როგორ შეიძლება გადაურჩეს ციხეს "მამულიჩა" - გზაპრესი

როგორ შეიძლება გადაურჩეს ციხეს "მამულიჩა"

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურორმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული კახი მამულაშვილის საბრალდებო მუხლები განმარტა.

ქართველ პროდიუსერს 2 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი - სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და სასჯელის ზომად განსაზღვრავს 7-დან 14 წლამდე პატიმრობას.

მეორე მუხლი, რომლითაც "მამულიჩას" ედავებიან, არის სისხლის სამართლის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას გულისხმობს და 8-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიაში გადის, თუმცა ისევე, როგორც ყველა ბრალდებულთან მიმართებაში, არც "მამულიჩას" შემთხვევაშია გამორიცხული საპროცესო შეთანხმების გაფორმება. თუმცა საქმის ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია. შესაბამისად, არც ბრალდებისა და დაცვის მხარეების წარმომადგენლებს უთქვამთ რამე სამომავლოდ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ალბათობაზე.

კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა წარდგენილ ბრალდებას სრულად აღიარებს. ის რამდენიმე დღის წინ აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.

მამულიჩას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ხათუნა გაგნიძე

წყარო:  Ambebi.ge