ინტერვიუ სამუდამო პატიმრობამისჯილ ქალთან
font-large font-small
ინტერვიუ სამუდამო პატიმრობამისჯილ ქალთან
თინათინ ჯოგლიძე 38 წლის იყო, როცა საბრალდებო სკამზე უმძიმესი ბრალდებით დასვეს.
ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა - ამ ბრალდებებით წარდგა ის სასამართლოს წინაშე. მართალია, ბრალს არ აღიარებდა, მაგრამ საქმის არსებითი განხილვის შემდეგ მოსამართლემ უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო - ახალგაზრდა ქალს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მას მერე 7 წელზე მეტი გავიდა. გისოსებს მიღმა, ცივ საკანში გამოკეტილი აგრძელებდა ცხოვრებას. დღეში ერთი საათით გაჰყავდა კონტროლიორს სასეირნოდ. ბოლთას სცემდა, სუფთა ჰაერს ხარბად ჩაისუნთქავდა, მერე ისევ თავის საკანში ბრუნდებოდა. მისი ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. "მიესაჯოს უვადო პატიმრობა", - მოსამართლის ეს სიტყვები მუდმივად ჩაესმოდა ყურში, მხოლოდ უფლის იმედად იყო დარჩენილი. 6 მარტს სასწაული მოხდა: თინათინსა და კიდევ 2 ქალს პრეზიდენტმა უვადო პატიმრობა ვადიანი სასჯელით შეუცვალა. სამივე ამბობს, რომ ისინი ამ დღეს ხელმეორედ დაიბადნენ. ძალიან ბედნიერები და გახარებულები არიან. თინათინ ჯოგლიძეს უვადო პატიმრობა 18-წლიანი სასჯელით შეუცვალეს. შესაძლოა, მას ამნისტიაც შეეხოს და რამდენიმე წელიწადში ოჯახს დაუბრუნდეს.

თინათინ ჯოგლიძე:

- ვერ გადმოგცემთ, როგორი გახარებული და ბედნიერი ვარ. პრეზიდენტმა სიცოცხლე მეორედ გვაჩუქა. დიდხანს ვფიქრობდი, რა მიმეწერა მისთვის, როცა შეწყალებას ვთხოვდი. თქვენ თუ უვადო პატიმრობიდან ვადიანში გადამიყვანთ, იცოდეთ, ამით ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენთ, ღმერთი დაგლოცავთ და გაგახარებთ-მეთქი. ჩემს დაწერილს რომ ვკითხულობდი, ძალიან ვნერვიულობდი. პირველად უარი მივიღე. 6 თვის წინ მეორედ მივმართე იმავე თხოვნით პრეზიდენტს. პასუხიც რომ არ მოვიდა, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ იმედი მაინც არ დამიკარგავს. სულ გავიძახოდი, ღმერთი არ გამწირავს, რაღაც საშველი იქნება-მეთქი. რატომღაც, გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ სასწაული მოხდებოდა. მართლაც მოხდა. ეს წლები თავს ვიმხნევებდი. ყოველ დილას ლოცვით ვიწყებ. სულ ვცდილობდი, არ დავცემულიყავი. მადლობა უფალს ამ დიდი სიხარულისთვის!

- შვილები გყავთ?

- ორი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს. პატარა 6 თვის არის და ჯერჯერობით არ მინახავს. რომ წამოიზრდება, მომიყვანენ ციხეში და გულში ჩავიხუტებ ჩემს შვილიშვილს. წარმოშობით ვანის რაიონიდან ვარ, მაგრამ შვილებთან ერთად ქუთაისში ვცხოვრობდი. უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. ვვაჭრობდი, სოფლის მეურნეობის სფეროშიც ვცადე ბედი. აქ რომ არაფერი გამოვიდა, მერე თურქეთში წავედი სამუშაოდ და იქ მოხუცს ვუვლიდი.

- ამის შემდეგ იწყება თქვენი კრიმინალური ცხოვრება?

- მართალია, უვადო პატიმრობა მქონდა მისჯილი, მაგრამ კრიმინალი არ ვყოფილვარ. არასოდეს წამალთან შეხება არ მქონია, არც წაყენებული ბრალი მიღიარებია. მორწმუნე ადამიანი ვარ და ტყუილს არ ვიტყვი. საქმე შემიკერეს სრულიად უდანაშაულოს და ამხელა სასჯელი იმიტომ მომისაჯეს, რომ გამოძიებასთან არ ვითანამშრომლე.

- მაშინ წამალი როგორ აღმოჩნდა თქვენს საქმეში?

- წამალი არ მქონია. 2008 წლის თებერვალი იყო. ორ ქალთან ერთად, თურქეთიდან მოვდიოდი. მათგან ერთს ვიცნობდი, მეორე - ჩემი ნაცნობის ახლობელი იყო. ნამდვილად ვიცოდი, რომ ჩემს ნაცნობს ნარკოტიკი მოჰქონდა და ეს ამბავი რომ დავმალე, ამაში ვარ დამნაშავე. თურმე მას 3 დღე საბაჟოზე ელოდებოდნენ. მე საოპერაციოდ მოვდიოდი. ის ოჯახი, სადაც ვმუშაობდი, არ მიშვებდა, ალბათ ბედისწერა იყო: იმ დილას მითხრეს თანხმობა და ამ ქალებთან ერთად დავადექი სარფის გზას.

- წამალი რომ მოჰქონდა ახლობელს, ეს საიდან იცოდით?

GzaPress- შემომთავაზეს, მე გადმომეტანა წამალი, ამიტომ ვიცოდი ეს ამბავი. უარი ვთქვი. საბაჟოზე სამივე დაგვაკავეს. იმ დღეს გაცნობილ ქალს აღმოაჩნდა ის წამალი. ფეხსაცმელში ჰქონდა. ამბობდა, არ ვიცი, ვინ ჩადო ჩემს ფეხსაცმელში, მომიჭირა ფეხსაცმელმა და მეორე ფეხსაცმელი ჯოგლიძემ მომაწოდაო. ტრანსპორტში ფანჯარასთან ვიჯექი, იქვე იდო მათი ჩანთა. მითხრა, ჩანთა გახსენი და ფეხსაცმელი მომაწოდეო. ნამდვილად მივაწოდე ფეხსაცმელი, მაგრამ წამალი არ მქონია. ჩემმა ნაცნობმა კი მე დამაბრალა, თქვა, თითქოს ჩემი იყო ის წამალი. არადა, რეალურად, მასაც სხვისი წამალი მოჰქონდა, მაგრამ ვისიც იყო, ის არ ჩაუშვა. ჯგუფურად გაგვასამართლეს. შეკერილი საქმის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ეს სასჯელი სისასტიკე იყო. საქმის მასალების მიხედვით, სამივეს ერთი და იგივე ბრალდება გვქონდა წაყენებული, ერთნაირი ქვეპუნქტებით. ერთს, რომელსაც ფეხსაცმელში უპოვეს წამალი და ფაქტზე დაიჭირეს, ერთი წელი მიუსაჯეს, ჩემს ნაცნობ ქალს - 15 წელი, 5 წელი იჯდა ციხეში და ამნისტიით გამოვიდა. მე, რომელსაც წამალი საერთოდ არ მქონია, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. არ ვაღიარე ბრალი, ამიტომ მთელი სხეული დალურჯებული მქონდა. მაშინდელმა სოდ-ის უფროსმა მაგრად მცემა, ითხოვდა მეთქვა, საიდან გაჩნდა ეს წამალი. ასევე მთხოვდა თანამშრომლობას, რომ მემხილებინა ვიღაცები. მადლობა უფალს, რომ არ ვამხილე ის ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი და ვისზეც თანამშრომლობას ითხოვდნენ!.. რომ ვერ გამტეხეს, ამიტომ მომისაჯეს უვადო პატიმრობა. პირველად მოვხვდი ციხეში. ეს საშინელება იყო. რამდენჯერ მიფიქრია: რომ ვყოფილიყავი შებღალული წარსულით, ან მანამდე მქონოდა წამალთან შეხება, ნარკოტიკის გაყიდვით ფული რომ მეშოვა, ან გამეყიდა საერთოდ, გულახდილად ვამბობ ამ სიტყვებს, შვილებს და შვილიშვილებს ვფიცავ, - ასე ძალიან არ დავიტანჯებოდი. ჩემს თავს იმას მაინც ვეტყოდი, - რომ აკეთებდი, აბა, რა გეგონა, მაშინ ხომ შეგრჩა, ახლა კი დაგიჭირეს, ყოველთვის ხომ არ შეგრჩებოდა-მეთქი... დედას ვფიცავ, რაც მიშოვია, ჩემი პატიოსანი ცხოვრებით ვიშოვე. კიდევ კარგი, არაფერი იყო ჩემს სახელზე, თორემ ყველაფერს ჩამომართმევდნენ. ციხეში გავიგე, ვისიც იყო რეალურად ის წამალი: ის ადამიანი ყოფილა სოდ-თან შეკრული, ადრე დაჭერილი ჰყოლიათ და თანამშრომლობდა. ამიტომ ელოდნენ ამ ნარკოტიკს სამი დღე საბაჟოზე. ალბათ მას მაინც არ დაიჭერდნენ, რომც დაესახელებინა იმ ქალს, და მე გამწირეს. მე რომ არ ვემხილებინე, მას მისცემდნენ სამუდამო პატიმრობას და ჩემი გაწირვა ამჯობინა თავის გაწირვას.

