ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა - გზაპრესი

ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

როგორც "სიენენი" პარიზის პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, აქედან შვიდმა თავი აიფეთქა.

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ბიბისი" წერს, გუშინ პარიზში 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი "ბატაკლანის" თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. ყველაზე მეტი, 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ. "ეს იყო სისხლისღვრა", - ამბობს "სიენენ"-თან საუბარში ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც თავდასხმის დროს თეატრში იმყოფებოდა.

ფრანგულმა სპეცრაზმმა თეატრის შტურმი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდამსხმელებმა მათ აცნობეს, რომ შეიარაღებულები არიან და მოლაპარაკებები არ სურთ. შტურმის შემდეგ, ადგილზე მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, პრემიერ-მინისტრი, შსს-სა და იუსტიციის მინისტრები. თვითმხილველები ამბობენ, რომ თეატრში შეჭრილი ტერორისტები სირიასა და ერაყზე საუბრობდნენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ყველა მათგანი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც ფრანგულ ენას ფლობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებული მამაკაცები, თეატრში შეჭრისას, "ალაჰ აქბარს" ყვიროდნენ.

კიდევ ერთი თავდასხმის დროს, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პარიზის სტადიონ "სტად დე ფრანსთან" თავი აიფეთქა. სტადიონზე იმ მომენტში საფრანგეთი-გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა.

კიდევ რამდენიმე თავდასხმა სენის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ქუჩაზე მოხდა, სადაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა რესტორნებში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც "ბიბისი" წერს, ტერორისტების მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა "ისლამური სახელმწიფო" ახსენა და განაცხადა, რომ მომხდარი ოლანდის დანაშაულია, რადგან სირიაში შეჭრა გადაწყვიტა.

ტერაქტების გამო, პარიზის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მობილიზებულია 1 500-მდე სამხედრო.

პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უახლოეს საათებში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ტერაქტების გამო, ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტს აღარ დაესწრება.

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.