შეყვარებულისგან და უცხო ადამიანისგან განწირული ახალგაზრდები - გზაპრესი

შეყვარებულისგან და უცხო ადამიანისგან განწირული ახალგაზრდები

ლტოლვილის სტატუსის მაძიებლის იდუმალი მკვლელობა

23 წლის სოფიკო ლოლაშვილი ავსტრიიდან საქართველოში საკუთარმა დამ ჩამოასვენა. იგი 19 მაისს, რუსთავში დაკრძალეს.

გოგონას გვამი ავსტრიის ქალაქ გრაინში, მდინარე დუნაიმ 12 მაისს გამორიყა. მას ოჯახის წევრები და მეგობრები 13 დღე უშედეგოდ ეძებდნენ. სოფო საქართველოდან 2014 წლის 30 სექტემბერს წავიდა ავსტრიაში და ვენაში "ოპერად" მუშაობდა. 29 აპრილიდან მას ვეღარ პოულობდნენ. იმ საბედისწერო დღეს სახლიდან გავიდა, ენის შემსწავლელ კურსებზე უნდა წასულიყო, მაგრამ იქ აღარ მისულა. სოფო გაუჩინარებამდე დას, ნატალიას ტელეფონით ესაუბრა. ნატალია წლებია, გერმანიაში ცხოვრობს, ჯერ იქ სწავლობდა, მერე მუშაობა დაიწყო. დას დღეში რამდენჯერმე ურეკავდა. სოფოს რომ ვერ დაუკავშირდა, თურმე ძალიან შეშფოთდა. ღამეც რომ არ გამოჩნდა ოჯახში, მეორე დღესვე ავსტრიაში ჩავიდა და დის ძებნა დაიწყო.

საქმეში პოლიცია უკვე ჩართული იყო. ადგილობრივ პოლიციაში ქართველი გოგონას გაუჩინარებაზე განცხადება იმ ოჯახს შეეტანა, სადაც სოფიკო ლოლაშვილი ძიძად მუშაობდა. გამწარებული და თურმე ქუჩა-ქუჩა დაეძებდა სოფოს. მერე შეიტყო, რომ მდინარემ ცხედარი გამორიყა. მოხდა იდენტიფიცირება და უმძიმესი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა: გარდაცვლილი მართლაც მისი პატარა დაიკო, სოფო აღმოჩნდა.

გამოძიება თურმე თავდაპირველად, თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა, მაგრამ ეს ვერსია გვამის დათვალიერების შემდეგ გამოირიცხა: ამბობენ, რომ გოგონას სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა. სავარაუდოდ, ის ჯერ მოკლეს და მერე გადააგდეს მდინარეში კვალის დასაფარავად. გამოძიება ავსტრიაში მიმდინარეობს, თუმცა პოლიციას ჯერჯერობით ეჭვმიტანილი არ ჰყავს. სოფოს მობილურში შემავალი და გამავალი ზარები უკვე გაშიფრეს. მის პირად მობილურზე ბოლო შეტყობინება 29 აპრილის საღამოს, 6 საათზეა შესული.

ცნობილია ისიც, რომ ბოლოს ახალგაზრდა ქართველი გოგონა ავსტრიის ქალაქ გრაინის პიცერიაში მარტო იჯდა. როგორ აღმოჩნდა სოფო გრაინში, ჯერჯერობით უცნობია. ის ვენაში მუშაობდა, იქიდან კი საკმაო მანძილია. ოჯახის წევრები ვერ ხსნიან, რატომ ჩავიდა სოფო ვენიდან იმ ქალაქში, სადაც არავის იცნობდა.

ავსტრიის სამართალდამცავებმა პიცერიის თანამშრომლები დაჰკითხეს. მათი მტკიცებით, გოგონა პიცას მარტო მიირთმევდა, მასთან სხვა პირი არ შეუნიშნავთ. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მკვლელობასთან კავშირი ასევე ქართველს ჰქონდეს: არსებული ინფორმაციით, სოფიკომ თურმე ვენაში ქართველი ქალი გაიცნო, რომელიც ლტოლვილად ჩაბარებაში დახმარებას დაჰპირდა. სოფოს ვიზას მოქმედების ვადა უმთავრდებოდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ იმ ქალთან შესახვედრად წავიდა. ქალს მისთვის უთქვამს, - თუ ლტოლვილის სტატუსს მოიპოვებ, მატერიალურ დახმარებასაც დაგინიშნავენ და მე ამაში დაგეხმარებიო. ფიქრობენ, რომ სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩავიდა გრაინში, ვენიდან 230 კილომეტრის დაშორებით.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დაჰკითხა ის ქართველი ქალიც, რომელთან შესახვედრადაც სავარაუდოდ, სოფო ლოლაშვილი წავიდა.

GzaPressმომხდარით შეძრულები არიან სოფოს მეზობლები.

ერთ-ერთმა მეზობელმა მიამბო:

- სოფო ჩვენ თვალწინ გაიზარდა. სკოლაც რუსთავში დაამთავრა. ძალიან ჭკვიანი და ლამაზი გოგონა იყო. სკოლის შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია. ერთი პერიოდი თბილისში მუშაობდა. ყველას უყვარდა. თავზარდაცემულები ვართ ამ ამბით. პატიოსანი ოჯახის შვილია. ოჯახმა სამი და გაზარდა. მშობლები არაფერს აკლებდნენ. სოფო ყველაზე პატარა იყო. მისი უფროსი და, ნატალია დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს. გამწარებული, ყველგან ეძებდა დას. გარდაცვლილი რომ დაუნახავს, ძალიან ცუდად გამხდარა, თურმე ფეხზე ვერ დგებოდა და ძლივს მოაბრუნეს. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა, უცხო ქვეყანაში ამ ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდა. მეგობრები ამოუდგნენ თურმე მხარში, ისინიც ჩასულან ავსტრიაში. ამბობენ, რომ სოფო მოკლულია, მას დაზიანებები ეტყობოდაო. ვინ გაიმეტა ეს ლამაზი გოგონა სასიკვდილოდ და რატომ, არ ვიცით... რომ იპოვეს, თურმე სოფოს ზურგჩანთა ეკეთა. როგორც ჩანს, ჯერ მოკლეს და მერე მდინარეში გადააგდეს, კვალის დასაფარავად. ამბობენ, ზურგჩანთაში ქვები იყო ჩალაგებულიო... სოფოს ოჯახი საშინელ დღეშია. ასეთ ამბავს არავინ ელოდა. იმედია, იქაური პოლიცია სიმართლეს დაადგენს და გავიგებთ, რა მოხდა, თუმცა ეს ვერანაირი ნუგეშია განადგურებული ოჯახისთვის, რომელმაც ულამაზესი შვილი დაკარგა. სამწუხაროა, რომ ჩვენს შვილებს საქართველოდან სამუშაოდ უცხო ქვეყანაში წასვლა უწევთ, სადაც დაუცველები არიან. ძალიან კარგი გოგონა დავკარგეთ და ამას ძალიან განვიცდით.

როგორც ამბობენ, სოფიკო ადრე გერმანიაში 1 წელი მუშაობდა, ვიზის დასრულების შემდეგ ის ისევ საქართველოში დაბრუნდა. რადგან გერმანიის საელჩომ ვიზა აღარ გაუგრძელა, გადაწყვიტა, ვენაში წასულიყო და ერთი წელია, იქ ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, პარალელურად ენის შემსწავლელ კურსებზე დადიოდა. დები ერთმანეთს ყოველდღიურად ტელეფონით უკავშირდებოდნენ. კვირაში ერთხელ ნატალია თურმე დასთან ვენაში ჩადიოდა და ერთად იყვნენ.

სოფოს დასთან გასაუბრებაც ვცადეთ, მაგრამ ის მომხდარით შეძრულია და საუბრისგან თავი შეიკავა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფიკო ლოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. ის მშობლიურ მიწას მიაბარეს.

შეყვარებულის შურისძიება თუ სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაული?

მეგობრობის ქუჩის 14 ნომერში, 23 წლის გიორგი მჭედლიშვილმა შეყვარებულ გოგონას, 23 წლის გვანცა კილაძეს სხეულზე დანით მრავალი დაზიანება მიაყენა და ბოლოს, ყელიც გამოსჭრა. ამის შემდეგ თავიც დაიზიანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

დაჭრილი პოლიციელებმა ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის სასწრაფოდ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოპერაციაც ჩაუტარდა. საავადმყოფოში მისულს, დირექტორმა, დავით გოგოძემ მომიბოდიშა და მითხრა, - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავებმა კომენტარის გაკეთება აგვიკრძალეს და ვერაფერს გეტყვითო. ჩემს კითხვას, - საფრთხე ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს? - ასე უპასუხა: საერთოდ, ყველა ჩვენგანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე: არავინ იცის, ხვალ რა მოხდებაო... რეანიმაცის განყოფილებასთან პოლიციელები მორიგეობენ. ისინი ბრალდებულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ტრაგედია 16 მაისს, 21 საათზე გახმაურდა. მეზობლები გარეთ გამოცვივდნენ გოგონას განწირულ კივილზე, - დაქალი მომიკლეს, გვანცა მომიკლესო! ბინის კარიც ღია იყო. იქ შესულ მეზობლებს შემზარავი სურათი დახვდათ: გოგონა სისხლის გუბეში ცურავდა.