- იმ პატიმარ ქალებს ციხეში არ შეხვედრიხართ?

- ვინ შეგვახვედრებდა?! მე ჩაკეტილ რეჟიმში ვიყავი, სხვებისგან იზოლირებულად. 7 წელი და 2 თვეა, ციხეში ვარ გამოკეტილი და ერთხელაც არ გავსულვარ ზონაში. რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მას მერე შედარებით შეგვეცვალა რეჟიმი, - ღონისძიებებზე გამოგვიყვანეს, თორემ ეს წლები გამოკეტილი ვიყავით სამუდამო პატიმრობამისჯილები ცალკე საკნებში. რაც რეჟიმი შემიცვალეს, მას მერე უფრო ვხვდები, რა ყოფილა უვადო პატიმრობა. ეს არის ჯოჯოხეთი. ცოცხალ-მკვდარი ხარ, თვალები გახელილი გაქვს, შეგრძნებები გაქვს და იტანჯები. როცა სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, მაშინ ვერ მივხვდი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ერთი კვირა დამჭირდა გონზე მოსასვლელად. შოკი მქონდა, დავვარდი, გაშტერებული თვალებით ვიყურებოდი, არც ვტიროდი, არც არაფერი, ვიჯექი მთელი დღეები გარინდული. ვერ ვაანალიზებდი, რას ნიშნავდა, რომ მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ვყოფილიყავი. მერე გავაანალიზე ყველაფერი. უვადო პატიმარი ვიყავი, მაგრამ იმედი მაინც არ დამიკარგავს, სულ ვამბობდი, ღმერთი არ გამწირავს, რაღაც იქნება-მეთქი. გულის სიღრმეში იმედი მქონდა. მარტო, საკანში დარჩენილი ჩემს თავს ველაპარაკებოდი.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- დილას ლოცვით ვიწყებ. აქ სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას. თავს ვიწესრიგებ. სულ ვცდილობდი, სულიერად არ დავცემულიყავი. ძალიან მიჭირდა ჩემებთან შეხვედრა. არ მიხაროდა, ჩემი შვილები და დედმამიშვილები რომ მოდიოდნენ. 25 და 23 წლისები არიან ჩემი ბიჭები. როცა მოდიოდნენ, თვალები ცრემლით ჰქონდათ სავსე. განსაკუთრებით უმცროსს ნერვიულობისგან ნიკაპი სულ უკანკალებდა. მე ხომ დედა ვარ. მათი საცოდაობით ვიწვოდი. რამდენიმე დღით ადრე ვემზადებოდი, რომ თავი გამემაგრებინა, რომ მათ არ დაენახათ, რა დღეში ვიყავი. მათ რომ ვშორდებოდი და საკანში დავბრუნდებოდი, მერე რა დღეშიც ვიყავი, ეს მხოლოდ მე და უფალმა იცის. მარტო დარჩენილი სულ ვტიროდი, მერე ღმერთს პატიებას ვთხოვდი სასოწარკვეთაში ჩავარდნის გამო, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ. ყველაზე მეტად მშობლებთან შეხვედრა მიჭირდა. მამაჩემი ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა, ცოცხალი აღარ არის... ეს წლები მათთან პაემანი შუშის მიღმა იყო. ვერ ვეკარებოდი ოჯახის წევრებს. ეს საშინელებაა. ახლა, რაც მთავრობა შეიცვალა, პირისპირ ვხვდებით ერთმანეთს. ამაზე ბედნიერი წუთები არ არსებობს, როცა შენს საყვარელ ადამიანს ეხუტები. სულ ვცდილობდი, ჩემი მშობლები აქ ხშირად არ მოსულიყვნენ. ტელეფონით ყოველდღე ველაპარაკებოდი. მათაც ვეუბნებოდი, ნუ მოხვალთ-მეთქი. მაგრამ ზოგჯერ ისე ძალიან მომენატრებოდნენ, როცა აღარ შემეძლო მეტის ატანა, ვეტყოდი, გეხვეწებით, ჩამოდით-მეთქი. დედა და მამა ერთად არასოდეს ყოფილან ჩემს სანახავად მოსული, თორემ შეიძლება, ვერ გადამეტანა. მამაჩემი ბოლოს რომ ვნახე, მის ნაცვლად მინას ვეფერე. უპატიოსნესი მამა მყავდა. 4 შვილი გაგვზარდა, 3 გოგო და ერთი ძმა გვყავს. წარმოიდგინეთ, გოგო ციხეში მოხვდა და თან, სამუდამო მიუსაჯეს, რა დღეში იქნებოდა. სულ მეუბნებოდა, - მამიკუნა, რა გეშველება, მე ისე მოვკვდები, შენი ჩახუტება არ მეღირსებაო. მიკროინფაქტი გადაიტანა და მალე გარდაიცვალა. წლისა და 4 თვის გარდაცვლილი იყო, როცა ეს ამბავი შევიტყვე. მის სულს ვენაცვალე, არასოდეს უკითხავს, - შვილო, რა მოხდაო? ამბობდა, - მისი გაჭირვებაც ეყოფაო. მინდა, ბოდიში მოვუხადო მამის სულს, ჩემს დედას, ჩემს შვილებს, დებს, ძმას, რომ დღეს აქ ვარ. მათ ჰგონიათ, მე აქ ვკვდები, მაგრამ ასე არ არის. ცხოვრება გრძელდება. აქ რეჟიმი არასოდეს დამირღვევია, სულ ვგრძნობდი ციხის თანამშრომლების მხარდაჭერასაც. მადლობა უფალს, ამხელა სასჯელის მიუხედავად, არ გავბოროტებულვარ. სასოწარკვეთაში კი ბევრჯერ ჩავვარდნილვარ. მთავრობა რომ შეიცვალა, მაშინ მართლა მქონდა იმედი, რომ შემიცვლიდნენ უვადო პატიმრობას. ეს რომ არ მოხდა, მაშინაც ვიყავი სასოწარკვეთილი. დღეს კი გახარებული და ბედნიერი ვარ. 18 წლით შემიცვალეს უვადო სასჯელი, ახლა მეუბნებიან, ამნისტიაც შეგეხებაო, და კიდევ თუ მომაკლდა წლები, დიდი ბედნიერება იქნება. თუმცა, მე ამისთვისაც მადლობელი ვარ. თუ ამნისტიითაც მომაკლდება წლები, მაშინ 4 წელიწადი და 6 თვე დამრჩება მოსახდელი და აქედან გავალ. აქამდე არც ის მიფიქრია, რომ ოდესმე სახლში წავალ, და არც ის, არ წავალ-მეთქი. ყოველი გათენებული დღით ვცხოვრობდი. ეზოში ორი საათით გამოვყავდით, თუ შეიძლება, ამას ეზო დაარქვა. ჩვენი სასეირნოც ფაქტობრივად, საკანი იყო. პატარა ფართობი, ოღონდ ცა ჩანდა და ჰაერის ჩასუნთქვა შეგეძლო. ამ ეზოში მე და კონტროლიორი დავდიოდით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირველად გარეთ რომ გამომიყვანეს და ხალხი ვნახე, ხმაური გავიგონე. ცუდად გავხდი, რადგან მარტო ყოფნას ვიყავი მიჩვეული და ამას ვეღარ შევეგუე.

- მანამდე სულ მარტო იყავით გამოკეტილი?

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ცოტათი შემიცვალეს რეჟიმი. ჰაერთან, გარემოსთან ადაპტაციაც ძნელი ყოფილა. მანამდე მხოლოდ ერთი საათით გავყავდით. ზაფხულში, ღია კამერაშიც ვერ გავდიოდით, რადგან იქ სიცხისგან ყველაფერი იწვოდა და სუნთქვა შეუძლებელი იყო. ვერ ვჩერდებოდით. ასეთ დროს გირჩევნია, ის ერთი საათიც არ გამოიყენო. ყინვასა და თოვლში კი გავდიოდით, კბილის კაწკაწს სანამ დავიწყებდით, მანამდე ვისხედით და ხარბად ვისუნთქავდით ჰაერს. ახლა მარტო ვარ საკანში გამოკეტილი, მაგრამ მქონდა პერიოდი, როცა სხვა უვადო პატიმრებთან ერთად ვიყავი. სულ 4 უვადო პატიმრობამისჯილი ვიყავით. ვერ წარმოიდგენთ, რა ტანჯვა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ერთი გარდაიცვალა. ძალიან განვიცადეთ. უვადო რომ მოგვიხსნეს, იმწუთასვე ის ქალი გაგვახსენდა: რა იქნებოდა, ისიც მოსწრებოდა!.. აზერბაიჯანელი იყო, მართლმადიდებლურად მონათლული. სულ ვიხსენიებთ ლოცვებში. უვადოებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება გვქონდა. ვამზადებთ ხატებს, ჯვრებს. ვჩუქნით ერთმანეთს და გარეთ ახლობლებთანაც ვგზავნით. თუ ვინმეს დაბადების დღე იყო, გარედან შემოტანილი წინდა ან რამე თუ გვქონდა, ერთმანეთს ვჩუქნიდით. საჭმელს თუ შემოგვიგზავნიდნენ, ოთხივე ვიყოფდით... რამდენიმე დღეა, ბედნიერი ადამიანი ვარ. პირველად ჩემს უმცროს ბიჭს დავურეკე, - დე, უვადო მომიხსნეს-მეთქი! არ დაიჯერა. ხუთჯერ მკითხა, მართლაო? მადლობა უფალს, კარგი შვილები მყავს. მიუხედავად იმისა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დედა, მაშინ დავტოვე. 15-16 წლისები იყვნენ, ჩემი და უვლიდა და ჰპატრონობდა. ყველაზე მეტად ბედნიერი იმით ვარ, რომ ჩემმა ოჯახმა გამიგო. ბევრი პატიმარი ოჯახმა გარიყა; ახლოს არ ეკარებიან, მადლობა ღმერთს, რომ მათ მხარდაჭერას ვგრძნობ.

- რას ნანობთ ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ჩემი ცხოვრება ასე წავიდა. ალბათ ამას მეც შევუწყვე ხელი. რაც გადავიტანე ამ წლებში, ეს ერთგვარად, ჩემი ბრალიცაა: უნდა მელაპარაკა ის მაინც, რაც ვიცოდი იმ საქმეზე. ღმერთმა მაინც გადმომხედა და გადავრჩი. წლების წინ რომ მოსულიყავით ჩემთან, სხვანაირად ვისაუბრებდი. ასეთ დღეში რომ აღმოვჩნდი, ვამბობდი, ვინც ეს გამიკეთა, მაგას მოვკლავ-მეთქი. რწმენამ გამაძლიერა, სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას. აქედან რომ გავალ, ბუნებრივია, მივალ იმ ქალთან და ვკითხავ, რატომ გამწირა ასე და ტყუილი რატომ დამაბრალა? თვალებში მინდა ჩამხედოს და მითხრას, რას მერჩოდა რომ ამ ჯოჯოხეთისთვის გამწირა. 9 ადვოკატი გამოვიცვალე, მაგრამ არც ერთი არ გამომადგა. ერთმა საერთოდ მირჩია, - ჯობია, ვიჩალიჩოთ ისე, თითქოს შენ იყავი ნარკოტიკის მომხმარებელიო, - და დამაწერინა, წამალს მოვიხმარდიო. არადა, არასოდეს გამიკეთებია წამალი. მერე მაინც ხომ შეეძლო, საჩივარი დაეწერა ადვოკატს?! ერთი საჩივარი არ დევს ჩემს საქმეში. მაგრამ ყველას მივუტევე ჩემ წინაშე ჩადენილი დანაშაული. რწმენამ გამაძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ ისევ აქ ვრჩები, ახლა მაინც ბედნიერი ვარ. ყველას უხარია, პრეზიდენტმა რომ შეგვიწყალა. 6 მარტს დაწესებულებაში სპექტაკლი დადგეს, იმის დასასწრებად რომ შევედით მაშინ გავიგეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება. უნდა გენახათ, რა ოვაციებით შეგვხვდნენ პატიმრები. ყველა გვილოცავდა სამივე უვადოს. ახლა ჩვეულებრივი პატიმარი ვიქნები, ზონაში გადამიყვანენ და ჰაერზე მაინც გავალ ხოლმე. თუ ამნისტია შემეხება, უფრო კარგი იქნება. მადლობა უფალს ყველაფრისთვის! პირობას ვაძლევ მთელ საქართველოს, რომ არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში. არ მქონია წამალთან შეხება. ვპირდები პრეზიდენტს, მის იმედს გავამართლებ. სამივე შეწყალებული ქალის სახელით ვამბობ ამ სიტყვებს.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (18)
15.07.2015
ზოგადად,ეს იპოლიტე ფილოსოფოსობს"თანამშრომლურად"-ეს ერთი და, მადლობა პრეზიდენტს
სიბილა
21.05.2015
თუ ადამიანს მუდმივ პატიმრობას უსჯიან ტყუილათ.და ცხოვრებას გართმევენ.რას ქვია არ ითანამშრომლო გამოძიებასთან და შვილებს ამჯობონო ვიღაცა ნაცნობი რომელმაც დაგაბრალა...აქით უნდა გეხვეწნა ვითანამშრომლებო და ოღონდაც გამიშვითო. თქვენ ხელი დააფარეთ ბარიგას რომალიც გაყიდიდა წამალს და ღმერთმა იცის რამდენი ახალგაზრდა მოკვდებოდა და რამდენი ციხეში წავიდოდა ამ წამლის გამო.რამდენი დედა და ოჯახი გამწარდებოდა.ამაზე არ გიფიქრიათ.ასე რომ გამოძიება და კანონი რომ არ იყოს კაცობრიობა არ იარსებებდა. მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე მე რომ გავიგო ჩემ ნაცნობს წამალი მოაქვს ალბათ იმასთან ერთად 200 მეტრით შორს დავდგები.ან სხვა ტრანსპორტით ვისარგებლებ.ასეთი მეამიტი ქალი გამოძიებას ყოველთვის გამოუტყდება. გამოძიებას მაგარი ბიჭები დაუჩმორებიათ და ესმეამიტი? ქალი როგორ ვერ დაიმორჩილეს? აქ სადღაც ძაღლის თავია დამარხული.
იპოლიტე.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი