საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო კრიმინალი - გზაპრესი

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო კრიმინალი

ხშირად ისმის საზოგადოებაში კითხვა, გაიზარდა თუ არა კრიმინალი საქართველოში. ზოგი თვლის, რომ ასეა, ზოგის აზრით კი, კრიმინალი აქტიურად შუქდება მედიაში, ამიტომაც იქმნება საზოგადოებაში მსგავსი შთაბეჭდილება. გასულ კვირას პატრიარქმა, ილია მეორემაც მოუწოდა მედიას, კრიმინალის ნაკლებად გაშუქებისკენ. შეიძლება თუ არა, შემცირდეს მსგავსი შემთხვევების საზოგადოებისთვის მიწოდება, რატომ შუქდება ასეთი ოდენობით კრიმინალი მედიის მხრიდან და რა გავლენას ახდენს ეს საზოგადოებაზე? ამის შესახებ გზაპრესს-ს ჟურნალისტი, ია ანთაძე ესაუბრა.

- კრიმინალი ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული შემთხვევაა, ამიტომ მედიაში მის მიმართ ინტერესი ყველგან მაღალია. რომ ნახოთ მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, იქ პირდაპირ წერია, რომ ამერიკაშიც კი, ადამიანები, რომლებიც უყურებენ ტელევიზორს, თუ ეკითხები, - იზრდება თუ არა კრიმინალი მათ ქვეყანაში, გპასუხობენ, რომ - დიახ, ამერიკაში კრიმინალი წლიდან წლამდე იზრდება.

GzaPressროცა ეკითხებით, - პირადად მას თუ შეეხო ან მის სამეგობროში, სამეზობლოში თუ გახშირდა კრიმინალის შემთხვევა, ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს. ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ შეგრძნება, რომ გაიზარდა კრიმინალი და ის მუდმივად იზრდება, რადგან მედიისთვის ძალიან აქტუალური თემაა და ყველა ქვეყნის, მათ შორის - ამერიკის მედიაც კრიმინალს პრიორიტეტულად აშუქებს. თუმცა, სტატისტიკა კრიმინალის ზრდას არ ადასტურებს ხოლმე. ასევეა საქართველოშიც. სტატისტიკას ჩვენ, საზოგადოება არ ვენდობით. მოყოლებული საბჭოთა კავშირიდან, სულ არსებობს განცდა, რომ სტატისტიკა არ ასახავს სინამდვილეს, ჩქმალავს სიტუაციას, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ მონაცემებს აქვეყნებს და ა.შ. ამიტომ, როცა გვეუბნება შსს, რომ სტატისტიკა არ ადასტურებს კრიმინალის ზრდას, საზოგადოება ამბობს, რომ მან არ იცის, სინამდვილეში ენდოს თუ არა ამ განცხადებას, რადგან მედიიდან სულ იგებს მკვლელობების შესახებ.

ამიტომ, მგონია, რომ კრიმინალის გაშუქებაში სხვა რამეა მთავარი და არა ის, თუ რა რაოდენობით შუქდება იგი; არსებობს კრიმინალი, რომელიც საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვანია და არსებობს კრიმინალი, რომელიც ხდება ყოფითი სიტუაციიდან გამომდინარე და საზოგადოების, ასე ვთქვათ, თვითრეგულაციას ეს ხელს ვერც შეუწყობს და ვერც შეუშლის. მაგალითად, არსებობს შემთხვევა, რომელიც მოხდა იმიტომ, რომ საზოგადოება არ არის სწორად მოწყობილი. ამაზე, რასაკვირველია, ყურადღების გამახვილება საჭიროა, მედიამ უნდა უთხრას საზოგადოებას, რომ დღისით, მზისით, ახალგაზრდა კაცს ესროლეს. ესე იგი, უნდა დაფიქრდეს შსს, რომ ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ატარებენ იარაღს.

ასეთი შემთხვევა მოხდა ერთხელ, მეორედ, მესამედ... ეს ნიშნავს, რომ უკვე ტენდენციასთან გვაქვს საქმე და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ამ თემის განხილვა. მაგრამ არის ასეთი შემთხვევა, როცა მაგალითად, მეზობელი მეზობელზე განაწყენდა და თავში ჩაარტყა ნაჯახი. უნდა გაირკვეს, ეს რამდენად არის საზოგადოებრივი შემთხვევა, კერძო მოტივებით იყო ნასაზრდოები თუ ამ შემთხვევაში არის რაღაც ისეთი, რაც საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით, მსგავსი კრიმინალური შემთხვევა აღარ დაფიქსირდება. ამას იქამდე მივყავართ, რომ ჩვენს მედიას არა აქვს განსხვავება კრიმინალში. იგი ვერ ხსნის ბოლომდე ამ ალგორითმს, თუ რომელი კრიმინალია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და რომელი კრიმინალია ისეთი, რომელიც უბრალოდ, ყოფითი პრობლემებიდან გამომდინარეა და ამიტომ საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მედია ვერ აკეთებს ამის დიფერენციაციას. მე ერთ შემთხვევას მოვიყვან მაგალითად:

წლების წინ, თერჯოლის რაიონის სოფელ ქვემო საზანოში 14 წლის გოგონამ, სალომე გიორგაძემ მოიკლა თავი. აიღო მამამისის სანადირო თოფი, ჩავიდა მდინარეზე და თავი მოიკლა. ეს გაშუქდა, როგორც საზოგადოებისთვის საინტერესო შემთხვევა - რომ აი, 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა და ა.შ. სინამდვილეში ეს შემთხვევა იყო საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რადგან სალომეს პიროვნული კომპლექსი ჰქონდა თემთან, რომელშიც ცხოვრობდა. მას მიაჩნდა, რომ ჰქონდა უფლებები, რომელთა რეალიზაციასაც ცდილობდა და მის ირგვლივ, სკოლა იყო ეს თუ სამეზობლო, მიაჩნდათ, რომ გოგონას ძალიან ზედმეტი მოსდიოდა - სეირნობდა იმ ვაჟთან ერთად, რომელიც უყვარდა თუ მოსწონდა. გაღიზიანება თემის მხრიდან მისი არჩევანის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ გოგონა ვერ გაუმკლავდა და პროტესტი იმით გამოხატა, რომ თავი მოიკლა. მაგრამ მედიამ ამ კუთხით არ გააშუქა ამბავი. კი, გაშუქდა, რომ კიდევ ერთი თვითმკვლელობა მოხდა საქართველოში, მაგრამ - რატომ? პრობლემა არ დასვეს.

ჩვენ ავიცილებთ სხვა შემთხვევაში ასეთი "სალომე გიორგაძეების" თვითმკვლელობებს? ან ავიცილეთ კი? ვერა. რადგან ჩვენი მედია ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომელია ის შემთხვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და რა კუთხით უნდა გაშუქდეს. ამბავი საინტერესო იყო იმ კუთხით, თუ რამ მიიყვანა ეს გოგონა ამ გადაწყვეტილებამდე. ემოციური იყო? დედასთან ჰქონდა კონფლიქტი? არა, კონფლიქტი ჰქონდა თემთან და მათთან ვერ მოაგვარა ეს. ამ კუთხით რომ გაშუქებულიყო, ბევრ რამეს ავიცილებდით თავიდან. აქ არის ჩვენი მედიის პრობლემა კრიმინალის გაშუქების კუთხით, ის ვერ ახდენს კრიმინალის დიფერენციაციას, რა შემთხვევა რა ჭრილში უნდა გაშუქდეს, რომ საზოგადოება ხვალ გახდეს უკეთესი, ვიდრე იგი დღესაა.

- რა გავლენას ახდენს თავად საზოგადოებაზე კრიმინალის გაშუქება და ის, რომ მედია მის დიფერენციაციას ვერ ახერხებს?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ამბავი, როცა პატრულმა ახალგაზრდა, უიარაღო კაცს თავში ორი ტყვია ესროლა. მგონი, ეს პატრული ცოტა ისტერიკაში ჩავარდა, რადგან მთლიანად საზოგადოებაა ისტერიკულ მდგომარეობაში. კრიმინალის მედიაში ხშირი გაშუქებიდან გამომდინარე, ამ ადამიანმა იფიქრა, რომ ეს იყო ის დამნაშავე, რომლის დასჯაც მისი პასუხისმგებლობა იყო. მოუვიდა ზედმეტი, ვერ გააანალიზა, რომ უიარაღო მოქალაქეს ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ეს ისტერია საზოგადოებაში დგება სწორედ იმის გამო, რომ კრიმინალი ძალიან დიდი რაოდენობით შუქდება. ეს ორი რაღაც ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კრიმინალი საერთოდ არ უნდა გადაიცეს.

- შემცირებაზე რას იტყვით?

- ხელოვნურად ამას ვერ შეამცირებ. ერთადერთი, აქცენტები უნდა შეამცირო. ყველა ქვეყანაში კრიმინალი მედიისთვის პრიორიტეტია. თუნდაც ეს შემთხვევა, რომელიც ბოლოს ვახსენე, უნდა გაშუქდეს ისე, რომ იარაღიანმა ადამიანმა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, ესროლა უიარაღო მოქალაქეს, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იცოდა და მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, როცა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არის გაუქმებული. ფაქტობრივად, ეს პოლიციელიც ისტერიის ტყვე იყო და ვეღარ მოზომა. ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ უიარაღო ადამიანს არ უნდა ესროლოს. ამიტომ არის ის პოლიციელი და ამიტომ აქვს უნარ-ჩვევები, თავისი ცოდნა და თავისი გამოცდილება, რომ უიარაღო ადამიანს ტყვიით არ გაუსწორდეს. ამ ტიპის გაშუქება სჭირდებოდა ამ შემთხვევას. ამიტომ ვამბობ, რომ კრიმინალის გაშუქების რაოდენობას ხელოვნურად ვერ შეამცირებ და ვერც გაზრდი, უბრალოდ, ერთი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ სწორი აქცენტები გავაკეთოთ.

- თქვენ რამდენად მართებულად თვლით, რომ კრიმინალი გაზეთების პირველ გვერდზე ხვდება და საინფორმაციო გამოშვებებშიც პირველ სიახლედ შუქდება?

- პოლიციელი როცა უიარაღო ადამიანს კლავს, ეს დღის მთავარი თემა უნდა იყოს, რომ ხვალ და ზეგ მეორე პოლიციელმაც იგივე არ გააკეთოს. ასეთი კრიმინალის სათანადოდ მიწოდება ჩვენ გვიწყობს ხელს, რომ აღარ გაიმეოროს საზოგადოებამ ის შეცდომები, რომელთაც უშვებს; რომ ხვალ მეორე პოლიციელმა კარგად იცოდეს, რომ მას ციხეში ჩასვამენ უფლებების ბოროტად გამოყენებისთვის. აქაც იქამდე მივდივართ, რომ გააჩნია შემთხვევას. თუ, მაგალითად, ადამიანი ფსიქიკურად არ არის გაწონასწორებული და ოჯახში მოუხდა ისეთი საშინელი ამბავი, რომ ცოლს ესროლა, ეს არა მგონია, რომ ის თემა იყოს, რომლითაც უნდა გაიხსნას საინფორმაციო საშუალება, რადგან დარწმუნებული ვარ, იმ დღეს ქვეყანაში ბევრი მეტად მნიშვნელოვანი შემთხვევა მოხდებოდა.

სპეციალურად საიტისთვის,

ეკა აბაშიძე.