გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა - გზაპრესი

გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა

სამწუხაროდ, კახეთში ძალიან გახშირდა მკვლელობები. კვირა არ გავა, უმძიმესი დანაშაული რომ არ მოხდეს. მორიგი მკვლელობა რამდენიმე დღის წინ, სოფელ გურჯაანში მოხდა. 26 წლის გია ჩუგოშვილმა, მეტსახელად `მესკეტამ" თანატოლი, 27 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. ასევე მძიმედ დაჭრა ჯაბას მამა, 56 წლის ნოდარ ელიზბარაშვილი. მას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ღამის 3 საათზე მიიყვანეს დაჭრილი მამა-შვილი საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ჯაბას გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, ჯაბას რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება, სასიკვდილო ჭრილობა კი გულის არეში ჰქონდა. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ნოდარ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

სისხლიანი დანაშაული მკვლელობაში ბრალდებულ გია ჩუგოშვილის სახლში მოხდა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც ამბობენ, მამა-შვილი ღამის 3 საათზე ჩუგოშვილს სახლში მიუვარდა. მათ შორის დაწყებული ჩხუბი სისხლისღვრით დასრულდა.

"ჩემმა ძმისშვილმა, გიამ თურმე გამოიარა მათი სახლი, თავისთვის ღიღინებდა, სიმღერით მოვიდა სახლში ნასვამი, დაწვა და დაიძინა. ალბათ ერთი საათი ეძინა, როცა მასთან მამა-შვილი ელიზბარაშვილები მოსულან. მიუნგრევიათ კარი, შესულან შიგნით და ჩხუბი აუტეხავთ გიასთვის. თურმე დანა ეჭირათ ხელში. გია გამოსულა, მოხდა ჩხუბი და ეს ამბავი დატრიალდა", - ამბობს ბრალდებულის მამიდა.

ის არ საუბრობს კონფლიქტის მიზეზზე. ცნობილია ისიც, რომ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მეორე დღეს სამართალდამცავებმა გია ჩუგოშვილი დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით არის აღძრული. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. ნასამართლევი იყო ასევე მოკლული ჯაბა ელიზბარაშვილიც. ის ციხიდან ამნისტიით გამოვიდა. ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. სამართალდამცავთა მტკიცებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დაპირისპირება ადრეც არაერთხელ მომხდარა. სიმთვრალეში თურმე ხშირად კამათობდნენ ჯაბა და გიორგი. საქმეზე გამოძიება გრძელდება და სამართალდამცავები დაადგენენ მკვლელობის მოტივს.

ნოდარ რაქვიაშვილი, სოფელ გურჯაანის რწმუნებული:

- სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბრალდებულიც ნამართლევია და მოკლულიც. მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ერთმანეთისგან 200 მეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ. მათ შორის დაპირისპირება ადრეც იყო. როცა დათვრებოდნენ, უთანხმოება ჰქონდათ. ამ შემთხვევაში რა იყო მიზეზი, არ ვიცი. ალბათ ნასვამები იყვნენ და ეს მორიგი გარჩევა იქნებოდა. სიფხიზლეში ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ორივეს მძიმე ხასიათი ჰქონდა და ალბათ ამიტომ ვერ უგებდნენ ერთმანეთს. ბრალდებულთან მისულა მამა და შვილი და იქ დატრიალდა ეს ამბავი. ჯაბას მამა ძალიან წესიერი ადამიანია, მისი მეუღლე მასწავლებელია, პატიოსანი ოჯახია და სამწუხაროა ეს ამბავი. ჯაბა ციხიდან ახალი გამოსულია. გია როდის გამოვიდა, არ ვიცი. ისიც კარგ ოჯახში აღზრდილი ბიჭია, მშრომელი მშობლები ჰყავს. იქვე ახლოს ვცხოვრობ და ხმაური წესით, უნდა გამეგო. სამწუხაროდ, ჩხუბის ხმა არ გამიგონია არც მე და არც სხვა მეზობლებს. პირველ რიგში მე უნდა გამეგო. მიზეზს ალბათ გამოძიება დაადგენს.

თეა ხურცილავა, სპეციალურად საიტისთვის