ქუჩაში მოსიარულე პოტენციური მკვლელები - გზაპრესი

ქუჩაში მოსიარულე პოტენციური მკვლელები

შემიძლია ვთქვა, რომ გიორგიცა და მისი თანაკლასელებიც, ახლა რომ ცრემლები ახრჩობთ და მეგობრის გახსენებაზე ლაპარაკი უჭირთ, ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. მათ მშობლებსაც კარგად ვიცნობ და აღმზრდელ-მასწავლებლებსაც. მშრომელთა უბანში (ყოფილი ავტოქარხნის დასახლებაში) გაზრდილები, ძალიან უბრალოები და ასაკისთვის ზედმეტად ალალებიც კი არიან. მათ შორის თითქმის ვერ იპოვით ფუფუნებაში გაზრდილსა და მით უფრო, გათავხედებულ-გაზულუქებულს. ისინი ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე (მეორე) კლასში სწავლობენ და წელს ამთავრებენ სკოლას. ჩვეულებრივი ოცნებები და იმედები აქვთ მომავალთან დაკავშირებით. თუმცა, ზოგიერთი მათგანი, მიუხედავად ნიჭიერებისა, სწავლის გაგრძელებაზე არ (უფრო სწორად, ვერ) ფიქრობს და მუშაობის დაწყება ეჩქარება, ოჯახს რომ შეეშველოს. ძმები სამხარაძეები უკვე მესამე წელიწადია, სწავლის პარალელურად მუშაობენ და ადრე დაქვრივებულ დედას უმცროსი დაიკოს აღზრდაში ეხმარებიან. გოგა ჩ-ძე ზაფხულობით მამას დაჰყვება თურქეთში სამუშაოდ, გიორგი ლ-ძე კი მთელი ზაფხული ვანსა და გურიაში თხილს აგროვებდა, რომ ტანსაცმელიც ეყიდა და სხვა საჭირო ნივთებიც...

გიორგი გვიჩიანი აფხაზეთიდან დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო და ყველაზე მეტად, მას უჭირდა. არც მისთვის იყო უცხო სწავლასთან ერთად მუშაობა. თავისი თანატოლი, პარალელურკლასელი, ლამაზი გოგო უყვარდა, რომელმაც ბიჭის გარდაცვალების შემდეგ "გაამხილა": მეუბნებოდა, _ სად შენ, განებივრებული დედისერთა, და სად _ მე, მაგრამ იცოდე, ძალიან მიყვარხარ და იმისი ნება მაინც მომეცი, რომ შენ გვერდით ვიტრიალო და ყველაფერი ცუდისგან დაგიცვაო...

ძალიან დიდი გული ჰქონდა პატარა ბიჭს და სწორედ ამ გულში დაარტყა დანა მკვლელმა, თანაც _ საოცარი სიზუსტით. აშკარად იციან მისმა მსგავსებმა, როგორ უნდა მიაყენონ მსხვერპლს სასიკვდილო დარტყმა. ისიც თქვეს: იმის ნაცვლად, რომ მომაკვდავს დახმარებოდა, რომელსაც ღია დარჩენოდა სიცოცხლეჩამქრალი თვალები, კიდევ მისკენ იწევდა და არანორმალური ხმით ღრიალებდა: რას მიყურებ, დახუჭე ეგ შენი დამპალი თვალებიო!..

თვითმხილველები ამბობენ, რომ მკვლელი არანორმალურივით იქცეოდა და ალბათ ამიტომაც გავრცელდა ხმა: "თეთრი ბილეთი" ჰქონია და შეიძლება, არც დაიჭირონ, საგიჟეთში გაამწესებენო...

გიორგი გვიჩიანისთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, სად იქნება მისი მზის დამბნელებელი, მაგრამ ასეთ სადისტ მკვლელს რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესებ რამდენიმე თვით და მერე ქუჩაში გამოაგდებ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო ღარიბია და ავადმყოფის დიდხანს შენახვა არ შეუძლია, რა გარანტიაა, რომ ისევ არ მოეჩვენება რამე და სხვა გიორგის არ მოგვიკლავს?

მკვლელიც და მოკლულიც ერთსა და იმავე კორპუსში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ასაკში სხვაობისა (მკვლელი 30 წლის მამაკაცია), თურმე, მეგობრობდნენ კიდეც და ვერავინ იხსენებს, რომ გიორგის მისთვის ოდესმე შეურაცხყოფა მიეყენებინოს. რა მოხდა მკვლელობის დღეს _ არავინ იცის, მკვლელის გარდა. იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მან ხომ მხოლოდ გიორგი გვიჩიანი კი არა, მისი ოჯახიც "გაანადგურა" და საკუთარიც: მკვლელის დედას ნერვიულობისგან ინსულტი დაემართა და სრულად პარალიზებული საავადმყოფოში წევს. მეუღლე და ოჯახის დანარჩენი წევრები, შურისძიების შიშით, სახლიდან წავიდნენ, რადგან ხმა გავრცელდა, თითქოს გიორგის გამწარებულმა ნათესავებმა "სვანური ვენდეტის" აღსრულების ფიცი დადეს. იმედია, ტრაგედიას გაგრძელება არ მოჰყვება.

გიორგის ახლობლებს მასზე წარსულში ლაპარაკი უჭირთ და შეთანხმებულებივით, ერთსა და იმავეს იმეორებენ: რა უნდა ვთქვათ, სიმწრით, გაჭირვებაში გაზრდილი ბიჭი მოგვიკლეს და როგორ ფიქრობთ, ამას ვინმეს შევარჩენთო?!

მეზობლებიც თავს არიდებენ კომენტარის გაკეთებას. დაახლოებით 70 წლის ქალბატონმა მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა: "გვეშინია, შვილო. ამბობენ, მკვლელი შეიძლება, არც დაიჭირონ, რადგან სრულ ჭკუაზე არ არისო და სად დავემალოთ მერე, მართლა რომ გამოუშვან? ნერვიულია და არავის დაინდობს. ჩვენ კი შვილები და შვილიშვილები გვეზრდება..."

ვერაფერს იტყვი, მართალია ეს ხალხი. შიშის საფუძველი ყველას გვაქვს, რადგან ქუჩაში უამრავი პოტენციური მკვლელი დაეხეტება. აი, ისეთები, ყველას მიმართ აგრესიულად განწყობილები, სულ მუშტებზე რომ იხედებიან. მათი ატანა განსაკუთრებით ღამითაა ძნელი, როცა მთვრალები ან "დაბოლილები" იგინებიან, ყვირიან და თავ-პირსაც ამტვრევენ ერთმანეთს, ასეთ დროს კი პატრული არასოდეს ჩანს, მათი ხულიგნობა რომ ალაგმოს. არც გასროლის ხმა გვაკვირვებს ქუთაისში... ჰოდა, მაინცდამაინც მკვლელობა უნდა მოხდეს, განგაშის ზარები რომ შემოვკრათ?

ვიცი ფაქტი, როცა ერთი ასეთი თავხედი 19 წლის ბიჭს მხოლოდ იმიტომ აუხირდა, რომ მან სიგარეტი არ უყიდა და შეპასუხებაც გაუბედა: თუ ეწევი, ფულიც უნდა გქონდესო... დააძრო დანა და ზურგიდან მიახტა მოზარდს, ყელს რომ მისწვდომოდა. პოტენციური მკვლელი ტანად პატარა იყო და მასზე ბევრად მაღალმა ბიჭმა მხრებში გაშალა, დანაზე მკლავის აკვრა მოასწრო. თუმცა, ჭრილობა მაინც მიაყენა, რომელიც საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა. საბედნიეროდ, გადარჩა, მოძალადე კი ისევ გარეთ დადის. თურმე ამბობდა: ხომ იცოდა, რომ "კაი ბიჭი" ვარ და ნერვები არ მივარგა? ჰოდა, სხვის გასაგონად რატომ შემეპასუხაო?..

როგორ შეიძლება, ასეთი ფსიქიკის ადამიანი ქუჩაში დადიოდეს და მის გვერდით მოქალაქეებმა დაცულად ვიგრძნოთ თავი?..

ინგა ჯაყელი