4 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა - გზაპრესი

4 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

ან დიდი ხნით გამოკეტავდნენ ციხეში და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წლებს გისოსებს მიღმა გაატარებდა, ან გაამართლებდნენ და ნანატრ თავისუფლებას დაიბრუნებდა. იმედიანად იყო, სჯეროდა, სასამართლო შეისმენდა იმ არგუმენტებს, რაც ადვოკატმა პროცესზე გამოააშკარავა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ეშინოდა, ვაითუ, არაფერი შეცვლილიყო. ამ საქმეზე უკვე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილი ვერდიქტი.

მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გასულ წელს განიხილა მისი საქმე და გიორგი ბაღაშვილი 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. მოსამართლემ 2014 წლის 21 თებერვალს 16 წელი მიუსაჯა.

დიდხანს ჩაესმოდა ყურში მოსამართლის სიტყვები: "მიესაჯოს 16 წელი".

2 წელი და 4 თვე საკანში გამოკეტილმა გაატარა...

28 სექტემბერს, დილის 7 საათზე ბადრაგმა გამოიყვანა საკნიდან. ამ დროს თანასაკნელებს ეძინათ, მათ ვერც კი დაემშვიდობა. საბადრაგო სამსახურის მანქანაში ჩასვეს და ბათუმის ციხიდან თბილისში წამოიყვანეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას მისი ბედი საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა. ფორტუნა მის მხარეზე იყო.

სასამართლო კოლეგიამ 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში გიორგი ბაღაშვილი სრულიად უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

არადა, უმძიმესი ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2008 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19 საათზე ნასვამი გიორგი ბაღაშვილი, მეგობრებთან - სერგო პეტროსიანთან, ანა და ლანა კვარაცხელიებთან ერთად ვარკეთილში მდებარე პარკში სეირნობდა. შელაპარაკება უხეშად მისალმების გამო მოუხდა ნაცნობ სოსო ტუხაშვილთან. კამათში სოსოს მეგობარი, ლევან ლონდარიძეც ჩაერთო და გიორგი ბაღაშვილს სახეში მუშტი დაარტყა. სიტუაცია პარკში მყოფებმა განმუხტეს. თუმცა, იმავე ღამეს, საქმის გასარჩევად სუპერმარკეტთან სოსო ტუხაშვილი, ლევან ლონდარიძე, შალვა ჩაჩანიძე, გიორგი ჯანიაშვილი, გიორგი სართანია ისევ შეხვდნენ გიორგი ბაღაშვილს და მისი მეგობრებს. ყველანი იქვე არსებულ ნაძვნარში გავიდნენ და ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს. ამ დროს გიორგი ბაღაშვილმა თავი დაარტყა ლევან ლონდარიძეს სახეში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დანა ჩაარტყა მუცელში, რითაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, ასევე შურისძიების მოტივით დაჭრა სოსო ტუხიაშვილი, შალვა ჩაჩანიძე და გიორგი ჯანაშვილი. ამ უკანასკნელს ყველაზე მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, მხარში იყო დაჭრილი. დანარჩენები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. 4 ახალგაზრდის დაჭრის შემდეგ ბაღაშვილი გამოძიებას მიემალა. სამართალდამცავებმა იგი 2013 წელს დააკავეს.

გიორგი ბაღაშვილი, ყოფილი პატიმარი:

- ძალიან მძიმე იყო, როცა 16 წელი მომისაჯეს, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს, გადავწყვიტე, ბოლომდე მებრძოლა, რადგან უდანაშაულო ვიყავი. დიდი სტრესია, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები ციხეში გამოკეტილი რომ უნდა იყო. რომ გავაანალიზე, 16 წელი ტყუილად უნდა გამეტარებინა ციხეში და იქიდან 41 წლის გამოვიდოდი, ფსიქოლოგიურად ძალიან განვიცადე. მიჭირდა ციხეში ყოფნა. კრიმინალურ სამყაროსთან კონტაქტი არასოდეს მქონია და უცებ, ასეთ გარემოში მოვხვდი. თუმცა, მაგარი, ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. სამწუხაროა, რომ ჯემალ კოპალიანმა 16 წელი მომისაჯა და ამით სირცხვილს მოაწერა ხელი. ამ განაჩენის გამოტანის შემდეგ ციხეში რომ შევბრუნდი, ცუდად ვიყავი, მაგრამ უიმედობაში არ ჩავვარდნილვარ, ამაში უფლის სიყვარული და რწმენა დამეხმარა. 2 წელი და 4 თვე გავატარე ციხეში უდანაშაულოდ, მაგრამ მადლობა სასამართლოს და ჩემს ადვოკატს, რომ სიმართლე არ დამიკარგეს.

- ელოდით გამამართლებელ ვერდიქტს?

- სააპელაციო სასამართლოში უფრო იმედიანად ვიყავი. ვფიქრობდი, სიმართლე არ დამეკარგებოდა. უფრო კომპეტენტურები ჩანდნენ მოსამართლეები. არც ერთი დაზარალებული არ მამხელდა. ბათუმის ციხიდან დავყავდით პროცესებზე. განაჩენის დღეს გამოპრანჭული წამოვედი სასამართლო პროცესზე, იმედს არ ვკარგავდი, რომ გავიმარჯვებდი და ოჯახის წევრებს ჩავეხუტებოდი. საბედნიეროდ, ასე მოხდა და დღეს ბედნიერი ვარ.

- ციხეში თქვენი ნივთების წასაღებად იყავით მისული?

- ნივთები არ წამომიღია იქიდან. ტანსაცმელს ალბათ ბიჭები გამოიყენებენ. არც დავმშვიდობებივარ მათ წამოსვლის წინ. ისე, ყველა მგულშემატკივრობდა. ბათუმიდან მოვყავდი, ამიტომ ძალიან ადრე, 7 საათზე გამომიყვანეს საკნიდან. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლა ჩემს მონატრებულ ოჯახთან ვარ.

- რა გეგმები გაქვთ?

- პირველ რიგში მინდა, სამსახური ვიშოვო. უნივერსიტეტში აღვიდგინო თავი და ჩემს განათლებას მივხედო. "საქართველოს" უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თან ხელოვნებით ვიყავი გატაცებული. მე და ჩემი მეგობრები ვაგროვებდით კაფიებს, შაირებს და ვაკეთებდით ჩანაწერებს, ხალხურ სიმღერებს ვწერდით. 2 წლისა და 4 თვის მანძილზე არავითარი დარღვევა, ერთი სიტყვიერი გაფრთხილებაც კი არ მიმიღია, კანონს ვემორჩილებოდი. გული მწყდება, რომ ეს წლები ტყუილად დავკარგე, მაგრამ ამავდროულად, ბევრი რამ ვისწავლე. პირველ რიგში ადამიანების დაფასება. დღეს უფრო მეტად მიყვარს ადამიანები.

- დანაშაული 2008 წელს მოხდა, თქვენ კი 2013 წელს დაგაკავეს, რატომ იმალებოდით თუ უდანაშაულო იყავით?

- არ ვიმალებოდი. ხან სახლში ვიყავი, ხან - სოფელში. ჩემთან სახლში არავინ მოსულა.

- დაკარგული წლებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვ?

- ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. მთავარია, ახლა გარეთ ვარ, ოჯახთან ერთად. ჩემი სიმართლე რომ დავამტკიცე, ეს ყველაზე დიდი კომპენსაციაა ჩემთვის. სული გიმშვიდდება, როცა გეუბნებიან - მართალი ხარ, უდანაშაულო ყოფილხარო.

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:

- საქმე თავიდანვე შეთითხნილი იყო. თავიდან 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის საქმე აღძრეს და დანაშაულში ამხილეს ავთანდილ ტუღუში. სამი თვე ტუღუში იჯდა ციხეში, აღიარებდა კიდეც ამ ახალგაზრდების დაჭრას. ბაღაშვილი დასაკითხადაც არ მოუკითხავს პოლიციას. მერე ეტყობა ტუღუშს თავისმა ადვოკატმა ურჩია, არ ეღიარებინა დანაშაული. შეცვალა ჩვენება და უარყო დაზარალებულების დაჭრა. ტუღუშს ბრალი ვერ დაუმტკიცეს და გაამართლეს, ციხიდან გამოუშვეს. სწორედ ამის შემდეგ აღძრეს საქმე გიორგი ბაღაშვილის წინააღმდეგ. მას ტუღუში ირიბად ამხელდა. საქმეში უამრავი დარღვევა იყო, არ არსებობდა სამხილი, ჩემი დასაცავის ბრალეულობის დასამტკიცებლად. ერთ-ერთი დაჭრილი, სოსო ტუხაშვილი აცხადებდა, რომ სპიცით იყო დაჭრილი, საქმეში კი იდო ექსპერტიზის დასკვნა, თითქოს მას დანით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ამიტომ, ალტერნატიული ექსპერტიზა მაია ნიკოლეიშვილმა ჩაატარა. მართლა დამტკიცდა, რომ ტუხაშვილს ჭრილობები დანითაც ჰქონდა მიყენებული და სპიცითაც. ეს ფაქტი კი ადასტურებდა, რომ საქმეში ორი იარაღი ფიგურირებდა. ამაზე საერთოდ არ ჰქონდა პროკურატურას ნამსჯელი. ურთიერთგამომრიცხავი იყო მოწმეების ჩვენებებიც. გამოძიებას პროცესზე დაზარალებულები ვერ მოჰყავდა. იმის მიუხედავად, რომ სამხილი არ იყო, მოსამართლე კოპალიანმა განსასჯელს 16 წელი მიუსაჯა. გიორგი ბაღაშვილი თავად იყო ამ საქმეში დაზარალებული, 5 ადგილას ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, თავი გახეთქილი ჰქონდა, მაგრამ ეს გარემოება გამოძიებულიც კი არ ყოფილა. ექსპერტიზის დასკვნა წარვადგინეთ პროცესზე, რითაც დასტურდებოდა მისი ცემის ფაქტი.

- რატომ იმალებოდა თქვენი დასაცავი ეს წლები?

- დაჭრილი იყო ბაღაშვილი, მაგრამ არ მისულა პოლიციაში და არ განუცხადებია. შეეშინდა, პოლიციელებს არ ეცემათ. ბაღაშვილმა ახსნა გამოუცხადებლობის მიზეზიც. მისი მეზობელი დაჭრეს, პოლიციაში განაცხადი შეიტანა და იმ ბიჭს ისე სცემეს, ფეხზე ვერ იდგა, მოითხოვდნენ, დაესახელებინა ისინი, ვინც დაჭრა. რატომ უნდა გამოცხადებულიყო ის, უნდა დაემახინჯებინა მასაც თავი? დაზარალებული ლონდარიძე ამბობდა პროცესზე, - მცემდნენ პოლიციელები დაკითხვის დროს და მოითხოვდნენ, ხელი დამედო გიორგი ბაღაშვილისთვისო.

- რა იყო კონფლიქტის მიზეზი?

- ბრალში წერია, რომ მისალმების გამო მოხდა კამათი, რაც გადაიზარდა ჩხუბში და გიორგის თითქოს ტუხაშვილმა დაარტყა. ჩხუბი დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა. ბაღაშვილი არ უარყოფდა, რომ დებ კვარაცხელიებთან ერთად მიდიოდა პარკში და მისალმების შემდეგ ბიჭმა ჰკითხა, - ეს გოგონები ცუდი ყოფაქცევის ხომ არ არიანო. ამის გამო მოხდა კონფლიქტი, - იქნებ შეყვარებულია ან ბიძაშვილი, ამას როგორ მეუბნები, როცა ხედავ, ჩემ გვერდით არიანო?!

საღამოსაც მოჰყვა საქმის გარჩევა. ვარკეთილში, მაღაზიასთან ბიჭები შეიკრიბნენ. პეტროსიანი და ბაღაშვილი მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად შევიდნენ. ხორავას ჰქონდა დანა, რომელიც გიორგიმ გამოართვა, მაგრამ როგორც თქვეს, მასაც წაართვეს და გისოსებს შიგნით ისე შეაგდო ხორავამ, ვერავინ დაინახა. ეს ხდება დაჭრამდე. მერე იმ ბიჭებს შეხვდნენ, ბაღაშვილს ბაღში კამათი რომ მოუხდა და ჩხუბი კიდევ გაგრძელდა. ხორავა ამბობდა, რომ გიორგი ბაღაშვილს ეჩხუბებოდა 8 პიროვნება, ტუღუშის თქმით კი, 3-4 ბიჭი იყო. ამ ჩხუბში 4 ახალგაზრდა მძიმედ დაიჭრა. არც ერთი დაზარალებული არ ამხელდა ჩემს დასაცავს, ის ტყუილად იჯდა ციხეში. მხარში დაჭრილი ჯანიაშვილი აცხადებდა, - ჩხუბის ადგილზე მისული არ ვიყავი, ვიღაცამ რომ გამოიარა და დანა დამარტყა. ორნი იყვნენ, თვალი რომ გავაყოლე, დავინახე, რომ გიორგი ბაღაშვილი ამ დროს მაღაზიიდან გამოვიდა. ამ დროს გავიგონე ჩემი ნათესავების, ტუხაშვილის და სხვების ხმა, რომლებიც იძახდნენ, - დაჭრილი ვარ, დაჭრილი ვარო. პეტროსიანის თქმით, მაღაზიიდან გამოსული ბაღაშვილი დაიჭირეს და თავზე ბოთლი გადაამტვრიეს. დადასტურდა სასამართლოზე, რომ ბაღაშვილს არავინ დაუჭრია, ის თავად იყო დაზარალებული. ლონდარიძე ჩვენებაში ამბობდა, რომ ბაღაშვილმა დაჭრა, მაგრამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, - პოლიციაში ცემით მომკლეს და ასეთი ჩვენება ძალით დამაწერინეს. რომ ვნახო, ვიცნობ ამ ადამიანებს სახეზე, ვინც პოლიციაში მცემდაო. ამის გამოც არის საქმე აღძრული, მაგრამ დღემდე არავინ დაუკითხავთ. ახლა კი დადგა გამამართლებელი განაჩენი. 7 წელზე მეტია, ვიბრძვი ამ საქმისთვის, თავიდან იძებნებოდა ბაღაშვილი, 2013 წელს დააკავეს. პროკურატურა სულ გვთავაზობდა საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ უარს ვამბობდით. ბაღაშვილს ჰქონდა თავისი პრინციპები, ამბობდა, - უდანაშაულო ვარო და მას ვერ ვეტყოდი, საპროცესო გააფორმე და ციხეში ჩაჯექი გარკვეული დროით-მეთქი. წამომყვა ბრძოლაში და ეს ბრძოლა მოვიგეთ. 4 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში გამართლებას რომ მიაღწევ, ეს სასწაულია, დიდი სიხარულია. თუმცა ამის მიღწევას დიდი შრომა დასჭირდა. წარმოიდგინეთ, სექტემბერში ორი გამამართლებელი განაჩენი დადგა და ეს ადვოკატისთვის დიდი გამარჯვებაა.

- მეორე საქმე რას ეხება?

- მოსამართლე მაია შოშიაშვილმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ქალბატონი უდანაშაულო ადამიანს აბრალებდა, ჩემი გაქურდვა უნდოდა და საფულის ამოღება სცადაო. დარწმუნებული ვარ, ის ქალი პოლიციის აგენტი იყო. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა ჩემი დასაცავი და მის გვერდით იჯდა ის ქალიც. პოლიციასთან ჩამოვიდა, იქ ჩავიდა ქალიც და პოლიციას დააჭერინა. 1.000-ლარიანი გირაოთი იყო გათავისუფლებული ბრალდებული ღადუა, რომელიც სასამართლომ სრულად გაამართლა. მჯერა, ბევრი ასეთი განაჩენი იქნება და ადვოკატებს მუშაობის სტიმული მოგვეცემა.

თეა ხურცილავა