ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს - გზაპრესი

ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს

სიკვდილამდე მან ოჯახის წევრებთან საუბარი მოასწრო, მერე კი ერთადერთ ვაჟსა და მის მეგობარს ჩააკვდა ხელში. ლაშა აბზიანიძე საქმის გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა ოჯახის წევრები პასუხს ელოდებიან.

ლაშა აბზიანიძე:

- მამაჩემი 56 წლის იყო. იმ ტრაგიკულ დღეს ერთად ვიყავით. შუადღეს სახლში დამტოვა, თვითონ სამუშაოდ წავიდა - სახლთან ახლოს "ტაქსაობდა". ცოტა ხანში დავურეკე, მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო. გამიკვირდა. პერიოდულად მეც ვურეკავდი და დედაც. სამ საათზე მეტხანს ვცდილობდით, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მერე როგორც იქნა, ჩართო ტელეფონი და მაშინვე დამირეკა, - ლაშა, სახლში მივდივარ და დროზე მოდი, საქმე მაქვს შენთან, პოლიციელებმა ნარკოლოგიურში წამიყვანესო. დაახლოებით 8-ის ნახევარი იყო, სახლში რომ მივედი. მამა უკვე ეზოში, სკამზე იჯდა. გვერდით მივუჯექი და ვკითხე, - რა ხდება-მეთქი? მიამბო: ტაქსიში ორი უცნობი მამაკაცი ჩამიჯდა და წყალტუბოში წაყვანა მთხოვეს. სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. მოვილაპარაკეთ, რომ 10 ლარად წავიყვანდი, დავძარი მანქანა და წყალტუბოსკენ წავედი. ქუთაისის სამხარეო პოლიციას რომ მივუახლოვდი, მითხრეს, მანქანა გააჩერეო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ წინააღმდეგობას როგორ გავუწევდი და სამმართველოს შენობაში შევედიო.

GzaPress

- ადრეც ხომ არ ჰყავდათ გადაყვანილი ნარკოლოგიურში? ნარკოტიკის მომხმარებელი იყო?

- მანამდეც ბევრჯერ ჰყავდათ გადაყვანილი. მამას პირობითი სასჯელი ჰქონდა, რადგან ადრე "მარიხუანას" მოხმარებისთვის დააკავეს. 2000-ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს და ერთი წელი პირობითი მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით,Yპრობაციის სამსახურს გადაცემული არ ჰქონდა, ამიტომ პრობაციაში არ დადიოდა. როცა შეატყობინებდნენ, მაშინ დაიწყებდა ხელის მოსაწერად სიარულს. მამა სულ ამბობდა: არ მეშვებიან. პოლიციელები მეუბნებიან, ითანამშრომლე ჩვენთან და დაგიცავთო. ამას არ დათანხმდა. არ იყო ისეთი ადამიანი, რომ პოლიციის აგენტი გამხდარიყო, სხვანაირად ცხოვრობდა. რომ ვერ დაითანხმეს, მერე გადაეკიდნენ, სისტემატურად აჩერებდნენ და გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შესამოწმებლად. მითხრა, იქ რომ მიმიყვანეს, კიდევ ერთი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული, რომელსაც "მარიხუანა" ჰქონდა. მასაც და მეც, ორივეს შარდმდენი დაგვალევინესო. ვეუბნებოდი, რომ სუფთა ვიყავი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, უეჭველად გექნება მოხმარებული. თუ არ აღმოგაჩნდა, მაშინ თავს მოვიკლავო. მამას უთქვამს: მოამზადე თოკი თავის ჩამოსახრჩობად, რადგან მართლა სუფთა ვარო. ოქმში წერია, თითქოს მამა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წაიყვანეს. სამწუხაროდ, პოლიციელებს არავინ მოსთხოვს განმარტონ, კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდათ. ცხადია, ეს მათი დაკავების მეთოდია, ასე "მუშაობენ". თურმე, მამა ვერ შარდავდა და ანალიზი რომ აეღოთ, 3 აბი შარდმდენი დაალევინეს. თურმე, 3-საათნახევარი ჰყავდათ დაკავებული. შარდმდენის მიცემის შემდეგ ბიოლოგიური ანალიზი აიღეს, მერე ისევ დააბრუნეს სამმართველოში. სუფთა აღმოჩნდა და გაათავისუფლეს. არანაირი მოხმარება არ დადასტურდა ექსპერტიზით. მერე მოვიდა სახლში. ჯერ დედასთან უსაუბრია და უთხოვია, - მგონი წნევა დამივარდა და ყავა დამალევინეო. ყავა დაულევია და ამის მერე გარეთ, ეზოში იჯდა. ჩემი მეგობარი ბიჭიც იქ იყო და ისიც ისმენდა მამას მონაყოლს. სხვებისთვისაც ჰქონდა მოყოლილი და ალბათ, ისინიც დაადასტურებენ. ვისაუბრეთ, "სკამეიკაზე" დავტოვე და სახლში შევედი, - მალე მოვალ-მეთქი. გვერდით ჩემი მეგობარი ეჯდა. მისთვის უთქვამს, რაღაც კარგად არ ვარო. ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, მეგობრის ყვირილი გავიგონე, - ჩქარა, წყალი, წყალი მოიტანეთო. რომ გამოვედი, მამას უკვე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ყველაფერი წამებში მოხდა. გამწარებული, მის გადარჩენას ვცდილობდი და თან, დახმარებას ვითხოვდი. არ დავბნეულვარ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, ყველა გზა ვცადე მის გადასარჩენად, მაგრამ ვერ ვუშველე. მივხვდი, უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი, იქნებ გადავარჩინო-მეთქი. "სასწრაფო დახმარებაც" 5 წუთში მოვიდა, მაგრამ აზრიც აღარ ჰქონდა არაფერს.

- მამათქვენს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა?

- არა, ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ბუნებრივია, პოლიციელები წინ და უკან რომ დაატარებდნენ, ამას ნერვიულობდა და განიცდიდა. სამმართველოში რა სახის დიალოგი ჰქონდა პოლიციელებთან, არ ვიცი, დეტალები ჩემთვის უცნობია... მამა ძალიან თბილი, კომუნიკაბელური ადამიანი იყო. ყველას უყვარდა, ყველა ენდობოდა, ისიც ყველას ენდობოდა. ორჯერ იყო ნასამართლევი, ამიტომ არ ეშვებოდნენ პოლიციელები და სისტემატურად დევნიდნენ. ჩვენთვის ცნობილია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც მამა მოტყუებით წაიყვანა. მითხრან, რატომ დაალევინეს სამი აბი შარდმდენი? კანონმდებლობით შეუძლიათ, 12 საათი ჰყავდეთ პირი დაკავებული და ამ პერიოდში აიღონ ბიოლოგიური ანალიზი. თურმე, ერთი აბიც ცუდად ხდის ადამიანს, მამას კი სამი აბი დაალევინეს. დარწმუნებული ვარ, ამან გამოიწვია სიკვდილი. ალბათ წნევა დაუვარდა, სითხისგან დაიცალა მისი ორგანიზმი ან ამ ტაბლეტებმა თირკმელი გაუჩერა. სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩავუტარეთ და ახლა პასუხს ველოდები. დარწმუნებული ვარ, პოლიციელების ბრალეულობა დადასტურდება და მერე ამ ადამიანების უმკაცრესად დასჯას მოვითხოვ. არ გავჩუმდები, საქმის გამოძიებას ბოლომდე მივყვები. იცით, იმაზე საშინელი არაფერია, როცა ხედავ, ჯანმრთელი მამა გიკვდება და ვერაფრით შველი. დიდი ტრაგედია დამატყდა თავს, ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ მამის სიკვდილს არავის შევარჩენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ პოლიციელებმა დაკავებულ ლევან აბზიანიძეს 3 აბი შარდმდენი დაალევინეს. ამ საქმის გამოძიებაში აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ზაზა ქარჩხაძე, ორგანიზაცია "რუბიკონის" გამგეობის თავმჯდომარე:

- სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ნარკოლოგიურში გადაყვანის დროს მათ შარდმდენს ასმევენ. ლევან აბზიანიძე ტაქსის მძღოლი იყო და მოტყუებით წაიყვანეს პოლიციელებმა. ის აღმოჩნდა სამხარეო პოლიციაში, იქიდან კი ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, დაალევინეს სამი აბი შარდმდენი ბიოლოგიური მასალის ასაღებად, რაც ყოვლად დაუშვებელია! ამის შემდეგ ჩააბარა ანალიზი, სუფთა იყო და გამოუშვეს. სახლში მისულმა ამბის მოყოლა მოასწრო ახლობლებისთვის და მერე მოულოდნელად გარდაიცვალა. მსგავსი ფაქტები სამწუხაროდ, ადრეც დაფიქსირებულა. ხშირად მოგვმართავენ დაკავებულები და ამბობენ, რომ მათ შარდმდენს ასმევენ - ეს პოლიციაში მიღებული პრაქტიკაა. მართალია, თავად პოლიციელები უარყოფენ ფაქტს, მაგრამ ცალსახაა, ასე იყო. ჩვენც ჩავერთვებით ამ საქმეში, რათა პოლიციელებმა მსგავსი მეთოდებით ადამიანების ხოცვა არ გააგრძელონ. როგორც ამბობენ, გარდაცვლილი დაბალ წნევას ატარებდა და აბების მიღებამ ალბათ, მასზე ცუდად იმოქმედა. ახლა ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს - ოჯახს პასუხს ერთ თვეში ექნება.

თეა ხურცილავა