"სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ მწამებლების ხმაურიანი სასამართლო პროცესები"... - გზაპრესი

"სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ მწამებლების ხმაურიანი სასამართლო პროცესები"...

უკრაინულ საიტზე გავრცელებულმა კადრებმა, რომელშიც საქართველოში მომხდარი წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაქტებია აღბეჭდილი, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შემზარავი კადრების ნახვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და ბუნებრივია, ეს მივიწყებული საქმე გასულ კვირას ყველაზე აქტუალური იყო.

საზოგადოება ხელისუფლებისგან, მწამებლების საკადრისად დასჯას ითხოვს და აღშფოთებულია მომხდარით. მით უმეტეს, ყველას ახსოვს ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ხალხისთვის მიცემული პირობა, რომ ყველა ასეთ დანაშაულს გამოიძიებდა და ყველა დამნაშავე მიეცემოდა პასუხისგებაში. მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

ათასობით ადამიანმა შეიტანა საჩივარი პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ ეს საქმეები ისევ გამოუძიებელი დევს პროკურატურის თაროზე. მაშინ ასევე ხაზგასმით ითქვა, რომ ყველა ასეთი შემზარავი ჩანაწერი განადგურდებოდა. ყოველ შემთხვევაში, საქმეში მტკიცებულებად ჩადებული მასალა რომ დღის სინათლეზე არ უნდა გამოსულიყო, ამაზე ყველა თანხმდება. მაგრამ ეს მაინც მოხდა. მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ირწმუნება, რომ დაადგენს, როგორ მოხვდა უკრაინულ საიტზე აღნიშნული მასალა და იმასაც დასძენს, რომ გამოძიება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი, მაგრამ როდის გვექნება გამოძიების შედეგები, ბუნებრივია, არავინ იცის. სანამ სიმართლე გაირკვევა, მანამდე ექსპერტები და საზოგადოება იმაზე მსჯელობს, თუ ვის აძლევდა ხელს შემზარავი კადრების კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის შეხსენება.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კატეგორიულად აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" აწყობდა ამ კადრების გავრცელება: -რადგან ეს დაემთხვა NDI-ს კვლევების შედეგების გამოქვეყნებას, ბუნებრივია, უკავშირდებოდა სწორედ ამ შედეგების გასაჯაროებას და ამით უნდოდათ გადაფარვა. მიზანი ერთი იყო: კიდევ ერთხელ მომხდარიყო "ნაცმოძრაობის" დისკრედიტაცია. ამ მთავრობას მხოლოდ ეს მიზანი აქვს. ეს რომ ასეა, ფაქტები ადასტურებს. ჩვენ ვნახეთ, ამ შემზარავ კადრებს როგორ უჩვენებდნენ საჯაროდ ზუგდიდის ქუჩებში. ვაცხადებ, ეს სწორედ იმ ხალხს აძლევდა ხელს, ვინც ქუჩაში ამის საჯაროდ ჩვენება მოახდინა. ამას მოჰყვა სადღობელაშვილის მივარდნა "ნაცმოძრაობის" ოფისთან და ჩვენ ვნახეთ ამის დამადასტურებელი კადრები. არა მგონია, სადღობელაშვილი დამოუკიდებლად მოქმედებდეს. პირადად მე, ჩემი თვალით დამინახავს და ძალიან ხშირადაც, სადღობელაშვილი როგორ გამოდის სახელმწიფო კანცელარიიდან. მე ვამბობ, რომ ეს ხელს აძლევდა ხელისუფლებას, სხვა ვერსია არ მაქვს, -აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხისთვის მიცემული პირობა ვერ შეასრულა.

თორნიკე შარაშენიძე:

-ყველას გვახსოვს, რა ხმაური მოჰყვა ამ კადრების ნახვას. ეს ფირები მაშინ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს უჩვენეს. რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაშიც მისცეს და ამით ყველაფერი დასრულდა. სულ გაიძახიან, რომ "ნაცმოძრაობა" იყო ძალადობაზე დამყარებული ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ მოძალადეების ხმაურიანი სასამართლო პროცესები. კი ვხედავთ გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის ხმაურიან პროცესებს, მაგრამ ვერ ვიხსენებ ასეთივე ხმაურით გაესამართლებინოთ მოძალადეები და საზოგადოებისთვის სამაგალითოდ ეჩვენებინათ, რომ თუ ვინმე ასე მოიქცევა, საკადრისად დაისჯება. მწამებლების გასამართლება არ მოხდა. ეს ბევრ სერიოზულ კითხვას ჰბადებს. რას ემსახურება ეს ყველაფერი? ბოლოს და ბოლოს, მათ აწუხებთ იმ ადამიანების ბედი, ვინც ასე აწამეს, თუ იყენებენ ამ კადრებს უბრალოდ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად, რეალურად კი გარიგება მოხდა მწამებლებთან? ასე ხომ არ არის საქმე? ბუნებრივად ისმის ეს კითხვები, მით უფრო მაშინ, როცა დაკავებულებიდან რამდენიმეს საერთოდ მოეხსნა ბრალი. მითხარით, ვინმემ იცის დღეს საზოგადოებაში მწამებლების გვარები? ვიცით, ვინ გაასამართლეს? ჩვენ არ ვიცით მათი გვარები და მით უფრო, არ იციან რიგითმა ადამიანებმა, -აცხადებს ექსპერტი შარაშენიძე და იგი კატეგორიულად არ ეთანხმება საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიას, რომ ეს კადრები უკრაინელ ჟურნალისტებს მეგის ქარდავამ გადასცა, რადგან ის დაუპირისპირდა თავის ძველ მეგობრებს.

თორნიკე შარაშენიძე:

-ვთქვათ, მეგისმა გაავრცელა. მაშინ მითხარით, რატომ ხდება ქალაქებში ამის საჯაროდ ჩვენება? ზუგდიდში ამის ჩვენებას რატომ დაესწრო ზუგდიდის მერი? რატომ შეუწყო ამის გავრცელებას ხელი მთავრობამ, თუ ამ კადრების გავრცელება მეგის ქარდავას ინტერესში იყო. ეს ზღაპარია. ჩემთვის მეგის ქარდავა არის ძველი ლეგენდა, გეკითხებით, ამ კადრების გავრცელება აწყობდა "ნაცმოძრაობას?" ეს ხომ ტყუილია! NDI-ის დასკვნებს აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ არ ენდობიან შედეგებს. შედეგების მიხედვით 14 პროცენტი აქვს "ნაცმოძრაობას" და ეს რეალურია. "ნაცმოძრაობას" ჰყავს თავისი ერთგული მომხრეები, ეს აიხსნება იმით, რომ აქვს ჩამოყალიბებული იდეოლოგია, ჩამოყალიბებული პარტიაა. "ნაცმოძრაობის" მომხრეების რაოდენობა არ გაზრდილა, მაგრამ სამაგიეროდ, კატასტროფულად დაცემულია "ქართული ოცნების" რეიტინგი. თუ არ სჯერა ვინმეს, რომ ეს ასეა, ვურჩევ, იარონ ქუჩებში, იარონ ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით და დაიჯერებენ ამას. მე არ მაქვს საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო NDI-ს თუ ვინმეს არ მოსწონს, მაშინ შეუძლია, კვლევა ჩაატარებინოს "ედინაია რასიას". მაშინ თვითონ გვითხრან, ვის ენდობიან.

პოლიტიკოსების შეფასებები მოვისმინეთ ამ დღეებში, ისინი ისევ იშვერენ ხელს ძველებისკენ. თუ მათ მიზანს არ ემსახურებოდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მითხარით, რატომ არ შეუშალა ხელი ამ კადრების ჩვენებას ზუგდიდის ცენტრში პოლიციამ და რატომ დაუჭირა მხარი აშკარად ადგილობრივმა ხელისუფლებამ? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, თუმცა დიდი ხანია მათი ფიციც აღარ მწამს. წარმოიდგინეთ, პოლიციას ხელი არ გაუნძრევია. ეს იმ ფონზე, როცა ადამიანი დააკავეს იმისათვის, რომ ბოძზე გააკრა წარწერა -"ძირს გაზპრომი". ის დასაჯეს და ასეთ შემზარავ კადრებს აჩვენებენ და რეაგირება არ ხდება. ეს ბუნებრივია, კითხვებს აჩენს და კიდევ ერთი საკითხი: გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, ეს კადრები არ განადგურებულაო. ადრე ამბობდა, ყველა კადრი განადგურდაო. მითხარით, რომელი დავიჯეროთ? სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ, დღეს ერთს ამბობენ, ხვალ -მეორეს და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. დღემდე უტიფრად ამბობენ იმასაც, რომ არავის შევპირებივართ ტარიფების განახევრებასო. არადა, თქვეს და ამის კადრებიც არსებობს.

თორნიკე შარაშენიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს, გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ ვიდეოს გავრცელება ქვეყნის საშინაო და საგარეო მტრებს აწყობთ.

ამირან გიგუაშვილი:

-არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები სრულად განადგურდა. მართალია, სპეციალურმა კომისიამ 2013 წელს რეალურად გაანადგურა მის ხელთ არსებული კადრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ კადრების დუბლიკატები არ არსებობდა და ისინი დღემდე არ ინახება დაინტერესებულ პირებთან. ვინ შეიძლება იყვნენ ეს პირები, ძნელია სათქმელია. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც მოქმედი ხელისუფლების მომხრეები, ისე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ან სულაც საშინაო და საგარეო მტრები, რომელთაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, წამების ამსახველი კადრები კიდევ გავრცელდეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ქვეყანაში დაძაბულობის მატება და აგრესია, როგორც წინა ხელისუფლების, ისე მოქმედი ხელისუფლების მიმართ. ყველაზე მარტივია, ვიფიქროთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ არასახარბიელო კვლევების გამოქვეყნების შემდეგ, უკრაინის ინტერნეტპორტალზე კადრები მოქმედი ხელისუფლების ხელშეწყობით გავრცელდა, მაგრამ ეს ამ კადრების გამავრცელებლების რეალური მიზნების ძალიან პრიმიტიული აღქმაა. საქმე ისაა, რომ ასეთი კადრები აზარალებს როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ისე "ოცნების" ხელისუფლებას, რომელმაც თავის დროზე, ნაცვლად სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისა და სისტემური დანაშაულის ორგანიზატორების პასუხისგებისა, მეისრეები დასაჯა და ეს საქმე ასე ვთქვათ, მიაფუჩეჩა. ცხადია, ამ თვალსაზრისით ასეთი კადრები აგრესიას ზრდის როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე მოქმედი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დროული და ადეკვატური სამართლებრივი ზომები არ გაატარა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე დანაშაულების გამოძიებისათვის. ამ ლოგიკით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის საერთო მტერსა და მათ სატელიტ პოლიტიკურ ძალებს აძლევთ ხელს, რომელთა დესტრუქციული აქტივობაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაიზრდება. ძალიან ძნელია, აუხსნა ეკონომიკური პრობლემებით შეჭირვებულ მოქალაქეს, რომ ასეთი უმძიმესი დანაშაულებისათვის უმაღლესი თანამდებობის პირების გასამართლება და საერთაშორისო ტრიბუნალების მოწყობა ქვეყნის გრძელვადიან დისკრედიტაციას გამოიწვევდა. შესაბამისად, ამ გამოუძიებელი დანაშაულების საფასურს დღეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, მოქმედი ხელისუფლებაც იხდის, რაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევებშიც აისახა.

განსხვავებული ვერსია აქვს მამუკა არეშიძეს:

-ფაქტია, პირველი, ვისკენაც კადრების გავრცელების გამო ხელს გაიშვერენ, ხელისუფლებაა. თუმცა, არა მგონია, რომ დუბლიკატები ხელისუფლებას ჰქონდეს. ასეთი კადრები შანტაჟისთვის იქმნება. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი პიროვნება სწორედ ასეთი კადრებით ბრიუსელიდან ევაჭრებოდა ხელისუფლებას. სხვა -სოჭიდან... ესენი იყვნენ ყოფილი ძალოვანები... ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს კადრები სოციალურ ქსელში კოლომოისკის ტელევიზიიდან გავრცელდა.

უკრაინაში გავრცელებული ვიდეო, სადაც ადამიანს ცრუ ჩვენების მისაცემად აუპატიურებენ, სულ სხვანაირად არის დამუშავებული. გასათვალისწინებელია დეტალებიც. თუ საქართველოში ნაჩვენებ კადრებზე დაფარული იყო სახეები და სხეულის სხვა ნაწილები, თანაც ტიტრები ედო ინგლისურად, ამ შემთხვევაში ეს კადრები სულ სხვანაირად იყო დამუშავებული. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერში კოლომოისკის ხელი ერიოს, მით უმეტეს, რომ ის ძალიან კარგ ურთიერთობებში იყო ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან. მოგეხსენებათ, მას სერიოზული ბიზნესაქტივები ჰქონდა, მაგალითად, "პრივატ ბანკში". შემდეგ მას გაუფუჭდა ურთიერთობები ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან და მტრად გადაეკიდა მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ მანამ, სანამ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდებოდა. ის მუდმივად ჟენევაში ცხოვრობს და გავრცელდა ხმები, რომ ის იქ ერეკლე კოდუას შეხვდა...

თეა ხურცილავა