ფსიქიკურად შეურაცხადმა მამაკაცმა ექიმი მოკლა - გზაპრესი

ფსიქიკურად შეურაცხადმა მამაკაცმა ექიმი მოკლა

მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად სამართალდამცავებსა და სპეცრაზმელებს დიდი დრო დასჭირდათ. 54 წლის ანდრო მკრტიჩიანი ბინაში ჩაკეტილი იყო და ძალოვანებს მოკვლით ემუქრებოდა, სპეცოპერაციის დროს მოძალადე ფეხში მსუბუქად დაჭრეს და ისე დააკავეს. ანდრო "სასწრაფოს" ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ამ ფაქტს წინ დიდი ტრაგედია უძღოდა.

ანდრო ფსიქიკურად შეურაცხადია. იმ საბედისწერო დღეს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, აგრესიული გახდა და დედამისმა დილაუთენია დაურეკა ახლობელ ფსიქიატრს, რომ შვილის კლინიკაში გადაყვანაში დახმარებოდა.

დილის 8 საათზე, 38 წლის ექიმი გიორგი ბ. 26 წლის ზურაბთან ერთად, მკრტიჩიანების საცხოვრებელ ბინაში მივიდა. ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პაციენტი დახვდებოდა. ბინაში როგორც კი ფეხი შედგა, ანდრომ გიორგის მაშინვე ესროლა, ექიმი ბინის შესასვლელთან ჩაიკეცა, ამის შემხედვარე ზურაბმა ბინიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ანდრომ მეორე ტყვია ზურაბს ესროლა, ზურაბი უკვე ლიფტთან ჩაიკეცა, თუმცა გონება არ დაუკარგავს და პოლიციაში დარეკვა მოასწრო. მას ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. როგორც ჩანს, ზურაბმა მოახერხა კიბეზე ჩარბენა და მოძალადისგან თავის დაღწევა. სადარბაზოს კიბეს ახლაც ატყვია სისხლის კვალი. "სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ დაჭრილი ზურაბი საავადმყოფოში გადაიყვანა. მართალია, ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მისულს სადარბაზოს შესასვლელი პოლიციის ლენტით გარშემორტყმული დამხვდა. მეხუთე სართულამდე ფეხით ავედი, კიბეზე სისხლის წვეთები იმატებდა, საშინელი სისხლის გუბე იდგა ლიფტის კართან. პოლიციას მოძალადის ბინის კარი გამოღებული დახვდა, შესასვლელთანაც სისხლის გუბე იდგა, ბინაში ნივთები კი - მიმოფანტული იყო. იქ კრიმინალისტები და ექსპერტები მუშაობდნენ. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა მოძალადე განაიარაღეს და იარაღი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო.

მეზობლების ინფორმაციით, 54 წლის ანდრო მკრტიჩიანი დედასთან ერთად ცხოვრობდა.

მიშა ბერძენიშვილი, მეზობელი:

- ერთად გავიზარდეთ, თანატოლები ვართ. ვიცოდით, რომ ანდრო ავად იყო, მაგრამ ის კონფლიქტური არ გახლდათ. ძალიან წყნარი ადამიანია. ოჯახის წევრები წამლებს ასმევდნენ, მკურნალობდა კიდეც. როგორც ვიცით, დედამ გამოიძახა ექიმი და ეს საშინელება მოხდა. უბანში არავინ იცოდა, რომ მას იარაღი ჰქონდა სახლში. მის ხელში იარაღი არავის დაგვინახავს. ჩვეულებრივად დადიოდა ქუჩაში. მანქანაც ჰყავს და დანამდვილებით ვიცი, რომ მართვის მოწმობა აქვს. ზოგჯერ ჩვეულებრივად მესალმებოდა, მაგრამ ზოგჯერ, რომ ვეტყოდი გამარჯობას, უცნაურად შემომხედავდა ან გამიღიმებდა. მაშინ ვხვდებოდი, რომ იმ დროს კარგად არ იყო. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. საგანგაშო არაფერი შემიტყვია მისთვის და ასეთ ტრაგედიას ვინ წარმოიდგენდა? ძალიან კარგი მშობლების გაზრდილია. მამამისი ადრე აეროპორტის უფროსი იყო, ავიაციის გენერალი და მას ყველა პატივს სცემდა. მამა წლების წინ გარდაეცვალა. ანდრო ახლა არ მუშაობდა, წლების წინ, როცა მამამისი აეროპორტის უფროსი იყო, მაშინ მე და ანდროც იქ ვმუშაობდით. ნამდვილად მოულოდნელი იყო, რაც მოხდა. მეუღლესთან დიდი ხნის გაშორებულია, დაქორწინებიდან მალე დაშორდნენ. მიზეზი არ ვიცი. ერთი შვილი ჰყავს. ყოველდღე ვხედავდი, ვესალმებოდი.

ანდროს და, სვეტა, იმავე კორპუსში, ბოლო სადარბაზოში ცხოვრობს. მომხდარზე უფრო მეტი დეტალის გასარკვევად მას მივაკითხე. კარი სვეტამ გამიღო, თავზე შალი ჰქონდა შემოხვეული და მხოლოდ ის მითხრა, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, საშინლად განვიცდი მომხდარს და ახლა დეტალებზე საუბრის თავი ნამდვილად არ მაქვსო. უეცრად ოთახიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა, სვეტას საუბრის გაგრძელების უფლება არ მისცა და რკინის კარი ცხვირწინ მოგვიხურა ისე, რომ განმარტება არ გაუკეთებია.

ეზოში შეკრებილ ბიჭებსაც გავესაუბრე. ყველა ამბობს, - ვიცოდით, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი რომ იყო, მაგრამ ადამიანს თუ ესროდა, რას წარმოვიდგენდითო?! რამდენიმე კვირის წინ ასეთი ინციდენტი მოხდა: ანდროს სადარბაზოს წინ, შუა გზაზე დაეყენებინა მანქანა და თვითონ სახლში ასულიყო. სხვა მანქანამ ვერ გაიარა და ანდრო ბინიდან ჩამოიყვანეს. მძღოლს აუშარდა, - რა გინდა, აქ უნდა დავაყენო მანქანა და ადგილს არ შევუცვლიო. ბოლოს ძლივს გადააყენებინეს მანქანა. როგორც ჩანს, ბოლო დროს ცუდად იყო. ვერ გამიგია, იარაღის გაფორმება როგორ მოახერხა ასეთმა ადამიანმა. სახეზე რომ შეხედავდი, მიხვდებოდი, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო, - გვითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.

როგორც ირკვევა, პისტოლეტი, რითაც მკრტიჩიანმა მკვლელობა ჩაიდინა, მის სახელზე იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მომსახურების სააგენტოში იარაღის გასაფორმებლად მისული ანდროს ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლა არავის უცდია, არავის მოუთხოვია მისთვის ე.წ. "ფსიქო". ცნობილია, იარაღის შეძენა საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს. შეძენის მსურველს თუ მართვის მოწმობა ჰქონდა, მომსახურების სააგენტო სხვა დოკუმენტების წარდგენის გარეშე უპრობლემოდ უფორმებდა იარაღს. 1-ლი ნოემბრიდან კი სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის შეძენის წესები შეიცვალა. ვისაც იარაღის შეძენა სურს, შსს-ს მომსახურების სააგენტოში თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს. სამწუხაროდ, დღემდე არავინ სწავლობდა ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, თორემ მკრტიჩიანის შემთხვევაში ეს იოლი დასადგენი იქნებოდა. თურმე წლებია, აღრიცხვაზეა ანდრო მკრტიჩიანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდებოდა, ოჯახი იძახებდა პოლიციას და "სასწრაფო დახმარებას" და გადაჰყავდათ საავადმყოფოში. შემდეგ კი ოჯახმა მიმართვის წესი შეცვალა - დედა პირდაპირ ურეკავდა ფსიქიატრიულის ექიმს და ის ეხმარებოდა პაციენტის წაყვანაში. რა მდგომარეობაში იყო ანდროს დედა, ხომ არ ახდენდა ავადმყოფი შვილი მასზე ზეწოლას, რატომ გახდა იძულებული, დილაადრიანა დაერეკა ფსიქიატრიულის ექიმისთვის, - ამ და სხვა საკითხებს სამართალდამცავები დაადგენენ.

გამოძიებამ უკვე დაჰკითხა ანდროს დედა, რომელიც ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველია. სპეცოპერაციის დროს მოხუცი დედაც შვილთან ერთად იყო ოთახში ჩაკეტილი. ის ძალიან განიცდის მომხდარს, შოკირებულია და საუბარი უჭირს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა