"დამეხმარეთ გავიგო, სად არის ჩემი გოგიტა" - გზაპრესი

"დამეხმარეთ გავიგო, სად არის ჩემი გოგიტა"

ორივე დანაშაულის ხელწერა იდენტურია. გამოძიების მტკიცებით, ორივე იარაღის მუქარით წაიყვანეს, რუსეთთან ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, მოკლეს და მერე ცხედრები ზღვაში გადაყარეს. გამოძიების მტკიცებით, დანაშაული შამათავამ და მისი ჯგუფის წევრებმა ჩაიდინეს. თავად ბრალდებული ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, ჭირისუფლები გამოძიებას ენდობიან და სხვა პირების დასჯასაც მოითხოვენ. მათ რიგში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, თენგიზ გუნავაც დაასახელეს. თავად გუნავას არ სჯერა გამოძიების, თუმცა, მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთი დანაშაულის გახსნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა: არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში გოგიტა აბულაძის საქმეც გაიხსნას.

რატომ გაახსენდა გუნავას აბულაძის საქმე, უცნობია, თუმცა, ეს შემთხვევაც ძალიან ჰგავს უკვე გახსნილ საქმეებს. თავდაპირველად გოგიტას ოჯახის წევრებსაც აჯერებდნენ, რომ გოგიტა აფხაზეთში გადავიდა. გაუჩინარებამდე მან წერილი დატოვა. წერდა, - აფხაზეთში გადავდივარ და ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამო. პაჭკორია სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე იყო და აბულაძეები დარწმუნებულები არიან, რომ პაჭკორიამ იცის გაუჩინარების დეტალები. გოგიტა აბულაძის ოჯახი იმასაც ამბობს, რომ ანაკლიაში, ჭაობში 5 ადამიანის ჩონჩხია ნაპოვნი, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია მათი ვინაობა. გავრცელებული ინფორმაციით, აბულაძის ოჯახის წევრებსა და სხვა დაკარგულის ახლობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს, რათა შეადარონ ნაპოვნ ჩონჩხებს.

GzaPressჯერჯერობით ძალოვანები ამ საქმეზე არაფერს ამბობენ. დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის მოთმინების ფიალა კი ნელ-ნელა ივსება. გოგიტას და ამბობს, - გვინდა ვიცოდეთ, ურევია თუ არა მათში გოგიტას ძვლებიო. იყო ასეთი ვერსიაც, თითქოს გოგიტა ანაკლიის სასტუმროს კედელში ჩააბეტონეს. დისგან განსხვავებით, შვილის პოვნის იმედს არ კარგავს გოგიტას დედა, ცისანა აბულაძე. საზოგადოება მას კარგად იცნობს: მისი ჭიშკარი და მიმდებარე ტერიტორია დღემდე პლაკატებით არის აჭრელებული. გამწარებული დედა ხელისუფლების ჩინოსნებს დახმარებას სთხოვს. შვილის დაკარგვის დღიდან არ გაჩერებულა, ყველანაირი გზით ცდილობს სიმართლის დადგენას. ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა ბევრჯერ ძვირად დაუჯდა, სამართალდამცავები ფიზიკურადაც ეხებოდნენ, სახლშიც კი კეტავდნენ. ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც უდიერად ეპყრობიან. არჩევნების დღესაც საპროტესტო აქცია გამართა. ითხოვს ხელისუფლებისგან შვილის პოვნაში დახმარებას.

ცისანა აბულაძე:

- დღემდე დაუდგენელია, სად გაქრა ჩემი გოგიტა. იგი 2012 წლის 18 იანვარს დაიკარგა. რაც გაიხსნა ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, მოსვენება დავკარგე. მწარე რეალობის მოლოდინში ვარ, მაგრამ იმედს ვებღაუჭები. პაატა ქარდავას ოჯახში სამძიმარზე მივედი და განადგურებული დედამისი რომ ვნახე, მუხლი მომეკვეთა. მას მერე ცუდად ვარ. შემომჩივლა, - ჯობდა, ისე მომკვდარიყავი, არ გამეგო ეს ამბავი, ჯობდა, ისევ მქონოდა მოლოდინი, რომ იქნებ ჩემი შვილი ცოცხალია, ეს მაცოცხლებდაო. მინდა, გაიხსნას ჩემი შვილის საქმე, მინდა, დასრულდეს გაურკვევლობა და მქონდეს პასუხი, სად არის ჩემი შვილი. არ ვიცი, მკვდარია თუ ცოცხალი, სიმართლის გაგება მინდა. ამბობენ, თითქოს ხელწერა აქაც მსგავსია, მაგრამ არ მინდა, ერთმანეთს დავუკავშირო. გოგიტა სასტუმრო "ანაკლიაში" უნდა მისულიყო იმ დღეს. სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსით ზუგდიდში მიდიოდა. ვიღაცამ დაურეკა და ისიც ჩავიდა. ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ გოგიტა ვერცხლისფერ ჯიპში დაინახა. ეს ჯიპი ეკუთვნოდა მალხაზ პაჭკორიას. ჯიპი ანაკლიისკენ მიდიოდა. ჩემი შვილის გაუჩინარების საქმე აქამდე უნდა გახსნილიყო. მე მყავს ეჭვმიტანილი - მალხაზ პაჭკორია. მოგვიანებით სახლში ვიპოვეთ ჩემი შვილის წერილი, სადაც წერდა, რომ აფხაზეთში გადავიდა და ეს იცოდა სამეგრელოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ პაჭკორიამ. თავად ის ჩვენთან კატეგორიულად უარყოფს ნაცნობობასაც კი. თურმე გამოძიებაში ნაცნობობას ადასტურებს, ფაქტთან კავშირს კი - გამორიცხავს. ისევ ძალოვანი ხომ არაა, მოჰკიდონ ხელი და ათქმევინონ სიმართლე. ადვილად გასახსნელია ეს საქმე.

- რა ვერსია არსებობს გაუჩინარების ფაქტზე?

- არაფერი ვიცი. ჩემი შვილი სასტუმრო "ანაკლიაში" მუშაობდა. ის სასტუმრო ვანო მერაბიშვილის იყო და ალბათ იქ უბედურების ბუდე იყო. შეიძლება, ამ სასტუმროში რაიმე საიდუმლო ნახა, არ უნდოდათ გამჟღავნებულიყო და იმიტომ მოიშორეს. მერაბიშვილი და სააკაშვილი იქ ხშირად დადიოდნენ.

გოგიტას დაკარგვამდე დისთვის უთქვამს, - შენ არ იცი, ესენი რა საშინელი ხალხიაო. ალბათ იცოდა რაიმე საიდუმლო მათზე და ამიტომ მოიშორეს. მე საეჭვო არაფერი შემინიშნავს. იმ დილით არც აღელვებული გასულა სახლიდან, არც ვინმეს დაურეკავს მის ტელეფონზე. გოგიტას სახლში დაუტოვებია საბუთებიც. მხოლოდ 10 ლარი ედო ჯიბეში. რაც დაიკარგა ჩემი შვილი, მას მერე ვიბრძვი. პირველად სააკაშვილთან შეხვედრა რომ ვცადე, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, ლევან ქირიამ პირზე ხელი ამაფარა და იმდენ ხანს მიჭერდა და თან ისე ძლიერად, რომ "ჩადგმული" კბილები დამიზიანა. სააკაშვილი ხშირად ჩამოდიოდა ანაკლიაში. ესკორტს ჩემი სახლის ჭიშკართან უნდა ჩამოევლო. სახლთან ტრაფარეტი დავაყენე, სადაც ეწერა, რომ დაკარგულ შვილს ვეძებდი, რომ სამეგრელოს პოლიცია არ მუშაობდა, სამეგრელოს "მთავრობა" დაყრუვდა და დამუნჯდა. ვიდექი წერილით ხელში. სააკაშვილის ესკორტის ჩამოვლამდე პატრულის 5 მანქანით 20 გადაცმული პოლიციელი მოგვიცვივდა. პოლიციელი ლექსო თოდუა ჯოხს იმდენ ხანს მირტყამდა, ვიდრე ხელებზე კანი არ გადამისკდა და წერილი ხელიდან არ გამივარდა. მერე ეზოში შემათრია. ჩემი შვილიშვილი იღებდა ამ კადრებს. სახლში შემათრიეს, ჩემს შვილიშვილს ლექსო თოდუა უყვიროდა, - ახლავე მომეცი ეგ კამერა, თორემ აქვე გიხმარო. კამერა წაართვეს და ყველაფერი წაშალეს. პრეზიდენტმა დაინახა ჩემს ეზოსთან შეკრებილი ხალხი. მეზობლები ხელს უქნევდნენ, მაგრამ არ გააჩერა. ანაკლიაში ყოველკვირა ჩამოდიოდა სააკაშვილი. პოლიციელები მაშინვე ხელს მტაცებდნენ და სახლში მკეტავდნენ. ასევე ექცეოდნენ ჩემს მეუღლეს: როგორც კი გამოჩნდებოდა ანაკლიის ცენტრში, აკავებდნენ და ძალით სახლში მოჰყავდათ. ბევრი წერილი დავწერე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ახალი მთავრობა რომ მოვიდა, იმედი გაგვიჩნდა, რომ შეიცვლებოდა სიტუაცია, მაგრამ - ტყუილად.

- ახლა რატომ არ გაქცევენ ყურადღებას?

GzaPress- მაშინდელ შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 2013 წლის 2 აგვისტოს შევხვდი. დაგვპირდა, ჩემს თავზე ავიღებ ამ საქმეს და 20 დღეში გაცნობებთ პასუხსო. მას მერე 9 თვე გავიდა და არაფერი შეცვლილა. ღარიბაშვილი კიდევ რომ ჩამოვიდა, ისევ შეხვედრას ვაპირებდი, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მომცეს, ხელები გადამიგრიხეს და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორივე ხელის მტევანი დამიზიანდა. ერთხელ კიდევ, დილით ზუგდიდის პოლიციიდან წამიყვანეს მოტყუებით თბილისში. თითქოს საქმეზე მივყავდი, მაგრამ ისეთ ვინმეს შემახვედრეს, ვინც საერთოდ არაფერი იცოდა გოგიტას საქმეზე. ესეც სპეციალურად მოაწყვეს, რომ ღარიბაშვილს არ შევხვედროდი. 2 წელი და 5 თვე გავიდა მოლოდინში. თქვენ არ იცით, რა ძნელია ასეთ მოლოდინში ცხოვრება. ძალიან ძნელია დედისთვის ეს ლოდინი. დედის გულში რა ხდება, არავინ იცის, ჩემ გარდა. აქამდე იმ იმედით გავძელით, რომ ჩვენი შვილი ცოცხალია. მოხუცები ვართ. 70 წლის ვარ, ჩემი მეუღლე 78 წლისაა. იმედს მაინც არ ვკარგავ, მაგრამ სიმართლე მინდა გავიგო. ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორია აჭრელებულია წარწერებით. ახლა პრეტენზიები მაქვს ახალ მთავრობასთანაც. ასეთი შინაარსის წარწერები მაქვს: "ბატონო პრემიერო, თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელი დაპირებები დღემდე არ შესრულებულა". ალასანიას სურათი "ნაციონალების" დროსაც გაკრული მქონდა იმ იმედით, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა. ამის გამო ვინ იცის, რამდენჯერ ჩამიმტვრიეს სახლის ფანჯრები. იმედი გამიცრუეს. ალასანიას სურათით დიდი ბანერი ისევ ჭიშკართან მაქვს, მაგრამ ასეთი წარწერით: "ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ტყუილი ოცნების, ტყუილი დაპირებების, ტყუილი იმედების ავტორები". ეს ჩემი ხელით დავწერე, რადგან წელიწად-ნახევარზე მეტია, ხელისუფლებაში არიან და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ საქმის გასახსნელად. დაპირება დაპირებად დარჩა. ჩემს ჭკუაზე არ ვარ, ისე განვიცდი ქარდავებისა და ცინდელიანების ოჯახების ტკივილს. შიშით შევყურებ ხვალინდელ დღეს. საშინელებები გაუკეთებიათ და დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემი შვილი ცოცხალია, მაგრამ მაინც არ ვკარგავ იმედის ნაპერწკალს. მიშველეთ, დამეხმარეთ, რომ გავიგო სიმართლე, გავიგო, სად არის ჩემი გოგიტა, ჩემი იმედი.

თეა ხურცილავა