მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნამ, რომელსაც უკანონო პატიმრების საქმეებს გადახედავდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ სახელმწიფო საამისოდ, ეკონომიკურად და ფინანსურად არ არის მზად. პატიმრებმა, რომლებიც თავს უკანონო მსჯავრდადებულებად მიიჩნევენ, პროკურატურას რახანია, თავიანთი განაჩენის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს და, როგორც ჩვენი რესპონდენტი, პროფესიით იურისტი, უვადო პატიმარი გიორგი გელაძე ამბობს, პროკურატურის ნაცვლად, მათ თავად უწევთ საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება. მანვე მოგვაწოდა უვადო პატიმრების 13-კაციანი სია, რომელთაგან ზოგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ზოგიც - ნაკლებ ბრალეულად.
გიორგი გელაძე, უვადო პატიმარი, იურისტი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი:
- კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს, ე.ი. პროკურატურას, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მიუხედავად აღნიშნული კონსტიტუციური უფლებისა, საქართველოს საგამომძიებლო და სასამართლო ხელისუფლების არაპროფესიონალიზმისა თუ აშკარა უსამართლობის გამო, იძულებულნი ვართ, თავად ვამტკიცოთ საკუთარი უდანაშაულობა ან ნაკლები ბრალეულობა. გაგაცნობთ რამდენიმე უვადო მსჯავრდადებულის ვინაობას, რომლებიც განაჩენს უკანონოდ მიიჩნევენ და საქმის გადახედვის მოთხოვნითაც მიმართეს მთავარ პროკურატურას.

მსჯავრდადებული ხვიჩა ყირმიზაშვილი, რომელიც მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით, უვადო სასჯელს 2006 წლიდან იხდის. მას ბრალი წაყენებული აქვს ერთ მოწმედ ქცეული ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან გატაცებული ოქროულობა მიჰყიდა ყირმიზაშვილს, ხოლო შემდგომ დააბრალა თავის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამით გაიფორმა საპროცესო შეთანხმება, სამართლიან სასჯელსაც თავი აარიდა, ხოლო ხვიჩა დაღუპა. ყირმიზაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა უტყუარი ალიბი - დანაშაულის პერიოდში ის დაკავებული იყო პოლიციის მიერ, ტყის უკანონოდ გაჩეხისთვის. ეს საქმეზე ზედამხედველმა პროკურორმა, ბატონმა შაყულაშვილმა (დღეს თბილისის პროკურორია), რა თქმა უნდა, იცოდა. ისიც იცოდა, რომ ერთ-ერთ მოწმეს რამდენჯერმე შეაცვლევინეს ჩვენება და სასამართლოზე საბოლოოდ ათქმევინეს ასეთი რამ (ციტატა განაჩენის ოქმიდან): "ხვიჩა ყირმიზაშვილი ადრე არასოდეს მინახავს, მაგრამ თავდამსხმელთა შორის ერთ-ერთი ნიღბიანი ეგ იყო". წარმოიდგინეთ, კაცი არასოდეს უნახავს, მაგრამ სასამართლო პროცესზე ნიღბის ქვეშ მყოფი ადამიანი ამოიცნო. ამ საქმეში კიდევ ის არის საინტერესო, რომ სასამართლო პროცესზე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის მაღალჩინოსანმა, ვინმე ივანე ბაშარულმა განაცხადა, თითქოს ყირმიზაშვილმა 2006 წლის 1-ელ ივნისს მძიმედ დაჭრა თავისი მეზობელი, მაგრამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ყირმიზაშვილის წინააღმდეგ არასოდეს აღძრულა, არც ივანე ბაშარული დაუსჯიათ ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რადგან პროკურორმა შაყულაშვილმა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა და აღნიშნულ ფაქტზე არ დაიწყო წინასწარი გამოძიება.
ნიკოლოზ ქუთათელაძე უვადო სასჯელს 2004 წლიდან იხდის. იგი მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით. ბრალი წაყენებული აქვს ორი მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე, რომლებმაც სასამართლო პროცესზე გააკეთეს შემდეგი განცხადებები (ციტატა 2006 წლის განაჩენიდან): ბრალდებული კობა კახიძე აცხადებს, - "ჩემ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არასწორია, რადგან მიცემულია ძალადობის შედეგად. დამაძალეს, ხელი დამედო ნიკოლოზ ქუთათელაძეზე, როგორც თანამონაწილეზე". მოწმე ელისო იობიძე ამბობს: "მე ვიყავი ფეხმძიმედ და ჩემზე განხორციელდა ძალადობა იმ მიზნით, რომ დამესახელებინა ნიკოლოზ ქუთათელაძე". ბრალდებული კაჭარავა: "ჩემზე იყო ზეწოლა, რომ ქუთათელაძე დამესახელებინა, მაგრამ ის უდანაშაულოა".
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ბრალდებული გულწრფელად აღიარებს აღნიშნულ საქმეში როგორც საკუთარ ბრალეულობას, ასევე სხვა თანამონაწილეთა ვინაობასაც. მხოლოდ ქუთათელაძეზე განაცხადეს მათ, რომ უდანაშაულოა. ჩნდება ლოგიკური კითხვა: ძიებამ რატომ მაინცდამაინც ქუთათელაძე მიიჩნია ამ საქმეზე ბრალეულად და არა ვინმე სხვა? დაზარალებული კამლაძე აცხადებს: "სახლში ყაჩაღური თავდასხმისთანავე ითქვა, რომ ყაჩაღობაში ნიკოლოზ ქუთათელაძეც მონაწილეობდა, მაგრამ ვინ თქვა, არ მახსოვს". დაზარალებული ქორიძე კი ამბობს, რომ დამყაჩაღებლები იყვნენ ნიღბებში, ქუთათელაძე სიარულით და შეხედულებით ვიცანი, მან ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ მე სახე ვერ დავინახეო. გამოდის, რომ ვიღაცის გამოთქმული ეჭვი, მსგავსი სიარული და ნიღბიდან ამოცნობილი მზერა საკმარისია უმძიმესი ბრალის წასაყენებლად, ხოლო ფეხმძიმე გოგოზე ზეწოლა და მისგან ცრუ ჩვენების გამოძალვა დანაშაული არ ყოფილა. აღნიშნულ სს საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა მაშინდელი წყალტუბოს რაიონის პროკურატურის გამომძიებელი ილია ჯალაღანია - ამჟამად დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს ხელს უშლის ამ საქმის ახალი გამოძიებით განხილვას.

P.S.დანარჩენი უვადო პატიმრების საქმეებს "გზის" მომდევნო ნომერში გაგაცნობთ
ნანა ფიცხელაური