მეგობრის მიერ დაჭრილი 24 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის - გზაპრესი

მეგობრის მიერ დაჭრილი 24 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის

საგანგაშოა ისიც, რომ დღემდე გადაუჭრელია იარაღის ტარების პრობლემა. ახალგაზრდები ისევ დანებით დადიან ქუჩაში. ზოგიერთი იარაღით სიარულსაც არ ერიდება. არიან ისეთები, რომელთათვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც ხელმისაწვდომია. ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე დღის წინ კიკეთში მომხდარი ფაქტი: 20 წლის პაატა (პაპუნა) გოშაძემ ურთიერთშელაპარაკების დროს მეგობარს, 24 წლის ნიკოლოზ ნატროშვილს ავტომატიდან გასროლით რამდენიმე ტყვია დაახალა. დაჭრილის ახლობლების თქმით, ნიკას 11 ტყვია აქვს მოხვედრილი. იგი მერამდენე დღეა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ყველაფერი ასე დაიწყო:

22 ივნისს მეგობრები კიკეთში, გიორგი მგალობლიშვილის სახლში შეიკრიბნენ. ისინი იქ ხშირად იკრიბებოდნენ და ესეც მორიგი თავშეყრა იყო. შეზარხოშებული ბიჭები საღამოს 11 საათსა და 30 წუთზე წაკამათდნენ. კამათი მალე ჩხუბში გადაიზარდა, რასაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. მეგობარმა მეგობარს ავტომატის ჯერი მიუშვირა და ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა. მერე ისე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, დაჭრილი მეგობრის გადარჩენა არც უცდია. თუმცა, არ დაბნეულან იქ მყოფი ფაქტის თვითმხილველი სხვა მეგობრები - "სასწრაფო დახმარება" გამოიძახეს. ხედავდნენ, ბიჭი სისხლისგან როგორ იცლებოდა, მეტი ოპერატიულობა იყო საჭირო. სწორედ ამ დროს გზაზე მანქანა გამოჩნდა, ნიკას ერთ-ერთი მეგობარი მძღოლს გზაზე გადაუდგა, გაჩერება სთხოვა და ვითარება აუხსნა. დაჭრილი მძღოლმა მაშინვე მანქანაში ჩასვა და დიდი სისწრაფით თბილისის მიმართულებით წამოვიდა. მანქანის საჭესთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე აღმოჩნდა. მან თურმე ძალიან განიცადა ბიჭის მდგომარეობა. ლევან ვასაძეს დაჭრილი საავადმყოფომდე არ მიუყვანია, რადგან წყნეთის გზაზე მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდა და დაჭრილი "სასწრაფოში" გადაიყვანეს, რომ ექიმებს უფრო ოპერატიულად ემოქმედათ. ექიმების თქმით, მართლა წამებმა გადაწყვიტა ბიჭის ბედი. რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა ცოცხალი აღარ ყოფილიყო. საბედნიეროდ, ის გადარჩა. იმედია, გამოკეთდება და ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს.

ჯერჯერობით საავადმყოფოს მედპერსონალი პროგნოზს ვერ აკეთებს. აცხადებენ, რომ პაციენტი სტაბილურად მძიმეა. ნატროშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისევ აპარატზეა შეერთებული, ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება.

ნატა ხურციძე, საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

GzaPress- 22 ივნისს შემოიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. შოკურ მდგომარეობაში იყო. სასწრაფოდ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს და დღემდე მართვით სუნთქვაზეა. შემდგომ განმეორებით გაუკეთდა კიდევ ერთი ოპერაცია, ისევ მუცლის ღრუს მიდამოში. პაციენტს ჭრილობები ძირითად მუცლის ღრუში აქვს, ნაწლავები გამოყრილი ჰქონდა. ამჟამად ტამპონირებულია და მკურნალობას კიდევ საჭიროებს. ერთი ჭრილობა ბარძაყში აღმოაჩნდა. სავარაუდოა, რომ სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს, ზუსტ რაოდენობას ჩვენ ვერ ვადგენთ და ვერ გეტყვით, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. როგორც ექიმებისგან ვიცი, მუცლის ღრუში მიყენებულმა დაზიანებებმა მუცლის ღრუს ორგანოები დააზიანა. ყველანაირ ღონეს ხმარობენ ექიმები მის გადასარჩენად. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი არ არის კონტაქტური. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება თუ არა, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მას ძალიან ბევრი სისხლი დასჭირდა. ყველაფერი კეთდება, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. სისხლი მისთვის ბევრმა ადამიანმა გაიღო. კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება და ახლა ამისთვის ემზადება.

მართლაც, სოციალური ქსელები აჭრელებული იყო ნიკას ოჯახის წევრების განცხადებით. ისინი ახლობლებსა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. საჭირო იყო პირველი ჯგუფის სისხლი. უამრავი მსურველი გამოჩნდა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტში რიგები იდგა.

რა მოხდა რეალურად კიკეთში და გახდა მეგობრებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ჩვენთან საუბარში დაჭრილის მეუღლემ დამნაშავის ვინაობა არ დაასახელა, მან არც ჩხუბის მიზეზზე ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭებმა სუფრაზე მყოფ ერთ-ერთ მეგობრის ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ამას მოჰყვა ჩხუბი და საქმე დაჭრამდე მივიდა.

მარიამ ბეჟიაშვილი, ნიკა ნატროშვილის მეუღლე:

- ნიკა ისევ მძიმე მდგომარეობაშია. კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა და ამიტომ იყო სისხლი საჭირო. 24 წლისაა, სწავლობს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსზე. 4 წლის შეუღლებულები ვართ, გვყავს ერთი ქალიშვილი, 3 წლის ნიცა. ჩემი მეუღლე ახლა არ მუშაობდა, თუმცა, 16 წლიდან სულ შრომობს. ვაკეში, ჭავჭავაძეზე ვცხოვრობთ. ვიცი, რომ ავტომატიდან ესროლეს. დანაშაული ნიკუშას მეგობრის, გიორგი მგალობლიშვილის ეზოში მოხდა. იქ ხშირად იკრიბებოდნენ, იმ დღესაც სტუმრად იყვნენ. მგალობლიშვილი მისი უახლოესი მეგობარია, ვინც დაჭრა, ნიკუშა მასთანაც მეგობრობდა. ვიცი, რომ შელაპარაკების შემდეგ მან ნიკუშას ავტომატიდან ესროლა. ჩხუბის მიზეზზე ვერ ვისაუბრებ, არ ვიცი. მეგობრები მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, დროზე ჩამოეყვანათ საავადმყოფოში ნიკა და გადარჩენილიყო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გადაიყვანა დაჭრილი.

- ამბობენ, რომ ის ადამიანი ლევან ვასაძე იყო. თურმე გამოიარა მანქანით და როცა ეს ფაქტი ნახა, გააჩერა და დაჭრილი წყნეთამდე ჩამოიყვანა, მერე სასწრაფოში გადასვეს.

- ამბობენ, ჩხუბი მეგობრებს შორის გოგოს გამო მოხდა, ამას ადასტურებთ?

- გააჩნია, რას გულისხმობთ. გოგო ვერ გაიყვეს და ამის გამო მოხდა ჩხუბი, ასე არ ყოფილა. თუმცა ვადასტურებ, რომ გოგოს გამო მოხდა კონფლიქტი. ერთ-ერთი მეგობრის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის გამო შელაპარაკდნენ. ეს ის გოგოა, რომელიც ჩემს დაჭრილ მეუღლეს თავის მეუღლესთან ერთად გვერდიდან არ მოსცილებია, საავადმყოფომდე ჩამოიყვანა. ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად რა შეურაცხყოფა მიაყენეს მას. მისი მეუღლე ჩემი მეუღლის ბავშვობის მეგობარია. უმძიმესი მდგომარეობა იყო, შოკშია ის გოგო, გიორგი მამულაშვილის მეუღლე გახლავთ ქეთი.

- ზოგი ამბობს, რომ 25 ჭრილობა აქვს ნიკას, ზოგი ამბობს - 11. საავადმყოფოში მითხრეს, რომ 3 ჭრილობა აქვს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- სამზე ბევრად მეტი ჭრილობა აქვს ნიკუშას მუცლის არეში. თუ არ ვცდები, სულ 9 ტყვია აქვს მუცელში მოხვედრილი, ერთი - ბარძაყში. ყველა ორგანო სერიოზულადაა დაზიანებული. რისკის ქვეშ ვართ, რა მოხდება, არავინ იცის, უფლის იმედად ვართ დარჩენილები.

- ავტომატი როგორ აღმოჩნდა დამნაშავის ხელში? იმ სახლში ხომ არ იყო იარაღი თუ დამნაშავე ავტომატით დადიოდა ქუჩაში?

- იმ სახლში იარაღი არ ყოფილა. ეტყობა, დამნაშავე ატარებდა ავტომატს. ვიცი, რომ ის 20 წლის არის. მიატოვა დაჭრილი და გაიქცა. არც მისი ოჯახის წევრები გამოჩენილან ჩვენთან.

GzaPressსამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ ნიკა ნატროშვილის ორი მეგობარი დააკავეს. მის თანაკლასელ 24 წლის თეიმურაზ აფციაურს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი. როგორც ირკვევა, მან 20 წლის პაატა გოშაძესთან ერთად მაშინვე დატოვა შემთხვევის ადგილი. პაატა გოშაძეს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. გამოძიების მტკიცებით, გოშაძე თანმხლებ თეიმურაზ აფციაურთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, დანაშაულის მეორე დღეს დააკავეს თეიმურაზ აფციაური თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხოლო პაატა გოშაძე, დანაშაულიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

რა ჩვენებები მისცეს ბრალდებულებმა გამოძიებას, დეტალები უცნობია. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა პაატა გოშაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გოშაძის ინტერესს ადვოკატი ირაკლი ესიავა იცავს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა