მილიარდერი, რომელიც სიკვდილით დასჯას ელოდება - გზაპრესი

მილიარდერი, რომელიც სიკვდილით დასჯას ელოდება

2001 წლის 31 ნოემბერს პენსილვანიის შტატის ქალაქ ჰანოვერის ერთ-ერთ სუპერმარკეტში უცნაური გარეგნობის მამაკაცი შევიდა, - ქალის პარიკითა და ხელოვნური ულვაშებით. სტელაჟებს შორის ჩამოიარა, პიჯაკის ჯიბეებში სალბუნის შეკვრა, გაზეთი და წიწილის სენდვიჩი ჩაიტენა და იქაურობა ფულის გადაუხდელად დატოვა. მამაკაცის საქციელი სავაჭრო დარბაზში დაყენებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. სუპერმარკეტის დაცვის წევრები ქურდს გამოუდგნენ და ავტოსადგომზე წითელი ჩჰევროლეტ ჩორსიცა-ს საჭესთან მჯდომი დააკავეს.

სენდვიჩის ქურდი მილიარდერი რობერტ დარსტი აღმოჩნდა, რომელიც სუპერმარკეტის დაცვის წევრებს პოლიციის განყოფილებაში წაყოლაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდა, მაგრამ საკუთარ ადვოკატთან დაკავშირებამდე კითხვებზე პასუხის გაცემაზე კი თავაზიანი უარი განუცხადა. მილიარდერს მანქანაში მარიხუანით სავსე ტომსიკა, ორი პისტოლეტი და 37 ათასი დოლარი აღმოაჩნდა. 500 დოლარი კი სწორედ პიჯაკის იმ ჯიბეში ედო, სადაც ცოტა ხნის წინ 5 დოლარად და 49 ცენტად ღირებული მოპარული სენდვიჩი ჩაიტენა. მალევე გაირკვა, რომ მუქთა სენდვიჩების მოყვარული მილიარდერი მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და მას ტეხასის პოლიცია ეძებდა...

რობერტ დარსტი ახლა 71 წლისაა. მამამისი, სეიმურ დარსტი მანჰეტენზე მდებარე მილიარდობით დოლარად ღირებული უძრავი ქონების მფლობელი იყო. 1994 წელს უფროსი დარსტი საქმეს ჩამოსცილდა, მაგრამ კომპანიის მართვა რობერტს კი არა, უმცროს შვილს, დუგლასს მიანდო. რობერტმა საოჯახო ბიზნესში მეორე ვიოლინოს როლი იუკადრისა და კარი გაიჯახუნა, თუმცა მამამ გაგულისებული შვილი "მშიერი" მაინც არ დატოვა და დღეს რობერტ დარსტის ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყოველთვის თავქეიფა და სიამოვნებას გადაყოლილი რობერტი ახალგაზრდობაში თვითმფრინავის მართვითა და არქიტექტურით იყო გატაცებული, ნიუ-იორკის კლუბებში ოქროს ახალგაზრდობასთან ერთად ერთობოდა, მარიხუანას ეძალებოდა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათითა და გვარიანი ექსცენტრულობითაც გამოირჩეოდა, ქალებში მაინც დიდი წარმატებით სარგებლობდა. მეგობრობდა ჯეკი (ჟაკლინ) კენედი-ონასისთან, ერთხანს მია ფეროუს უმცროს დასაც ეტრფოდა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯონ ლენონთან, რომელიც "ორალური" თერაპიის სეანსებზე სიარულისას გაიცნო. თვითმხილველთა მტკიცებით, ამ სეანსებზე, რომლის დროსაც პაციენტები ყვირილის მეშვეობით ქვეცნობიერი შიშებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებოდნენ, დარსტი უბრალოდ კი არ ყვიროდა, მხეცივით ღრიალებდა. მის ამ და ბევრ სხვა უცნაურ საქციელსაც ირგვლივ მყოფები ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმით ხსნიდნენ. შვიდი წლის ასაკში რობერტი დედამისის თვითმკვლელობის მოწმე გახდა: ქალი სახლის სახურავიდან პირდაპირ შვილის თვალწინ გადმოხტა.

1973 წელს, 30 წლის დარსტმა ცოლად სამედიცინო კოლეჯის 19 წლის სტუდენტი, კეტლინ მაკორმაკი შეირთო. ნორჩი კეტლინი სწავლას იყო გადაყოლილი და ქმრის ქაოსური ცხოვრების ასაყოლად არც დრო რჩებოდა და დიდად არც ამის სურვილით იწვოდა. მალე კეტლინმა რობერტს ინტიმურ ურთიერთობაზეც უარი უთხრა. ცოლის საქციელით გაგულისებული დარსტი მის მოსარჯულებლად ზოგჯერ მუშტებსაც იშველიებდა, მაგრამ კათოლიკე კეტლინი ქმართან განქორწინებას მაინც ვერაფრით წყვეტდა.

1982 წლის იანვრის ერთ კვირადღეს მეგობარ ქალთან სტუმრად მყოფ კეტლინს რობერტმა დაურეკა და შინ დაბრუნება კატეგორიულად მოსთხოვა. კეტლინი ქმრის გაღიზიანებას მოერიდა, მეგობარს სწრაფად გამოემშვიდობა და შინისკენ გასწია. ოთხი დღის შემდეგ რობერტ დარსტი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და ცოლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. კითხვაზე, ოთხი დღე რას უცდიდიო, მამაკაცმა მშვიდად უპასუხა, რომ მე და ჩემს ცოლს სამი სახლი გვაქვს და ზოგჯერ ერთმანეთს რამდენიმე დღეც კი ვერ ვხედავთო. დარსტს პოლიციისთვის არ დაუმალავს, რომ მეგობრისგან დაბრუნებულ ცოლს ეჩხუბა. თუმცაღა, მის გაუჩინარებასთან ყოველგვარი კავშირი მტკიცედ უარყო და ნათქვამს მხოლოდ ის დაუმატა, რომ ჩხუბის შემდეგ კეტლინი ახლომდებარე რკინიგზის სადგურში წავიყვანე და ნიუ-იორკში მიმავალ მატარებელში ჩავსვიო. მალევე გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კეტლინი მომხდარიდან მეორე დღეს ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ბინაში მართლა ნახეს. გარდა ამისა, იმავე დღეს სამედიცინო კოლეჯის დეკანატში დარეკა ქალმა, რომელიც ყურმილის ამღებს კეტლინ დარსტად წარუდგა და ისიც შეატყობინა, რომ ავად გავხდი და მეცადინეობას ვერ დავესწრებიო.

გამოძიებას რობერტ დარსტისთვის ბრალის წაყენების არანაირი საფუძველი (კეტლინ დარსტის გვამი დღემდე არ არის ნაპოვნი) არ აღმოაჩნდა და მანაც მალევე სხვა ქალების საზოგადოებაში გართობა და ძველებურად ხელგაშლილი ცხოვრება განაგრძო. 2000 წლის ოქტომბერში დარსტმა მეორე ცოლად თავისი კარგა ხნის საყვარელი შეირთო. რობერტის მეორედ დაქორწინებიდან 13 დღის შემდეგ ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში მისი ახლო ნაცნობი და თანაშემწე სიუზენ ბერმანი ტყვიით მოკლული იპოვეს. სიუზენმა რობერტი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიცნო და მასში მაშინვე მონათესავე სული აღმოაჩინა. მათ დაახლოებას შესაძლოა, იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ დარსტის დედის მსგავსად, ბერმანის დედამაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რობერტზე არანაკლებ კოლორიტული სიუზენი ლას-ვეგასის სათამაშო ბიზნესის მეფეების _ ბაგზი ზიგელისა და მაიერ ლანსკის პარტნიორის, მაფიოზ დევი ბერმანის ქალიშვილი იყო. `ებრაული მაფიის პრინცესის~ მეტსახელით ცნობილმა სიუზენმა ასპარეზად მწერლობა აირჩია და მოგონებების ორი წიგნის გამოცემაც მოასწრო, სიკვდილის წინ კი დოკუმენტური სერიალის სცენარზე მუშაობდა. ამ გარემოებამ თავიდან გამომძიებლებს აფიქრებინა, რომ სიუზენი ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს ზოგიერთი საიდუმლოსთვის ფარდის ახდას აპირებდა და ამისთვის დაისაჯა. თუმცა, ეს ვერსია მალევე უარყვეს, რადგან სრულიად ლოგიკურად ჩათვალეს, რომ ქალს რომ რამე სცოდნოდა, თავის წიგნებში დაწერდაო. თანაც, სიუზენ ბერმანამდეც არაერთი ამერიკელი მაფიოზის შვილებმა და ცოლებმა დაწერეს მოგონებების წიგნები, მაგრამ საკუთარი გულახდილობის მსხვერპლი არც ერთი მათგანი არ გამხდარა. ასე რომ, გამოძიება საბოლოოდ მაინც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მკვლელობა ჩაიდინა ადამიანმა, რომელსაც ბუნებით ეჭვიანი და ძალიან წინდახედული სიუზენი კარგად იცნობდა, ბოლომდე ენდობოდა და სახლშიც თვითონ შეუშვა. ამის გარდა, საქმეში კიდევ რამდენიმე ფრიად ყურადსაღები დეტალიც გამოიკვეთა. კერძოდ, მკვლელობის დღეს სიუზენ ბერმანი კეტლინ დარსტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მისი ერთ-ერთი ნაცნობის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოაშკარავებასაც აპირებდა; სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, მატერიალურად შეჭირვებულმა სიუზენმა (ქალს წიგნები ცუდად ეყიდებოდა და არც ჰოლივუდისა და ბროდვეის მესვეურები იწუხებდნენ თავს მისი შეთავაზებების განხილვით) რობერტისგან 25 ათასი დოლარის ჩეკი მიიღო. დარსტი მას ადრეც ხშირად უმართავდა ხელს, რადგან ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ სიუზენ ბერმანი იყო ის ადამიანი, ვინც სამედიცინო კოლეჯის წარმომადგენელს კეტლინ დარსტის სახელით დაურეკა, რის შემდეგაც რობერტს გამუდმებით აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა. მაგრამ ვერსიები ბოლომდე ვერსიებად დარჩა და გამოძიებამ დარსტის წინააღმდეგ კვლავაც ვერანაირი რეალური სამხილი ვერ მოიპოვა.

სიუზენ ბერმანის მკვლელობის საქმიდან თავის დაღწევის შემდეგ, რობერტ დარსტი ტეხასში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კიდევ ერთი უცნაური საქციელი დასჩემდა: ქუჩაში ქალის ტანსაცმელში გამოწყობილმა დაიწყო სიარული. გაოცებული გამვლელები დარსტს ხშირად აყოლებდნენ თვალს, თავად კი საკუთარ საქციელს იმით ხსნიდა, აბეზარი რეპორტიორები მშვიდად ცხოვრების საშუალებას აღარ მაძლევენ და ასე მათ გამო ვინიღბებიო.

2001 წლის 30 სექტემბერს, მექსიკის ყურეში მეთევზეებმა პლასტიკატის სამ ტომარაში ჩაწყობილი დარსტის მეზობლის, 71 წლის მორის ბლეკის დანაწევრებული გვამი იპოვნეს. სხეულის ნაწილების გარდა, ერთ-ერთ ტომარაში სხვადასხვა ნივთები, მათ შორის _ პისტოლეტი და ტყვიებიც ეწყო. ამ საშინელი დანაშაულის ყველა კვალი რობერტ დარტსთან მივიდა და ისიც დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, მაგრამ შემდეგ მისმა ცოლმა 300 ათასი დოლარის გირაო გადაიხადა და სასამართლომდე პატიმრობიდან გამოიხსნა. დარსტი დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აღარ გამოცხადდა და პოლიცია მას მანამ ეძებდა, სანამ სუპერმარკეტში წვრილმან ქურდობაზე არ ჩავარდა ანდა სულაც ძალად ჩაიგდო თავი.

საკუთარი ინტერესების დამცველად დარსტმა სახელგანთქმული ადვოკატი, დიკ დეგუიერინი დაიქირავა, რომელმაც 2003 წელს გამართულ სასამართლოზე დაამტკიცა, რომ ჩემს კლიენტს აგრესიული ბუნებით გამორჩეული მეზობელი თავდაცვისას და კიდევ იმის გამოც შემოაკვდა, რომ ადამიანის განვითარების ხუთი საერთო დარღვევიდან ერთ-ერთით - ასპერგერის სინდრომით იტანჯებაო. სასამართლომ დარსტს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ციხიდან სამ წელიწადში, 2006 წელს გამოვიდა.

ალბათ, ამის შემდეგ მაინც უნდა ესწავლა რობერტ დარსტს ჭკუა და მშვიდი ცხოვრება მონდომებოდა, რაც ერთხანს თითქოს, ასეც იყო. მაგრამ 2015 წელს, გვარიანად მობერებულ მილიარდერს ეშმაკი კიდევ ერთხელ შეუჩნდა და დოკუმენტურ ფილმში - "წყევლა" რობერტ დარსტის ცხოვრება და სიკვდილები~ მარტო მონაწილეობას კი არ დათანხმდა, მისი გადაღებისას უნებლიეთ (ან იქნებ, სრულიად შეგნებულად) ზემოთ ნახსენები სამივე მკვლელობის ჩადენაც აღიარა. ფილმის ბოლო ეპიზოდზე მუშაობისას,Dმცირე ხნით სააბაზანოში განმარტოებულ დარსტს, რომლის ტანსაცმელზე მიმაგრებული მიკროფონიც ჩართული დარჩა, რამდენიმე ისეთი ფრაზა - "მგონი, მართლა გავები... ეშმაკმა დალახვროს, ეს რა ჩავიდინე? ისინი, ყველანი ხომ მე დავხოცე", -  წარმოსთქვა, რისთვისაც პოლიციამ დაუყოვნებლივ დააპატიმრა. სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული რობერტ დარსტი ამჟამად სასამართლოს მოლოდინშია და თუ მისმა მილიარდებმა და ძვირად ღირებულმა ადვოკატებმა ისევ შეუძლებელი არ შეძლეს, სიკვდილით დასჯა არ ასცდება.