5 წელი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობისთვის - გზაპრესი

5 წელი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობისთვის

ცალსახაა, პროკურატურამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და მოსამართლის იმაში დარწმუნება, რომ ბრალდებულმა 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი სისასტიკით მოკლა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში მომხდარი მკვლელობის დეტალები ჟურნალ "გზაში" ადრე გაშუქდა.

ულფუკარ გულიევის ოჯახი ვერ ეგუება გამოტანილ განაჩენს და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. უფრო მეტიც, ისინი ტრაგედიის დღიდან ქარიმოვების ოჯახის სხვა წევრების დასჯასაც ითხოვენ. დარწმუნებულები არიან, რომ მარტო ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა ახალგაზრდა ბიჭის ასე წამებით მოკვლას.

ასტან გულიევი, გარდაცვლილის ბიძა:

- სასამართლო პროცესებზე სულ დავდიოდით, დავდიოდით პროკურატურაში, ვითხოვდით სამართალს, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია, ხმის ამოღების უფლებაც კი არ მოგვცეს. დაზარალებულის უფლებებს საქართველოში არავინ იცავს. ჩვენც არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი უფლებები თავად დავიცვათ, დაზარალებულს პროცესზე ხმის ამოღების უფლება არა აქვს. შვილი მოგვიკლეს და აზრს არავინ გვეკითხება. ვისხედით სასამართლოზე, ტყუილებს ვუსმენდით და ხმას ვერ ვიღებდით. პროკურორი საერთოდ ზურგს გვაქცევდა. როცა ვეკითხებოდით რამეს, პასუხსაც არ გვცემდა. ტრაგედიის დღიდან უშედეგოდ ვითხოვთ სამართალს. ვერაფერს მივაღწიეთ. გვეგონა, ქარიმოვების ოჯახის ყველა წევრს დააკავებდა პოლიცია, ყველამ იცოდა, რომ ერთი ადამიანი ასე წამებით ვერ მოკლავდა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდას, მაგრამ სხვებიც რომ დაესაჯათ, ამის ნაცვლად დაკავებულიც არ დასაჯეს საკადრისად. სასჯელი შეუმსუბუქეს მკვლელს და 5 წელი მიუსაჯეს. ეს არის სამართალი? სამართალი თუ არ არის ქვეყანაში, მაშინ იძულებული ვიქნებით, ჩვენ ვიძიოთ შური, ამოვხოცოთ ისინი და ჩვენი ადათით ვაგებინოთ პასუხი. ჩვენ გვიბიძგებენ დანაშაულისკენ.21 წლის ბიჭი მოგვიკლეს იმის გამო, რომ გოგო უყვარდა. ყველამ იცის, ნოვრუზის გოგოს და ულფუკარს ერთმანეთი რომ უყვარდათ. გოგოს ბიჭისთვის დაურეკავს, - მოდი და წამიყვანე, თორემ დეიდაშვილზე მათხოვენებო. გოგოს წამოსაყვანად იმ საღამოს სახლიდან ულფუკარი ღამის პირველ საათზე გასულა. მასთან ერთად ორი მეგობარი ბიჭიც იყო. გოგო თავისი ფეხით მანქანაში ჩამჯდარა, მაგრამ უცებ მანქანა ვერ დაუქოქავთ ბიჭებს. ამ დროს გამოვარდნილა სახლიდან გოგოს მამა და დედა, დედა წინ გადაუდგა მანქანას, ჯოხებს ურტყამდა, გოგოს მამას ჩვენი ბიჭისთვის თავში ცულის ტარი ჩაურტყამს. მისმა მეგობრებმა გაქცევა მოასწრეს. ულფუკარი შერჩათ ხელში, ჭიშკრიდან შეუთრევიათ ეზოში, იქ სკამზე თოკით დაუბამთ, ხელ-ფეხი შეუკრავთ და სასტიკად უცემიათ. გოგოს დედაც ყვიროდა თურმე, - მოკალითო. მასაც ხელში ჯოხი ეჭირა. თავი გაჩეჩქვილი ჰქონდა ულფუკარს. არმატურით, ცულის ტარითა და ჯოხებით გაუხეთქეს თავი. სახე სიგარეტით ჰქონდა დამწვარი. ხელებსა და ფეხებზე თოკის ნაკვალევი ეტყობოდა, დაზიანება მკლავთანაც ჰქონდა. წამებით ამოხადეს სული. ბავშვი გურჯაანის საავადმყოფოში რომ ვნახეთ, უკვე მკვდარი იყო, ვერ ვიცანი ჩვენი ბიჭი, ისე იყო წელს ზემოდ დალურჯებული და დასივებული. მარტო ერთი კაცი ვერ მოერეოდა ულფუკარს, მას მთელი ოჯახი გაუსწორდა. როცა ურტყამდნენ, თურმე ფეხებში ჩაუვარდა მამას გოგო და უთქვამს, - ნუ სცემ, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მე ვუთხარი, მოსულიყოო... ამოღებულია სამი ჯოხი. მითხრან, ერთი კაცი ურტყამდა სამი ჯოხით? ერთმა თოკიც იპოვა და იმითაც დააბა? ეს ტყუილია. კიდევ ვიმეორებ! თუ არ აღდგება სამართალი, იძულებულები ვიქნებით, ჩვენი ადათით გავუსწორდეთ.

ქარიმოვების ოჯახის პოზიცია თავიდანვე განსხვავებული იყო. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ გოგოს მოსატაცებლად ბიჭი სახლში შევიდა. ჩვენ კაზლარში ნოვრუზ ქარიმოვის ძმებსაც გავესაუბრეთ. მათი დახმარებით ექსკლუზიურად ჩვენთვის გააღეს შემთხვევის ადგილიც. ქარიმოვები გულიევების მეზობლად ცხოვრობენ. ამ ტრაგედიის შემდეგ სოფლიდან გაიხიზნა ქარიმოვების ოჯახი და მათი სახლი დაკეტილია, ქარიმოვების სახლს დიდი გალავანი აქვს. ჭიშკართან დღემდე ყრია ულფუკარ გულიევის მანქანის მინის ნამსხვრევები. როგორც ჩანს, ჯოხით ჩაამტვრიეს მისი მანქანის მინა.

ნოვრუზ ქარიმოვის ძმა ირწმუნება, რომ 4 ახალგაზრდა მისი ძმისშვილის მოსატაცებლად სახლში შიგნით შევიდა და მისი ძმა ოჯახის ღირსებას იცავდა.

"ჩემი ძმის სახლის ჭიშკარი დაკეტილი იყო, სახლში ყველას ეძინა. გალავნიდან გადმოსულან გოგოს მოსატაცებლად, მერე შიგნიდან გაუღიათ ჭიშკარი. ამ დროს გოგოს თავის ძმებთან ერთად ეძინა ოთახში. გარეთ შუქი ჩაუქრიათ, იქიდან მოუტაციათ გოგო, გამოუყვანიათ აივანზე, ამ დროს დაუყვირია გოგოს, დედა მიშველეო. დედას და მამას გვერდით ოთახში ეძინათ. ჩემი ძმა გაუღვიძებია ცოლს, - გოგოს იტაცებენო. ოთახის კარი ვერ გაუღიათ, რადგან ერთ ბიჭს კარზე ხელი ეკიდა, ამიტომ ნოვრუზი ფანჯრიდან გადამხტარა. გოგო უკვე მანქანაში ჰყოლიათ და არ უშვებდნენ. ჩემს ძმას ულფუკარისთვის ჯოხი თავში ჩაურტყამს, სხვებიც გაქცეულან, მერე შემოუყვანია სახლში, ბიჭისთვის დაუძახია ჩემს ძმას, - თოკი მოიტანეო და კიბესთან შეუკოჭავს მისთვის ხელ-ფეხი. დააბა, რომ არ გაქცეულიყო. არავის უწამებია იგი. მერე დაურეკავს ნოვრუზს პოლიციაში, მოვიდა სასწრაფო, ჯერ ისევ ცოცხალი იყო, რომ წაიყვანეს. საავადმყოფოში გარდაიცვალა. მითხარით, გოგოს მოსატაცებლად სახლში რომ შემოგივარდნენ, თქვენ რას იზამდით? გოგო ამბობს, რომ ბიჭი არ უყვარდა. ჩემი ძმისშვილები კი არ არიან ამ საქმეში გარეული. ახლა სახლშიც ვერ მოდიან, მათი სახლი ტყედ არის ქცეული", - ამბობს ნოვრუზის ძმა, კაზამბარ ქარიმოვი.

ბრალდებულ ნოვრუზ ქარიმოვის ინტერესს ორი ადვოკატი იცავს. ისინი გამოტანილი ვერდიქტით კმაყოფილები არიან, თუმცა უფრო მეტს ითხოვდნენ. თვლიან, რომ გამოტანილი ვერდიქტი მკაცრია. მათი თქმით, საქმეს უფრო მსუბუქი დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა მისცემოდა. შესაძლოა, ადვოკატებმა 5-წლიანი პატიმრობაც კი გაასაჩივრონ.

გოჩა კვარაცხელია, ნოვრუზ ქარიმოვის ადვოკატი:

- თავიდანვე ჩავერთეთ საქმეში მე და ჩემი კოლეგა, ნუგზარ გულბანი. პირველივე დღიდან აშკარად ჩანდა, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. ნოვრუზ ქარიმოვს ერთადერთი რამ უნდოდა, - დამნაშავე შეეპყრო. მისი მკვლელობა ნამდვილად არ უნდოდა. ეს ცალსახა იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, პროკურატურამ განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა, თუმცა, ამის სამხილი ვერ წარმოადგინა, ამიტომ სასამართლომ 117-ე მუხლით, განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით გადააკვალიფიცირა საქმე და ქარიმოვს 5 წელი მიუსაჯა. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ეს სასჯელიც მკაცრია, ბრალდებული მოქმედებდა დამნაშავის შეპყრობის მიზნით და სახეზეა უფრო მსუბუქი დანაშაული, 114-ე მუხლით - დამნაშავის შეპყრობა ფარგლების გადაცილებით. ეს იქნებოდა სწორი კლვალიფიკაცია და ეს მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა შევჯერდებით და შეიძლება, გამოტანილი განაჩენი გავასაჩივროთ და კვალიფიკაციის შეცვლა მოვითხოვოთ. პროცესზე გამოჩნდა, რომ მას დამნაშავის შეპყრობა უნდოდა, ახალგაზრდა უწევდა წინააღმდეგობას, არ დაემორჩილა და ამიტომ მიაყენა დაზიანება. მერე თვითონ გამოიძახა პოლიცია და იქვე დააკავეს. პროკურორი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა, მაგრამ ამის დამტკიცება მან სასამართლოზე ვერ შეძლო. ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები, დავამტკიცეთ ჩვენი დასაცავის უდანაშაულობა. დაზარალებული მხარე შვილების პასუხისმგებლობაზეც საუბრობდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არანაირი მონაწილეობა მათ არ მიუღიათ.

თეა ხურცილავა