ვის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი გიგა ბოკერიას ყოფილი ცოლი? - გზაპრესი

ვის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი გიგა ბოკერიას ყოფილი ცოლი?

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნამ, რომელსაც უკანონო პატიმრების საქმეებს გადახედავდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ სახელმწიფო საამისოდ, ეკონომიკურად და ფინანსურად არ არის მზად. პატიმრებმა, რომლებიც თავს უკანონო მსჯავრდადებულებად მიიჩნევენ, პროკურატურას რახანია, თავიანთი განაჩენის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს და, როგორც ჩვენი რესპონდენტი, პროფესიით იურისტი, უვადო პატიმარი გიორგი გელაძე ამბობს, პროკურატურის ნაცვლად, მათ თავად უწევთ საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება. მანვე მოგვაწოდა უვადო პატიმრების 13-კაციანი სია, რომელთაგან ზოგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ზოგიც - ნაკლებ ბრალეულად.

გიორგი გელაძე, უვადო პატიმარი, იურისტი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი:

- კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს, ე.ი. პროკურატურას, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მიუხედავად აღნიშნული კონსტიტუციური უფლებისა, საქართველოს საგამომძიებლო და სასამართლო ხელისუფლების არაპროფესიონალიზმისა თუ აშკარა უსამართლობის გამო, იძულებულნი ვართ, თავად ვამტკიცოთ საკუთარი უდანაშაულობა ან ნაკლები ბრალეულობა. გაგაცნობთ რამდენიმე უვადო მსჯავრდადებულის ვინაობას, რომლებიც განაჩენს უკანონოდ მიიჩნევენ და საქმის გადახედვის მოთხოვნითაც მიმართეს მთავარ პროკურატურას.

GzaPressთბილისის სააპელაციო სასამართლოში ახალ გარემოებათა საფუძველზე მიმდინარეობს ორი უვადო მსჯავრადადებულის - ნიკა ჩემიასა და გიორგი გვიჩიანის საქმის განხილვა. ახალ გარემოებას კი წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, საეჭვო ვითარებაში აწ გარდაცვლილმა გენერალმა დავით კეკუამ გააყალბა დანაშაულის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც დამტკიცებულია შესაბამისი სასამართლოს განაჩენით. ეს არის ის ძირითადი და პირველი დოკუმენტი, რომელზეც შემდგომ ეწყობა მთელი საქმე. სს საქმეზე თუ გაყალბებულია ძირითადი და მასზე დამყარებული სხვა მტკიცებულებები, ბრალდება არ შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ და სარწმუნოდ, მით უმეტეს, აღნიშნულ სს საქმეზე გაყალბებული და ფალსიფიცირებულია არა მარტო ოქმები, არამედ - ექსპერტთა დასკვნები და მოწმეთა ჩვენებებიც.

მსჯავრდადებული ხვიჩა ყირმიზაშვილი, რომელიც მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით, უვადო სასჯელს 2006 წლიდან იხდის. მას ბრალი წაყენებული აქვს ერთ მოწმედ ქცეული ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან გატაცებული ოქროულობა მიჰყიდა ყირმიზაშვილს, ხოლო შემდგომ დააბრალა თავის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამით გაიფორმა საპროცესო შეთანხმება, სამართლიან სასჯელსაც თავი აარიდა, ხოლო ხვიჩა დაღუპა. ყირმიზაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა უტყუარი ალიბი - დანაშაულის პერიოდში ის დაკავებული იყო პოლიციის მიერ, ტყის უკანონოდ გაჩეხისთვის. ეს საქმეზე ზედამხედველმა პროკურორმა, ბატონმა შაყულაშვილმა (დღეს თბილისის პროკურორია), რა თქმა უნდა, იცოდა. ისიც იცოდა, რომ ერთ-ერთ მოწმეს რამდენჯერმე შეაცვლევინეს ჩვენება და სასამართლოზე საბოლოოდ ათქმევინეს ასეთი რამ (ციტატა განაჩენის ოქმიდან): "ხვიჩა ყირმიზაშვილი ადრე არასოდეს მინახავს, მაგრამ თავდამსხმელთა შორის ერთ-ერთი ნიღბიანი ეგ იყო". წარმოიდგინეთ, კაცი არასოდეს უნახავს, მაგრამ სასამართლო პროცესზე ნიღბის ქვეშ მყოფი ადამიანი ამოიცნო. ამ საქმეში კიდევ ის არის საინტერესო, რომ სასამართლო პროცესზე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის მაღალჩინოსანმა, ვინმე ივანე ბაშარულმა განაცხადა, თითქოს ყირმიზაშვილმა 2006 წლის 1-ელ ივნისს მძიმედ დაჭრა თავისი მეზობელი, მაგრამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ყირმიზაშვილის წინააღმდეგ არასოდეს აღძრულა, არც ივანე ბაშარული დაუსჯიათ ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რადგან პროკურორმა შაყულაშვილმა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა და აღნიშნულ ფაქტზე არ დაიწყო წინასწარი გამოძიება.

ნიკოლოზ ქუთათელაძე უვადო სასჯელს 2004 წლიდან იხდის. იგი მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით. ბრალი წაყენებული აქვს ორი მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე, რომლებმაც სასამართლო პროცესზე გააკეთეს შემდეგი განცხადებები (ციტატა 2006 წლის განაჩენიდან): ბრალდებული კობა კახიძე აცხადებს, - "ჩემ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არასწორია, რადგან მიცემულია ძალადობის შედეგად. დამაძალეს, ხელი დამედო ნიკოლოზ ქუთათელაძეზე, როგორც თანამონაწილეზე". მოწმე ელისო იობიძე ამბობს: "მე ვიყავი ფეხმძიმედ და ჩემზე განხორციელდა ძალადობა იმ მიზნით, რომ დამესახელებინა ნიკოლოზ ქუთათელაძე". ბრალდებული კაჭარავა: "ჩემზე იყო ზეწოლა, რომ ქუთათელაძე დამესახელებინა, მაგრამ ის უდანაშაულოა".

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ბრალდებული გულწრფელად აღიარებს აღნიშნულ საქმეში როგორც საკუთარ ბრალეულობას, ასევე სხვა თანამონაწილეთა ვინაობასაც. მხოლოდ ქუთათელაძეზე განაცხადეს მათ, რომ უდანაშაულოა. ჩნდება ლოგიკური კითხვა: ძიებამ რატომ მაინცდამაინც ქუთათელაძე მიიჩნია ამ საქმეზე ბრალეულად და არა ვინმე სხვა? დაზარალებული კამლაძე აცხადებს: "სახლში ყაჩაღური თავდასხმისთანავე ითქვა, რომ ყაჩაღობაში ნიკოლოზ ქუთათელაძეც მონაწილეობდა, მაგრამ ვინ თქვა, არ მახსოვს". დაზარალებული ქორიძე კი ამბობს, რომ დამყაჩაღებლები იყვნენ ნიღბებში, ქუთათელაძე სიარულით და შეხედულებით ვიცანი, მან ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ მე სახე ვერ დავინახეო. გამოდის, რომ ვიღაცის გამოთქმული ეჭვი, მსგავსი სიარული და ნიღბიდან ამოცნობილი მზერა საკმარისია უმძიმესი ბრალის წასაყენებლად, ხოლო ფეხმძიმე გოგოზე ზეწოლა და მისგან ცრუ ჩვენების გამოძალვა დანაშაული არ ყოფილა. აღნიშნულ სს საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა მაშინდელი წყალტუბოს რაიონის პროკურატურის გამომძიებელი ილია ჯალაღანია - ამჟამად დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს ხელს უშლის ამ საქმის ახალი გამოძიებით განხილვას.

GzaPressთეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძე, ყოფილი სპეცდანიშნულების რაზმის, "ალფას" თანამშრომელი და წარმატებული ბიზნესმენი, საავტორო უფლებისა და ე.წ. ლიფტების ფასიანი გამშვები მოწყობილობების პატენტის მფლობელი იყო. ის მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით და უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელს 2004 წლიდან იხდის. "ნაციონალები" ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში და ყველა მომგებიანი კერძო ბიზნესის სადავეების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. შარაშენიძე არ თმობდა იმას, რაც თავისი ჭკუითა და შრომით ჰქონდა შექმნილი, ამიტომ, როგორც ყველა სხვა ურჩი ბიზნესმენი, ისიც დილეგში გამომწყვდევით ჩამოიცილეს გზიდან მის დაპატიმრებამდე 10 წლით ადრე, 1994 წელს მომხდარი დანაშაულისთვის. მაშინ ბაჩო "ალფას" რაზმის მოქმედი თანამშრომელი იყო. 3 წლის ბავშვისა და მეზობლის თანდასწრებით მას თავს დაესხნენ შეიარაღებული ყაჩაღები და, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ბაჩომ ისინი იმსხვერპლა. ამ საქმეზე გამოიტანეს ძალაში შესული განაჩენი და ბაჩო გამართლდა, შემდგომ კი სპეცრაზმშიც დაბრუნდა. 2006 წელს შარაშენიძე ამ საქმეზე ხელახლა გაასამართლეს და 9 წელი მიუსაჯეს. სასამართლომ არც დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გაითვალისწინა, რის გამოც სს საქმის წარმოება საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. რაც მთავარია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, არავის შეიძლება დაედოს განმეორებითი მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისთვის. ამ ადამიანს ორი განაჩენი აქვს ერთ საქმეზე, 12-წლიანი ინტერვალით. ესეც არ აკმარეს... შარაშენიძე ციხეშიც არ თმობდა საპროცესო შეთანხმების ფასად ბიზნესს და აგრძელებდა ბრძოლას. 2009 წელს მას ახალი ბრალი წაუყენეს ვინმე ზუბადაშვილის მკვლელობისთვის. არადა, აღნიშნულ საქმეზე იყვნენ და არიან კონკრეტული ეჭვმიტანილები საფუძვლიანი მოტივებით - დაზარალებული ზუბადაშვილის მეუღლე (გიგა ბოკერიას ყოფილი ცოლი) და მამამისი, რომლებმაც მკვლელობა შეუკვეთეს ვინმე ყუფანაძეს და დიღმელაშვილს. ბაჩოს წინააღმდეგ კი არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება. "ნაციონალების" პროკურატურამ ცნობილი ფალსიფიკატორის, ხიზანაიძის მეშვეობით საქმე ისეთი თეთრი ძაფით შეკერა, რომ საქმეში ფიგურირებს "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, ხოლო ტყვიები და მასრები - "ბრაუნინგისაა". "ბრაუნინგის" ტყვიებს კი "მაკაროვით" ვერ გაისვრი, გამორიცხულია. ასე რომ, "ნაცებმა" ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლეს - ზუბადაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადეს და გზიდან ჩამოიშორეს შარაშენიძეც.

P.S.დანარჩენი უვადო პატიმრების საქმეებს "გზის" მომდევნო ნომერში გაგაცნობთ

ნანა ფიცხელაური