დაჭრილმა პოლიციელმა არ იცის, რომ მეწყვილე გარდაიცვალა - გზაპრესი

დაჭრილმა პოლიციელმა არ იცის, რომ მეწყვილე გარდაიცვალა

ძალოვანების ამ განცხადებამ საზოგადოება შეაშფოთა. პროკურატურამ მრავალჯერ ნასამართლევი შალვა აბულაძის ფოტოც გამოაქვეყნა და მისი ადგილსამყოფლის დადგენაში საზოგადოებას სთხოვს დახმარებას.

სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ დაუსხლტდა ხელიდან უმძიმეს დანაშაულებში მხილებული, 38 წლის შალვა აბულაძე ძალოვანებს. მას ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი პოლიციელის დაჭრაში ედება ბრალი. ისიც ცნობილია, რომ შეიარაღებული აბულაძე ქუჩაში პარიკით დადის.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

შალვა აბულაძე, მეტსახელად შალალო, რომელსაც 20-წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, ციხიდან 7 წელიწადში გამოვიდა. მას მკვლელობის მცდელობაში ედებოდა ბრალი. წლების წინ ორი ადამიანი მძიმედ დაჭრა. მაშინ აბულაძე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან თურმე რესტორნის გადაცემას მოითხოვდა ანუ ბიზნესის წართმევას ცდილობდა. ამბობენ, მას მფარველები პოლიციაშიც ჰყავდაო. ამ ფაქტს თურმე საქმის გარჩევა მოჰყვა, ატყდა სროლები, მაშინ აბულაძეც დაიჭრა. ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობასთან ერთად, მას იარაღის შენახვა-ტარება და მარიხუანის მოხმარებაშიც დასდეს ბრალი... აბულაძეს ჯერ ამნისტია შეეხო, შემდეგ "უდოს" კომისიამ ციხიდან გაათავისუფლა. შალვა აბულაძე ბორჯომელია. იქ დაიბადა და გაიზარდა. მამამისი არქიტექტორია, მისი და, სალომე აბულაძე - ადვოკატი. სალომე თურმე ყველაფერს აკეთებდა ციხეში გამოკეტილი ძმის გასათავისუფლებლად. აქტიურად ჩაერთო ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის საარჩევნო კამპანიაში. ეტყობა, შრომა დაუფასეს.

GzaPress

ციხიდან გამოსულმა აბულაძემ აქტიურად დაიწყო ცხოვრება. სხვადასხვა აქციაში მონაწილეობდა და პრესაშიც იბეჭდებოდა მისი ინტერვიუები.

მან 2015 წლის 23 იანვარს, ბორჯომში მორიგი დანაშაული ჩაიდინა. არადა, მაშინ არც იძებნებოდა და არც მკვლელობის მიზეზი ჰქონდა. უცნობია, რატომ ესროლა პოლიციელებს: გიორგი ბერუაშვილსა და გიორგი მახარაშვილს. ორივე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, ბერუაშვილი 2 კვირაზე მეტხანს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, გარდაიცვალა, ხოლო გიორგი მახარაშვილი დღემდე ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული.

ნატალია ხუციშვილი, გიორგი (გოგიტა) ბერუაშვილის მეუღლე:

- ჩემმა მეუღლემ პოლიციაში 8 წელი იმუშავა. ბორჯომში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. იმ დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მანქანით იყვნენ ქუჩაში გასულები, მანქანა კორპუსებთან გაუჩერებიათ და მახარაშვილთან ერთად ფეხით პატრულირებდა. სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. ქუჩაში შენიშნეს მამაკაცი, რომელსაც თავზე კაპიუშონი ჰქონდა ჩამოფარებული, საეჭვოდ მოეჩვენათ, შეაჩერეს და საბუთები მოსთხოვეს. ჩემს ქმარს თავიდან მისი სახე რომ დაენახა, იცნობდა. გაჩერებისთანავე აბულაძემ მათ წამებში ესროლა. ჩემი მეუღლე წაქცეულა. რომ შეუხედავს დამნაშავისთვის, რომელიც თავზე ედგა, უცნია და დაუძახია, - შალვა, ნუ მესვრი, გოგიტა ვარო. ამის მერე თურმე წაქცეულისთვის ზევიდან დაუხლია ტყვიები და გაქცეულა. ყვირილზე ხალხი გამოცვივდა და დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი მახარაშვილიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, იანვრიდან სულ საავადმყოფოში იწვა, ახალი გამოწერილია სახლში. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ეტლით გადაადგილდება. ამბობენ, მეორე ოპერაციის შემდეგ გავლას შეძლებსო. ღმერთმა ქნას, ასე იყოს. ჩემს მეუღლეს არტერია ჰქონდა დაზიანებული, - 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

- რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ, მათ შორის რაიმე დაპირისპირება ხომ არ იყო და შური ხომ არ იძია?

GzaPress- დაპირისპირება არ ყოფილა. ბორჯომი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს. ჩემს მეუღლეზე ერთი წლით უფროსია მკვლელი, ერთ სკოლაში დადიოდნენ. მეც ვიცნობ მკვლელს. მისი მშობლები აქ ცხოვრობენ, თვითონ ძირითადად თბილისში იყო. ზაფხულში აქაც დადიოდა, მაგრამ გოგიტასთან საერთო არ ჰქონია. რატომ გაიმეტა, არ ვიცი. ვფიქრობდი, რომ შემთხვევით შეეწირა ჩემი მეუღლე მის გასროლილ ტყვიას, - ალბათ იარაღი ჰქონდა მკვლელს და რომ არ დაეკავებინათ, იმიტომ გაისროლა-მეთქი, მაგრამ ჩემს მეუღლეს იმ დროს პოლიციელის ფორმა არ ეცვა.

- გოგიტა რომ პოლიციელი იყო, ხომ იცოდა?

- იცოდა. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოახერხეს მისი დაკავება, ახლაც დადის და ხოცავს ქუჩაში პოლიციელებს. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, პოლიციელების მიმართ ზიზღი ხომ არ ამოძრავებს? ციხიდან რომ არ გამოეშვათ ასეთი საშიში დამნაშავე, ამდენი ოჯახი არ გაუბედურდებოდა. 23 იანვარს დაიჭრა გოგიტა, 6 თებერვალს კი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის მეორე დილით უკვე ვიცოდით, რომ დამნაშავე აბულაძე იყო. გოგიტამ საპასუხო გასროლა ვერ მოასწრო, მეორე პოლიციელს კი იარაღი არ ჰქონდა. გაგვანადგურეს, ორი შვილი დამრჩა ობლად. 24 წლის ვიყავი, ცოლად რომ გავყევი გოგიტას, მისგან უზომო სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. ბედნიერად ვცხოვრობდით, ვზრდიდით შვილებს. შვილებზე გადაყოლილი მამა იყო, როგორც კი დროს გამონახავდა, ბავშვებთან მორბოდა. 4 და 8 წლის გოგონები მყავს. უფროსი ყველაფერს ხვდება და ძალიან განიცდის, პატარა ისევ ელოდება მამას. ყოველდღე კითხულობს - ჩემი მამიკო როდის მოვაო? ვერ აცნობიერებს მომხდარს. მის ფოტოებს ეფერება და ეუბნება, - მამიკო, მალე მოდიო. რატომ მოუკლა ჩემს შვილებს მამა? გაუბედურებულია ჩემი დედამთილიც. ერთადერთი შვილი ჰყავდა. წვალებით გაზარდა მარტოხელა ქალმა გოგიტა და უდანაშაულო შვილი მოუკლეს. 10 თებერვალს დავკრძალეთ, წინადღეს მას 39 წელი შეუსრულდა.

ამ ტრაგედიის შემდეგ ძებნილი შალვა აბულაძე თურმე თავისუფლად გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში. 4 აპრილს მან მორიგი სისხლიანი დანაშაული თბილისში ჩაიდინა.

იმ საბედისწერო დღეს, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი, საღამოს 9 საათზე, თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მოძრაობდნენ. ამ დროს შენიშნეს საეჭვო პირი და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მოულოდნელად, მან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ პოლიციელებმა იარაღის გამოყენებაც ვერ მოასწრეს, დამნაშავემ ორივე დაჭრა და მიიმალა. 28 წლის ბექა მარგიშვილს გამჭოლი ჭრილობა მუცლისა და ბარძაყის არეში ჰქონდა. ამბობენ, არტერია დაუზიანდაო. ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა ბექა ვერ გადაარჩინეს, გამთენიისას დაიღუპა. რაც შეეხება 30 წლის ვალერიან (ვალერი) გრძელიშვილს, მისი მდგომარეობაც მძიმეა, 6 საათზე მეტხანს უტარდებოდა ოპერაცია. მასაც გამჭოლი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა, ორგანოების მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. საბედნიეროდ, გონზე მოვიდა. ექიმები ცდილობენ, ვალერის სიცოცხლე შეუნარჩუნონ.

საავადმყოფოს ფოიეში შევხვდი 30 წლის ვალერი გრძელიშვილის მშობლებს, იქ იყვნენ მისი მეუღლე და ახლობლებიც. ვალერი ისევ რეანიმაციაში რჩება, მაგრამ გონზე მოვიდა.

ვალერის დედა, ქეთინო:

- ვნახე ჩემი შვილი, დამელაპარაკა, ასე ცუდად არის და ჩვენ აქეთ გვამშვიდებს. მითხრა, - დედა, გამაგრდიო. უკეთესობა ნამდვილად არის, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მდგომარეობა მაინც მძიმე რჩება. ვინც მის სანახავად შევიდა, ყველას ბექას მდგომარეობას ეკითხება. არ იცის, ბექა ცოცხალი რომ არ არის. ეჭვის თვალით გვიყურებს, გვეუბნება, - არ მომატყუოთ, მითხარით, ცოცხალიაო? ჯერ ისევ მძიმედ არის და ვერ ვეუბნებით... 6 წელია, ჩემი შვილი პოლიციაშია, პროფესიით იურისტია. მეუღლე და 1 წლის და 3 თვის შვილი ჰყავს. ბოლო დროს, როცა ამდენ დანაშაულს ვხედავდი, ცოტათი შეშინებული ვიყავი, მაგრამ მას მოსწონდა თავისი საქმე. სამშობლოს ემსახურება. ძალიან დაძაბული სამუშაო აქვს, ძილი რა არის მისთვის, სულ მუშაობს, რთული პროფესია აქვს ძალიან. მადლობა მთავრობას, რომ გვერდში გვიდგანან. ვწუხვარ ბექას გარდაცვალების გამო. ძალიან უყვარდა ჩემს შვილს. სულ ამბობდა, - ხელოვანი, სიკეთით სავსე ადამიანიაო.

GzaPressშინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან იზორია აცხადებს, რომ ცალსახად დადასტურებულია, თბილისსა და ბორჯომში მომხდარი დანაშაულები ერთი და იგივე პირმა, შალვა აბულაძემ ჩაიდინაო. დანაშაული ერთი და იმავე იარაღის გასროლით არის ჩადენილი. ხელწერაც იდენტურია. ტრაგედიის შემდეგ გატარდა სამძებრო ღონისძიებებები, მკვლელობის მეორე დილას, 6 საათზე იგივე პიროვნება, ისევ ვარკეთილში, წულუკიძის ქუჩაზე შენიშნეს. ამბობენ, შენიღბული იყო, პარიკი ეკეთა, სამართალდამცავების დანახვისთანავე კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებითო. საბედნიეროდ, ამ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ამჯერად ორმხრივი სროლა ატყდა, მაგრამ აბულაძე ისევ დაუსხლტდა ხელიდან პოლიციელებს და მიიმალა. მკვლელმა იქვე მიაგდო თურმე პარიკი და ტანსაცმელიც გამოიცვალა. ექსპერტებმა წულუკიძის ქუჩაზე იმ ტანსაცმელს მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელს ეცვა. ასევე იპოვეს ჩანთა, რომელიც მკვლელს თან ჰქონდა. მასში თურმე ხახვი ედო. როგორც ჩანს, ის შეგნებულად მოქმედებდა და ამ გზით კვალის დაფარვას ცდილობდა. ასვე იპოვეს ქუჩაში პარიკი. ასათიანის ქუჩაზე კი აღმოჩენილია ავტომანქანა, რომელზეც ეტყობა რამდენიმე ნატყვიარი. სავარაუდოდ, ამ მანქანით გადაადგილდებოდა შალვა აბულაძე.

"საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა და დადგენა, თუ სად იმყოფება, რთულია", - აცხადებს ლევან იზორია. სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ მის დასაკავებლად ყველა ღონეს ხმარობენ.

ჩვენ დავუკავშირდით შალვა აბულაძის დას, ადვოკატ სალომე აბულაძეს. მართალია, ძმის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა, მაგრამ დღეს გმობს ძმის საქციელს და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ემიჯნება.

სალომე აბულაძე:

- ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი. რაც მოხდა, საშინელებაა, ვემიჯნები ამ სიბინძურეს, ამ საშინელებას, ძალიან მტკივა და არანაირი კომენტარის გაკეთების ძალა არ მაქვს. ადამიანურად არავის გავურბივარ, მაგრამ არ შემიძლია საუბარი. რასაც ის სჩადის, არ ვიცი, რა სახელი დავარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ძმა არის, ხელს ვერ დავაფარებ. ეს არ არის ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანის ჩადენილი ქმედება. 2013 წლის 23 ნოემბერს გამოვიდა შალვა ციხიდან. ბევრს ლაპარაკობენ დღეს მის გათავისუფლებაზე, მაგრამ ამნისტიით შალვას გარდა უამრავი ადამიანი გამოვიდა. მაინცდამაინც ამნისტიას ნუ დავაბრალებთ. მან ციხეში 7 წელი და 20 დღე გაატარა. სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა. ოჯახი ცალსახად ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ვგმობთ და განვიცდით. რაც მოხდა, ეს არის საშინელება და არის მძიმე ჩვენთვის. ბოლო 9 თვეა, მე და ჩემს მშობლებს შალვა არ გვინახავს და ამიტომ არ ვიცი არაფერი.

მართალია, სალომე ირწმუნება, - 9 თვეა, ძმა ჩემს მშობლებსაც არ უნახავთო, მაგრამ ფაქტია, ის იანვარში მშობლებთან, ბორჯომში იმყოფებოდა და ორი თვის წინ მოკლა პოლიციელი.

უმძიმესი მდგომარეობა დამხვდა ვაზისუბანში, ბექა მარგიშვილის სამძიმარზე მისულს. ბექას მეუღლე, მარიამ სეფისკვერაძე საშინლად განიცდის მომხდარს. ბექას დედამ ამ ტრაგედიის შესახებ იტალიაში შეიტყო, სადაც სამუშაოდ იყო წასული და იქიდან ჩამოვიდა. ბექა მარგიშვილის შესახებ ამ დღეებში ბევრი დაიწერა და ითქვა. სოციალური ქსელი აჭრელებულია მისი ლექსებითა და სიმღერებით. თვალცრემლიან მეგობრებს მასზე წარსულ დროში საუბარი ძალიან გაუჭირდათ.

ნატალია, ნათესავი:

- უაღრესად კეთილშობილი, სიკეთით სავსე იყო. ასეთები არ უნდა იღუპებოდნენ. გული დამწვარი მაქვს. განსაკუთრებულად უყვარდა ცოლ-ქმარს ერთმანეთი. 10 წელია, ერთად არიან და ახალდაქორწინებულებივით იყვნენ. ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. მაშინ მარიამი აქ სწავლობდა, ბექა კი ფეხბურთს თამაშობდა. ყველაფერი გამოსდიოდა, მღეროდა, ლექსებს წერდა, პოლიციაში მუშაობდა. დაცვის პოლიციაში მუშაობდა, 6 თვეა, რაც ამ სამსახურში გადავიდა. პროფესიით იურისტი იყო.

პავლე ჭუმბურიძე, ბექა მარგიშვილის მეგობარი:

- ყოველთვის ძალიან მიკვირდა, ბექასნაირი სულის ადამიანს პოლიციაში რა უნდოდა, ის დიდი ხელოვანი იყო. ბექა ბავშვობიდან მღეროდა "მართვეში", ახალგაზრდებს ანსამბლის ჩამოყალიბება სურდათ, მას და მის მეგობრებს საკმაოდ დიდი მომავალი ჰქონდათ, მაგრამ ცხოვრებამ ისინი სხვა გზით წაიყვანა. მუსიკას რომ არ გაჰყვა, ამაზე გული სწყდებოდა. შესანიშნავი პოეტი იყო. ამ დღეებში ვაპირებდით, მისი ლექსების საღამო მოგვეწყო სამების ტაძრის დარბაზში ან მწერალთა სახლში. ამისთვის მზადებაც დაწყებული გვქონდა. ბოლო დროს ბევრი ლექსი დაწერა. ვეუბნებოდი, - რა გაქვს მოსასწრები, ასეთი სისწრაფით რომ წერ-მეთქი? - რა იცი, რა ხდებაო, - მითხრა. პირველად მარიამი, მისი მეუღლე კითხულობდა მის ლექსებს, პირველი შემფასებელი ის იყო, მერე ჩვენ გვაცნობდა. სოციალურ ქსელშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. ბევრი ვირტუალური მეგობარი გაიჩინა ამ ლექსებით. დიდი სულის ადამიანი იყო. სულ ვეუბნებოდი, - არამიწიერი კაცი ხარ, მინდა, შენში ნაკლი ვიპოვო და ვერ ვპოულობ-მეთქი. საოცრად ფაქიზი სულის ადამიანი იყო. ცხოვრებამ აიძულა ალბათ, პოლიციაში რომ ემუშავა. არადა, ხელოვნებაში დიდი მომავალი ელოდა, ამ გზას რომ გაჰყოლოდა. ჩემთვის მთელი სამყარო იყო ბექა. სამი დღით ადრე დაწერა ლექსი - "ავე", დაგვტოვა ტკივილთან. საოცარი ურთიერთობა ჰქონდა ცოლ-ქმარს, ასეთი სიყვარული იშვიათია, არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ უსაშველო ტკივილს. ხელოვანი იყო, მაგრამ პოლიციაშიც თავის საქმეს ყოველთვის კარგად ასრულებდა. - სადაც ვარ, ის საქმე ბოლომდე უნდა გავაკეთო, სხვაგვარად არ შემიძლიაო. იქაც ისეთივე ღირსეული იყო, როგორიც სხვა სფეროში, სხვაგვარად იქ არ დარჩებოდა. არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, 8 წლის ოთიკო. კარგად მღერის, საოცარი მონაცემები აქვს. მეუღლესთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა, საკუთარი სახლი არ ჰქონდა და ამას განიცდიდა. შვილივით გაზარდა ძმა - ზურა... დედამისი იტალიაში არის წასული სამუშაოდ და ბექა და მისი მეუღლე შვილივით ზრდიდნენ ზურასაც. უფრო შვილი იყო, ვიდრე - ძმა. 13 წლის არის ზურა. ახლა ძალიან განადგურებულია, ხმას ვერ იღებს. მამა ავადმყოფი ჰყავს, ინსულტი გადაიტანა, იმის პატრონიც ბექა იყო. ახლა ყველანი მის გარეშე დარჩნენ. ბექას არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ თავისი ჭერი ჰქონოდა. არადა, თავდაუზოგავად შრომობდა. ვერ აისრულა სურვილები, უნდოდა, მის შვილსა და ძმას ემღერა. ვინც ერთხელაც მაინც შეხვედრია ბექას, ყველა აღნიშნავს, რომ ის იყო არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი.

მაღლა... მაღლა...

დაასრულე, შენი მარში დაასრულე,

ბოლო დაღმართს მივაღწიე - ცოცხალი ვარ.

დაასრულე, უკვე დროა, დაასრულე,

ახლა მხოლოდ ჩემი თავის მოძღვარი ვარ.

მაღლა მელის მხოლოდ წუთი სადღეობო,

ეს გზები კი ტკივილივით ნაცნობია

მაღლა, მაღლა, რაღას უნდა დაველოდო,

როცა გული გაზაფხულით გამთბობია.

როგორც სიკვდილს გასხლეტილი პარადოქსი,

ისე ავცდი ნატყვიარევს დუელებში.

ვით წარმართი ხელახალი გადალოცვით

დავალ მტკიცედ, ქადაგივით, ცდუნებებში.

დაასრულე, შენი მარში დაასრულე,

მაღლა მზეა... სხვა რას უნდა დაველოდო?!

როგორც სიკვდილს გასხლეტილი პარადოქსი

მივალ, მივალ, სამზეოდ და სადღეობოდ.

თუ დააკვირდებით, ყველა ლექსში წასვლაზე საუბრობს. ალბათ თვითონაც ვერ ხვდებოდა, რომ წინასწარმეტყველური გახდებოდა მისი სტრიქონები... ეტყობა, ეს წინათგრძნობა იყო... თუ შესაძლებელია, ამ სტრიქონით მინდა გამოვეთხოვო, ჩემს ბექას...

სულ ისწრაფვოდი ზეცისაკენ, უფლის მხედარო,

ვერ დაიტია დედამიწამ სული უკვდავი,

ბედნიერი ხარ მეგობარო, რადგანაც ტკბილო,

დღეს სამშობლოა შენი დიდი ჭირისუფალი!

P.S. იმედია, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ ბექა მარგიშვილის ობლად დარჩენილ შვილსა და მეუღლეს ჭერი ჰქონდეს. ალბათ, სამართალდამცავები ოპერატიულად დააკავებენ დამნაშავესაც, რომელიც მთელი სიმკაცრით დაისჯება.

თეა ხურცილავა