კლინიკა, რომელსაც ბავშვის წამებაში და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ - გზაპრესი

კლინიკა, რომელსაც ბავშვის წამებაში და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

"ახლა მარტო ამბულატორიულად ვიღებთ პაციენტებს. ტრადიციული მედიცინით ვმკურნალობთ, ჩვენი მეთოდი მთელმა თბილისმა იცის".

"უანგაროდ ვუტარებდით რეაბილიტაციას, რადგანსისტემატურად სპეკულირებდნენ თავიანთი შვილით და შეგვეცოდა".

შპს "ლილი რატიანის კლინიკას" დაზარალებული ახალბედაშვილების ოჯახი უჩივის. კლინიკასა და მის დირექტორს ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს. გიორგი ახალბედაშვილის თქმით, კლინიკის დირექტორი, ლილი რატიანი მას ცერებრალური დამბლით დაავადებული შვილის მკურნალობას დაჰპირდა, რატიანისგან მიიღო პირობა, რომ ბავშვი ფეხზე წამოდგომასა და გავლას შეძლებდა, მაგრამ როგორც ახალბედაშვილები ამბობენ, სამთვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა.

იხილეთ ბავშვის მამის, გია ახალბედაშვილის ინტერვიუ

ახალბედაშვილების ოჯახის უფლებებს თავიდან ადვოკატი გივი ტურაშვილი იცავდა, რომელიც მოგვითხრობს:

- მოატყუეს ახალბედაშვილები. უთხრეს, რომ პროფესიონალი ექიმების და ტრადიციული მედიცინის ურთიერთშერწყმით უმკურნალებდნენ ბავშვს და გამოაჯანმრთელებდნენ. კლინიკაში მისულმა ნახა, რომ ეცვათ თეთრი ხალათები, კედელზე გაკრული იყო ლიცენზიები და იფიქრა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოხვდა. აქ თაღლითობა ცალსახაა. მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმება მოხდა, ვალდებულება აიღო კლინიკამ, რომ ბავშვი შეძლებდა დამოუკიდებლად გავლას. კოლოსალური თანხა გადაახდევინეს: ისინი დღეში 420 ლარს იხდიდნენ და საერთო ჯამში, 27.000 ლარი გადაუხადეს კლინიკას. ფაქტობრივად, რატიანის კლინიკამ ოჯახს ფული გამოსძალა. ექიმები თავადაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდნენ, მაგრამ ფულის გამო აკეთებდნენ ამას. სამწუხაროდ, პროკურატურამ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმე შეწყვიტა, რის შემდეგაც სამოქალაქო წესით ვიჩივლეთ და ვითხოვდით მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "ანიკა", რომელიც დაავადებულ ბავშვებს უწევს იურიდიულ დახმარებას. საქმეში აშკარად იკვეთება ბავშვის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ბავშვი ჯვარზე გააკრეს და ასე ჰყავდათ 3 თვე, არადა, კლინიკის ხელმძღვანელმა კარგად იცოდა, რომ შედეგი არ იქნებოდა. ის ატყუებდა მშობლებს და შესაძლოა, ასე ატყუებდეს სხვა გაჭირვებულ ადამიანებსაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ანიკას" იურისტი, თეა ყაულაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივ დაცვას ახორციელებს და პროექტის ფარგლებში იცავდა ახალბედაშვილების ინტერესებს. ვინაიდან მათი პროექტი დასრულდა, ეს საქმე ბოლომდე ვერ მივიდა, ამიტომ საქმეში "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი ჩაერთო. ისინი სტრასბურგისთვის ამზადებენ საჩივარს და დარწმუნებულები არიან, რომ სამართალს იქ მაინც იპოვიან. თუმცა, საქართველოში სამართლებრივი ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, ახალბედაშვილები საკასაციო საჩივრის განხილვის მოლოდინში არიან.

იურისტი თეა ყაულაშვილი:

- ჩვენ მტკიცებულებების კვლევის ეტაპზე ჩავერთეთ საქმეში. ვითხოვდით, კლინიკას ოჯახისთვის დაებრუნებინა წართმეული თანხა, მაგრამ სასამართლოში ამას ვერ მივაღწიეთ. ვთვლით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად იყო. ყოველდღიურ სამკურნალო თანხას, დღეში 420 ლარს რომ იხდიდა ოჯახი, ეს სადავო არ არის. თანხის მთლიანი ოდენობაც დადასტურდა პროცესზე და არც მეორე მხარე ხდის ამას სადავოდ. დავა მხარეთა შორის შეთანხმების საგანზე მიდის. ახალბედაშვილები ამტკიცებენ, რომ კლინიკა ბავშვის დამოუკიდებლად გავლას დაჰპირდა, მეორე მხარე ირწმუნება, რომ უბრალოდ მკურნალობაზე შეთანხმდნენ. ბუნებრივია, შეთანხმება სიტყვიერი იყო. ჩვენ ვამბობთ, შეუძლებელია, დღეში 420 ლარი გადაიხადოს ადამიანმა უაზროდ, მით უფრო, ბავშვს ოპერაციაც ჰქონდა გაკეთებული. ოჯახისთვის ცნობილი იყო ყველა ხელმისაწვდომი საშუალება ქვეყანაში, იცოდა - არსებობს კლინიკები, სადაც ბევრად უმტკივნეულოდ, ბევრად უფრო სწრაფი მეთოდითა და ნაკლები დანახარჯით შეიძლებოდა მკურნალობა, მაგრამ ამ კლინიკისგან მათ მიიღეს პირობა, რომ ბავშვი გაივლიდა, და მოტყუვდნენ. ამას სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება. ბავშვი 3 თვე, 24 საათის განმავლობაში დაბმული ჰყავდათ და ეს არ უარუყვია მეორე მხარეს. ჩათვალეს, რომ ეს მათი მკურნალობის მეთოდია. ისმის კითხვა: რატომ გადაიხდიდა ოჯახი 27.000 ლარს ასეთი მძიმე მკურნალობისთვის, თუკი მას კარგი შედეგის საფუძველი არ ჰქონდა? ვთვლი, რომ სასამართლოს სწორედ ამ კუთხით უნდა ემსჯელა... მნიშვნელოვანია მეორე საკითხიც: რამდენად მიზანშეწონილია, ბავშვი და საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი ამდენი თვის განმავლობაში იყოს მიჯაჭვული?!. სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ასეთი დაწესებულებები. უდავოა, ეს ბავშვი ცერებრალური დამბლის სტატუსით შევიდა იქ და არ მისულა, როგორც ფეხმოტეხილი ადამიანი. ვფიქრობ, ამ ფორმით მკურნალობისთვისაც კლინიკამ პასუხი უნდა აგოს.

ბუნებრივია, "ლილი რატიანის კლინიკასაც" მივაკითხეთ, რათა ახალბედაშვილების პრეტენზიებზე მის მესვეურთა პასუხებიც მოგვესმინა. როცა ჩვენი მისვლის მიზეზი შეიტყო, ქალბატონი ლილის ქალიშვილმა - ირმა ნიჟარაძემ პირდაპირ მომახალა, - ჟურნალისტებს მეტი საქმე არ გაქვთ, სკანდალებს ეძებთო.

- ყველაფერი უკვე განიხილა სასამართლომ და პასუხი მიიღეს, მაგრამ ეს ხალხი სისტემატურად ჩივის და შვილით სპეკულირებს.

- ქალბატონო ირმა, ახალბედაშვილების მტკიცებით, თქვენ მათ დაპირდით, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებული მათი შვილი გავლას შეძლებდა, მაგრამ მოტყუვდნენ. ახლა ფულის გამოძალვაში გადანაშაულებენ.

- გარანტიას არც ერთი ექიმი არ აძლევს პაციენტს და ვერც ჩვენ მივცემდით. ჩვენ ცერებრალურ დამბლას კი არა, სახსრებს ვმკურნალობთ. ისინი ცდილობენ, ყალბი მიზეზით ფული "გააკეთონ".

- რას გულისხმობთ? ფაქტია, ფულს ოჯახი თქვენს კლინიკას უხდიდა, მათ რა ფული უნდა "გააკეთონ"?

- ისინი სპეკულირებენ.

- თუ ვერ განკურნავდით ამ დაავადებისგან, რატომ გყავდათ ეს ბავშვი კლინიკაში ამდენ ხანს და დღეში 420 ლარს რისთვის ახდევინებდით ოჯახს?

- ჩვენ ვმკურნალობდით სახსრებს, ძვალ-სახსარს. ეს არაერთხელ ვთქვით. XXI საუკუნეში უნდა გაარჩიოთ, ძვალ-სახსრის დაავადება რა არის და ცერებრალური დამბლა რას ნიშნავს. ჩვენ ტრავმატოლოგია-ორთოპედიას ვემსახურებით და არა სხვა პროფილს.

- ჰოდა, გეკითხებით, მაშ, რატომ მიიღეთ კლინიკაში ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი?

- შეიძლება, ასეთი დაავადების მქონე ბავშვს ჰქონდეს სიყვითლე ან სხვა დაავადება. ის ჩვენთან შემოვიდა ძვალ-სახსრის დაავადებით. ეს ბევრჯერ ავხსენით, მაგრამ ჟურნალისტები ეძებთ სკანდალს...

- სკანდალს რატომ ვეძებთ? კონკრეტულ კითხვებზე გთხოვთ პასუხს. ასე რატომ ღელავთ?

- სკანდალს ეძებთ!

- ახალბედაშვილები ამბობენ, რომ მათი შვილი სამი თვე გაკრული გყავდათ ჯვრის ფორმის ფიცარზე, ბავშვს განძრევის საშუალებას არ აძლევდით, რამაც მის ფსიქიკზე უარყოფითად იმოქმედა. იქნებ განგვიმარტოთ, რა მეთოდით მკურნალობთ პაციენტებს?

- ტრადიციული მეთოდით ვმკურნალობთ და არ ვაპირებ ახლა, ჩვენს საიდუმლოებაზე თქვენ გესაუბროთ. რაც შეეხება ჯვარზე გაკვრას, ეს არის ზღაპარი და ვისაც გჯერათ ამ ზღაპრების, დაიჯერეთ. ჩვენ ჩაკეტილი სახსრების ამუშავებაზე ვმუშაობთ. ბავშვი ვერ მოძრაობდა, ვერ იჯდა, დღეს კი გადაადგილება ჩოჩიალით შეუძლია. ეს არის შედეგი.

- ოჯახი კი ამბობს, რომ მდგომარეობა პირიქით, უფრო დამძიმდა.

- ისინი ტყუიან, ჩვენ მართლები ვართ.

- 27.000 ლარი რაში გადაგიხადათ ამ ოჯახმა?

- სამთვიან მკურნალობაში. ამას გარდა, 7 თვე დიდი შეღავათი გავუწიეთ და უანგაროდ ვუტარებდით რეაბილიტაციას. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ სისტემატურად სპეკულირებდნენ თავიანთი შვილით. ჩვენ შეგვეცოდა და წლამდე ვმკურნალობდით ფაქტობრივად, მაგრამ არ დაასრულეს მკურნალობა და დაიწყეს ჩივილი. 7-8 თვე რეაბილიტაციას რომელიმე დაწესებულება ჩაუტარებს უანგაროდ? ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. წამლები, საფენები ძვირად ღირებულია. თუ თანხა არ ჰქონდათ, მაშინ არ უნდა დაეწყოთ მკურნალობა. საერთოდ არ ესმით მედიცინა. ყველაფერი ზღაპარია, რასაც ამბობენ. ჯერჯერობით, არაფერი გამოუვიდათ და ალბათ არც აწი გამოუვათ. ეს ბავშვი ცოდოა ასეთი მშობლების ხელში.

- ბავშვის მამა ექიმი-სტომატოლოგია და ბუნებრივია, ის გარკვეული იქნება ამ საკითხებშიც.

- ჰო, ვითომ ექიმია.

- რატომ ამბობთ ასე? თქვენ გაქვთ სამედიცინო განათლება?

- ვერ იგებს ვერაფერს და ამიტომ ვუწოდებ ვითომ ექიმს.

- როგორც ვიცით, თქვენს სტაციონარს ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტრომ შეუჩერა. რატომ?

- ლიცენზია ჩემი სურვილით შეგვიჩერდა, მე ჩავაბარე უკან, რადგან ეს არის პატარა საოჯახო კლინიკა. ბევრი ხარჯი ჰქონდა და ფიზიკურად ვერ გავწვდი. ვნახეთ, არ იყო მომგებიანი, ამიტომ ახლა მარტო ამბულატორიულად ვიღებთ პაციენტებს. ტრადიციული მედიცინით ვმკურნალობთ. ჩვენი მეთოდი მთელმა თბილისმა იცის.

- იქნებ მითხრათ, გაუნძრევლად რატომ გყავდათ ბავშვი 3 თვე?

- მე ახლა მკურნალობის მეთოდი აგიხსნათ? ეს ჩემი უფლებებია და ასე საჯაროდ არ ვაპირებ ჩემს მეთოდებზე, მით უმეტეს, ჟურნალის ფურცლებზე საუბარს. ისინი ტყუიან! შედეგი იყო ზღაპრული და მე ეს სასამართლოზეც დავამტკიცე, ამიტომაც გამამართლეს. იჩივლონ, სადაც უნდათ, ეს მათი უფლებაა. დედაჩემი - ლილი რატიანი 76 წლის ქალია და 20 წლიდან ამას აკეთებს. მე დედას ნაშრომებს ვიცავ ახლა და მასთან ერთად, მის დაწყებულ საქმეს ვაკეთებ.

P.S. მართალია, ირმა ნიჟარაძე გიორგი ახალბედაშვილს, როგორც სტომატოლოგს აკნინებს, მაგრამ ბატონმა გიამ ჩვენს ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა: "ბევრ რამეში მომატყუა და გამომიყენა კიდეც რატიანმა. თქვენ წარმოიდგინეთ, გორიდან იარაღები ჩამომატანინა, რათა მისთვის კბილები გამეკეთებინა და დღემდე ჩემი გაკეთებული პროთეზი აქვს. ცხადია, ამისთვის ფული არ ამიღია და ამის გამო არც არანაირი შეღავათით არ მისარგებლია".

იმედია, შესაბამისი სტრუქტურები, პროკურატურა და ჯანდაცვის სამინისტრო უფრო მეტად დაინტერესდებიან `ლილი რატიანის კლინიკისა~ და ახალბედაშვილების დავით. ფაქტია, ახალბედაშვილები დანებებას არ აპირებენ და ამბობენ, თუ სამართალს ამ ქვეყანაში ვერ მივაღწევთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართავთო.

თეა ხურცილავა, ჟურნალი "გზა"