მამულიჩამ აღიარა, რომ ნარკოტიკში 800 ევრო გადაიხადა - გზაპრესი

მამულიჩამ აღიარა, რომ ნარკოტიკში 800 ევრო გადაიხადა

და იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსდეს," - ასეთი ვერდიქტი მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დარბაზიდან გაუსვლელად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მხარეების პოზიციები მოისმინა. პროდიუსერ კახი მამულაშვილის გულწრფელი აღიარების მიუხედავად, ის ციხეში გაამწესა, წინასწარ პატიმრობას იქ გაატარებს. პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა საქმის გამოსაძიებლად მაქსიმალური - 55-დღიანი ვადა ითხოვა; მართალია, ამას არ დაეთანხმა მამულაშვილის ადვოკატი და თქვა, რომ 40 დღეშიც შესაძლებელი იყო საქმის დასრულება, მაგრამ მოსამართლემ ამ შემთხვევაშიც პროკურატურის არგუმენტი მიიღო და წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბრისთვის დანიშნა.

კახი მამულაშვილი დარბაზში ხელბორკილდადებული შემოიყვანეს და სპეციალურად გამოყოფილ, გისოსებით დახურულ ადგილას მოათავსეს. მას გვერდით რამდენიმე სამართალდამცველი მიუჯდა. ისე დასრულდა სასამართლო სხდომა, მისთვის ხელბორკილი არ აუხსნიათ.

- დავიბადე თბილისში, 1971 წელს. ნასამართლევი არ ვარ. ვცხოვრობ ვაკეში, ოჯახთან ერთად. ვარ პროდიუსერი. ვაღიარე დანაშაული, - ბრალდებულის ამ სიტყვებით დაიწყო პროცესი.

ამის შემდეგ, პროკურორმა წაყენებული ბრალდების ირგვლივ ისაუბრა. განმარტა, რომ დაკავებულს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენაში, შენახვასა და შემოტანაში ედება ბრალი. იგი სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. უცნობია, ვინ ამხილა მამულაშვილი: ბუნებრივია, ინფორმატორს ძალოვანები არ ასახელებენ.

დაკავების დროს მამულაშვილი სამშობლოში პარიზიდან ბრუნდებოდა. პროკურორის თქმით, მან სწორედ საფრანგეთში შეიძინა დაუდგენელი პირისგან ნარკოტიკი. დაკავებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა. მისი ხელბარგიდან და პირადი საფულედან სამართალდამცველებმა ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები: 5.591 გ კოკაინი, 1.15 გ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0.2048 გ, რაც დიდი ოდენობაა. დაკავებულს ჩაუტარდა ასევე, ნარკოლოგიური შემოწმება და მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

პროკურორის თქმით, მისი დაპატიმრება აუცილებელი იყო.

პროკურორი გიორგი დავითაშვილი:

- კახი მამულაშვილი თვეში რამდენჯერმე ტოვებს საზღვარს, თავისუფლად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში, ჰყავს სანაცნობო წრე, რაც ადასტურებს იმას, რომ მას უპრობლემოდ შეუძლია გამგზავრება. რომ არ მიემალოს გამოძიებას, რომ არ მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა, ამიტომ ვითხოვთ დაპატიმრებას. ჩასატარებელია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, დასადგენია პირთა წრე, სხვებს ჰქონდათ თუ არა ამ დანაშაულთან შეხება, დასადგენია პირთა ვინაობები, ამიტომ ვამბობთ, რომ აღმკვეთის სხვა ფორმა, თუნდაც გირაო, არ არის საკმარისი. მან ნარკოტიკში 800 ევრო დახარჯა, ნარკოტიკის შეძენაში კაცი რომ 2.000 ლარს ხარჯავს, მას შეუძლია, ნებისმიერ დროს წავიდეს საზღვარგარეთ. ჩვენ პატიმრობას ვითხოვთ.

პროკურატურის პოზიცია არ გაიზიარეს არც ბრალდებულმა და არც მისმა დამცველმა.

ადვოკატი გიორგი ბეგიაშვილი:

- პროკურორმა მუქ ფერებში დახატა აღნიშნული საქმე და ვერანაირად ვერ დაასაბუთა, მისი დაპატიმრება რატომ არის აუცილებელი. კახი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ, მან გულწრფელად აღიარა დანაშაული, პატიებას ითხოვს. საქმეზე ჭეშმარიტება რომ დადგენილიყო, ამისთვის ყველაფერი გააკეთა. მის წინააღმდეგ ერთ-ერთი მტკიცებულება - მისი აღიარებითი ჩვენებაა. ვისგანაც შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ამის დადგენაშიც ის მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს გამოძიებას. გულწრფელად ინანიებს მომხდარს, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული შოუბიზნესის განვიტარებაში. ჰყავს ოჯახი, ასაკოვანი მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან, ამიტომ გთხოვთ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება, 10.000-ლარიანი გირაო შეუფარდოთ და გაათავისუფლოთ. ის ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას.

ამის შემდეგ თავად ბრალდებულმა ითხოვა, მისთვის გირაო შეეფარდებინათ.

კახი მამულაშვილის ჩვენებიდან:

- პირველ რიგში, მოგესალმებით. ძირითადად, კონცერტები საზღვარგარეთ მაქვს, სულ დავდივარ კონცერტებზე, მაგრამ პირადად მე არასოდეს შემომიტანია ნარკოტიკი საქართველოში. 40 წლამდე არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა უცხოეთში გამისინჯავს კოკაინი. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. რადგან ვიყავი მარტო, თან წამლის ზემოქმედების ქვეშ, წამოვიღე. არ მიფიქრია, რომ ეს დიდი ოდენობა იყო და იქნებოდა დანაშაული. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ მე ნარკოტიკთან მქონდა შეხება. თუ გაითვალისწინებთ და გირაოს შემიფარდებთ, კარგი იქნება. საგამოძიებო პროცესს თუ ოჯახთან გავატარებ, კარგია; ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა, დანაშაულისთვის პასუხისგებამ მომიწიოს. მე მართლა გავითავისე ჩემი დანაშაული, რაც ჩემი უგუნურობით მომივიდა. არსად არ წავალ, არ მივემალები გამოძიებას, კანონის წინაშე პასუხს ვაგებ. მე როგორც კი ჩამოვედი, მივეცი დეტალური ჩვენება, ვითანამშრომლე გამოძიებასთან. მართლა არ ვიცოდი, რომ ეს დიდი ოდენობა იყო. ისიც ალალად ვთქვი, რომ 800 ევრო გადავიხადე წამალში და მოხმარებისთვის შემომქონდა. ზუსტად ვთქვი ის, რაც იყო. მე რომ არ მეთქვა, ვერავინ დამიმიტკიცებდა, ვიყიდე თუ ვინმემ მაჩუქა. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს დავემორჩილები, რაც გინდათ, ის მომისაჯეთ, - თქვა პროცესზე კახი მამულაშვილმა.

მისი გულწრფელი აღიარების მიუხედავად, მოსამართლემ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. უხმოდ დატოვა დარბაზი ბრალდებულმა. მას ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკმაოდ დიდი სასჯელი ელის: სს კოდექსის 260-ე მუხლი 7-დან 14 წლამდე პატიმრობას, ხოლო 262-ე მუხლის მეორე ნაწილი - 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დარბაზიდან გამოსული ადამინები ამბობდნენ, რომ ის გულწრფელად შეეცოდათ.

მეუღლის სასამართლო პროცესზე მომღერალი ლელა წურწუმია არ გამოჩენილა. როგორც ცნობილია, ის ქმრის დაკავებას უარყოფდა და ჟურნალისტებთან ირწმუნებოდა, რომ მამულიჩა გერმანიაში იყო წასული. მას მერე მომხდარზე კომენტარი არც გაუკეთებია; პროცესის დღეს "ინსტაგრამზე", მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და ორისტყვიანი კომენტარი დაურთო: "მიყვარხარ და მენატრები".

სასამართლო პროცესზე შოუბიზნესის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. კახი მამულაშვილის რამდენიმე გულშემატკივარი და ახლობელი იყო, მაგრამ მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. კომენტარი მხოლოდ სოფო ბედიას მეუღლემ, მიშა მესხმა გააკეთა. ის მომხდარით შეწუხებულია. "მამულიჩასთან ვმეგობრობ, ამიტომ მოვედი აქ მის მხარდასაჭერად. წლების წინ მეც ვიყავი დაჭერილი და ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მინდა, ის აქედან გავამხნევო", - თქვა მესხმა.

გაასაჩივრებს თუ არა გამოტანილ გადაწყვეტილებას მისი ადვოკატი, ამაზე ბეგიაშვილს არ უსაუბრია. პროცესის დაწყების წინ ჟურნალისტებს დაგვპირდა, რომ სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარს გააკეთებდა, მაგრამ გამოსვლისას არაფერი უთქვამს. "გავასაჩივრებ თუ არა, ამას მოგვიანებით გადავწყვეტ, ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა მან.

მომხდარის შეფასებას თავს არიდებენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც. რამდენიმე მათგანს დავუკავშირდი; ზოგმა მითხრა, რომ არაფერი იცის მომხდარზე, ზოგმა კი, როცა გაიგო, ჟურნალისტი ვარ, ტელეფონიც კი გამითიშა.

"საზიზღარი ერი ვართ, პატარა საქმეს დიდად ვაქცევთ. სიმართლე მამულიჩას გარდა არავინ იცის. მამულიჩა არც სვამს და არც სიგარეტს ეწევა. ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, არასდროს შემიმჩნევია მსგავს რამეში. მე და ლელა რომ ვეწევით, სულ გვეჩხუბება, რომ სიგარეტის სუნი აწუხებს. მეცინება იმაზე, რომ მამულიჩა იყო მომხმარებელი, ის ყოველ დილით ვარჯიშობს, აუზზე დადის, არ სვამს, არ ეწევა და ასეთი ადამიანი რომ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ჩემთვის მაინც დაუჯერებელია. სანამ მამულიჩა არ მომიყვება თავად ყველაფერს, ვერაფერს დავიჯერებ", - ასე შეაფასა მომხდარი ნინა წკრიალაშვილმა.

მამულიჩას "ფეისბუკის" გვერდზე გამამხნევებელი წერილი მრავლადაა. ადამიანები მასა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ. ვახტანგ რჩეულიშვილი წერს: "მამულიჩ და ლელა, გვიყვარხართ! უფალი განსაცდელს გვიგზავნის გადასარჩენად, ყველაფერი მოგვარდება და ცოტა ხანში ჩვენი მოუსვენარი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდად გაგვახსენდება. მით უმეტეს, რომ შენნაირი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი კაცი ჩვენ ცოტა ვინმე თუ შეგვხვედრია და ეს მთელმა თბილისმა იცის!"

პატიმრობის მისჯის შემდეგ კი მამულიჩას "ფეისბუკის" გვერდზე მაია რჩეულიშვილმა დაწერა: "მამულიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამდე შენთვისაც კი არ მითქვამს - შენ ხარ საუკეთესო მენეჯერი, ვისთანაც კი მიმუშავია. შენ დაგვაყენებინე ფეხზე ავიაკომპანია "ლიდია" და რესტორანი "ევროპა" და ისეთ შემოსავალზე აიყვანე, ცენტრ-პოინტის ნებისმიერ ობიექტს რომ უცებ დაამთავრებდა: 120.000 ლარს (მაშინ ეს 100.000 დოლარი იყო) თვეში მხოლოდ ერთ რესტორანს აწერინებდი! შენნაირი ძლიერი ადამიანები ნებისმიერი განსაცდელიდან კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოდიან!"

მამულიჩას გულშემატკივარი კახი სილაგაძე სხვა გულშემატკივრებს ასე მიმართავს: "ყველამ ვიცით, რომ მამულიჩა ყველასთვის საყვარელი ადამიანია, მაგრამ "მამულიჩ მიყვარხარ" ამ პოსტების დაწერას არ სჯობია რამე საქმე გაკეთდეს. ან აქცია, ან რამე ისეთი, რომ აგრძნობინოთ ამ მთავრობას, ეს კაცი გარეთაა საჭირო, რადგან ბევრ რამეს აკეთებს".

დაკავებული პროდიუსერის მხარდასაჭერად რაიმე სახის აქციას დაიწყებენ თუ არა შოუბიზნესის წარმომადგენლები, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტი ერთია ბრალდებული პატიმრობაში დარჩება, საქმეზე გამოძიება გაგრძელდება და იგი სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს დაელოდება.

თეა ხურცილავა