გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები - გზაპრესი

გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

გოგონა 23 მარტს მიაბარეს მიწას. დაკრძალვის მეორე დღეს მარნეულიდან სოფელ თამარისში სოფლის ავტობუსით ჩავედი. ავტობუსის მგზავრები მანანას საშინელ მკვლელობაზე თვალცრემლიანი ლაპარაკობდნენ. "ცოცხლად უნდა დაწვა ის გარეწარი მკვლელი, როგორ არ მოგვცა პოლიციამ მისი ჩაქოლვის უფლება, როგორ უნდა იცოცხლოს? წამებით მოკლა ბავშვი და გაგვანადგურა მთელი სოფელი", - ამბობდა ქალბატონი. მას სხვებიც დაეთანხმნენ. "ანგელოზივით გოგო მოკლა იმ არაადამიანმა. ალბათ ციხეში არ გაახარებენ, წამებაში უნდა ამოხდეს სული. ისე დაასახიჩრა ულამაზესი ბავშვი, საწყალი დედა მოკლულ შვილს ვერ ეფერებოდა. დავიწვი მისი საცოდაობით, ვინ იფიქრებდა, რომ მურადა ამის ჩამდენი იყო?" - აღნიშნა მეორემ.

ხალხის რეაქცია ბუნებრივი იყო. ამაზრზენ დანაშაულში მხილებული ხომ მათი თანასოფლელი, 51 წლის მურად წიკლაურია.

GzaPress

იმ საბედისწერო დღეს სახლში მარტო იყო 17 წლის მანანა ნადიბაიძე. ამით ისარგებლა მოძალადემ და გოგონა სააბაზანოში შეათრია. სავარაუდოდ, იქ მისი გაუპატიურება სცადა. მოძალადეს გოგონა წინააღმდეგობას რომ უწევდა, ამას მკვლელის სახესა და სხეულზე არსებული დაზიანებები ადასტურებს. ალბათ მაქსიმალურად უძალიანდებოდა მხეცად ქცეულ მამაკაცს. მან გოგონა არ დაინდო... თავისსავე თვალწინ გაზრდილ გოგონას თავში ურო ჩაარტყა, ბოლოს დანით ყელი გამოსჭრა. ამით არ დასრულებულა ჩადენილი სისასტიკე. მკვლელმა ცხედარი ხელის ურიკაზე დადო, ზემოდან თივა დააყარა, ვინმეს რომ არ დაენახა და ასე გაიტანა ნადიბაიძეების სახლიდან. ამის შემდეგ საკუთარი სახლის უკან პატარა ორმო ამოთხარა, ეზოში ცეცხლი დაანთო, გოგონას გვამი დაწვა, შემდეგ კი დარჩენილი სხეულის ნაწილები ორმოში ჩამარხა. ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილზე არც კვალის წაშლა დავიწყებია - სააბაზანოში სისხლი მორეცხა, მაგრამ ეტყობა, სიჩქარეში ყველაფერი ვერ გათვალა. მკვლელს ყველაფერი გასუფთავებული ეგონა და ვერც წარმოიდგენდა, მისი დანაშაული ასე ოპერატიულად თუ გამჟღავნდებოდა.

ამ სულისშემძვრელი დანაშაულის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული მურად წიკლაური მაღაზიაში მივიდა პურის, ძეხვისა და სიგარეტის საყიდლად. დამალვა და სოფლიდან გაქცევა არ უცდია, უფრო მეტიც - მეზობლის სახლში გადავიდა და გოგონას მიერ მიყენებული დაზიანებების დაფარვა "ზელიონკით" სცადა. მანანას ძებნა მშობლებმა სახლში დაბრუნებისთანავე, დღის 4-ის ნახევარზე დაიწყეს. დედამ მისაღებ ოთახში ტელევიზორთან წერილი იპოვა, თითქოს მანანა სწერდა: "დედა, მე ჩემს მეგობარ ბიჭს ცოლად მივყვები". დედა მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი შვილის ხელწერას არ ჰგავდა. იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მის ქალიშვილის შეყვარებული არ ჰყავდა, მაგრამ ურჩიეს, გაჩუმებულიყო და ხმაურის გარეშე გაერკვია, მართლა ხომ არ გათხოვდა.

ყოველგვარ ზღვარს გასცდა დამნაშავის ქმედება: ის ნადიბაიძეების ოჯახში მივიდა. გოგონას მშობლებს არწმუნებდა, რომ მათი ქალიშვილი ალბათ გათხოვდა და არ ეხმაურათ. დედამ ხმაური მაშინვე ატეხა, როცა სააბაზანოს კედლებსა და სარეცხ მანქანაზე სისხლის შხეფები ნახა. პოლიციაც გამოიძახა. წიკლაურს არც მაშინ უცდია დამალვა. მანანა ნადიბაიძის მამას ვითომ გულშემატკივრობდა და პოლიციაში დასაკითხად ისიც გაჰყვა. რამდენიმე საათი მოკლულის მამასთან ერთად განყოფილებაში იჯდა და თურმე გოგონას გაუჩინარების ვერსიებს თხზავდა.

ძალოვანებმა შემთხვევის ადგილას კინოლოგები გამოიძახეს და დანაშაული ოპერატიულად გახსნეს. ძაღლმა კვალი აიღო და პირდაპირ წიკლაურის სახლში იმ ადგილას მივიდა, სადაც გოგონას ცხედარი იყო დამარხული.

როცა დანაშაული გაიხსნა, მკვლელი მანანას მამასთან ერთად ისევ პოლიციაში იყო. იქვე დააკავეს და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. თანასოფლელების თქმით, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მისი სახლის სხვენიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ის სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც დამნაშავეს მკვლელობის დროს ეცვა. წიკლაურის საპირფარეშოში კი იპოვეს მკვლელობის იარაღიც - დანა, რომელიც მოკლულის ოჯახში ჰქონდა აღებული. მან უროც და "ტაჩკაც" კი ნადიბაიძეების გამოიყენა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ისევ ითხოვენ თანასოფლელები. მათ მარნეულის პოლიციის წინ აქციაც გამართეს. დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და მთელი სოფელი იქ აპირებს მისვლას. ყველას ერთი კითხვა აქვს მოძალადესთან: რატომ გაიმეტა ასე სადისტური წამებისთვის 17 წლის გოგონა, რომლის ოჯახიც მას მუდამ ცხელი კერძებით უმასპინძლდებოდა?

GzaPress

მანანას დედას, მთვარისა წიკლაურს შვილზე წარსულ დროში საუბარი ძალიან გაუჭირდა. ოთახიდან მოთქმა-გოდებით შვილის გადიდებული ფოტო ჩახუტებული გამოიტანა და სურათს ეფერებოდა.

- მკვლელმა მითხრას, რა დავუშავეთ ისეთი, რომ ასე გაგვამწარა? ოჯახის წევრივით გვყავდა, ჩვენთან იყო სულ, საჭმელს ვაჭმევდით. გვეცოდებოდა, მარტოხელა რომ იყო. ცოლს გასცილდა, შვილიც გააგდო... დღეში 15-ჯერ რომ მოსულიყო ჩვენთან, მანანა ან საჭმელს, ან ყავას სთავაზობდა. ნათელმირონობაც გვაკავშირებდა მის ოჯახთან. ტანსაცმელსაც ჩვენ ვურეცხავდით და ჩემი მამამთილის აბაზანაში ბანაობდა. ამას ვინ იფიქრებდა?! თქვენ არ იცით, როგორი შვილი მომიკლა. XI კლასში სწავლობდა მანჩო. მოწინავე მოსწავლე იყო. კონკურსებში იმარჯვებდა სულ, უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა. ყველას უყვარდა. მამამისს სულ ეუბნებოდა, - ნუ გეშინია, უფასოზე ჩავაბარებ და შენ არ მოგიწევს სწავლის საფასურის გადახდაო. მხოლოდ ინგლისურის მასწავლებელთან დადიოდა, დანარჩენ საგნებს თვითონ ამზადებდა. საბანკო საქმე იტაცებდა.

- ქალბატონო მთვარისა, იმ დღეს მანანა სკოლაში არ წასულა?

- მთელი ოჯახი კარტოფილის დასათესად დილის 11 საათზე წავედით. მანჩო არ წასულა სკოლაში, მითხრა, - დედიკო, საჭმელს მე დაგახვედრებთ, აქაურობასაც მივალაგებო. რა უნდა მეფიქრა? 17 წლის შვილი საკუთარ სახლში მარტო არ უნდა დამეტოვებინა? 4-ის ნახევარზე მოვედით სახლში. მანჩო არ დამხვდა. სახლში ყველაფერი გასაკეთებელი იყო. მაგიდაზე მხოლოდ გაცრილი პურის ფქვილი იდო. ბავშვმა ფქვილი გაცრა და ლობიანის ცხობას აპირებდა. ყველაფრის გაკეთება იცოდა. ტელევიზორის მაგიდასთან დამხვდა წერილი. რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, მანანას დაწერილი არ იყო. ჩემი შვილი ძალიან ლამაზად წერდა. არც არაფერს მიმალავდა, დაქალებივით ვიყავით და მეცოდინებოდა, შეყვარებული რომ ჰყოლოდა. უცებ გავიფიქრე, - ეტყობა, გამეხუმრა და დაქალებთან წავიდა-მეთქი. ერთ-ერთი მისი მეგობარი, მკვლელის ძმისშვილია. მამამისი სულ ამბობდა, - მანჩო შვილივით მიყვარსო. მანჩოს ტელეფონზე დავრეკე, სახლში იყო. ფანჯრის რაფაზე იცოდა ჩამოდება და იქ დამხვდა. მაინც იმედი მქონდა, რომ მეგობრებთან იყო და სააბაზანოში შევედი. იქ სარეცხ მანქანაში სარეცხი მქონდა შეყრილი და ვიფიქრე, - უცებ სარეცხს გავფენ-მეთქი. კარი რომ შევაღე, გავგიჟდი, დალეწილი სკამი ძირს ეგდო, მანქანასა და კედლებზე ყველგან სისხლის წვეთები იყო მისხმული. ბავშვის ჩუსტები, რომელიც უნდა სცმოდა, აქეთ-იქით ეყარა. სასწრაფოდ გამოვიქეცი და ჩემს ქმარს ვუთხარი, - ჩვენს თავს რაღაც უბედურება ხდება, სააბაზანოში ყველაფერი მილეწილია-მეთქი. ისიც გამოიქცა. ნახა, მაგრამ მაინც ამბობდა, - დაიცა, იქნებ მართლა ვინმეს გაჰყვა ბავშვიო. წერილს რომ დახედა, მანაც თქვა, - არა მგონია, მანანას დაწერილი იყოს, მაგრამ შეიძლება, ძალით დააწერინესო. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მეუბნებოდა, რომ მურადას გაკეთებული იყო საშინელება.

- მაინცდამაინც მასზე რატომ ფიქრობდით?

- არ ვიცი, არანაირი საფუძველი არ მქონდა, მაგრამ გული ასე მკარნახობდა. თან ამ დროს მურადა შემოვარდა და თქვა, - ნუ ხმაურობთ, ეტყობა, ვიღაცას გაჰყვა, დაწყნარდით, ხომ ხედავთ, წერილიც დაუწერიაო. მურადას სახეზე "ზელიონკა" ესვა და ჩემმა ბიჭმა ჰკითხა, - რა მოგივიდაო? მაშინ რა ვიცოდი, მკვლელი წინ რომ მედგა და ჩემმა შვილმა დაუკაწრა სახე. - შიფერი ჩამოვარდა, მავთულს დაეცა და სახე დამეკაწრაო. რომ შევხედე ამ კაცს, ისევ არ მესიამოვნა. ჩემს ქმარს ვუთხარი, - ეს არის გამკეთებელი-მეთქი. - დაიცადე, ბოროტებას ნუ ჩამადენინებ, იქნებ ბავშვი მართლა ვინმეს გაჰყვაო, - მითხრა ღვთისომ. სისხლი რომ ვნახე, ვფიქრობდი, ეტყობა, ბავშვი გააუპატიურა და ალბათ მერე მანჩო თავის მოსაკლავად წავიდა-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ შვილი აღარ მყავდა? ვამტკიცებდი, - არ ჰყავდა ჩემს შვილს შეყვარებული-მეთქი, მაგრამ არავინ მიჯერებდა. სახლში ტანსაცმელი დავძებნე, ყველაფერი იქ იყო. პოლიციაც მოვიდა. ყველას ის წერილი აბნევდა. თურმე მკვლელმა დატოვა ეს წერილი კვალის ასაბნევად. ის გარეწარი ჩემს ქმარს გვერდიდან არ შორდებოდა, პოლიციაში რომ წავიდა, იქაც გაჰყვა როგორც მოწმე. ამბობდა, - მე ვნახე, სახლისკენ რომ მიდიოდაო. ამ დროს თურმე განადგურებულები ვყავდით. ბავშვის ცხედრისთვის ცეცხლიც კი წაუკიდებია, ისე დამალავდა, ალბათ შვილის საფლავიც არ მექნებოდა. პოლიციაში რომ მიდიოდა, ჩემს ქმარს ვუთხარი, - ერთი სიტყვით მაინც ახსენე მურადა-მეთქი, მაგრამ მაინც არ თქვა. კარადაში 15 ლარი და ხურდები მედო. ჩემი ქმარი პოლიციაში რომ მიდიოდა, მითხრა, - გზის ფული მომეციო. უჯრა რომ გავხსენი, ის ფული იქ არ იდო. ესეც სპეციალურად გააკეთა, რომ მეფიქრა, ბავშვი წავიდა და გზის ფული წაიღო. გარდა ამისა, უჯრაში 400 ლარიც მედო, მაგრამ ის ადგილზე დამხვდა.

- იქნებ რაიმე წინა პირობა მაინც არსებობდა, მასზე რომ ეჭვობდით?

- არანაირი, პირიქით, ჩემს შვილებს ფულსაც ჩუქნიდა. სულ ვეუბნებოდი, - ჩემს ბავშვებს არაფერი აკლიათ და შენს შვილიშვილებს მიხედე-მეთქი. 4 შვილი მყავს, ორი ბიჭი და ორი გოგო. ოთხივეს ჩუქნიდა. ამბობდა, - თქვენ რომ ზრუნავთ ჩემზე, მეც მინდა გავახარო ბავშვებიო... დაბადების დღის წინა დღეებში მანჩოს ხალათი მოუტანა და აჩუქა. ჩემი შვილის ცხედარი მესვენა, მთელი სოფლის ახალგაზრდობა უთევდა ღამეს. ღამით მოვახერხე გაპარვა, მისი ნაჩუქარი ხალათი წავიღე. მკვლელის სახლში შევედი, ოთახში დავაგდე ხალათი, ბენზინი მოვასხი და გადავბუგე იქაურობა. ცარიელი კედლები დარჩა, მაგრამ ეს რას მიშველის? შვილი წამებით მომიკლა და ესეც არ აკმარა... შვილს ვერ ვეფერებოდი, მოფერების უფლებაც არ დამიტოვა, ისე დამისახიჩრა შვილი. ჩემმა მეუღლემ დამწვარი შვილი ექსპერტიზაზე ნახა და განადგურებულია. მითხრა, - ცხედარს არ გაეკაროო. ტანსაცმელი ვერ ჩააცვეს ბავშვს, ისე იყო დანახშირებული. ასე გამამწარა. თვალები უნდა ამოვთხარო! იმიტომ მოგვექცა ასე, სიკეთეს რომ ვუკეთებდით?

ოჯახში შეკრებილმა მეზობლებმა დამნაშავის მიერ ადრე ჩადენილი დანაშაულებიც გაიხსენეს. მათი თქმით, წიკლაური მკვლელობისთვის ადრეცაა ნასამართლევი.

"იაგო ჰქვია, მურადას ვეძახდით. თიანეთიდან არიან წარმოშობით. 3 შვილი ჰყავდათ მის მშობლებს. დედამისი მეუღლეს გაშორდა და ამ სოფელში გაზარდა 3 შვილი. ძალიან შრომისმოყვარე ქალი იყო, მაგრამ ეს უვარგისი ჰყავდა. რომ არ მოეპარა ვინმესთვის რამე, არ შეიძლებოდა. ოჯახის დანაზოგიც კი მოჰპარა დედამისს. მკვლელობისთვის ნასამართლევია რუსეთში, თურმე საწყობში კაცი დაწვა. 9 წელი იჯდა. იმ პერიოდში საქართველოში იძებნებოდა ქურდობისთვის. საკონსერვო ქარხნიდან ერთი ტრაილერი შაქარი მოიპარა. იქიდან რომ დაბრუნდა, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მკვლელობა სცადა. პირი სკოჩით აუკრა და ყელის გამოჭრას აპირებდა, მაგრამ ქალმა თავის დაღწევა სცადა, რა დროსაც დანა შუბლზე დაუსვა. მაშინ მთელი სოფელი დადგა ფეხზე და არ დააჭერინეს ეს სასიკვდილე. დაიცვეს, რადგან ეჭვიანობის საფუძველი ჰქონდა. ახლა კი ეს საშინელება დაატრიალა. ცოლს წლებია, გაცილებულია. მისი გოგო ჩვენს სოფელშია გათხოვილი. მანჩოს მკვლელობის შემდეგ თურმე მან თავის მოკვლა სცადა და გადაარჩინეს. უთქვამს, - ამ სოფელში ვერ ვიცხოვრებ, მეზობლებს ვერ დავენახვებიო, და ორ შვილთან ერთად წასულია სოფლიდან. საშინელ დღეშია მისი ძმაც. მისი შვილის მეგობარი იყო მანჩო. ის კაცი ლოგინად არის ჩავარდნილი ამ ამბის მერე. მის ბიჭს, გიორგის უთქვამს, - მამა, მე ამ სოფელში ვერ გავივლი, მრცხვენიაო. ასე გაანადგურა სანათესავოც... ეს კაცი არ აჩერებდა ხელებს, ყველგან ყველაფერი იკარგებოდა. მეზობელს არაყი გამოუხადა და იმავე საღამოს მოჰპარა. მარტო რომ იყო, სოფელში ყველას ეცოდებოდა, ყველა ეძახდა საჭმელზე. მუშად მუშაობდა. ნადიბაიძეებიც სულ უხდიდნენ ქირის ფულს. იმ დღესაც უნდა გაჰყოლოდა სამუშაოდ, მაგრამ უთქვამს, - ჩემი საქმე მაქვს და დღეს ვერ წამოვალო. იცით, თანასოფლელების ნდობა როგორ დაიბრუნა? წლების წინ მის ბიძაშვილს თირკმლის გადანერგვა დასჭირდა. მაშინ თავისი თირკმელი გადაუნერგა. მართალია, ის ბიჭი ვერ გადარჩა, მაგრამ ამ ამბის მერე ყველა პატივს სცემდა", - მითხრა მეზობელმა.

- ახლა ვიხსენებთ, როცა მას ცოლთან დაპირისპირება ჰქონდა, ის ქალი იძახდა, ეს კაცი საზიზღარია, საკუთარი ქალიშვილი როგორ იბანს, იმას უყურებს ფანჯრიდანო. მაშინ ვიფიქრეთ, რომ იგონებდა. მსგავს რამეში არასდროს არავის შეუნიშნავს და ამ საშინელებას რას წარმოვიდგენდით? როცა პოლიციაში გაჰყვა მანანას მამას, გზიდან ძმისშვილისთვის დაურეკავს და უთქვამს, - ჩემს სახლში არავინ შევიდეს, მალე დავბრუნდებიო. სისხლიანი ტანსაცმელი მისი სახლის სხვენზე იპოვეს სოფლის ბიჭებმა. ჩაქოლვა გვინდოდა, დღესაც ამ აზრზე ვართ, ის ცოცხლად უნდა დაიწვას. რომ არ მოგვეკლა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე გამთენიისას, 6 საათზე მოიყვანა მალულად. თურმე პოლიციის ფორმა ჩააცვეს, ხალხს რომ არ ეცნო. ყველა ფეხზე იყო, ის უნდა მოკვდეს! - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

იმ მეზობელსაც გავესაუბრე, რომლის სახლშიც მკვლელს ჭრილობა დაუმუშავეს.

GzaPress

შორენა:

- ალბათ დღის 2 საათი იქნებოდა, ჩვენთან რომ მოვიდა. უფრო სწორად, ჩემმა მეუღლემ მიაკითხა, ნერგები უნდა მიეცა. ეზოში რომ შესულა, მაშინვე გარეთ გამოუყვანია. ეტყობა, არ უნდოდა, ჩემი ქმარი შინ შესულიყო. უთქვამს, - "ზელიონკა" ხომ არ გაქვთ? ფიჩხი დამეცა და სულ დამეკაწრა სახეო. მაშინვე წამოიყვანა ჩვენთან. რომ დავინახე, ვკითხე, - რა გჭირს-მეთქი? მეც იგივე მითხრა და თან ხელებით გვაჩვენებდა, როგორ დაემართა. ეზოში ჩამოჯდა, გამოვუტანე ბამბა და "ზელიონკა". ჭრილობა ჩემმა ქმარმა დაუმუშავა. სულ ჩალურჯებები ჰქონდა და ახლა ვხვდებით - ნაკაწრიც.

- ალიბის იკეთებდა, რამდენიმე მეზობელთან შესვლაც მოასწრო ამ დროში. დაუნახავს მეზობელს, ცეცხლი რომ ჰქონდა ანთებული და ისიც დაუნახავს, ორმოს რომ თხრიდა. - რას აკეთებო, რომ უკითხავს, - წყლის სადინარს ვჭრი და ღეროებს ვწვავ, ეზოს ვასუფთავებო. ეჭვი არავის შეუტანია, რადგან გაზაფხულია და ყველა მუშაობს, - დასძინა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მოკლული გოგონას და, ეთერ ნადიბაიძე ამბობს, რომ მანანა ძალიან მორწმუნე იყო და ამ ტრაგედიის წინა დღეებში ეზიარა.

- ჩემი და არაფერს მიმალავდა. წინადღეს ველაპარაკე, მთხოვა, - ხატი მიყიდე, თანაკლასელს დაბადების დღე აქვს და უნდა ვაჩუქოო. მეორე დღეს ვურეკავდი, მაგრამ არ პასუხობდა. იცოდა ასე, როცა საქმეს აკეთებდა, ტელეფონი თან არ ჰქონდა. ღვთისმშობლის ხატი გამოვუგზავნე ჩემი დაქალის ხელით, თბილისიდან. მისი მოძღვარი გვიმსუბუქებს ახლა ტკივილს.Eეპისკოპოსიც კი მოვიდა სამძიმარზე. ძალიან მშრომელი და მყავდა, თბილი, კეთილი, მეგობრული. პროექტი დაწერა და დაუფინანსეს. სოფელში ხეების დარგვა უნდოდა. ამბობდა, - აქაურობა ახალგაზრდებმა უნდა გავალამაზოთო. ძალიან მხიარული იყო. რომ გავიგე, დაიკარგაო, მაშინვე ჩამოვედი. პოლიციაში მამაჩემის გვერდით იჯდა მკვლელი და უყურებდა, როგორ ნერვიულობდა და იტანჯებოდა. მისი გამომეტყველება არ მომეწონა. თითქოს ჩამძვრალი იყო თავის ქურთუკში. ხელს ათამაშებდა. თურმე მალავდა ხელზე დაზიანებას. სულ ამოგლეჯილი ჰქონია ხორცი. სიმწრით ეტყობა, ბავშვმა დაგლიჯა. თავზეც უამრავი დაზიანება აქვს. სახე ჩამოპორჭყნილი ჰქონდა. ის საზიზღარი კი ასეთ მდგომარეობაში მამაჩემის გვერდით იჯდა დაUისე უტიფრად მიყურებდა, წარბიც არ შერხევია. ცივსისხლიანი მკვლელია. კიდევ იმას ფიქრობდა, როგორ გამომძვრალიყო სიტუაციიდან, - ამბობს მოკლულის და.

ეთო ნადიბაიძემ შემთხვევის ადგილი მაჩვენა. სააბაზანოში ისევ ისეთი უწესრიგობა იყო, როგორიც მკვლელმა დატოვა. იქვე იყო მიმოფანტული დამტვრეული სკამის ფეხები. სისხლის კვალი კედლებს ისევ აჩნდა. "აქ წყალს ორ ადგილას აქვს გასასვლელი. ეტყობა, სიჩქარეში ვერ მორეცხა კარგად. კედლებზე სისხლის წვეთებს თქვენც ხედავთ," - ატირდა ეთო.

ამის შემდეგ მათი სახლის წინა ეზოში შევედით. იქ წიკლაურის დამწვარი სახლი დგას. სახლის უკან ის ადგილიც ვნახე, სადაც 17 წლის გოგონას ცხედარი ჩამარხა. ნანახისა და მოსმენილის შემდეგ სოფელ თამარისიდან თბილისში გულდამძიმებული დავბრუნდი და ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის გადმოცემა.

თეა ხურცილავა