ნარკორეალიზატორი, რომელსაც სასჯელი გადაუვადეს - გზაპრესი

ნარკორეალიზატორი, რომელსაც სასჯელი გადაუვადეს

56 წლის იყო, ხელმეორედ საბრალდებო სკამზე რომ დასვეს. მისთვის წაყენებული ბრალი უმძიმესი გახლდათ - ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, რეალიზაცია. ბოლო წუთამდე ბრალდებული იმედს არ კარგავდა, ირწმუნებოდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა, სასამართლოს დარწმუნება ვერ შეძლო.

"სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს!" - მოსამართლემ მაგიდას ჩაქუჩი დაარტყა და სასამართლო დარბაზიდან გავიდა. საბადრაგო სამსახურმა ბრალდებული ქალი დარბაზიდან გაიყვანა, ხმას ვერ იღებდა, ნერვიულობისგან ფეხები უკანკალებდა. საკანს დაუბრუნდა, რკინის კარი ხმაურით დაიკეტა, მარტო დარჩენილი კი მწარედDაქვითინდა.

ამ ქალბატონმა ციხეში 9 წელი უკვე გაატარა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იგი შეიწყალა და სამუდამო პატიმრობა 13-წლიანი მსჯავრით შეუცვალა. შესაძლოა, მალე გაათავისუფლონ ციხიდან. კანონით ამნისტიაც შეეხება დარჩენილ სასჯელს. სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს, კომისიამ უნდა იმსჯელოს მისი გათავისუფლების საკითხზე და ამის შემდეგ გადაწყდება, საბოლოოდ დატოვებს თუ არა ციხეს 65 წლის ასაკში.

გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ სამუდამომისჯილ ვაკონა ბერიშვილთან:

- სამუდამო პატიმრობა რომ მომისაჯეს, გაშეშებული, შოკში ვიყავი, თითქოს ჩემი ცხოვრება იქ დამთავრდა. შეიძლება ითქვას, შოკში ვიყავი მანამ, სანამ უვადო პატიმრობა არ მომეხსნა და ვადიანი სასჯელი არ მომისაჯეს. ძალიან მძიმედ გავიდა ეს წლები, რომ არა ციხის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და თანაგრძნობა, ამას ვერ გადავიტანდი. ე.წ. მატროსოვის ციხეში 2007 წელს შემომიყვანეს, მაშინ ქალთა კოლონია იქ იყო. გასამართლებამდე ქუთაისის ციხეში ვიყავი გამოკეტილი, მერე ფაქტობრივად ცოცხალ-მკვდარი გადმომასვენეს "მატროსოვზე". ქუთაისის ციხეში კი ფსიქიკურად დაავადებულ ქალთან ერთად გამომკეტეს საკანში. იმ ქალს მუწუკები ჰქონდა, ტილიც ჰყავდა, საშინელი შეგრძნება მქონდა, სულ შიშის ქვეშ ვიყავი, ირგვლივ სიბინძურე იყო. "მატროსოვზე" გადმოყვანის შემდეგ კი თითქოს შვება ვიგრძენი, აქ სხვა გარემო დამხვდა. თუმცა, რა შვებაზეა საუბარი, როცა სამუდამოს მოგისჯიან ადამიანს? არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი, ორი თვე საკანში სულ მარტო ვიყავი. იმ ემოციის გადმოცემაც მიჭირს, რასაც მაშინ განვიცდიდი. საკნის კარი რომ გაიღებოდა, სულ იმის მეშინოდა, რომ მომკლავდნენ.

- მოკვლის რატომ გეშინოდათ?

- მემუქრებოდნენ და სულ ამის შიში მქონდა.

- პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამივე სამუდამომისჯილ ქალბატონს სამუდამო პატიმრობა მოგიხსნათ, თქვენ ყველაზე მცირე სასჯელი, 13 წელი მოგისაჯეს. რა განცდა დაგეუფლათ, როცა შეიტყვეთ ეს ამბავი?

- თანამშრომლებისგან გავიგეთ, რომ სამუდამო მოგვიხსნეს. ეს რომ მომილოცა თანამშრომელმა, თავიდან ხუმრობა მეგონა, თუმცა, გულში გამიელვა, ასეთ რამეს როგორ გაიხუმრებდა-მეთქი? თუ ეს ასეა, ერთს მაინც გაკოცებ-მეთქი. კიდევ მომილოცა. ცოტა ხანში ციხის დირექტორი, ქალბატონი ნესტან ვერულაშვილი გამოჩნდა, საკნის კარი რომ შემოაღო, მივხვდი, ეს სიმართლე იყო და დავიყვირე, - ახლა მჯერა-მეთქი. ვერც ამ ემოციას გადმოგცემთ, ეს მეორედ დაბადება იყო. ერთადერთი შვილი მყავს, პირველ რიგში მას დავურეკე და ვუთხარი. ჩემი გოგო ცუდად გახდა, სიხარულისგან კიოდა. თავიდან ისიც არ ვიცოდი, 13 წელი რომ მომისაჯეს, რამდენიმე დღის მერე გავიგე ეს ამბავი და ახლა ისევ შოკში ვარ. 9 წელია, აქ ვარ გამოკეტილი, სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი მაქვს, ასაკიც მაქვს, 65 წლის ციხეში გავხდი, აქედან გამომდინარე, შეიძლება მალე გავიდე. ამას ყველა მეუბნება, რომ სულ მალე დავტოვებ ციხეს, მაგრამ სანამ აქედან არ გავალ, მაინც ვერ დავიჯერებ.

- თქვენთან ერთად საკანში მეორე სამუდამომისჯილი ქალიც იჯდა. როგორ გადიოდა დრო, რაზე საუბრობდით?

- ზოგჯერ ისე გადიდოდა დღეები, ერთმანეთს ხმასაც არ ვცემდით. ერთმანეთის პატივისცემის გამო, ზედმეტად არ ვაწუხებდით კითხვებით. ჩვენი სატკივარი გვტკივა. მადლობა უფალს, რომ ასეთი დირექტორი გვყავს, ის დეიდათი მომმართავდა, ისე არ გვიყურებდა, როგორც პატიმარს.

- დაკავება როგორ მოხდა, ნარკოტიკს ყიდდით?

- 2006 წლის 27 დეკემბერს დამაკავეს. იმ პერიოდში საერთოდ არ ვცხოვრობდი საქართველოში. რამდენიმე წელი მოსკოვში ვიყავი. ჩემი ერთადერთი გოგონა იქ ცხოვრობს. კარგად მქონდა საქმე რუსეთში აწყობილი. 29 დეკემბერს მოსკოვში უნდა წავსულიყავი, ბილეთიც ავიღე, იქ მაღაზია მქონდა გახსნილი და მეჩქარებოდა. ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი ახლობელი გოგო, რომელიც ფაქტობრივად შვილით მყავდა გაზრდილი, დაიჭირეს. მას ნარკოტიკი ჩაუდეს. 9 თვის ბავშვი ჰყავდა, მეძუძური დედა იყო. მისი დაკავებით ჩემზე გასვლა უნდოდათ. მის ქმარს დავურეკე, მიზეზი რომ გამერკვია, - არ ვიციო, მითხრა. 25 დეკემბერს ის დააკავეს, 2 დღეში, თბილისში მე ამიყვანეს. მას წამალი ჩაუდეს და ათქმევინეს, თითქოს წამალი ჩემი იყო. ისე გამასამართლეს, რომ არანაირი აღიარება არ მქონია, არც ფაქტი ჰქონიათ ჩემზე, არანაირი წამალი არ მქონია.

GzaPress

- როგორც ვიცით, თქვენ ადრე ნარკოტიკის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით გასამართლებული იყავით, თუმცა, მაშინ ციხეში არ მჯდარხართ. როგორ დააღწიეთ სასჯელს თავი?

- ვიყავი გასამართლებული, მაშინ 4 თვე გავატარე ციხეში, დანარჩენი სასჯელი - 8 წელი, ავადმყოფობის გამო, 2003 წელს გადამივადეს. მაშინ ჩემს დაკავებაზე ნერვიულობას გადაჰყვა ჩემი მეუღლე, მე მის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ, ციხეში ვიყავი. მაშინ მართლა მქონდა წამალი, იქ სულ სხვა ამბავი იყო, ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა. ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების შემდეგ, მოსკოვში წავედი სამკურნალოდ. ოფიციალურად მოხდა ყველაფერი, სხვა დრო იყო. უკანონოდ არ გავსულვარ ქვეყნიდან, ერთწლიანი ვიზით გავედი. რომ ჩამოვედი, არავის არაფერი უთქვამს... თბილისში ღამის 3 საათზე დამაკავეს, მერე ზუგდიდში წამიყვანეს. სანამ ზუგდიდამდე ჩავიდოდით, ზუსტად 6-ჯერ დაურეკა მეგის ქარდავამ გამომძიებელს. აინტერესებდა, რა თანხა აღმომაჩნდა დაკავებისას. 300 ლარი, მობილური ტელეფონი და 20 დოლარი მქონდა. არ ვიცი, რა თანხას ელოდებოდნენ. თან მეუბნებოდნენ, - ისეთი დიდი საქმე იცი, ციხეში არავინ ჩაგსვამსო. ვერ მიხვდი, რას გულისხმობდნენ. პოლიციის განყოფილებაში თენგიზ გუნავა დამხვდა, მან მითხრა, - დაღუპული ხარ, თუ არ დაასახელებ იმ ყოფილ ჩინოვნიკებსა და გუბერნატორს, ვინც შენ გიცავდაო. არ ვიცი, ვის გულისხმობდა. მერე ერთ ოთახში შემიყვანეს, იქ მეგის ქარდავა წამოწოლილი დამხვდა. წამოდგა და პირდაპირ ჩემი გინებით დაიწყო, - შენ ქალი არ ხარო, მლანძღავდა უშვერი სიტყვებით. - არაფერი შეგეშალოს, მე არა ვარ ის ქალი, ვინც დღეს ერთს იტყვის, ხვალ მეორეს-მეთქი, შევეპასუხე. - 100 ათას დოლარს გამოიტან, ამას გადავცემ როლანდ ახალაიას და ყველაფერი მოგვარდებაო. საიდან უნდა მოგიტანო 100.000, ამხელა თანხას სად ვიშოვი-მეთქი? მაშინ მითხრა, - პირველ რიგში შენს სახლ-კარს დათმობო. ამაზეც უარი ვთქვი: - ერთადერთი სახლი მაქვს, თქვენ ვერ გაჩუქებთ-მეთქი. ბევრი ვიკამათეთ, ვისთვის უნდა დამედო ხელი. ამის მერე ბრალი წამიყენეს და პატიმრობაში დამტოვეს.

- ალბათ ეჭვქვეშ დადგა სასჯელის გადავადების საკითხი. თვლიდნენ, რომ ფულით ჩააწყვეთ წინა ხელისუფლების დროს საქმე და ისე გახვედით ციხიდან?

- მართლა ავად ვიყავი, იმიტომ გადამივადეს სასჯელი. კარგად ვიცოდი, ის 8 წელი მქონდა გადავადებული და მოსახდელი. ამისათვის სხვა ბრალდების შეთხზვა რა საჭირო იყო? კარგად მახსოვს, 9 მაისი იყო, შემოვიდა მორიგე და მითხრა: - შენი ადვოკატია მოსულიო. გამიკვირდა, არასამუშაო დღეს რომ მოვიდა. არავინ მეკითხებოდა, ისე იცვლებოდნენ ჩემი ადვოკატები. უფროსის ოთახისკენ წამიყვანეს. - აქ ადვოკატს რა უნდა-მეთქი? - ოთახში ახალგაზრდა ბიჭი, მეგის ქარდავა და ციხის უფროსი იყვნენ. ციხის უფროსი ოთახიდან გავიდა. მეგისმა მითხრა: - ვაკონა, ეს პროკურორის მოადგილეა, რაღაც უნდა გიშველო, ცოდვა ხარ, რასაც მე მოგიყვები, ამაზე უნდა დაგვეთანხმოო. ვიცოდი, მეგისი სასიკეთოდ არ იქნებოდა მოსული. მითხრა, - ვიცით, როგორ გაკეთდა გადავადება, დაიწყე ადვოკატ პაატა სოტკილავათი და ყველა დაასახელე, ვინც ეს საქმე გააკეთა. თანხმობა მოგვეცი, მერე დიდ ჩინოვნიკს შეგახვედრებ და ჩათვალე, აქედან გასული ხარ, შენ კარგად იცი, ეს გაკეთებული საქმეა და დანაშაულია ჩადენილი, უნდა სიმართლე თქვა, როგორ გაკეთდა საქმე, როგორ გამოხვედი ციხიდან და თავისუფალი იქნებიო. - არავის ვამხელ-მეთქი, - ვუთხარი. - მაშინ ჩაგალპობთ ციხეში, შენ გგონია, ისე გაგიშვებთო? ძალიან ვიჩხუბეთ. 15 კაცი უნდა ჩამესვა ციხეში. წარმოგიდგენიათ, ეს რა იქნებოდა? ქუთაისის სასამართლოს სამი მოსამართლე, ექიმები, უამრავი ადამიანის დასახელებას მთხოვდა. ეს იყო ჩემი დაკავების რეალური მიზეზი. წამალი მეორე დაკავების დროს მართლა არ მქონია. სასამართლოში საჯაროდ გავაკეთე განცხადება და ვთქვი სიმართლე. მაშინ მოსამართლე შემიცვალეს, რადგან ვინც იხილავდა, მან უვადო პატიმრობის მოსჯაზე უარი თქვა.

- ნათესავმა სასამართლოზეც გამხილათ?

- ის თავჩაღუნული იჯდა სასამართლო პროცესზე, სამი წელი მიუსაჯეს, მაგრამ მეგისმა მალე გაიყვანა ციხიდან. 22 გრამ წამალზე იყო ლაპარაკი. ის გოგო ამბობდა, რომ ჩემგან მიცემული წამალი სხვას გადასცა. ის ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანიც იყო დაჭერილი, მაგრამ ახალაიამ ისიც გაიყვანა. ჩემს წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ ჰქონდათ, მაგრამ მოსამართლე კეკენაძემ სიცილ-სიცილით მომისჯა სამუდამო პატიმრობა.

- აქედან გასვლის შემდეგ რას აპირებთ?

- იმედი მაქვს, ღმერთი მომცემს შესაძლებლობას, ცხოვრება გავაგრძელო. წარმოიდგინეთ, 8 წელი ერთ ოთახში ჩაკეტილმა გავატარეთ. მხოლოდ მე და მაია დარსანია ვიყავით. სხვა პატიმრებთან კონტაქტი არ გვქონდა. - უდანაშაულო ვარ-მეთქი, არ ვამბობ. ადრე რომ არ მქონოდა შეხება ნარკოტიკთან, ვერავინ დამაკავებდა, მაგრამ მეორე შემთხვევის დროს არ ვიყავი დამნაშავე. პირველი დანაშაული იყო ჩემი შეცდომა და აღმოვჩნდი აქ. მოსკოვში ვვაჭრობდი და სულ ფული უნდოდათ ჩემგან.

- როცა პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვდით, ფიქრობდით, რომ სასჯელს შეგიცვლიდათ?

- ძველი მთავრობის დროს შეწყალების დაწერა არც მიფიქრია. ჩვენს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ისეთი ალალი თვალები აქვს, ვიფიქრე, იქნებ ეშველა-მეთქი და დავწერე განცხადება. მან გულთან მიიტანა ეს სატკივარი და სამივე სამუდამომისჯილი შეგვიწყალა. სიცოცხლე გვაჩუქა, ღმერთმა გაამრავლოს თავის ოჯახში და ჰფარავდეს უფალი. თქვენ არ იცით, ციხეში მოხვედრა რა მძიმეა. ღმერთმა ყველა გაიყვანოს აქედან. თავიდან სულ 4 ქალი ვიყავით სამუდამო მისჯილი. ერთი სააკაშვილმა შეიწყალა და თვე-ნახევარში გარდაიცვალა. დავრჩით სამნი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რეჟიმიც შეგვიცვალეს, ავად ვიყავი და მიმკურნალეს. მადლობის მეტი რა მეთქმის? დღეს ცოცხალი რომ ვარ და ამდენ წელს სამუდამო მისჯილის საკანში გავძელი, ეს ადმინისტრაციის თანამშრომლების დამსახურებაა.

თეა ხურცილავა