სამურაის ხმლით აჩეხილი ცოლის შემზარავი ამბავი - გზაპრესი

სამურაის ხმლით აჩეხილი ცოლის შემზარავი ამბავი

"ხრუსტალის" ვაზასავით გიფრთხილდებოდი, მიყვარხარ, შე შობელძაღლო", - მიაძახა ყოფილ ცოლს ფრიდონ არჩვაძემ, პროცესზე.

"სიყვარულით მკლავდი? შენ ჩემი მოკვლა გქონდა ჩაფიქრებული", - უპასუხა ქალმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო 35 წლის ფრიდონ არჩვაძეს ასამართლებს. მას ყოფილი მეუღლის, სოფო არჩვაძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

საზოგადოებას ალბათ ახსოვს ვაკის პარკთან, "ლიბერთი ბანკის" წინ მომხდარი შემზარავი ფაქტი. დანაშაულის დეტალებზე ჟურნალ "გზაში" მაშინ სტატია დაიბეჭდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოთვალშიც ნათლად ჩანს, ფრიდონ არჩვაძე როგორ სასტიკად გაუსწორდა თავის მსხვერპლს. ცოლი დაასახიჩრა ხმლით და შემთხვევის ადგილი აუღელვებლად დატოვა.

ფრიდონ არჩვაძე:

- იმ დროს 30 ცალი რელანიუმი მქონდა გაკეთებული, 15 მილიგრამ ტროპიკამინთან ერთად და არ მახსოვს, ხმალი სად წავიღე... სოფოს მკვლელობა რომ მნდომოდა, ხელში სამურაის ხმალი მეჭირა. კარგად ჭრიდა. ისეთ ადგილას დავარტყამდი, პირდაპირ მოვკლავდი. გავაფრთხილე, შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დავუზიანე, მინდოდა, ცეკვა ვერ შესძლებოდა. ჩემი მთავარი მიზანი იყო, სოფოს არ ეცეკვა.ყელში მაქვს ამოსული მისი ცეკვები. ამიტომაც გადავტეხე მუხლებში. სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებშიც რომ აქვს ჭრილობები, ეს მეწყინა.

სოფიო არჩვაძე:

- ორი შვილი გვყავს. უფროსი 16 წლის არის. რატომღაც, მამამისი უფროს ბიჭს ადანაშაულებს ჩვენს დაშორებაში. 5 დღით ადრე იყო ჩემი ბიჭი მათთან. თურმე საუბრობდნენ და დედამთილთან მიცავდა ბავშვი. ამ დროს ზურგიდან მიეპარა მამამისი, ბავშვი ძირს დააგდო და სასტიკად სცემა, ურტყა თავში, ფეხებში. ეს ფაქტი ჩემმა შვილმა მაშინ დამიმალა. სახლში რომ მოვიდა, ბავშვს დაზიანება ეტყობოდა, კოჭლობდა, თავის ტკივილები ჰქონდა. მიზეზით დავინტერესდი. რეალობა დამალა და მითხრა, ავარიაში მოვყევიო. 3 დღე სკოლაში არ უვლია, სახლში იწვა. ჩემი შვილები ისე გავზარდე, არასდროს ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს. ეს ამბავი 22 აპრილს გავიგე. გავმწარდი და ვურეკავდი. ტელეფონზე არ მიპასუხა. მერე ჩემი დედამთილის ნომერზე დავურეკე, ფრიდონმა მიპასუხა. ეტყობა, ოჯახის წევრებს ტელეფონთან არ უშვებდა. ვუთხარი, რასაც ის აკეთებდა, ეს ტერორი, არაადამიანობა იყო და მეტის მოთმენა არ შემეძლო. - დღეს გავიგე, ბავშვს რომ სცემე, მეტს აღარ მოვითმენ, პოლიციაში მივდივარ და 2008 წელს ჩადენილ დანაშაულში გამხელ, რომელზეც მაშინ მიამბე, სხვა გზა არ დამრჩა, რადგან შვილის მოკვლით მემუქრები-მეთქი. მკითხა, - ამას რითი დამიმტკიცებო? ვუპასუხე, - ვიტყვი, რომ იმ ღამეს გნახე, სახლში როგორ გიჟივით შემოვარდი, ეს ამბავი რომ მომიყევი და იმ ღამითვე ქვეყნიდან რომ გაფრინდი; ეს დადასტურდება აეროპორტში, დანარჩენი პროკურატურამ დაგიმტკიცოს, მე სხვანაირად ვერ ვიცავ ჩემს შვილებს, ჩემს თავს. გთხოვდი, ნორმალური ცხოვრების საშუალება მოგეცა, მაგრამ არ ისვენებ და მეტი აღარ შემიძლია-მეთქი...

როგორც ვიცი, როცა ის ჩემს საქმეზე დააკავეს, მაშინ აღიარა კიდეც ორი ადამიანის მკვლელობა. არსებობს მისი აღიარებითი ჩვენებაც და ეს ვიდეოფირზეც არის აღბეჭდილი, მაგრამ მტკიცებულება არ ჰყოფნის პროკურატურას, რომ ამხილოს. ამ ფაქტიდან 6 წელია გასული და ვერ ამყარებენ ბრალს. მართალია, მაშინ აღიარა, მაგრამ ალბათ ახლა იტყვის, რომ მას ის დანაშაული არ ჩაუდენია.

GzaPress...მივიხედე და ვნახე, უკვე "ნივაში" აღარ იჯდა ფრიდონი. მამამისის "ნივით" იყო მოსული. ჩემს მეგობარს ვუთხარი, - ჯობია, აქაურობას გავეცალო-მეთქი. გადავდგი ორი ნაბიჯი და ამ დროს ზურგიდან მომეპარა. როგორც ჩანს, მანქანის უკან იმალებოდა. ხელში ხუთლიტრიანი, რძით სავსე ბიდონი მეჭირა. ალბათ უნდოდა, უკნიდან გადავეჭერი ხანჯლით. დაძაბული რომ ხარ და ელოდები საფრთხეს, ფრთხილობ. უკან მოვბრუნდი და მის მოქნეულ ხმალს ინსტინქტურად შევუშვირე ბიდონი. ეს ბიდონი გადაჭრა შუაზე, მერე ხმლით პირველივე დარტყმა მივიღე მარცხენა ფეხზე, ამის მერე გადამიჩეხა მარჯვენა მუხლი და მაშინვე ამომიმტვრია ძვლები. ყველა ძვალი გარეთ მქონდა გამოყრილი. არ წავქცეულვარ, მაინც ვიდექი. პირველი დარტყმის დროს მითხრა, - ახლა მიდი, ილაპარაკე, გისმენო. ეს იყო ჩვეულებრივად, მოწმის მოცილება. მერე ჩამარტყა ხმალი კოჭში, კოჭი გადამიმტვრია და წავიქეცი, უკვე ფეხზე ვეღარ ვიდექი. შემდეგი დარტყმა თავში იყო, გამიზნულად მირტყამდა, უმოწყალოდ. 6-ჯერ მომხვდა მისი მუშტი. ალბათ იმ მომენტში "კაიფში" იყო და ისეთი ძალა ხელში აღარ ჰქონდა, მაგრამ თავიც გამიტეხა, თავის ქალა გატეხილი მაქვს, დაზიანებებიც მქონდა. გონება არ დამიკარგავს, გადარჩენის ინსტინქტით ვმოქმედებდი, წაქცეული ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი, დამეჭირა მისი მოქნეული ხმალი ხელებით. ზუსტად ვიცოდი, რომ მოვკვდებოდი, სიკვდილს ვუყურებდი თვალებში, მაგრამ მაინც ვებრძოდი. გონება რომ დამეკარგა, დღეს მკვდარი ვიქნებოდი. საკუთარი ძვლების მტვრევის ხმას რომ გაიგონებ, რა სიმწარეა, ხომ ხვდებით?! მის მოქნეულ ხმალს მაინც შევუშვირე მარჯვენა ხელი. მაშინ მომაჭრა თითი. მერე ისევ მომიქნია და ახლა მეორე ხელი შევუშვირე, ორ თითს შორის გადაჭრილ ძვალში ხმალი გაეჩხირა და სანამ აქედან ხმალს იღებდა, ამ დროს გავიგონე მამაკაცის ყვირილი, - "ბიჭო, რას შვრები!"

მორიგი სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით განახლდება. ბრალდებულს საკუთარი შვილიც ამხელს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ხუთშაბათს, ჟურნალ "გზაში"

თეა ხურცილავა, ჟურნალი "გზა"