არსებული ინფორმაციით, გვანცა კილაძეს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. სასწრაფოდ პოლიციაც გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გვანცას მეგობარი გოგონა იქ ტრაგედიის შემდეგ მივიდა: ტელეფონის ზარს რომ არ პასუხობდა, ამიტომ გადაწყვიტა იქ მისვლა; მან იცოდა, რომ გიორგისა და გვანცას ერთმანეთთან ურთიერთობა საბოლოოდ უნდა გაერკვიათ. მეორე ვერსიით, მკვლელობის შემდეგ მას გიორგიმ დაურეკა, მომხდარი შეატყობინა და ამის შემდეგ მივარდა ბინაში. ჯერჯერობით უცნობია, რა ჩვენება მისცა კილაძის მეგობარმა გოგონამ სამართალდამცავებს. მომხდარის შემდეგ თურმე ისეთ მდგომარეობაში იყო, ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და დამამშვიდებელი მედიკამენტები გაუკეთეს.

მეზობლების თქმით, ბინა, სადაც ტრაგედია დატრიალდა, გიორგი მჭედლიშვილს ნაქირავები ჰქონდა. ის 2 თვეა, იქ ცხოვრობს. მეზობლები პირადად არც კი იცნობდნენ. მათი თქმით, გვანცა კილაძე იქ სხვა დროს არ შეუნიშნავთ.

"ამბობენ, ისინი შეყვარებულები იყვნენ. ზოგი ამბობს, გოგოს არ უყვარდა, ბიჭი კი ამას განიცდიდაო. რაზე იკამათეს, მართლა არავინ იცის. როგორც ჩანს, ბინაში მარტო იყვნენ. იმ ბინიდან ხმამაღალი საუბარი და ჩხუბი არც ერთ მეზობელს არ გაუგონია, კარის მეზობლები ამბობენ, მუსიკის ხმა გამოდიოდაო. მართლა არაფერი ვიცით. ულამაზესი გოგონაა მოკლული. ამ ფაქტმა ყველანი შეგვძრა", - მითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, წინა დღეებში გვანცამ და გიორგიმ იჩხუბეს. ამის შემდეგ გიორგიმ სიტუაციის გარკვევა სთხოვა შეყვარებულს. ისინი ამიტომ შეხვდნენ ერთმანეთს. იმასაც ამბობენ, გვანცასთან ერთად, გიორგის ბინაში მისი მეგობარი გოგონაც იმყოფებოდაო. ამ დეტალებს ალბათ სამართალდამცავები დაადგენენ. მკვლელობის მოტივზე ხმამაღლა ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებით დაადგინეს, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი, რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გიორგი მჭედლიშვილი აღმოჩნდა. ისიც ითქვა, მკვლელი და მსხვერპლი ყოფილი თანაკლასელები იყვნენო.

პოლიციელებმა გიორგი შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასეთია შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც არ ადასტურებენ გვანცა კილაძის პედაგოგები. მათი მტკიცებით, გიორგი და გვანცა თანაკლასელები არასოდეს ყოფილან. გვანცამ რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის რუსული სექტორი დაამთავრა, იმ სკოლაში გიორგი მჭედლიშვილს არასოდეს უსწავლია.

მომხდარით შეძრულები არიან გვანცას ყოფილი პედაგოგები. ნელი ღოლიჯაშვილი ადრე სწორედ იმ სკოლის დირექტორი იყო, სადაც გვანცა სწავლობდა:

- რუსთავის მე-20 სკოლის კურსდამთავრებული იყო გვანცა. ძალიან კარგად სწავლობდა, წესიერი, წარმატებული, არაჩვეულებრივი გოგონა გახლდათ. ოლიმპიადების გამარჯვებული. კლასში გამორჩეული იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და იქაც წარმატებული სტუდენტი იყო. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, მას ჩვენს სკოლაში არასოდეს უსწავლია. როგორც ჩანს, სკოლის დამთავრების შემდეგ გაიცნეს ერთმანეთი. არასწორია, რომ ისინი თანაკლასელები იყვნენ. გვანცა მოსკოვში ცხოვრობდა. ოჯახი იქიდან საცხოვრებლად რუსთავში ჩამოვიდა და სწავლა რუსულ სექტორში გააგრძელა. როგორც ამბობენ, გვანცას დაქალიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. იმ გოგონას კლასელი ყოფილა ის ბიჭი. ძალიან ვწუხვართ მომხდარი ტრაგედიის გამო. წარმოუდგენელია, რომ გვანცა აღარ არის ცოცხალი. ძალიან განვიცდით.

ნელი ლობჟანიძე, კლასის დამრიგებელი:

- რუსეთიდან რომ ჩამოიყვანეს გვანცა, მას მერე ჩვენთან სწავლობდა. სულ სამი წელი ისწავლა მე-20 სკოლაში. ძალიან განვითარებული, განათლებული, საუკეთესო ბავშვი იყო. სკოლის მერე, სამწუხაროდ, არ მინახავს, რადგან სკოლაში აღარ ვმუშაობ. მომხდარზე არაფერი ვიცი, ძალიან ვწუხვარ.

მომხდარით შეძრულები არიან ასევე გვანცა კილაძის მეზობლები. არც მათ აქვთ პასუხი მთავარ კითხვაზე - რატომ გაიმეტეს ასე სადისტურად მოსაკლავად ეს ულამაზესი გოგონა.

მეზობელი:

- გვანცა ძალიან კარგი ადამიანი იყო, კარგი ოჯახის შვილი, უნიჭიერესი. მეზობელმა მითხრა ეს ამბავი და არ მჯეროდა, სანამ სახლში არ მოასვენეს. მთელი სამეზობლო დასტირის, საშინელება ტრიალებს. არ ვიცით, როგორ ვანუგეშოთ მისი ოჯახი.

რაც შეეხება გიორგი მჭედლიშვილის მეგობრებს, ისინი არ გამორიცხავენ, რომ დანაშაული სულ სხვა ადამიანის ჩადენილი იყოს. მათ ამის თქმის საფუძველს გიორგის სხეულზე არსებული დაზიანებები აძლევს.

ქეთი, თანაკლასელი:

- მე გიოს კლასელი ვიყავი. 9 კლასის მერე დავტოვე საქართველო და ახლა ინფორმაციას ჩემი კლასელებისგან ვიღებ. არ შემიძლია, მომხდარზე რამე გითხრათ, რადგან შეიძლება, ჩემი მოწოდებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდეს. ჩვენი კლასი დღემდე ერთი ოჯახივით არის შეკრული. ძალიან განვიცდით. გვანცას პირადად არ ვიცნობდი. არც ის მინდა, ხალხმა ჩემი სუბიექტური აზრი გიოს მხარდაჭერად გაიგოს. უბრალოდ, ვფიქრობ, ეს გიოს ჩადენილი არ იქნება. ისეთი ჭრილობები აქვს, ვერ წარმომიდგენია, საკუთარ თავს როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი ჭრილობები მიაყენოს. პირდაპირ გიოს ნუ გავასამართლებთ, ამას ვითხოვ მხოლოდ. 23 წლის ბიჭმა, მით უმეტეს - გიორგი მჭედლიშვილმა ეს მკვლელობა რომ ჩაიდინა, ამის დაჯერება მიჭირს. ყველაზე უკონფლიქტო, თბილმა, კეთილმა ადამიანმა ასეთი მკვლელობა ჩაიდინა და მერე თავის მოკვლა სცადა ასეთი ხერხით? ეს ჩემთვის მართლაც დაუჯერებელია. ცრუ ინფორმაციებს ნუ გაავრცელებთ, ჯერ ჩატარდეს გამოძიება. ასე არ იკლავენ თავს. ის ამჟამად სიკვდილს ებრძვის... ყველაზე მეტად ჩვენ გვიმძიმს. ყველაფერი უნდა გაირკვეს. სამწუხაროდ, გვანცას ვერავინ გააცოცხლებს. სამწუხაროა ის, რაც მოხდა. უნდა დადგინდეს სიმართლე, თუ რა გახდა ამ ანგელოზი გოგოს მკვლელობის მიზეზი და ვინ მოკლა ის სინამდვილეში. გიოს ყველა მეგობარი და თანაკლასელი ვიცნობთ ძალიან კარგად და ყველანი გაოგნებული ვართ. ასე რომ, იქ რა მოხდა, სამწუხაროდ, მხოლოდ უფალმა, ცხონებულმა გვანცამ და გიომ იციან... ღმერთს ვთხოვ, გადარჩეს გიო და სიმართლე დადგინდეს. უფლისგან დაუსჯელი არავინ დარჩება. არც ერთ ჩვენს თანაკლასელს არ სურს ამ საკითხზე საუბარი. ველოდებით გამოძიებას.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავები ალბათ დაადგენენ ამ შემზარავი ტრაგედიის რეალურ მიზეზს და დამნაშავეც საკადრისად დაისჯება.

თეა ხურცილავა