ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ავტობაზრობაზე ყოფილ პოლიტპატიმარს მიუცვივდნენ - გზაპრესი

ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ავტობაზრობაზე ყოფილ პოლიტპატიმარს მიუცვივდნენ

რამდენიმე საათის წინ, ყოფილმა პოლტპატიმარმა, რამაზ გაგნიძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომ მას დღეს რუსთავის ავტობაზრობაზე თავს დაესხნენ ნიკა მელია, მიხელ მაჭავარიანი, ნაციონალური მოძრაობისა და `თავისუფალი ზონის" წევრები, დაახლებით - 100 კაცი.

გავესაუბრეთ ბატონ რამაზს, რომელიც ამჟამად პოლიციაში იმყოფება და ახსნა-განმარტებას იძლევა მომხდართან დაკავშირებით.

რამაზ გაგნიძე ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი იყო ორი დღის წინ, მისი მხრიდან, ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრზე თავდასხმა. მიზანი კი - მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

რამაზ გაგნიძე:

- დღეს მანქანების ბაზრობაზე ვიყავი. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში მოვარდა დაახლოებით 100 კაცი და მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. პასუხი მეც გავეცი. ბაზრობაზე ვიმყოფებოდი მეგობართან ერთად, მხოლოდ ორნი ვიყავით.

- მანქანების ბაზრობაზე რა გინდოდათ?

- ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ბათუმიდან. ის მანქანას ჰყიდის და მთხოვა, გავყოლოდი. ბაზრობაზე დილის 10 საათზე მივედით, თორმეტის ნახევრისთვის კი თავს დაგვესხნენ. შევიტყვე, რომ რუსთავის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ვუცვნივარ. ეს ამბავი უცნობებია რუსთავისა და თბილისის "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის, ასევე "თავისუფალი ზონის" წევრებისთვის. თავდამსხმელებს შორის იყვნენ ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი. ხულიგნებივით იქცეოდნენ. ერთი სიტყვით, სულ ასამდე ადამიანი დამესხა თავს და მომთხოვეს პასუხი, - რატომ შევუვარდი გუშინწინ ნაციონალებს, ბათუმის ოფისში, რატომ გავლახე მათი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე, რატომ ვეძახე მათ ქათმები და რატომ ვარ მათი მოწინააღმდეგე.

- მართლა ჰქონდა გუშინწინ ბათუმში მსგავს ინციდენტს ადგილი?

- ფიზიკური შეხლა-შემოახლას მართლა მოხდა. შემაგინა და ეს ვერ ვაპატიე.

- რა მოჰყვა მაქანების ბაზრობაზე "ნაციონალების" გამოჩენას?

- იქიდან და აქიდან დაიწყეს შეძახილები: თქვე "აგენტებო", "ბურჯანაძისტებო" და "ოცნებისტებო", ოცდაერთში რა მოგივათ, არ იცითო! მე ვეძახე "კვერცხები", "ქათმები", "გიენები" და კრიმინალები. 5 ვიდეოკამერა იღებდა ამ დაპირისპირებას, რომელიც 5-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მერე მოვარდა ბაზრობის დაცვა და სიტუაცია განმუხტა. ვთხოვე, რომ 10 კაცი გამოსულიყო მათგან, ვისთანაც შეიძლებოდა ლაპარაკი. - არა, ძმაო, ჩვენ ერთადა ვართო, - 100 კაცი ერთსა და იმავეს იმეორებდა. ასიდან ათი არ გამოვიდა სალაპარაკოდ. დავხვდი ისე, როგორც ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები მაძლევდა საშუალებას. ეტყობა, არ ელოდებოდნენ ასეთ დახვედრას. მერე სავარაუდოდ, ბაზრობის პრობლემებზე, უფრო სწორად, ეკონომიკის თემაზე ჩაატარეს საუბრები და კომენტარები მისცეს ტელევიზიებს. უფრო სწორად, თავისსავე კამერებს. ამის შემდეგ დაიშალნენ. ბოლომდე იქ ვიდექი, არსად წავსულვარ, არავისი არ მეშინია! მაგათ შეეშინდეთ ჩემი - გიენებისა და კრიმინალების ხროვას! ეს იყო და ეს.

ეკა შავლაძე, სპეციალურად საიტისთვის