"შვილი სახელმწიფომ მომიკლა" - გზაპრესი

"შვილი სახელმწიფომ მომიკლა"

2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, ე.წ. "ირინეს ბაღში", ხალხმრავალ ადგილას, თვითმხილველების თვალწინ, დღისით, ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სერგი საცერაძემ ყოფილ მეუღლეს ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით 5 ტყვია დაახალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, მკვლელი კი პოლიციელებს ბრალის აღიარებით ჩაჰბარდა.

საქმეზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. საცერაძისთვის წაყენებული ბრალი 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბრალდებული და მისი ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ისინი საქმის გადაკვალიფიცირებას ცდილობდნენ, მაგრამ პროკურატურამ კვალიფიკაცია არ შეცვალა.

გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოა მოკლული გოგონას დედა, ფატი ჭელიშვილი. იგი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა.

ფატი ჭელიშვილი:

GzaPress- არ ველოდი ასეთ მცირე სასჯელს. საცერაძე ხომ არ იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, პოლიციელს მოქალაქეების დაცვა ევალება, მან კი ჩემი უდანაშაულო შვილი სადისტურად ქუჩაში მოკლა. მოსამართლემ როცა განაჩენი გამოუტანა, დაამატა, - შეწყალებით მიმართვის უფლება გაქვსო. მითხარით, რომელ შეწყალებაზეა საუბარი? პოლიციელი ქუჩაში კლავს ადამიანს, ეს პიროვნება საშიშია საზოგადოებისთვის. მინდა, პროკურატურას მივმართო, - არ მიეცეს მკვლელს შეწყალების უფლება და საკადრისად დაისაჯოს. 13 წელზე ნაკლებს არავინ ველოდით, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის მოსამართლის ვერდიქტი. აბსოლუტურად ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, ძალას ვიკრებდი, მინდოდა, უმკაცრესად დასჯილიყო საცერაძე და ამას ვერ მივაღწიე. სალომეს 40-მდე არ დავინტერესებულვარ გამოძიებით, მერე ვცადე, გამერკვია, რა ხდებოდა საქმეზე და დავინახე, რომ როცა შვილს ვგლოვობდი, ამ დროს ბრალდებული სასჯელის შემსუბუქებას ცდილობდა. მათ აუღიათ დასკვნა, თითქოს მკვლელმა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა დანაშაული. ამის შემდეგ ვწერდი საჩივრებს, ვითხოვდი კომპლექსურ ექსპერტიზას. დიდი ხმაურის შემდეგ მივაღწიე ახალი ექსპერტიზის დანიშვნას. მითხარით, ეს კაცი როგორ იყო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, როცა მკვლელობამდე 5 დღით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა და სტატუსი აუმაღლა? გაუწონასწორებელ პოლიციელს აჯილდოებდნენ? აშკარა იყო, ექსპერტმა ყალბი ცნობა გასცა. ეს კომპლექსურმა ექსპერტიზამ დაადასტურა. საქმეში დევს დასკვნა, რომ ის არ იყო აფექტში და ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ექსპერტებმა თქვეს, აფექტი რომ ყოფილიყო, მას იარაღში 11 ტყვია ჰქონდა და მაშინ ყველა ტყვიას დაახლიდაო.

- რას ამბობდნენ ფაქტის თვითმხილველები?

- ნეიტრალური თვითმხილველები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ, არც კი დაუკითხავთ. სხვა მოწმეები ადასტურებენ, რომ სალომე მაქსიმუმ 4 წუთი ელაპარაკა საცერაძეს, ამის მერე გაიგეს იარაღის გადატენისა და გასროლის ხმა. რა უნდა ეთქვა 4 წუთში სალომეს მისთვის ისეთი, რომ გაეგიჟებინა? მას სალომესთან შეხვედრა იმიტომ აინტერესებდა, რომ უნდოდა გაერკვია, რა მოხდა გენინსპექციაში. ყველამ იცის, ეს კაცი ჩემს შვილს ავიწროებდა და ამიტომ უჩივლა ყოფილმა ცოლმა. მან შვილი განზრახ მომიკლა. შვილი სახელმწიფომ მომიკლა, რადგან არ დაგვიცვა. ვჩიოდით, ვყვიროდით, რომ გვავიწროებდა, გვემუქრებოდა მკვლელი, მაგრამ ჩვენს დასაცავად არაფერი გააკეთა სახელმწიფომ. სწორედ ამიტომ ვუჩივი სახელმწიფოს სტრასბურგში და იმედი მაქვს, იქ მაინც მივაღწევ სამართალს. მინდოდა, ჯერ მკვლელი დასჯილიყო სამაგალითოდ, მერე - ის სამართალდამცავები, რომლებსაც მივმართავდით და ვთხოვდით დაცვას, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ ყოფილა.

- ამბობენ, საცერაძემ სასამართლო პროცესზე ბოდიში მოგიხადათ და რომ ის ძალიან ნანობს მომხდარს.

- მან სასამართლოზე წაიკითხა ადვოკატის დაწერილი სიტყვები, თითქოს ნანობს ჩადენილს და ბოდიშს უხდის ოჯახს, მაგრამ ასე არ არის. კარგად ვიცნობ მას, ვიცი, ეს არ იყო მისი სიტყვები. თან დავინახე, როგორ გადასცა ფურცელი მკვლელს ადვოკატმა. ჩემი შვილის მკვლელს ორი სახე აქვს...

- გენინსპექციაში რომ იჩივლა სალომემ, ამას ყურადღება არ მიაქციეს?

- რამდენჯერ იჩივლა სალომემ, მაგრამ არავის მოუხდენია რეაგირება. არც სასამართლოზე წამოწეულა ეს საკითხი, არავის უხსენებია, რომ ის დაცვას ითხოვდა. ამ საქმეზე ცალკე პროცესები თბილისში მიმდინარეობს, არც ეს უხსენებია არავის საცერაძის სასამართლოზე. მიკერძოებული იყო მოსამართლე. პროკურატურას ვთხოვ, გამოტანილი განაჩენი გაასაჩივროს. ვთვლი, რომ სახელმწიფო პოლიციელს იცავს და დაზარალებული დაუცველია. სალომე ბევრჯერ უნახავთ მის მეგობრებს დალილავებული, ნაცემი. მე მიმალავდა, მისი სიკვდილის მერე გავიგე ბევრი რამ. მისი სიკვდილის მერე წავიკითხე, მეგობარი გოგონასთვის "სკაიპში" მიწერილი ტექსტი, თუ როგორ ექცეოდა მას ქმარი, რატომ დარჩა არასრულწლოვანი მათ სახლში. ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო, საცერაძემ რომ მოიტაცა და თურმე ემუქრებოდა. ყველა მასალა სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარში დევს და იქ ვიპოვი სამართალს. ამდენი რომ არ მებრძოლა, შეიძლება მკვლელი გარეთაც გამოეშვათ. პროკურორმაც მითხრა, - ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ საქმე 108-ე მუხლით დარჩენილიყოო.

- მკვლელობის დღეს რატომ შეხვდა ყოფილ ქმარს სალომე?

GzaPress- სანამ შვილს მომიკლავდა, მანამდე ჩემს სახლში მოვიდა მეგობართან ერთად, ბავშვს დაემშვიდობა, აკოცა სანდროს და წავიდა. სალომე იყო გენინსპექციაში, ეს იცოდა სერგიმ. რომ დაბრუნდა გენინსპექციიდან, დაურეკავს სერგის და უთქვამს, ბაღში წამოდი და დაგელაპარაკებიო. დაშორებულები იყვნენ, მაგრამ სალომე მაინც ყველაფერს ეუბნებოდა - სად მიდიოდა, რას აკეთებდა. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ალბათ ეს სიყვარული იყო. სალომეს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ერთი პიროვნება საცოლესაც უწოდებდა, მაგრამ ის არ მალავდა, რომ ისევ უყვარდა თავისი შვილის მამა. სულ ფიქრობდა, სერგი გამოსწორდებოდა. იყო შანსი, რომ შერიგებულიყვნენ. მარტო სერგი არ იყო პრობლემა, ცოლ-ქმრის კონფლიქტის მიზეზი დედამთილი იყო. დედამთილს არ უნდოდა, რძალს ესწავლა, გარეთ გაეხედა, ამიტომ ძალიან ავიწროებდა. სკოლის მოსწავლე მოიტაცეს, მისი სიკვდილის მერე გავიგე ბევრი რამე. თურმე კარს უკეტავდნენ, სკოლაში რომ არ წასულიყო და ოთახში კეტავდნენ. სერგი იყო მოთამაშე, დიდი თანხები ჰქონდა წაგებული, სახლი ბანკში ჩადო, მთლიანად დამოკიდებული იყო ოჯახზე, რადგან ისინი უხდიდნენ ფულს. საშინელია იმ ფაქტთან შეგუება, რომ სალომე არ მყავს, ვზრდი მის პატარას. მე მეძახის დედას. თან იმასაც იძახის, დედა ცაშიაო. ვერ შევეგუები ამ განაჩენს, ვიბრძოლებ ბოლომდე.

დავით ხომერიკი, სერგი საცერაძის ადვოკატი:

- სერგი ძალიან ნანობს ჩადენილ დანაშაულს. მას სალომეს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რადგან სალომემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პიროვნული ღირსება შეულახა. არა მარტო სალომემ, სხვა გარე პირებმაც, - სალომეს რამდენიმე მეგობარმა. ისინი ურეკავდნენ სერგის და სახეზეა აფექტი. ამის მიუხედავად, 11 წელი მიესაჯა, ეს არ არის სამართლიანი ვერდიქტი. სერგი გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა განაჩენს. ექპერტიზით დადგინდა, რომ აფექტში იყო მკვლელობა ჩადენილი, მაგრამ ეს არ გაიზიარეს.

- როგორც ვიცი, არსებობს მეორე, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ აფექტი არ იყო.

- ორივე დასკვნა არსებობს საქმეში, ორივე ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. არ მოეწონათ პირველი დასკვნა და მეორე დაინიშნა. ერთი ექსპერტი ამბობს, რომ აფექტში იყო საცერაძე, მეორე ამბობს, რომ აფექტი არ იყო. ასეთ დროს, როცა საეჭვოა საკითხი, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუმცა, ასე არ მოხდა. ჩვენ თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ბრალს. თუ დღისით, მზისით, ტაბელური იარაღით, ახლო მანძილიდან ესვრი ადამიანს ხალხის თვალწინ, მაშინ გიჟი ხარ. განზრახ მკვლელობა რომ ნდომოდა, პოლიციელი იყო და ისე მოახერხებდა, რომ კვალი არ დაეტოვებინა.

- თქვენი ვერსია რა არის, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო?

- კონფლიქტები მოსდიოდით ბავშვის გამო. ბავშვს განახებ - არ განახებ, ეს იყო პრობლემა. ეჭვიანობა ყველაზე ცოტა იყო. ძირითადად ბავშვი და პირადი შეურაცხყოფები იყო მიზეზი მკვლელობის. გართულდა მათი ურთიერთობები. იმ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს. აინტერესებდა, გენინსპექციში რა უთხრეს სალომეს. უჩივლა ცხელ გულზე, მაგრამ მერე აღარ ჩიოდა. ამის მიუხედავად, რეაგირება ხომ უნდა მოეხდინათ სამართალდამცავებს? დასაკითხად დაიბარეს. საერთოდ, ესენი სულ რიგდებოდნენ, სულ ჩხუბობდნენ. სიყვარულს რას გაუგებ. მართლა ძალიან ნანობს სერგი ჩადენილს, განიცდის და მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ეს ტრავმა, რადგან მოკლა საყვარელი ადამიანი და შვილს მოუკლა დედა.

- თუ ასე ძალიან ნანობს, ალბათ 11-წლიან სასჯელსაც შეეგუება და არ გაასაჩივრებს განაჩენს, ხომ?

- არ ვიცი, გაასაჩივრებს თუ არა, ეს საკითხი ამ დღეებში გაირკვევა.

P.S. რაც შეეხება სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარს, სალომე ჯორბენაძის საქმეზე საჩივარი სტრასბურგში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაგზავნა. მათი თქმით, სალომე ჯორბენაძისა და სერგი საცერაძის ურთიერთობა ძალადობით დაიწყო - 2011 წელს, 17 წლის სალომე სერგი საცერაძემ იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ ბავშვის მოძებნაში სალომეს მშობლებს დახმარება არ გაუწია. ასე გახდა სალომე სერგის ცოლი. ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ეჭვიანობა იყო. მკვლელობამდე სალომემ ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურასა და გენერალურ ინსპექციას მიმართა და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა, მაგრამ მოძალადის შესაჩერებლად არაფერი გაკეთებულა. რამდენიმე მუხლის დარღვევაზე ჩივიან სტრასბურგში. ესენია: სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამების აკრძალვა, პირადი ცხოვრების დაცულობა და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ვნახოთ, რა ვერდიქტს გამოიტანს სტრასბურგი ამ საქმეზე.

თეა ხურცილავა