაუხადე სამაგიერო?- მიაძახა დარბაზიდან ბრალდებულს მოკლულის დამ.
-...ჩემი შვილი შვილი არ იყო, რომ მიკლავდით? მოიკითხეთ ახლობლებში და ისინი გეტყვიან ვინ მოკლა სანდრო, - არც ბრალდებული ტოვებდა მათ შეძახილს უპასუხოდ. მხარეებს შორის პოლემიკა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს მოსამართლე იძულებული გახდა დარბაზიდან გაეძევებინა მოკლულის და და რამდენიმე ნათესავი, ასევე ბრალდებულსაც დაემუქრა გაძევებით.
პროცესზე მოკლულის სიძე, გია გაზდელიანი მოწმის სტატუსით დაიკითხა.
-... ზურა მაღაზიაში ჩავიდა. რამდენიმე წუთში კივილის და სროლის ხმა გაისმა. მეც გავიქეცი იქითკენ და დავინახე ივერი გოგბერაშვილი, დავით რუსიშვილი და ირაკლი აგლაძე ზურას სროლა-სროლით როგორ მისდევდნენ... რუსიშვილი წაიქცა, მაშინ მან იარაღი მეც დამიმიზნა და გასროლილი ტყვია მანქანას მოხვდა. ამის შემდეგ ისევ ავეფარე მანქანას, მერე გოგბერაშვილმაც დამიმიზნა ტყვია და სროლით გზა განაგრძო. ზურას ვერ ვხედავდი, ისიც მირბოდა, რადგან მისდევდნენ. წინ აგლაძე მიდიოდა, უკან ივერი გოგბერაშვილი, მერე რუსიშვილი... როდესაც იქაურობას მივუახლოვდი, ზურა წაქცეული ეგდო ძირს და მას სამივე ესროდა, ბოლოს ივერიმ კიდევ ერთი ტყვია ესროლა და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. მასთან რომ მივედი, ჩემი ცოლისძმა სუნთქავდა... შეიძლება არასწორს ვამბობ, მაგრამ ზურას მკვლელობის მიზეზი კაჭარავას არაკაცური საქციელი იყო. კაჭარავამ სანდრო გოგბერაშვილი მოკლა. იგი ივერისთან რომ მისულიყო და იარაღი მიეტანა, რითაც ის დაჭრეს, ეს არ მოხდებოდა. მაგრამ იარაღი მან მტკვარში გადააგდო... შეცდომაში შეგიყვანეს, ძალიან ბინძური საქმე გააკეთე და მოგეკითხება. შენი მესმის, მაგრამ გავა დრო და მიხვდები სიმართლეს, - ბრალდებულს მიმართა მოწმემ.
- თქვენ გგონიათ, რომ კაჭარავამ იარაღი გადააგდო, მაგრამ ასე არ არის, მალე გაირკვევა ყველაფერი. როგორ გგონია, შენ რატომ არ მოგკალი? იმიტომ რომ შენ არაფერ შუაში არ იყავი, - უპასუხა მოწმეს ბრალდებულმა.
პროცესზე მოწმის სტატუსით ხათუნა მუკბანიანი დაიკითხა. იგი მოკლულის ოჯახის ახლობელი და ფაქტის თვითმხილველია.
- ზურა ტარყაშვილს და მის ოჯახს 7 წელია ვიცნობ. ზურას მამასთან ერთად სასურსათო მაღაზია და თონე მაქვს გრიბოედოვის ქუჩაზე. ასევე ვიცნობდი ივერის, ისიც იმ ქუჩაზე ცხოვრობდა. 17 ოქტომბერს, დაახლოებით 4-ის წუთები იქნებოდა თონეში ღია კარებთან ვიჯექი და აჩქარებული ფეხის ხმამ ჩემი ყურადღება მიიქცია, დავინახე ივერი, მარჯვენა ხელში რაღაცას მალავდა, როგორც კი ის დავინახე, დავიყვირე, - ვაიმე დედა და კივილი დავიწყე. ვიცოდი, ზურა მაღაზიაში რომ იყო და ივერის და მისი შვილის მეგობრებს სანდროს საფლავზე დაფიცებული ჰქონდათ, რომ ყველაზე იძიებდნენ შურს, ვინც სანდროს მკვლელობის დროს იქ იყო. ჩემს კივილზე მან ნაბიჯს უმატა, დავინახე, როგორ ისროდა ზურას მისამართით. ზუკას დედას ვეძახდი და თან ვკიოდი, ამ დროს შეუჩერებლად ისმოდა სროლები... ჩემთვის ნაცნობი რუსიშვილი და კიდევ ერთი უცნობი ბიჭიც ვნახე იქ, შემდეგ გავიგე, რომ იგი აგლაძე იყო...

როგორც გაირკვა, მუკბანიანი ძალოვნებმა მოწმის სტატუსით მკვლელობიდან 4 თვის  შემდეგ დაკითხეს. ბრალდებულის ადვოკატი გიორგი სამუშია დაინტერესდა ამით და მოწმეს ჰკითხა, რატომ არ მისცა მან თავიდან ჩვენება გამოძიებას.
- თავიდან არაფერი მითქვამს, შობა რომ დამთავრდა, ამის შემდეგ მოვუყევი ზუკას მამას ყველაფერი, რაც ვნახე, უბრალოდ ძალის მოსაკრებად ეს დრო დამჭირდა, ეს ადვილი არ იყო. თებერვალში მივეცი პოლიციას ჩვენება, - განმარტა მოწმემ.
- ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს, შენ გამიღიმე და გამარჯობაც მითხარი, მე არ გავქცეულვარ. თონის კარებთან იდექი, იქიდან ვერ ნახავდი რა ხდებოდა რუსთაველზე, ტყუი, - უთხრა ბრალდებულმა მოწმეს.
ამის შემდეგ პროცესზე დაზარალებული თამილა კოჭლამაზაშვილი დაიკითხა.
ზურა ტარყაშვილის დედის თქმით, 2010 წლის 14 მარტს, ზუკას და სანდროს შორის შელაპარაკება მოხდა, ამის გარჩევა კი 15 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე უბანში გაგრძელდა. "ზუკა იქ ლევან და დათო ჩაჩუებთან ერთად მისულა, ამ დროს სანდროს დატენილი იარაღი ამოუღია, ბიჭებს უთქვამთ, ჩვენს შორის ეს როგორ შეიძლებაო და სამივე ეჭიდავებოდნენ თურმე, რომ მისთვის იარაღი წაერთმიათ. ამ დროს იქ შემოვარდნილა თორნიკე კაჭარავა და უსვრია, ლევანი, დათო და ზუკა დაიჭრნენ, სანდრო კი გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ თორნიკე კაჭარავას სანდროს მკვლელობისთვის 21 წელი მისჯილი აქვს, სანდროს მამა ამ ბიჭებს ემუქრებოდა, რადგან ისინი იმ დროს იქ იყვნენ... ზუკა 4 ოქტომბერს გამოვიდა ციხიდან. მეზობელმა მითხრა, ფრთხილად იყავითო. ციხის კარებთან ველოდებოდით, როცა იქ აგლაძე მოვიდა და უტიფრად შემოგვხედა, კიდევ ორი პირი იჯდა მასთან მანქანაში...17 ოქტომბერს პრობაციის ბიუროში ზუკას გავყევით. იქ უთხრეს, აგლაძემ და რუსიშვილმა გიკითხესო. მითხრა, არ ვიცი ისინი ვინ არიანო. ზუკას ცოტათი შეშფოთება შევამჩნიე, მაგრამ დამამშვიდა, ნუ გეშინიაო. მინდოდა განმეცხადებინა ეს  ამბავი პოლიციაში, მაგრამ ვერ მოვასწარი...  ზუკას ვუთხარი, დამალულიყო, რადგან ემუქრებოდნენ, მაგრამ თქვა, არ ვარ დამნაშავე და რატომ უნდა დავიმალოო, აპირებდა მასთან შეხვედრას, მაგრამ მანამდე ამან შვილი მომიკლა. სახლიდან სროლის ხმაზე გამოვვარდი, ზურა რუსთაველზე იწვა... რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ ზურას აგლაძე, რუსიშვილი და გოგბერაშვილი ესროდნენ, მერე მითხრეს, რომ იქ სხვა პიროვნებებიც დაფიქსირდნენ... "

ამის შემდეგ დიალოგი გაიმართა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის.
- რატომ ჩაიდო იმ დღეს თქვენმა შვილმა იარაღი? ნატალიამ (ფაქტის თვითმხილველი მოწმე) იმავე დღეს დაწერა პოლიციაში, რომ სანდროს მკვლელი ზურა ტარყაშვილი იყო. თქვენმა შვილმა ჩემს სანდროს იმ დღეს 23-ჯერ რატომ დაურეკა? რაც მეტ ადამიანს დაასახელებთ და დააჭერინებთ პოლიციას, ამით რას მოიგებთ? ჩემს შვილს კეფაში რატომ ესროლა თქვენმა შვილმა? რასაც ამბობთ, ეს არის დედის პოზიცია. ერთი წელი მაინც მოცილებოდით იმ გარემოს, - უთხრა დაზარალებულს ბრალდებულმა.
- არ იყო ჩემი შვილი მკვლელი და არსად წასვლას არ ვაპირებდით. კაჭარავამ და მისმა მეგობრებმა ზუკაც მოიცილეს და შენც. შენი შვილის მკვლელს იცავ. ღმერთს ვთხოვ, დიდხანს იცოცხლო, რომ სიმართლე გაირკვეს, - უთხრა ბრალდებულს მოკლულის დედამ.

დაზარალებულის ჩვენების შემდეგ, პროკურორებმა წერილობითი მტკიცებულებები გამოაქვეყნეს. მორიგ სხდომაზე ადვოკატმა გიორგი სამუშიას რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა.
საყურადღებოა ერთი გარემოება. ადვოკატმა თავიდანვე დააყენა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის საქმიდან აცილების საკითხი. ვინაიდან იგი დაზარალებულის მოგვარე იყო და თქვა, რომ არსებობდა ინფორმაცია მათ ნათესაურ კავშირზე. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მათ შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ იყო. მოგვიანებით კიდევ ერთხელ მოსთხოვა საქმიდან აცილება მოსამართლეს ადვოკატმა. "დადასტურდა ჩვენი ინფორმაცია, თქვენ მოგვარეები ხართ; ისიც გავარკვიეთ, რომ ერთი სოფლის ერთ უბანში მცხოვრები ახლო მეზობლები ხართ, ერთად გაზრდილები, რაც ეჭვს აჩენს, რომ თქვენ ობიექტური ვერ იქნებით, გთხოვთ აიცილოთ ეს საქმე,"- მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს, მაგრამ ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არც კი განიხილა, იმ მოტივით, რომ ეს საკითხი სხვა კუთხით ერთხელ უკვე განხილული ჰქონდა.
როგორც წესი, სასამართლო სხდომების ვიდეო და აუდიო ჩაწერა კანონით აკრძალულია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მოსამართლის თანხმობით დაიშვება. გოგბერაშვილის საქმის განხილვას 5 კამერა იღებდა. ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა გადაეცა ვიდეო ჩაწერისთვის მის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა და ასევე განემარტა, თუ რატომ იღებდნენ პროცესს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ლოგოიანი კამერები. მოსამართლემ ამ შუამდგომლობას ორაზროვანი პასუხი გასცა და განმარტა, რომ პრესსამსახური ახორციელებდა გადაღებას. სავარაუდოდ, გადაღება პროკურატურის დაკვეთით ხდება და მოგვიანებით, ამ ფაქტზე სიუჟეტი რუსთავი 2-ის ეთერით გავა.
ადვოკატმა მორიგი შუამდგომლობით ბრალდებულის დაკითხვა მოითხოვა, რადგან იგი დასაკითხ პირთა სიაში არ აღმოჩნდა. გოგბერაშვილიც დათანხმდა ჩვენების მიცემას, მაგრამ მოულოდნელად, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში მისცემს ჩვენებას, რადგან მოსამართლის ქმედებები არ მოსწონს.
როგორც გაირკვა, დაცვის მხარეს სხვა არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნდა გოგბერაშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ადვოკატმა სამუშიამ განაცხადა, რომ ბრალდებულის ყოფილმა ადვოკატმა გოგბერაშვილს დაცვის შესაძლებლობა მოუსპო, რადგან საქმის გაცვლის ეტაპზე, მტკიცებულებები არ წარადგინა.
ამის შემდეგ სახელმწიფო ბრალდებელმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ზურა ტარყაშვილის  შემზარავი მკვლელობის დეტალები. იგი საუბრობდა, შურისძიებით შეპყრობილმა ივერი გოგბერაშვილმა როგორ განახორციელა მისი შვილის მეგობრებთან ერთად დედაქალაქის ცენტრში მკვლელობა. ამან ბრალდებულის აღშფოთება გამოიწვია:
- კორექტული იყავით, იმას მეუბნებით, რომ შვილის ტოლა ბავშვებს მოველაპარაკე და ისე მოვკალი? როგორ შევიკავო თავი, ჩემი შვილი სანდრო არ არის გარდაცვლილი? გესმით, ბავშვებთან მე არაფერს ვგეგმავ, ამას ნუ ამბობთ, შეურაცხყოფის მოყენებას თავი დაანებეთ, ამას გიკრძალავთ! - მიმართა პროკურორს აღშფოთებულმა ბრალდებულმა. პროკურორმა იგივე პათოსით განაგრძო დაცვითი სიტყვა და მის მორიგ ბრალდებებს ბრალდებულის გინება მოყვა. გოგბერაშვილმა პროკურორს დედის მისამართით შეაგინა. ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ განსასჯელი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ხმაურით და გინებით დატოვა დარბაზი გოგბერაშვილმა.
- რა მოსამართლეა ეს? ეს არის სამართალი? დაზარალებულს რამდენის უფლებას აძლევდა, - პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი ბრალდებულის ნათესავებმაც.
პროკურორმა ივერი გოგბერაშვილის შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში და იარაღის უკანონოდ შეძენა ტარებაში დადანაშაულება მოითხოვა.

ადვოკატმა გიორგი სამუშიამ კი, სასამართლო ბრალდებულის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. იგი ირწმუნება, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაირღვა. ბრალდებულს და ადვოკატს არ მიეცა იმის საშუალება გაცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, შესაბამისად, დაცვა არ იყო სრულყოფილი. ადვოკატმა ბრალდებულის გამართლება მოითხოვა. "მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური, რადგან დაზარალებულის ახლობელია, ასეთ ვითარებაში მოსამართლეს სამართლებრივად ამ საქმის განხილვის უფლება არ ჰქონდა და მოვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს", - თქვა სამუშიამ.

მოსამართლემ ივერი გოგბერაშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და  24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ განაჩენს ბრალდებულის ადვოკატი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. "საქმე გაყალბებულია, საქმეში არსებული მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდის მოწმეთა ჩვენებებთან. ისე დამთავრდა სასამართლო განხილვა, რომ ბევრი დეტალი გაურკვეველი დარჩა. წარმოიდგინეთ ამ ადამიანის მდგომარეობა, ივერი გოგბერაშვილს ორი შვილი მოუკლეს. პირველი, 14 წლის ასაკში, მერე მეორე შვილი სანდრო და არც ერთ საქმეზე ობიექტური გამოძიება არ ჩატარებულა. უშუალოდ სანდროს მკვლელობის მთელი საქმე გაყალბებულია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ზურა ტარყაშვილის ახლობლებს გავლენა ჰქონდათ მმართველ გუნდთან და მოახერხეს, იგი გადაერჩინათ და არ დასჯილიყო მკვლელობისთვის, ასეც მოხდა, ტარყაშვილი მხოლოდ ხულიგნობის ბრალდებით ჩასვეს ციხეში და იქიდანაც მალე გამოუშვეს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უსამართლობამ, დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია, რომ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის სკამზე სანდროს მამა ივერი გოგბერაშვილი აღმოჩნდა. ვერ მოითმინა, მან ის, რომ სანდროს მკვლელობა მის უახლოეს მეგობარს, უდანაშაულო თორნიკე კაჭარავას დააბრალეს. უფრო მეტიც, ამ გაყალბებული საქმის განხილვისას, ვგულისხმობ კაჭარავას საქმეს, მოკლული შვილის მამას, დაზარალებულად დაუსვეს რეალური დამნაშავეები, ამას აღაშფოთა ივერი გოგბერაშვილი. მას უნდოდა ყველაფერი ეთქვა სასამართლოზე, მაგრამ ამის საშუალებაც არ მიეცა, რადგან მოსამართლემ არ აიცილა საქმე, ბრალდებულმა უნდობლობა გამოუცხადა კოჭლამაზაშვილს და ამიტომ არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ის სიმართლეს აპელაციაში იტყვის",- დასძინა ადვოკატმა გიორგი სამუშიამ. მისი თქმით, თორნიკე კაჭარავას არანაირი მოტივი არ ჰქონდა, რომ მეგობარი მოეკლა. "ტარყაშვილის მხარე ავითარებს ასეთ მოსაზრებას, რომ კაჭარავა მივიდა მოჩხუბრებთან, გაისროლა მათი მისამართით და შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა მის მეგობარს და მოკლა, ესეც აბსურდია, რომც გავიზიაროთ მათი ეს ჩვენება, მაშინ რატომ დადგა კაჭარავას მიმართ განზრახ მკვლელობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ არ გაასამართლეს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის? ცალსახაა, განტევების ვაცი ნახეს კაჭარავას სახით, გააყალბეს საქმე და რეალური დამნაშავე დაიფარეს. ყველა იმ მოსამართლეს, გამომძიებელს, პროკურორს, ვინც ამ საქმის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა, კანონის წინაშე მოუწევთ აგონ პასუხი. ჩვენ ამ განაჩენს გავასაჩივრებთ,"- თქვა ადვოკატმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო დატოვებს თუ არა ძალაში გამოტანილ განაჩენს, ეს მომავალში გამოჩნდება.     


თეა ხურცილავა
"გზა", 2012 წელი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
31.03.2015
ამიტომ უნდა აიკრძალოს იარაღის გაყიდვა საქართველოში,რომელიც მიიღო თეთრმა მელამ ჯერ კიდევ 191919ოტხმოცდა ცამეტში,ხოლო ვისაც აქვს შეძენილი უნდა ჩამოერთვას,ეს იქნება საწინდარი მკვლელობების შეჩერება!!!
დათიკო48
30.03.2015
რაც ხდებოდა მაშინ საქართველოში ეს იყო განუკითხაობა, სიძეზე რატომ არ თქვით რომ გურამ დონაძის ახლობელი იყო და დონაძე როგორც თხზავდა ბუთა რობაქიძეზე ამბებს, რომ ყაჩაღების ჯგუფი დააკვა, ზუსტად ისე შეთხზა ამბავი, რომ კაჭარავამ მოკლა მისი უახლოესი მეგობარი, აბსურდია, კარგად გაიკითხეთ ყველაფერი და კარგად გადაამოწმეთ ზურა ტარყაშვილი რას წარმოადგენდა! ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღსდგეს სამართალი და დაისაჯონ პირველ რიგში სანდრო გოგბერაშვილის მკვლელები!!!!!
დოდონა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი