რას სთხოვდა ექიმს გარდაცვალებამდე, ორსული პაციენტი?
font-large font-small
რას სთხოვდა ექიმს გარდაცვალებამდე, ორსული პაციენტი?
ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით - "როგორ ისჯებიან დამნაშავე ექიმები", სადაც მოთხრობილი იყო ექიმების დაუდევრობით გამოწვეულ უმძიმეს შემთხვევებზე. მოგეხსენებათ, აპრილში ღუდუშაურის საავადმყოფოში ზედიზედ 2 ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა და ბუნებრივია, ამ ფაქტებმა დიდი ხმაური გამოიწვია.
თამარ ქუქიშვილისა და თათია სუარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიაში განმარტება ღუდუშაურის კლინიკის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსმა, მარინა გელანტიამ ხმაურის ატეხისთანავე გააკეთა: "სასტარტო მდგომარეობა ორივე შემთხვევაში საკმაოდ მძიმე იყო. ერთი პაციენტი, სუარიძე, 24 მარტს შემოიყვანეს. გოგონა განყოფილებაში ორსულთა მძიმე პრეეკლამფსიის დიაგნოზით მოთავსდა. მდგომარეობის შეფასების შემდეგ მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა, დიაგნოზიდან გამომდინარე, მძიმე იყო. აღენიშნებოდა სისხლიანი ღებინება, სუნთქვის გაძნელება, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, სადაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, გამოიხატა თირკმლის უკმარისობა, ჩაუტარდა დიალიზის სეანსები, დაირღვა ღვიძლის ფუნქციები, ტვინის შეშუპება დაეწყო. სამწუხაროდ, ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განმარტა მაშინ მარინა გელანტიამ.

მის კომენტარს 29 წლის თამარ (თათია) სუარიძის ახლობლები გამოეხმაურნენ. ისინი აღშფოთებულები არიან მის მიერ ნათქვამით და ირწმუნებიან, რომ გელანტია ტყუის. სუარიძის ოჯახის მტკიცებით, 9 დღის განმავლობაში არავის უთქვამს მათთვის, რომ ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
GzaPress
რედაქციაში თათია სუარიძის ახლობლის წერილი მივიღეთ. იგი წერს:

"გვაინტერესებს, რატომ თქვა მარინა გელანტიამ ასეთი სიცრუე. მისი ყოველი სიტყვა ტყუილი იყო. თათია კონსულტაციაზე დადიოდა. ექიმმა წნევა გაუზომა და უთხრა, - მაღალი წნევა გაქვს, ცოტა შეშუპებულიც ხარო, და შარდის გამოსაყოფად ნემსი გაუკეთა, რაც წნევას დაარეგულირებდა. თათიამ "ღუდუშაურში" გადაყვანა ითხოვა, რადგან იქ მუშაობდა ექიმი მამუკა ნემსაძე, რომელთანაც 6 წლის წინ პირველ შვილზე იმშობიარა. უნდოდა, მეორეც მასთან გაეჩინა. "სასწრაფო დახმარების" მანქანით ფეხმძიმე გოგო ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, იქ საკეისრო კვეთა უნდა ჩასტარებოდა. ექიმი მამუკა ნემსაძე იქ დახვდა. გაუკეთეს ექოსკოპია და დაუწყეს მკურნალობა. უკეთებდნენ გადასხმას, წნევის დამწევ წამლებსაც აძლევდნენ. მეორე დღეს თათიას ღებინება დაეწყო, კუჭში საჭმელი არ უჩერდებოდა, ძალიან დასუსტდა, შარდი შეუკავდა. ასე გაგრძელდა მომდევნო დღესაც. თათიას მშობლებს თვალებიდან არ ამოსდით, როგორ ეხვეწებოდა მათი შვილი ექიმ მამუკა ნემსაძეს, მალე გაეკეთებინა საკეისრო, თუ ბავშვს არაფერი დაშავებოდა. - მე ხომ შენი სიყვარულით მოვედი აქ. ფეხზე ვერ ვდგები, გამიკეთე საკეისრო ისევ ისეთივე გაუტკივარებით, როგორც პირველ ბავშვზე გამიკეთეო, - სთხოვდა მას.

როცა ახლობლები და მშობლები ვთხოვდით ექიმს, დროულად გაეკეთებინა საკეისრო, მან ეს იუკადრისა, მოგვიბრუნდა, - თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით, რომ ერევით ჩემს საქმეში? მე ვიცი, ქალი როდის უნდა ვამშობიაროო. თათია ექიმს ეხვეწებოდა, მაგრამ მან დატოვა მტირალი ორსული და პალატიდან გავიდა. იმ ღამეს გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო თათიას. სასწრაფოდ გამოიძახეს ექიმი, მამუკა ნემსაძე. მან მეუღლისა და ახლობლების დაუკითხავად, სასწრაფოდ ჩაუტარა საკეისრო კვეთა არა - გაუტკივარებით, არამედ - ნარკოზით. როგორც ჩანს, ექიმს სიჩქარეში დაავიწყდა, რომ თათია ალერგიული იყო და მისთვის არავითარ შემთხვევაში ნარკოზის მიცემა არ შეიძლებოდა. ჩვენ ლეგიტიმურ კითხვას ვსვამთ: რატომ გაუკეთა ნარკოზით, როცა იცოდა, რომ გოგონა ალერგიული იყო? ნარკოზის მერე თათიას მდგომარეობა დამძიმდა, სისხლი ამოახველა, ამის შემდეგ ზონდი გადააყლაპეს. გოგოს უკვე სუნთქვა უჭირდა. მის მეუღლეს უთხრეს, - უმჯობესია, თუ 3-5 დღით დავაძინებთ, ძილში ადვილად გამოვა და ტკივილს ვერ იგრძნობსო. რეანიმაციაში გადაიყვანეს. ყოველდღე იმედისმომცემ ინფორმაციას გვაწვდიდნენ ექიმები, გვეუბნებოდნენ, - საშიში არაფერიაო. რამდენჯერმე შევთავაზეთ ექიმს, თუ საჭირო იყო, სხვაგან გადავიყვანდით, მაგრამ ეს არ მოეწონათ, ახლა კი უსირცხვილოდ აცხადებენ, ოჯახს სხვაგან გადაყვანა არც კი მოუთხოვიაო.

მთელი სანათესავო დაადასტურებს, როგორ ეხვეწებოდა ოჯახი, სხვაგან გადავიყვანთო და ამის უფლებას არ გვაძლევდნენ. დღეს უკვე ვფიქრობთ, ალბათ ეშინოდათ, რომ სხვაგან გამოჩნდებოდა "ღუდუშაურის" ექიმების დაუდევრობა და ამიტომ არ უნდოდათ გადაყვანა. 9 დღე რეანიმაციაში იწვა, მერაბ ნემსაძე და ნიკა ექიმი ახალ-ახალ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ჯერ თქვეს, - სუნთქვის უკმარისობა აქვსო, და აპარატზე შეართეს, მეორე დღეს ისევ მოუხსნეს სასუნთქი აპარატი, - აღარ სჭირდებაო. მომდევნო დღეს თქვეს, - თირკმელი გაუჩერდაო, შემდეგ დაგვაიმედეს, - თირკმელი ამუშავდაო. ექიმი სულ ამბობდა ერთსა და იმავე ფრაზას, - სტაბილურია მდგომარეობაო. ჩვენ ვცდილობდით, ამ ექიმებთან სანაცნობო გამოგვენახა. არაერთ ცნობილ ადამიანს დავარეკვინეთ კლინიკაში. ექიმებმა ესეც იუკადრისეს და გაგვაფრთხილეს, - არავის დაარეკვინოთ, ზარებს ვერ ავუდივართ და პაციენტისთვის მისახედად დრო აღარ გვრჩება; გყოლიათ ბევრი გულშემატკივარი, მაგრამ დაანებეთ მათთან ზარებს თავი, გეუბნებით, საშიში და მოურჩენელი ამ გოგოს არაფერი სჭირსო.

ოჯახმა ფორმა 100 საკეისრო კვეთის მეორე დღესვე მოითხოვა, რათა სხვაგანაც გადაემოწმებინა მდგომარეობა. ამაზეც გაბრაზდნენ ნიკა ექიმი და მარინა გელანტია. ოჯახის ახლობელს დაურეკეს და უსაყვედურეს, - ახლობლები უნდობლობას გვიცხადებენ და ფორმა 100-ს გვთხოვენო. ორი დღის შემდეგ ოჯახს მისცეს ფორმა 100, მაგრამ იქ მსუბუქი დიაგნოზი ეწერა, ალბათ იმიტომ, რომ არ ეფიქრათ შვილის სხვაგან გადაყვანაზე. როცა თქვეს, ღვიძლი გაუდიდდა და სეფსისი დაეწყოო, ოჯახი შეშფოთდა. მაშინ გვითხრეს, ცნობილი ინფექციონისტი, კანდელაკი მოვიწვიეთ და ის დაუნიშნავს მკურნალობასო. ამის შემდეგ თვითონ მკურნალი ექიმი მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და სახლში წავიდა. კანდელაკი იმ დღეს საერთოდ არ მოსულა, მეორე დღეს მოვიდა საავადმყოფოში, თუმცა, არც მას უთქვამს, რომ მდგომარეობა უიმედო იყო. როცა თქვეს, სეფსისი დაიწყოო, ოჯახმა თათიას თურქეთში გადაყვანა გადაწყვიტა. იქაურ ექიმებს ავადმყოფის ისტორია გადაუგზავნეს, თანხმობაც მიიღეს. ამ დროს ნიკა ექიმმა თავისი ინიციატივით მოისურვა თურქ სპეციალისტებთან გასაუბრება. ინგლისურად ესაუბრა თურქ ექიმს, ჩვენთვის უცნობია, რა უთხრა, თუმცა ფაქტია, ამ დიალოგის შემდეგ მან უარი თქვა პაციენტის მიღებაზე. ეს ფაქტიც აჩენს ეჭვებს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ირწმუნებიან, ფეხმძიმეს სისხლში სასიკვდილო ვირუსი ჰქონდა და ამ ვირუსს ატარებდა ნაყოფის ჩასახვის დღიდანო. რატომ დამალეს ეს ფაქტი თავიდანვე? აშკარაა, ისინი თავის დაძვრენას ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ. სულ გვესმოდა ერთი და იგივე ფრაზა, - მდგომარეობიდან გამოვა, არსად გადაყვანა საჭირო არ არის, ჩვენ გავუმკლავდებით და ვუმკურნალებთ; თუ დაგვჭირდება, გამოცდილ კოლეგებს მოვიწვევთო, - მაგრამ ფაქტია, დღეს ახალგაზრდა, 29 წლის ქალი ცოცხალი აღარ არის.


განადგურდნენ მისი მშობლები, მეუღლე, ობლად დარჩა მისი ორი პატარა. ჩვენ ვითხოვთ, დროულად მიხედონ ამ ექიმებს, რომლებსაც სხვისი შვილის სიკვდილი არაფრად მიაჩნიათ. უნდა დაისაჯონ ისინი, რომ სხვებიც ასე არ გაუბედურდნენ. გელანტიას ტყუილმა უფრო მოგვიკლა გული, ის ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ამიტომ ავლაპარაკდით ჩვენც. რაც მან თქვა, ყველაფერი სიცრუეა. სწორედ ის გვარწმუნებდა ყველას, რომ თათიას სასიკვდილო არაფერი სჭირდა, მაგრამ მწარე რეალობის წინაშე დავდექით. ძალიან მტკივნეულია ჭირისუფლისთვის, როცა ექიმებისგან ასეთ სიცრუეს ისმენ და იმის აღიარებაც არ უნდათ, რომ დაუდევრობას შეეწირა სიცოცხლით სავსე 29 წლის გოგო. გამწარებული, გულდამწვარი მშობლები ჩივილს არ აპირებენ, მით უმეტეს, როცა კიდევ ერთი გულდამწვარი დედის, ბროლა გვასალიას ინტერვიუ წაიკითხეს თქვენს ჟურნალში: მასაც შვილი სწორედ ამ ექიმების დაუდევრობით დაეღუპა. ბევრი იბრძოლა და დაამტკიცა, რომ ექიმების დაუდევრობას შეეწირა მისი ერთადერთი გოგონა, მაგრამ მხოლოდ ერთი თვით შეუჩერეს დამნაშავე ექიმს უფლებამოსილება. ეს არის გამოსავალი? ვფიქრობთ, ეს ჭირისუფლის დაცინვაა. გამოდის, ფაქტობრივად, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ექიმი და ის დღეს ისევ მუშაობს. შეიძლება, თათიას დედის მსგავსად, კიდევ აატიროს სხვა დედაც. საჭიროა, სახელმწიფო დაფიქრდეს ამ პრობლემაზე, უფრო მკაცრი ზომები გატარდეს ექიმების მიმართ, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ. სამწუხაროა, რომ ასეთი ექიმები ისევ კაბინეტებში სხედან და მუშაობას აგრძელებენ".

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა აბრამიძემ გვაცნობა, თათია სუარიძის გარდაცვალების საქმე მოკვლევის პროცესშია და მისი შედეგი ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ დაველოდებით კომისიის გადაწყვეტილებას და მისი მიღებისთანავე მკითხველსაც გაცნობებთ. ამასთანავე, კვლავაც დავუბრუნდებით ექიმების შეცდომებითა თუ დაუდევრობით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების შესწავლას და ამ შემთხვევებზე პასუხისმგებელ პირებთან ინტერვიუებსაც შემოგთავაზებ.

თეა ხურცილავა

იხილე წინა სტატია




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (62)
18.06.2016
ასეთი ექიმების ადგილი არ არის საავადმყოფოში როგორმდგომარეობაშია მათი დედა გიფიქრიათ ასეთი გულცივობა როგორ გამოიჩინეს ქალი საკეისროს სთხოვდა თავის დროზე გაეკეთებინათ იქნებ ბავშვი მაინც გადარჩენილიყო ან საერთოდ თუ ვერ გაუგეს რა სჭირდა მიეცათ ნება სხვაგან გადაყვანის რატომ არ გადააყვანინეს ეგ ექიმები საეღოდ უნდა მოხსნან ლიცენზია უნდა შეუწყვიტონ თუ არ იციან დაჯდნენ საცლში სხვა რამე აკეთონ რამდენი ქალის სიცოცხლე უნდა შეიწირონ?
ირინე
21.10.2015
მართლაც რომ ვერაფერს გაიგებს ადამიანი მამუკა ნემსაძემ მე და ჩემი შჰვილი სიკვდილს გადაგვარჩინა სხვისი დაუდევრობა მან გამოასწორა მაგრამ იცით რას ვფიქრობ...??? ალბათ უფლის ნებაა ყველაფერი მომიტევეთ მე არავის ვაფარებ ხელს და არც არავის ვდებ ბრალს უბრალოდ გაოცებული ვარ :(
თამარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი