მუხიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები - გზაპრესი

მუხიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ბიჭი ჯერ სადარბაზოსთან მდგარ მანქანას დაეცა, შემდეგ იქიდან გადმოსრიალდა და ძირს დაეცა. ამ შემზარავ ფაქტს მეზობლები შეესწრნენ. მათი თქმით, დაცემის ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსში მყოფებიც გარეთ გამოცვივდნენ. ბიჭის გადარჩენას ყველა ცდილობდა. პულსი ესინჯებოდა, თუმცა, გონებაზე არ იყო.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანა. მეზობლის თქმით, ბავშვის გადმოვარდნიდან რამდენიმე წუთში სადარბაზოში იარაღის გასროლის ხმა გაისმა. მაშინ ამ ფაქტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ყველანი შოკირებულები იყვნენ მომხდარით და გიორგის გადარჩენას ცდილობდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ბინაში სანადირო თოფიდან გასროლით ბავშვის მამამ, ზაქრო შაქარაშვილმა თავი მოიკლა.

როგორც მსგავს შემთხვევებში, ამჯერადაც ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, - თვითმკვლელობამდე მიყვანით აღიძრა. გიორგი შაქარაშვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ჯერჯერობით აპარატზეა შეერთებული. ახლობლების თქმით, ბიჭის გადარჩენის შანსი არსებობს. საბედნიეროდ, მას თავი და ხერხემალი არა აქვს დაზიანებული. თუმცა, ბევრი მოტეხილობა აღენიშნება, რამდენიმე ოპერაცია ალბათ დასჭირდება და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ გავლასაც შეძლებს.

შაქარაშვილები კასპის რაიონის სოფელ დოესიდან არიან. ისინი წლებია, მუხიანში ცხოვრობენ. ამ ოჯახს ყველა დადებითად ახასიათებს და მომხდარი ძალიან უკვირთ.

ლია ჩქარეული, მეზობელი:

- შეძრულები ვართ მომხდარით. ოჯახში ყველა დასაქმებული იყო. ზაქრო შაქარაშვილი ელექტრიკოსია, მგონი თავისი ოფისი ჰქონდა და მუშაობდა. მისი მეუღლე, ნანა, აფთიაქში მუშაობს. უფროსი გოგონა - ნინო, ძალიან წარმატებულია. 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა და სწავლობს, სტუდენტობის პარალელურად მუშაობს კიდეც, აფთიაქში. რაც შეეხება გიორგის, ის უნიჭიერესი, გამორჩეული ბიჭია, კერძო სკოლა-ლიცეუმში დადიოდა, კითხვა ძალიან უყვარს. ნაკითხი, განათლებულია, კარგად ხატავს. რომ ინატრებ, ისეთი ოჯახი ჰქონდათ შაქარაშვილებს. მიკვირს, ეს ტრაგედია მათ სახლში როგორ დატრიალდა. იმ საღამოს სახლში ვიყავი, ბავშვს ვამეცადინებდი, ძლიერი ბრაგვანის ხმა გავიგონე, მაშინვე გავედი გარეთ. პირველ სართულზე ვცხოვრობ, ჩემს მანქანას დაეცა ჯერ და მერე ბავშვი გადმოსრიალდა ძირს. კარგი ამინდი იყო, ეზოში ხალხი ირეოდა, ყველანი მისცვივდნენ... ეს ყველაფერი სრული შოკი იყო ჩვენთვის. გონებაზე არ იყო, ბავშვი რომ გადმოაბრუნეს, პირიდან სისხლი გადმოუვიდა და ერთი ძლიერ ამოისუნთქა, პულსი ესინჯებოდა, სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. პოლიციაც მოვიდა, დაურეკეს გიორგის დას, ნინოს და სახლში მოსვლა სთხოვეს პოლიციელებმა. დედამისი სახლში არ იყო, მასაც შეატყობინეს, ის სასწრაფოდ გიორგისთან გაიქცა. ნინოს უთხრეს, გიორგიმ ფეხი მოიტეხაო, მოირბინა გოგომ და სახლის კარი მან გააღო. არავინ იცოდა, იქ ასეთი საშინელება თუ ტრიალებდა, ამას ვინ წარმოიდგენდა, თორემ პოლიცია 20 წლის გოგოს სახლში მარტო ხომ არ შეუშვებდა? პირველად ნინომ ნახა ეს საშინელი სურათი: ბინაში გარდაცვლილი იყო მამამისი. ზაქროს თავი სანადირო თოფით მოეკლა. ტრაგედიის მიზეზი ნამდვილად არ ვიცით. შეძრულები ვართ მომხდარით. ვერავინ იტყვის ამ ოჯახზე ცუდს. საოცრად კარგი ხალხია. დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. ნანა და ზაქრო თანაკლასელები იყვნენ, სიყვარულით შეიქმნა მათი ოჯახი. ახალგაზრდები არიან და უცებ ეს უბედურება დაატყდათ თავს. უამრავი ვერსია, ჭორი დადის, მაგრამ რეალობა არავინ იცის, მიზეზს ალბათ გამოძიება დაადგენს. ღმერთს ყველანი ვთხოვთ გიორგის გადარჩენას. ზაქროს ნადირობა უყვარდა, სანადირო თოფი ამიტომ ჰქონია. ექსპერტიზის შემდეგ მისი ცხედარი აქ არ მოუსვენებიათ, პირდაპირ კასპში, მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. ზაქროს იქ დაკრძალავენ. ჩვენ ჭკუაზე არა ვართ, ვერ აგვიხსნია, რა მოხდა. მატერიალურადაც არ უჭირდათ, რამდენიმე დღის წინ ზაქრომ ქალიშვილს მანქანა უყიდა, ცოლსაც ჰყავდა მანქანა და თვითონაც. მშრომელი ხალხია, მათი სახლიდან ჩხუბის ხმა არავის გაუგონია.

- მანქანაზე დაცემამ იხსნა ბიჭი? თქვენი მანქანაც დაზიანებულია?

GzaPress- მანქანა ფანჯარისგან ცოტა მოშორებით იდგა, მას დაეცა. იმდენად ძლიერი იყო დაცემა, რომ ჩაღუნულია მანქანა, ბავშვის სისხლით იყო მოსვრილი. ოღონდ ეს ტრაგედია არ დატრიალებულიყო და მანქანას ვინ დაეძებს? მერე იქიდან გადმოსრიალდა და ისე ძლიერად არ დავარდილა ძირს, ასფალტზე.

შაქარაშვილების საცხოვრებელი სახლიდან ცოტა მოშორებით კერძო სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე" მდებარეობს. სწორედ ამ სკოლის წარჩინებული მოსწავლეა გიორგი შაქარაშვილი.

ტრაგედიის დღეს, შაბათს, გიორგი ჩვეულებრივ სკოლაში ყოფილა, მისთვის აღელვება ან ნერვიულობა არავის შეუმჩნევია.

მაია ნაფეტვარიძე გიორგი შაქარაშვილის კლასის დამრიგებელია. მან და თანაკლასელებმა იაშვილის კლინიკაში ღამეც გაათენეს. სჯერათ, რომ გიორგი გადარჩება.

მაია ნაფეტვარიძე:

- გამაოგნებელი ფაქტი მოხდა. ფაქტის თვითმხილველი ბევრი ადამიანია, რადგან ისინი ეზოში იყვნენ. შაქარაშვილების სახლიდან ხმაურის ხმა თურმე არავის გაუგონია. გიორგი მეხუთე კლასში იყო, ჩვენს სკოლაში რომ გადმოვიდა. ის კლასში გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით. ცაციაა, მარცხენა ხელით წერს და ხატავს. მახსოვს, შვლის ნუკრის ნაამბობის დახატვა ვთხოვე. ისე საოცრად დახატა, მთელ სკოლაში დამქონდა მისი ნახატები. ყველას ფოტოსურათები ეგონა, ისე კარგად იყო შესრულებული. მან ინგლისური კარგად იცის, ორიგინალში კითხულობს წიგნებს. ოლიმპიადებზე მონაწილეობდა. მთელ კლასს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა დააწყებინა. გასულ კვირას 6 წიგნი მოიტანა და დაურიგა თანაკლასელებს. მას მოძრავ ბიბლიოთეკას ვეძახით. დედამისი ამბობდა, გიორგის საწოლი არ სწორდება, სულ წევს და წიგნებს კითხულობსო. სკოლაში დიდ დასვენებებზეც წიგნებს კითხულობდა. არ იყო ჩაკეტილი ბავშვი, ძალიან კომუნიკაბელურია, იუმორის გრძნობით აღსავსე. ბავშვებს სულ ეუბნებოდა, - მე რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ, ვინ გაგაცინებდათო? რაც მოხდა, სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. წარმოუდგენელია, რომ გიორგიმ თვითმკვლელობა სცადა. ბავშვები შოკირებულები არიან, მორიგეობენ საავადმყოფოში და ღმერთს ვთხოვთ მის გადარჩენას. რა მოხდა მათ სახლში, ნამდვილად არ ვიცით. დედამისი ისეთ დღეშია, მომხდარზე ვერაფერს ვეკითხებით. ყველას საზრუნავი დღეს გიორგის გადარჩენაა. ტრაგედიის დღეს, შაბათს, გიორგი სკოლაში იყო. საკონტროლო ჰქონდა და დაწერა, 2-ის ნახევარზე გაკვეთილზე იჯდა. არანაირი აღელვება მისთვის არავის შეუმჩნევია. სკოლიდან სახლში წავიდა. როგორც მაღაზიის გამყიდველი ამბობს, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში შესულა და იოგურტები უყიდია. უყვარს იოგურტი, სკოლაშიც მოჰქონდა ხოლმე. - კარგ ხასიათზე იყოო, თქვა გამყიდველმაც. რამდენიმე წუთში კი ეს ამბავი მოხდა. სახლში მამა-შვილი მარტო ყოფილან. რა მოხდა მათ შორის, არავინ იცის. არადა, კარგი ოჯახი ჰქონდათ. გიორგის დედა ძალიან ყურადღებიანი ქალია, ხშირად აკითხავდა შვილს სკოლაში. ოჯახში თუ რაიმე პრობლემა იყო, ამაზე არასოდეს არაფერი გვსმენია. ზაქროს თანასოფლელები შემხვდნენ, ისინიც მომხდარით გაოცებულები არიან. სოფელშიც ამ ოჯახს ყველა დადებითად ახასიათებს. ერთადერთი, რასაც ამბობენ, ზაქროს თურმე ცუდი სიმთვრალე ჰქონია. ხშირად არ სვამდა, მაგრამ რომ დათვრებოდა, პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდაო. გიორგის მამა ძალიან უყვარდა, დედის უფრო ერიდებოდა. რა მოხდა, არავინ იცის, ალბათ რაღაცაზე მამა-შვილი წაკამათდა. ისინი მარტო რომ იყვნენ ბინაში, ეს ფაქტია. ვინმე რომ ყოფილიყო, ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ამბობენ, ზაქრო მთვრალი იყოო. როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე გავიქეცი საავადმყოფოში. ექიმი იმედს არ კარგავდა, ახალგაზრდა ორგანიზმი აქვს და გაუძლებსო. ეშინოდათ, თავში დაზიანება არ ჰქონოდა. საბედნიეროდ, არც თავი აქვს დაზიანებული, არც - ხერხემალი, არც ელენთა აქვს გახეთქილი და არც - ღვიძლი. ძირითადად, მოტეხილობები აღენიშნება. ნეკნები და მენჯის ძვალი აქვს მოტეხილი. წნევას ვერ ურეგულირებდნენ, მაგრამ ეს პრობლემაც მოგვარდა. ჯერ ისევ აპარატზეა შეერთებული. დედა ნახულობს შვილს, მან მითხრა, ფეხებიც აამოძრავა და თვალიც დაახამხამაო. ჯერ ისევ აპარატზეა, რადგან მოტეხილობების გამო ძლიერი ტკივილები აქვს. თუ რაიმე რეციდივი არ მოხდა, ღვთის წყალობით, ის გადარჩება. ოპერაციები დასჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით მდგომარეობიდან გამოსვლას ელოდებიან. ფილტვშიც დრენაჟი ჰქონდა და ესეც ამოუღეს. დაცემის დროს ყურიდან გადმოვიდა სითხე, ამიტომ თავის ქალა ეგონათ დაზიანებული. ხელმეორე ტომოგრაფია ჩაუტარდა და არა აქვს დაზიანებული თავის ქალა. სავარაუდოდ, ყურის აპკია გახეთქილი. მჯერა, ღმერთი გადმოხედავს ამ ოჯახს და აჩუქებს მათ გიორგის სიცოცხლეს.

სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს შაქარაშვილების მეზობლები და ახლობლები. რა ჩვენება მისცეს გამოძიებას ოჯახის წევრებმა, ჯერჯერობით უცნობია. ჟურნალისტებთან საუბარში ნინო შაქარაშვილმა ასეთი ვერსია განავითარა: ის ფიქრობს, რომ ჯერ მამამისმა მოიკლა თავი და ამ ფაქტის შემხედვარე გიორგი შიშისგან გადმოხტა მერვე სართულიდან. "ჯერ მამაჩემმა მოიკლა თავი და ჩემმა ძმამ შიშის ნიადაგზე გადაწყვიტა თავის მოკვლა. ისინი სახლში მარტო იყვნენ, მე აღმოვაჩინე მამაჩემის გვამი", - ამბობს ნინო შაქარაშვილი.

ალბათ რეალურ მიზეზს სამართალდამცველებს სიკვდილს გადარჩენილი 14 წლის ბიჭი უამბობს. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მთვრალი მამა შვილს წაეკამათა. სავარაუდოდ, მან შვილს ხელიც გაარტყა. თურმე აბაზანაში სისხლის კვალი იპოვეს. მეზობელი ვარაუდობს, შესაძლოა, ბავშვს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და წყლით მოიბანა, მერე კი საძინებლიდან გადმოხტა. მამამ როცა ეს ფაქტი ნახა, თავი მოიკლა.

ზაქრო შაქარაშვილი კასპის სოფელ დოესში მიაბარეს მიწას. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა